რას გადააჩვია სალომე წვერაიძე ამერიკამ და რისი წყალობით ჩაირიცხა ის მედისონის უნივერსიტეტში
18 წლის მომღერალი სალომე წვერაიძე, მას შემდეგ, რაც სასწავლებლად უცხოეთში გაემგზავრა, თავს „მარიაჟ“ ადამიანად აღარ მიიჩნევს. უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ხარისხიანი ნივთების შეძენა. რა ანიჭებს კომფორტს ან დისკომფორტს, რაში არ ენანება ფულის ხარჯვა და რის მიხედვით იცვლის სუნამოს არომატს, ამ ყველაფერს ინტერვიუდან შეიტყობთ.
სალომე წვერაიძე: წელიწად-ნახევრის წინ, შეიძლება, თავი „მარიაჟ“ ადამიანად ჩამეთვალა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სასწავლებლად უცხოეთში წავედი, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს თავი „მარიაჟად“ აღარ მიმაჩნია. ერთი წელი ამერიკაში ვსწავლობდი, მერე – ლონდონში. ამერიკაში ყოფნის დროს მთელი წლის განმავლობაში ჩუსტების და სპორტულების მეტი არაფერი მცმია. ლონდონში უფრო ვცდილობდი, თავი წესრიგში მომეყვანა.
– „მარიაჟ“ მამაკაცებზე რა აზრის ხარ?
– საშინლად მაღიზიანებს. ცხოვრებაში არაფერი მიკვირს. რამდენიც მე მაქვს, იმდენი ნეტა მართლა ბევრს ჰქონდეს. საშინლად მაღიზიანებს, ერთი რომ აქვთ და იმ ერთზე გაუთავებლად ლაპარაკობენ.
– რას აკეთებ მაშინ, როცა ვინმე თავს „გიჭედავს“ უაზრო ლაპარაკით?
– რა უნდა გავაკეთო, ვეგუები და დიდად არ ვნერვიულობ. ადრე, შეიძლება, ჩხუბიც დამეწყო, მაგრამ ახლა აღარ. მისი ცხოვრებაა და, როგორც უნდა, ისე იცხოვროს.
– შენს გარდერობში ყველაზე მეტი რა არის?
– ყველაზე მეტია შარვლები და კაბები. გარდერობში ბევრი ისეთი კაბა მაქვს, რომელიც დღემდე იარლიყით კიდია – ვყიდულობ და არ ვიცვამ.
– რატომ?
– ძალიან გამოსასვლელი კაბები მაქვს და ალბათ, თბილისში ისეთ ადგილებში არ დავდივარ, სადაც მათი ჩაცმა შეიძლება.
– ყველაზე მეტად რა ფერი ჭარბობს შენს სამოსში?
– შავი და თეთრი.
– რაც შეეხება ბრენდებს?!
– ჩემთვის მთავარია, ადამიანი ძალიან გემოვნებით იყოს ჩაცმული. ძალიან ბევრი უგემოვნო რაღაც მინახავს იგივე „დოლჩე და გაბანას“ კოლექციაში. იმის გამო, რომ ცნობილი ბრენდია, არ ვიყიდი რამეს. მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე მეტად მაინც „დოლჩე და გაბანა“ მიყვარს და მართლაც ბევრი რამ მაქვს ამ ბრენდის.
– აქსესუარებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონს?
– ჩემი ყველაზე საყვარელი აქსესუარი სათვალეა. ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმის სათვალე მაქვს. ყოველდღიურად „რეიბანის“ სათვალეს ვხმარობ, გამოსასვლელად – „გუჩის“ და ასე შემდეგ. ყოველთვის ვცდილობ, განსხვავებული ფორმის სათვალე ვიყიდო, ერთმანეთს რომ არ ჰგავდეს.
– შენი საყვარელი სუნამო რომელია?
– ამჟამად ჩემი საყვარელი სუნამოა „ნარცისო როდრიგესი,“ რომელსაც საქართველოში იშვიათად თუ წააწყდები, თან აქ ძალიან ძვირი ღირს, თითქმის ორჯერ მეტი. ძალიან დიდ-ხანს ვხმარობდი „ლოლიტა ლემფილკას.“ შეიძლება, დიდი ხნის განმავლობაში არ დავისხა, მაგრამ არ არსებობს, სახლში არ მქონდეს. ჩემში მისი არომატიც ბავშვობასთან ასოცირდება. პირველად რომ გამოვიდა, მაშინ მიყიდა მამაჩემმა და მას მერე ქრონიკულად ვყიდულობ.
– რამდენ ხანში ერთხელ იცვლი სუნამოს?
– ყოველთვის რამდენიმე სუნამო მაქვს სახლში. როგორ განწყობაზეც ვარ, იმის მიხედვით ვიცვლი არომატს. მაგალითად, „ნარცისო როდრიგესს“ ჩემთვის ყოველთვის სხვადასხვა არომატი აქვს. ამერიკაში რომ ჩავედი, ამ სუნამოზე ცუდად ვხდებოდი და ვეღარ ვისხამდი. საქართველოში კი, პირიქით, ჩამოვდივარ თუ არა, ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო არომატი აქვს და არჩევანსაც მასზე ვაკეთებ. ანუ, გამოდის, რომ, როცა „ნარცისო როდრიგესი“ მასხია, კარგად ვარ.
– სახლიდან გასვლის წინ რამდენ ხანს უნდები თავის მოწესრიგებას?
– გააჩნია. თუ წონაში მომატებული ვარ სარკის წინ ორი საათი ვდგავარ და, მგონია, რომ არაფერი არ მიხდება და საშინლად გამოვიყურები. თუ წონის პრობლემა არ მაქვს, მაშინ შემიძლია, 15 წუთში გავიდე სახლიდან.
– ფეხსაცმელს თუ ანიჭებ დიდ მნიშვნელობას?
– ყველანაირი ფორმისა და სტილის ფეხსაცმელი მაქვს. ვცდილობ, ყოველდღიურად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით არ ვიარო, რადგან საჭის მართვა მიჭირს. ამიტომ ძირითადად „ბალეტკებით“, კედებითა და ბოტასებით დავდივარ.
– თავის მოვლას რაც შეეხება, რა საშუალებებს მიმართავ?
– სოლარიუმში სიარულის გამო კანი ძალიან გამომშრალი მაქვს, ამიტომ კრემი და ტანის ლოსიონი რომ არ წავისვა ყოველი დაბანის შემდეგ, გამორიცხულია.
– როგორც ვიცი, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ „ზაგარს“.
– დიახ, როცა გამხდარი და გარუჯული ვარ, მაშინ თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. როცა „ზაგარი“ მაქვს, არც მაკიაჟი მჭირდება და არც თავის განსაკუთრებულად მოწესრიგება.
– რაში არ გენანება ფულის ხარჯვა?
– მაგალითად, ორი წლის წინ არანაირი თანხის გადახდა არ მენანებოდა მობილურ ტელეფონში, ახლა კი ეს სისულელედ მიმაჩნია. ამ ეტაპზე თანხის გადახდა არ მენანება ჩანთასა და სათვალეში.
– რამდენი ჩანთა გაქვს?
– უამრავი. სახლში ოთხგანყოფილებიანი კარადა მაქვს, აქედან ერთი ჩანთებს უკავია. რა ვქნა, ვგიჟდები ჩანთებზე, მართლა ძალიან მიყვარს. ასევე ძალიან მიყვარს საათი. ექვსი ცალი მაქვს, ყველა განსხვავებულია და სხვადასხვა ფერშია. არც საათების ყიდვისას ვიზღუდავ თავს თანხის გადახდის დროს.
– ყველაზე მეტი თანხა რაში გაქვს გადახდილი?
– ყველაზე დიდი თანხა „ჯან ფრანკო ფერეს“ ჩანთაში გადავიხადე.
– სად შეიძინე?
– საქართველოში და ამიტომაც მაქვს მასში ამხელა ფული გადახდილი, აქ ხომ ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს.
– რა არის შენთვის ყველაზე მეტი კომფორტი და დისკომფორტი?
– თავს ყველაზე კომფორტულად მაშინ ვგრძნობ, როცა გამხდარი და გარუჯული ვარ. ხოლო ყველაზე მეტ დისკომფორტს მაშინ განვიცდი, როცა გასუქებული ვარ.
– დიეტას ხშირად იცავ?
– როცა უცხოეთში ვარ, დიეტის დაცვას ვერასდროს ვახერხებ. იქ ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და დიეტას თუ დავიცავ, სწავლის ძალა აღარ მექნება. საქართველოში ჩამოსვლიდან ერთ თვეს ფორმაში ჩადგომას ვანდომებ. ამერიკაში ძალიან ვიმატებ წონაში, თუმცა არც ლონდონში დავაკელი.
– საქართველოდან გამგზავრებას როდის აპირებ?
– აგვისტოს ბოლოს ჩიკაგოში მივდივარ, რადგან რეგისტრაცია უნდა გავიარო უნივერსიტეტში. პირველი კურსის სტუდენტი ვიქნები, რაც ძალიან მიხარია. ლონდონში სამი თვით იმის გამო ვიყავი წასული, რომ იქ ის გამოცდა ჩამებარებინა, რომლის შემდეგაც ყველა უნივერსიტეტში მიმიღებდნენ. საკმაოდ მაღალი ქულა ავიღე, რის შედეგადაც მედისონის უნივერსიტეტში მიმიღეს.
– როგორ ფიქრობ, ინტერვიუს მსვლელობის პროცესში, 100 პროცენტიდან რამდენი პროცენტით შეძელი თავის რეალურად წარმოჩენა და რამდენით „იმარიაჟე“?
– ალბათ, 80 პროცენტით გულწრფელი ვიყავი. ვფიქრობ, არ „მიმარიაჟია“. თუ ვინმე ჩათვლის, რომ „ვიმარიაჟე“, ჩათვალოს.
მარიკა ხიდურელი