კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ქვრივებისათვის


ოლივია დარნელი

ედნა კეტონს სრული უფლება ჰქონდა საკუთარი დრო ძვირად დაეფასებინა. მისი სარეაბილიტაციო ცენტრი, ქმარდაკარგულ ქალებს ემსახურებოდა და სრული დატვირთვითაც მუშაობდა. მისი კლიენტი მხოლოდ მდიდარი ქვრივი თუ გახდებოდა.

– ჩემთან ვისი რეკომენდაციით მოხვედით? – ჰკითხა ედნამ ქალს, რომელსაც სილვია მარველი ერქვა, მის წინ იჯდა და ხმის ამოღებას არ ჩქარობდა.

– ჩემმა დაქალმა, მერი ეიმორმა, – სილვიამ თვალებზე ცხვირსახოცი მიიდო.

– საცოდავი მერი, – მის კეტონმა თავი მწუხარედ გადააქნია, – მას რომ მკურნალობის კურსი დაესრულებინა... ჩემს მეთოდში თვალთმაქცობისა და სიყალბის ნასახიც არ არის. ჩვენ აქ ვმხიარულობთ, რესტორანიც კი გვაქვს „მხიარული ქვრივი„. მართალია, ბოროტი ადამიანები და ფარისევლები ჩვენსკენ თითს იშვერენ, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი გოგოები იყვნენ ბედნიერები.

– როგორ მინდა, სულის სიმშვიდე ვპოვო, – ამოიოხრა სილვიამ.

– თქვენ სულს ჩვენ ვუშველით, გარწმუნებთ. როდის გარდაიცვალა თქვენი ქმარი?

– ჩემი ქმარი, – დაიწყო სილვიამ, – შეიძლება ითქვას, ცოცხალია, მაგრამ უკვე დიდი ხანია ავადმყოფობს და ვშიშობ, როცა მოკვდება, დარდს ვერ გავუმკლავდები. მერე ეს კატები!

– კატები?

– მას ათი კატა ჰყავს. მათ აღმერთებს და ანდერძში შეიტანა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ეს ცხოველები და მათი შთამომავლები ჩვენს სახლში სიცოცხლის ბოლომდე უნდა დარჩნენ. მე მათი სტერილიზების უფლებაც კი არ მაქვს.

– უცნაურია, რომ მერის რეკომენდაციით მომმართეთ. როგორც ვიცი, მას კატები ძალიან უყვარდა.

– ისე უყვარდა, რომ მათ ქმრის სიკვდილიც კი აპატია. როდესაც ამის შესახებ გაზეთებში წავიკითხე, მაშინვე ჰენრიზე გავიფიქრე. კატის პატარა ნაფხაჭნი და სეფსისი. გასაკვირიც არ არის!

– მართალია. ამაში საკვირველს ვერაფერს ვხედავ, – გამოეხმაურა მისის კეტონი, – ეს იშვიათი, მაგრამ მედიცინის ისტორიაში აღწერილი შემთხვევაა – როდესაც ჯანმრთელი კატის ფრჩხილქვეშ არსებული ინფექცია ადამიანის სისხლში ხვდება, ადამიანის ორგანიზმს სერიოზიულ ზიანს აყენებს.

– სასიკვდილო ზიანს! – ენთუზიაზმით აიტაცა სილვიამ, – სასიკვდილოს.

– და მაინც, ჩემთვის გაუგებარია, – მისის კეტონმა სილვიას ეჭვით შეხედა, – თქვენ კატებს ვერ იტანთ, მერი კი მათ აღმერთებდა. რა გქონდათ საერთო, რომ მან ჩემთან გაგიწიათ რეკომენდაცია?

– საერთო უბედურება გვქონდა, – უბრალოდ უპასუხა სილვიამ, – მერი კატებს აღმერთებდა, მისი ქმარი კი ვერ იტანდა. მე კატებს ვერ ვიტან. ჩემი ქმარი კი აღმერთებს მათ. შედეგად მეც და მერიმაც ქმრები შევიძულეთ.

– აი, თურმე რა ყოფილა? – მისის კეტონმა მოსაუბრეს ყურადღებით შეხედა და თითები მაგიდაზე ააკაკუნა. – თქვენი ქმარი რით არის ავად?

– ო, ყველაფრით. ექიმებს არ სწყალობს. ის მხატვარია, სახლიდან თითქმის არც გადის. ჩვენ კარჩაკეტილ ცხოვრებას ვეწევით და მერიც შემთხვევით გავიცანი. ჰენრი კატების პორტრეტებს ხატავს და მის კლიენტებს შორის მერიც აღმოჩნდა. ვიდრე კატები პოზირებდნენ, ჩვენ ყავას ვსვამდით და ვჭორაობდით. შემდეგ დავმეგობრდით. მერიმ მითხრა, რომ თქვენი ცენტრის შესახებ გაგონილი ჰქონდა.

– მაგრამ მაშინ ის ჯერ ქვრივი არ იყო, – ცივად წარმოთქვა მისის კეტონმა.

– ზუსტადაც! – წამოიძხა სილვიამ, – როგორც კი დაქვრივდა, მაშინვე დაიწყო სარეაბილიტაციო კურსის გავლა. მე მერის რჩევისთვის მივმართე. იგი დამპირდა, რომ თქვენ დაგელაპარაკებოდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ მოასწრო, – სილვიამ ცხვირსახოცი თვალებთან მიიტანა, – რადგან თავი მოიკლა.

მერი ეიმორის ისტორიას მართლაც დიდი ხმაური მოჰყვა. მასზე გაზეთები ბევრს წერდნენ. ქალაქში ცნობილი კატების აღმზრდელის ქმარი, ცოლის საყვარელი ცხოველის მსხვერპლი გახდა. შურისმაძიებელმა ნათესავებმა (ქმარმა მთელი ქონება მერის დაუტოვა), უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს და ყველა კატა მოწამლეს. მალევე მერის გვამი მისი საყვარელი კატების პორტრეტების გვერდით იპოვეს.

– არა, ვერაფრით დაგეხმარებით, – მისის კეტონი წამოდგა და კარს შეხედა, – ჩემი ცენტრი თავის რეპუტაციას ძალიან უფრთხილდება. თქვენ კი იმ ადამიანის რეკომენდაციით მოხვედით, ვინც, თავისი არაგონივრული საქციელით, მისი კომპრომეტირება მოახდინა.

– ალბათ, გინდოდათ გეთქვათ, ყურადღება მიიქცია, – სილვიამ გაიღიმა.

– ვერ ვხვდები?!

– მორჩით. მე ხომ ვიცი, მერი თქვენთან ვინმე მისის ფერლინგის რეკომენდაციით მოვიდა, ვისი ქმარიც ფანჯრიდან გადავარდა. თავის მხრივ, მისის ფერლინგი მისის კოლბისგან მოვიდა, ვის ქმარსაც დენმა დაარტყა. მან კი, თქვენი ცენტრის შესახებ, დაქალისგან შეიტყო, რომლის ქმარზეც მითხრეს, დაიხრჩოო, რადგან მოულოდნელად, წყალში გული გაუჩერდაო.

– ყველა ამ საქმის გამოძიება უკვე ჩატარდა და პოლიციამ საეჭვო ვერაფერი იპოვა. ვერ ვხვდები, ასე რატომ დაგაინტერესათ ამ საქმეებმა. თქვენ რა, სკოტლანდ-იარდიდან ხართ?

სილვიას ხარხარი აუტყდა.

– რა თქმა უნდა, არა.

– მაშინ შანტაჟისტი ხართ! – გამოსცრა კბილებში ცენტრის დიასახლისმა. ის მოთმინებას კარგავდა, – საცოდავი, უნიჭო, შანტაჟისტი, რომელმაც რაღაც ჭორები შეაგროვა და იმედი აქვს, ამ ბოდვაში ჩემგან ფულს მიიღებს.

– შეურაცხყოფას მაყენებთ და სათანადოდ ვერ მაფასებთ, – სილვია ადგა და ფანჯარასთან მივიდა, – რა მშვენიერი ქალები არიან თქვენს ცენტრში. როგორ მინდა, ერთ-ერთი მათგანი გავხდე. ო! ეს ხომ ლედი ნორუეია. მის ქმარს მუხრუჭებმა უმტყუნა, არა? თქვენ ყველაფერი იცით, უდროოდ დაღუპული ქმრების შესახებ. მაგალითად, ერთი-ერთი ქვრივის ქმარი, მისტერ პაილი, რომელსაც ძალიან უყვარდა ხამანწკები, სწორედ თავისი საყვარელი, თუმცა რატომღაც გაფუჭებული, ზღვის პროდუქტით მოიწამლა. ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, გრაფინია კრაფტონის ქმრის შემთხვევაა. მოჩვენებებზე მონადირე მეთხუთმეტე საუკუნის შუბნაჯახით მოკლული იპოვეს.

სილვიამ ჩანთიდან სურათები ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა.

– ვფიქრობ, მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ ნათესავებს დააინტერესებთ, როგორ მოხდა, რომ თქვენ პოტენციურ ქვრივებს მანამდე იცნობდით, ვიდრე მათი ქმრები დაიღუპებოდნენ. აი, ამ სურათს დახედეთ, პაპარაცებმა ლედი ნორუეი ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე გადაიღეს. იგი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქვრივი. ვერ სცნობთ იმ ქალს, ვისთანაც იგი ასე ჭუკჭუკებს? აგერ გრაფინია კრაფტონი არქეოლოგიურ მუზეუმში. ალბათ, აქ მოუვიდა მას თავისი შესანიშნავი იდეა შუბნაჯახის შესახებ. აქაც მის გვერდით თქვენ ხართ. თქვენი სნობიზმი გღუპავთ. რაში გჭირდებათ ისეთი პაციენტები, ვისკენაც საზოგადოების ყურადღებაა მიპყრობილი?

– არავითარი სნობიზმი. უბრალოდ, სწორედ ამ ქალებს შეუძლიათ, ჩემი მომსახურების სანაცვლოდ, დიდი თანხის გადახდა. თქვენი ფოტოები კი არაფერს ნიშნავს.

– შეიძლება, – დაეთანხმა სილვია, – თუმცა, არა მგონია, ცენტრთან დაკავშირებით ზედმეტი ხმაურის ატეხვა გაწყობდეთ. მაგრამ, მე კიდევ რაღაც მაქვს, – მან ჩანთიდან კონვერტი ამოიღო, – ეს წერილია, რომელიც მერიმ სიკვდილის წინ მომწერა. აქ იგი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ქმრის მოკვლა გადაწყვიტა და ნაკაწრზე შხამი წაუსვა. ასევე ნანობდა, რომ არ დაგიჯერათ, როდესაც მკვლელობის ასეთი მეთოდის საშიშროებაზე აფრთხილებდით.

– იდიოტი! მითხარით, პრობლემა არ არის, ფული?

– უფრო ზუსტად, უფულობა, – სილვიამ სევდიანად ამოიოხრა, – მე სამწუხაროდ, თქვენი კლიენტების მსგავსად, დიდი ქონება არ მაქვს. არადა, მეც მინდა ბედნიერი ქვრივი გავხდე. მეც მჭირდება სიკვდილი კატის ნაკაწრისგან.

ჩემი ჰენრის სიკვდილი მხოლოდ დაადასტურებს, მერის ქმრის დაღუპვის შემთხვევითობას. ნაკაწრები მას უამრავი აქვს და არ მგონია, ვინმემ დამძრახოს, თუ შემდეგ, ქმრის მკვლელებზე შურს ვიძიებ.

მისის კეტონი მიხვდა, რომ წინააღმდეგობას აზრი აღარ ჰქონდა.

– ოთხშაბათი გაწყობთ?

– სავსებით, – სილვია დაფიქრდა, – ჯობია, მთელი დღით გავემგზავრო, რომ თქვენ მოქმედების სრული თავისუფლება მოგცეთ. როგორ გააკეთებთ ყველაფერს არ მაინტერესებს. თუმცა, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება იცოდეთ, რომ ჰენრის ორის მერე სძინავს ხოლმე. შევეცდები, მისი ძილი, რაც შეიძლება ღრმა იყოს.

ოთხშაბათს ვილა „ბასეტთან„ პატარა ფურგონი გაჩერდა. იქიდან მამაკაცი გადმოვიდა, სანტექნიკოსის უნიფორმით და ხელში პატარა ჩემოდნით. კარი ღია დახვდა. ჰენრი მარველს დივანზე ღრმად ეძინა. მის ირგვლივ რამდენიმე კატა მოკალათებულიყო. უცნობის დანახვაზე დაბლა ჩამოხტნენ და სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ. მამაკაცმა ჩემოდანი სწრაფად გახსნა, შპრიცი ამოიღო და დივანს მიუახლოვდა. მძინარეს ხელი ფრთხილად გაუშიშვლა, ყველაზე მსხვილი ნაკაწრი იპოვა და უკვე ნემსის შერჭობას აპირებდა, რომ მოულოდნელად იგრძნო, მის მაჯას რკინის თითები როგორც შემოეჭდო. შპრიცი იატაკზე დავარდა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში რამდენიმე პოლიციელი შემოვიდა.

– მადლობა მისის მარველ, – უთხრა ერთ-ერთმა სილვიას, რომელიც მათ ფეხდაფეხ შემოჰყვა.

– ინსპექტორო, მადლობა ჰენრის უთხარით. ეს ყველაფერი მან მოიფიქრა. მე მხოლოდ შევასრულე, ქალი ქმარს სიყვარულით მისჩერებოდა. კაცს კი რკინის სალტესავით შემოეჭდო თითები, მისის კეტონის სიკვდილის მოციქულის მაჯაზე.


скачать dle 11.3