ბედის ტორეადორი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-47(465)
ნიკუშამ პირველად იფიქრა, რომ არც ისე მართალი იყო დედამისის წინაშე, როგორც თვითონ ეგონა. პირველად დაეჭვდა საკუთარი საქციელის გამო და ცოტათი შერცხვა კიდეც. მაგრამ, მამინაცვლისთვის ამის ჩვენება, არც უფიქრია. იმიტომ არა, რომ ეს შეურაცხყოფად მიაჩნდა. მიზეზი სხვა იყო. ნიკუშამ არ იცოდა, რა ინფორმაცია ჰქონდა ამ მოღიმარ კაცს, მისი და დედამისის ურთიერთობის შესახებ.
– ესე იგი, დედაჩემს უნდა, რომ მე პარიზში ჩამოვიდე? – ჰკითხა, უფრო სიჩუმის დასარღვევად.
– ჰო, უნდა. მგონი, ამაში არაბუნებრივი არაფერია. ის დედაშენია და უნდა, რომ შვილი გვერდით ჰყავდეს. ერთადერთი შვილი.
– აი, თურმე საქმე რაში ყოფილა. ერთადერთი რომ ვარ და განუმეორებელი, იმიტომაც ვყოფილვარ ასეთი მოსაფრთხილებელი. როგორც სამუზეუმე ექსპონატი, არა?!
– არ ვიცი. მე შვილი არ მყავს, ამიტომ ამ საქმეში ექსპერტი ვერ ვიქნები. მაგრამ, მე ვხედავ, როგორ ნერვიულობს ელენე. ეს კი ძალიან არ მომწონს. ძალიან...
– გასაგებია, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ.
– არა, არ არის გასაგები. არაფერი არ არის გასაგები. მე მიყვარს ჩემი ცოლი, ამიტომ ძალიან მაღიზიანებენ ის ადამიანები, რომლებიც მას გულს ტკენენ, ეს რბილად რომ ვთქვათ. ისე კი, ვცოფდები მათზე და არ მიჭირს თავ-პირი დავუნაყო.
ნიკუშამ უნებლიეთ, სიმპათია იგრძნო ამ მოღიმარი მამაკაცის მიმართ, იმასაც მიხვდა, რომ ნელ-ნელა სულ უფრო მოსწონდა.
– კარგი. ესე იგი, ჩემი ცემის სურვილი გაქვთ. სწორად მივხვდი?
– დიახ. თუმცა, ნაწილობრივ, ანუ აუცილებლად გცემდი, ელენეს შვილი რომ არ იყო და დარწმუნებული არ ვიყო იმაში, ამით უფრო დიდ ტკივილს მივაყენებ. ახლა უკვე ყველაფერი გითხარი, რისი თქმაც მინდოდა.
– გარდა ერთისა, როგორ აპირებთ, დედაჩემთან ჩემს ჩაყვანას?!
– მე მაგაზეც გიპასუხე – გადაწყვეტილებას თავად მივიღებ-მეთქი. ელენეს შეუძლია, ძალიან ბევრი გაგიკეთოს და ამით თავისი დედობრივი ვალი მოიხადოს.
– ანუ, სინდისი დაიმშვიდოს თქვენი ფულით. მართალია?
– არა. არ არის მართალი. ჩემი ფული არაფერ შუაშია. დედაშენს თავისი ფული აქვს.
– იმ სურათს გულისხმობთ? უკვე გაყიდა? – აგდებით წარმოთქვა ნიკუშამ.
– არა. ჯერ არ გაუყიდია. ესე იგი, იცი მის შესახებ?
– რა თქმა უნდა. ასეთი ამბები სწრაფად ვრცელდება. მით უმეტეს, როცა საქმეში მედია ერევა. არა, მე პირადად, არ მინახავს სიუჟეტი, მაგრამ ვინც ნახა, მისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩემთან გამოქცეულიყო და პირადად ეხარებინა დედაჩემის მილიონები.
– მერე?
– მერე ის, რომ ჩემზე ფული ვერასოდეს ახდენდა შთაბეჭდილებას.
– ჰო. ეს ვიცი. მივხვდი. იმასაც გეტყვი, რომ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა პროტესტი შენში. ამდენი ხნის განმავლობაში არ გინდოდა დედასთან ურთიერთობა და ახლა, უცებ რომ აღდგეს კავშირი, რას იტყვიან ის ადამიანები, შენი სიჯიუტე რომ ხიბლავდათ. მე არ ვამბობ, პრინციპულობა-მეთქი, იმიტომ, რომ პრინციპულობა სხვა რამეა. ამას სიჯიუტე ჰქვია.
– თუნდაც, მაგრამ მე საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი.
– მერე, ხარ საკუთარ თავთან მართალი?
ნიკუშამ არ უპასუხა. დაფიქრებული ნელა ატრიალებდა ცარიელ ჭიქას ხელში. ჟანმა გამომცდელი მზერა შეავლო.
– თუ ასე გინდა, ნურაფერს მეტყვი. არ არის აუცილებელი. მთავარი სხვა რამეა. მე მინდა, შენ ერთი ჭეშმარიტება გაიგო. ჩვენ, მე და დედაშენი, ერთი ოჯახი ვართ. ეს არის რეალობა, მოგწონს თუ არა, ამით არაფერი შეიცვლება.
ნიკუშა უსმენდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ჟანი სიმართლეს ამბობდა. როგორც უნდა ეცადა, როგორ ჯიუტადაც უნდა ემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, ელენესთან აღარაფერი მაკავშირებსო, ის მაინც დედამისად რჩებოდა. სწორედ ეს იყო ის, რაც ნორმალურად ცხოვრების, მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევდა.
– ესე იგი, ერთმანეთი მამაჩემის საფლავზე გაიცანით და თქვენც მაშინვე გაგიჩნდათ უნუგეშო ქვრივზე ზრუნვის სურვილი, – საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა ნიკუშამ.
– შენთვის ეს ასე ძნელი წარმოსადგენია?
– არა. არ ვიცი. ამის პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს. ქვრივები ჩემი სფერო არ არის.
ჟანს გაეღიმა.
– ისევ თავის დაძვრენას ცდილობ. მოეშვი. ნუ იძაბები. უკვე გითხარი, აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რამე გაიძულო.
– მაშინ, იმ ორი მილიონის ჩემთვის ჩუქებას აპირებთ, რომელსაც ნახატის გაყიდვით მიიღებთ? – სცადა ხუმრობა ნიკუშამ.
– ის ნახატი მე არ მეკუთვნის. შესაბამისად, ვერავის ვერაფერს ვაჩუქებ. ელენე თვითონ გადაწყვეტს, სურათი მისია. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მის გაყიდვას არ აპირებს. თუმცა, შესაძლოა, შენთან ლაპარაკის შემდეგ, აზრი შეიცვალოს.
– რატომ გგონიათ, რომ მოვინდომებ მასთან დალაპარაკებას?
– მოდი, ნურაფერს ვივარაუდებთ. უბრალოდ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. მე რამდენიმე დღე დავრჩები. თუ შეგაწუხებს ჩემი საზოგადოება, ისევ სასტუმროში გადავალ.
– ვფიქრობ, რომ არ შემაწუხებთ, – ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ თქვა ნიკუშამ, – იმედია, ორმაგ თამაშს არ წამოიწყებთ.
ჟანმა მხრები აიჩეჩა.
– მე? საერთოდ არ უნდა გეთქვათ ასეთი რაღაც. თამაში რომ მდომებოდა, ასე არ მოვიქცეოდი.
ნიკუშა მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა.
– ბოდიში. ცოტა ვნერვიულობ.
– გასაგებია. მესმის შენი. კიდევ ხომ არაფერი ავიღოთ? რამე დესერტი შევუკვეთოთ.
– თქვენ შეუკვეთეთ. მე ცოტა ხნით გავალ, გარეთ სიგარეტს მოვწევ.
ჟანმა თავი დაუქნია. ნიკუშამ სიგარეტის კოლოფი აიღო და გავიდა. ჟანმაც ისარგებლა იმით, რომ მარტო დარჩა, ცოლს დაურეკა და მისი ხმის გაგონებისთანავე, სანამ ქალი საყვედურებით აიკლებდა, სულმოუთქმელად მიაყარა.
– ვიცი, ვიცი, ცუდად მოვიქეცი, რომ პირობა დავარღვიე და ამდენ ხანს არ დაგირეკე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ვერ შევძელი. მართლა. არა, არ დამვიწყებია. საყვარელო, სულ ტყუილად მადანაშაულებ. ყველაფერი კარგად არის. სასტუმროდან წამოვედი და ალბათ, შენს შვილთან ვიცხოვრებ. რისი გეშინია? ღმერთო, რა ბავშვი ხარ... რატომ უნდა ვიჩხუბოთ. არა, არანაირი პრობლემა არ არსებობს. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. რატომ უნდა მოგატყუო. ნამდვილად ისეა, როგორც მე ვამბობ. რა თქმა უნდა. მიყვარხარ... იცი? თუ ყველაფერი ისე აეწყო, როგორც მე ვფქრობ, შენც შეძლებ აქ ჩამოსვლას, თუ შენ თვითონ მოგინდება, რა თქმა უნდა. კარგი. მეც ეგ მიმაჩნია უკეთეს ვარიანტად. ახლა? ახლა ჯერ ისევ რესტორანში ვართ. ვვახშმობთ და მინდა გითხრა, აქ ძალიან მომწონს.
რესტორნის წინ, ხესთან მდგარი ნიკუშა ხარბად ეწეოდა სიგარეტს. გაჩერებული მანქანა ვერ შენიშნა. ვახო ლამის გადმოხტა იქიდან და ჩაფიქრებულ ნიკუშას ეცა.
– აჰა, აი, თურმე, სად ბრძანდება ვაჟბატონი. ხომ გითხარი, ამ რესტორანში იქნებიან-მეთქი. ვიცი, რა, ვიცი ფრანგული ღორმუცელობის ამბავი. ამასაც ვიცნობ... ბიჭო, რა უყავი იმ კაცს, შენ გეკითხები, რა უყავი-მეთქი შენს მამინაცვალს? გადარიე და გააქციე, ხომ?
ამასობაში დათომაც მოაყენა მანქანა და გადმოვიდა. ნიკუშა დაბნეული და გაოცებული მიაჩერდა ორივეს.
– რას გვიყურებ, ბიჭო? სულ შენ უნდა იყო სადევნელი? აბა, სად არის შენი სტუმარი?
– მე მეძებდით? რატომ? – ნიკუშამ სიგარეტის ნამწვი გადააგდო.
ვახომ ხელები გაშალა და დათოსკენ შებრუნდა.
– უყურე ამას?! რატომ მეძებდითო. ეცი ამისთანას პატივი. რა ღირსი ხარ, საერთოდ, ასე რომ ვზრუნავთ შენზე. რატომ არ დაგვირეკე. ამას ვიმსახურებთ შენგან? გოგიჩა რომ არა, საერთოდ ვერაფერს გავიგებდით.
– მოიცა, მოიცა, ესე იგი, გოგიჩამ შეგყარათ? რაო, მაინც რა გითხრათ ამისთანა, რომ გამოცვივდით?
– შენ ჯერ ჩემს კითხვას გაეცი პასუხი, – გაბრაზდა ვახო, – რატომ არ დამირეკე, ბიჭო, ის კაცი თუ ჩამოვიდა?
– არ მივიჩნიე საჭიროდ.
– ვაჰ, არ მიიჩნია საჭიროდ! – გამოაჯავრა ვახომ, – დიდი ხანია, ასეთი დახვეწილი ფრაზებით მეტყველებ? დაგავიწყდა, რომ ერთი გუნდი ვართ?
– არა. არ დამვიწყებია, მახსოვს. მაგრამ, ისიც ვიცი, რომ არსებობს პირადი საქმეები, რომლებიც მარტო მე უნდა გადავწყვიტო.
– მოვკლავ ამას, – ვახომ ისევ დათოს შეხედა.
– მორჩით! ახლა ჩხუბის დრო არ არის. ნიკუშ, გაგვიძეხი და გაგვაცანი შენი მამინაცვალი.
ნიკუშა გაწითლდა.
– მამინაცვალი არა, იხვის ტოლმა.
– ეე, შენ გინდა თუ არა, ის კაცი მაინც შენი მამინაცვალია. ერთი სული მაქვს, სანამ გავიცნობ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მომეწონება, – ვახომ ხელები მოიფშვნიტა.
– მოდი, ხვალისთვის გადავდოთ თქვენი წარდგენა.
– ხვალისთვის, რატომ? ბარემ რესტორანში მოვსულვართ, სუფრა იდეალური ადგილია ნაცნობობისთვის.
– ჰო, მაგრამ არ დამაცდით, ჯერ მე თვითონ გავიცნო ის კაცი?
დათომ საათზე დაიხედა.
– რას გეტყვი, იცი? შენ დრო გქონდა მის გასაცნობად. ახლა ჩვენი ჯერია. წადი, უხერხულია, მარტოა ის კაცი.
– იქნებ, მოასწრო უკვე და დაცოფა, – შეუბღვირა ვახომ.
– აუუ, კარგი რა! ჩემიც მეყოფა. ლამის გული გამისკდეს. თქვენ რა გენაღვლებათ, ყველაფერზე ღადაობთ.
– ბიჭო, ვინ ღადაობს, რა უმადური ვინმე ხარ. საღადაოდ მოვირბინეთ ნახევარი ქალაქი? შენზე ნაკლებად ვნერვიულობთ, გგონია? იცოდე, არაფერი მიჰქარო, თორემ შემომაკვდები!
– კარგი, რა, ვახო... – ნიკუშამ ხელი ჩაიქნია.
– მოიცა, ბიჭო. იმ შენს ნატუკასთან ერთად ხომ არ ხარ. ვაიმე, ეგრევე გავგიჟდები! – თქვა უცებ ვახომ.
– არა, ტო, რა ნატუკა?! ჯანდაბა, წამოდით, გაგაცნობთ, მაგრამ, ვახო, არ დაიწყო შენებური. დათოს იმედი მაქვს. ეს ზედმეტს არაფერს წამოროშავს, მაგრამ შენ ზოგჯერ „ურევ„ და მართლა არ მინდა იმ კაცთან გამაბანძო.
ვახოს სახე მოექცა.
– მე ვურევ და მე გაგაბანძებ? მე?! აუ, ეს ჯერ პარიზში არ წასულა და რა დღეშია. მერე რაღას იზამს. გამარჯობას აღარ გვეტყვის, მით უმეტეს, თუ დედამისის მილიონებიც ამას დარჩა.
– კიდევ ერთი სიტყვაც და ცხვირ-პირს დაგინაყავ! – გაიქაჩა ნიკუშა, დათომ იმარჯვა და მეგობრებს შორის ჩადგა.
– ეე, გეყოფათ! ჩხუბის დროა? ბავშვებივით ნუ იქცევით. ნუ ფახიფუხობ, ბიჭო, მიუბრუნდა ნიკუშას, – თუ იმდენს ვერ ხვდები, რომ აქ შენ გამო ვართ, კარგად ყოფილა შენი საქმე და საერთოდ, ეს არ უნდა იყოს სალაპარაკო. ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის სამაგალითო იყო და არ მინდა, რამე შეიცვალოს.
– ჰოო? არც მე მინდა, მაგრამ დედაჩემის მილიონების ხსენება, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა.
– მე ვარ, ბიჭო, უსინდისო? მე?! – ვახო გაფითრდა, – ეს მართლა უმადური ყოფილა.
– მორჩით, რა! ნიკუშ, მარტოა იქ ის კაცი?
– ჰო! – უხალისოდ ჩაიბურტყუნა ნიკუშამ.
– შევედით მაშინ და მორჩეს ეს უაზრო კამათი, – დათომ მკაცრად შეხედა ორივეს და რესტორნის შემინული კარი გააღო. ვახო და ნიკუშა მორჩილად მიჰყვნენ უკან.
***
ზურაბი არ ელოდა სიძე-ქალიშვილის გამოჩენას. რაც ლევანს თავისი საიდუმლო გაუმხილა, ყოველთვის თვითონ ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა. ლევანს ერთხელაც არ გამოუჩენია ინიციატივა. ამიტომ გაუკვირდა, როცა ლევანმა მისი საძინებლის კარი შეაღო.
– ვიცი, რომ არ გძინავთ. ამიტომაც დიანასთვის არაფერი მითქვამს. თუ საერთოდ არ გავაღვიძებთ, კარგი იქნება, – უთხრა სიმამრს და ხალათი გაუწოდა. ქვემოთ ჩავიდეთ, ბიბლიოთეკაში. თიკაც აქ არის და ჩაის გვიმზადებს. იქ მშვიდად დავილაპარაკებთ. ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.
ზურაბმა გაოცება ვერ დამალა. კომოდიდან სათვალე აიღო და საათს ჩააშტერდა.
– თორმეტის ნახევარია, – სწრაფად მიუგო ლევანმა, – გეთანხმებით, ცოტა გვიანია, მაგრამ დილამდე ვერ დავიცდიდი. თქვენვე არ მოგეწონებოდათ, ეს საუბარი ხვალისთვის რომ გადამედო.
– ამისთანა რა უნდა მითხრა? – როგორც იქნა, გონზე მოეგო ზურაბი და სიძეს ეჭვით შეხედა.
– სერიოზული სალაპარაკო გაქვს და თიკაც აქ არის? კი მაგრამ, თიკას ამ ამბავთან რა კავშირი აქვს?
– პირდაპირი, ბატონო ზურაბ, პირდაპირი. ყველაფერი იცის.
ბატონი ზურაბი გაშრა. ლევანმა დაუფარავი ირონიით გაუღიმა.
– დიახ. ყველაფერი მოვუყევი.
– კი მაგრამ, რატომ?
– გირჩევთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნერვებსაც გაუფრთხილდით. დაგჭირდებათ, – იმავე ტონში გააგრძელა ლევანმა.
– რა თავხედი ხარ, მაგრამ ჩემი ბრალია. მე მოგეცი იმის საშუალება, რომ ასე გელაპარაკა ჩემთან. რატომ მოუყევი თინიკოს ყველაფერი, გინდა, შვილი დამაკარგვინო?
– დაგაკარგვინო? რას ამბობთ. ეგ არც მიფიქრია. თინიკო ჩემი ცოლია, ცოლს და ქმარს შორის კი, დაფარული არაფერი უნდა იყოს.
ზურაბი გააცოფა სიძის უტიფარმა ღიმილმა.
– ესე იგი, შვილი დამიპირისპირე... აქაც ამის სათქმელად მოხვედი, დილამდეც იმიტომ არ მოიცადე. გინდა, რომ ცხოვრება გამიმწარო, მაგრამ მინდა, გაგაფრთხილო, ამით ვერაფერს მიაღწევ.
– თქვენ გეჩვენებათ, ბატონო ზურაბ. არაფრის მიღწევას არ ვცდილობ. იმას ნუ დამაბრალებთ, რაც არ ჩამიდენია.
– ოჰ, როგორ გამომიჭირე... მაგრამ არა უშავს. თუ ფიქრობ, რომ ჩემი დრო უკვე წავიდა, ძალიან ცდები.
– ბატონო ზურაბ, ასე რატომ ნერვიულობთ, საყვარელი ვის არ ჰყოლია?! რა საჭიროა, ასეთი ემოციები. ან, იქნებ გგონიათ, რომ თქვენს შვილს თქვენი უმწიკვლობის სჯერა?!
ზურაბმა კბილები გააღრჭიალა.
– ფრთხილად, ლევან! ჩემთან ასეთი თამაში შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს შენთვის.
– ჰო. ვიცი. ჯერ ისევ ბასრი კლანჭები გაქვთ, მაგრამ რატომღაც არ მეშინია. ნეტავი, რატომ?!
ზურაბს აღარაფერი უთქვამს. ამოიოხრა და ლევანს გაბოროტებულმა შეხედა. ლევანმა მხოლოდ გაიღიმა.
თინიკომ ისე დაალაგა ჩაით სავსე ფინჯნები პატარა მაგიდაზე, მამამისისთვის არც შეუხედავს. მერე მოშორებით მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა და აშკარად შეეტყო, რომ მოსასმენად მოემზადა. ზურაბმა ისევ ვერ შეიკავა თავი.
– მე ასე არ შემიძლია. ეს რა უბედურებაა, დაკითხვაზე ვარ? თიკა ან აქეთ დაჯექი და ნორმალურად დამელაპარაკე, ან საერთოდ გადი ოთახიდან.
– მირჩევნია, ასე ვიჯდე. სხვათა შორის, შენთვისაც ეს არის უკეთესი.
– სასამართლოს მიწყობთ თუ რაშია საქმე. თუ მე ვინმესთან რამე მქონდა, ეს შენს დაბადებამდე იყო, ვალდებული არ ვარ, თავი გავიმართლო.
– მერე, გთხოვ, თავი გაიმართლე-მეთქი? – თიკამ მკაცრად მოკუმა ტუჩები. ზურაბმა იცოდა, რას ნიშნავდა შვილის ეს ჟესტი. თინიკო საშინლად იყო გაბრაზებული. ისიც იცოდა, რომ ასეთ დროს უკანდახევა უფრო იყო გამოსავალი, რადგან შვილის ფეთქებადი ხასიათიდან გამომდინარე, ყველაზე მოულოდნელისთვის უნდა ყოფილიყო მზად.
– თინიკო, შვილო, შენ ხომ იცი, რომ არასოდეს გიღალატებდი?!
თიკამ ჩაიცინა. ზურაბმა კიდევ სცადა...
– მეტსაც გეტყვი, მე არც დედაშენისთვის მიღალატია. ის რაც იყო, ადრე იყო, გეფიცები, მაშინ ცოლი არ მყავდა. ბუნებრივია, შენც არ მყავდი.
– სულ ტყუილად ლაპარაკობ იმაზე, რაც საერთოდ არ მაინტერესებს. ღალატზეც განსხვავებული წარმოდგენა გვაქვს, ამიტომ გირჩევ, ლევანს მოუსმინო. აქ შენთან საჩხუბრად არ მოვსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული მიზეზი მაქვს საამისოდ, ძალიან სერიოზული.
ზურაბი დაიძაბა.
– სერიოზული მიზეზი? ესე იგი, იმის გამო, რომ მე შენი ქმრის მეგობრის დედასთან რაღაც მქონდა, არ მიბრაზდები?
– როგორ თქვი? – შენი ქმრის მეგობრის დედასთანო... – ჩაიცინა თიკამ, – რა გულისამრევია. რომ ვფიქრობ, ცუდად ვხდები. საკუთარი თავი მძულს, რადგან შენთან ერთად ვზივარ ამ წუმპეში.
– თინიკო, ეს ჩემი წარსულია, მაშინ არც ნიკუშა იყო დაბადებული და არც შენ?
– მართლა? – ეჭვით იკითხა თინიკომ, – მერე, ჯერ ნიკუშა გაჩნდა, მერე – მე. ნიკუშა, მგონი, ცოტათი უფროსია ჩემზე. თუ მე ვარ მასზე უფროსი. შენ როგორ იცი?
ზურაბმა სიძეს გადახედა. ლევანი დუმდა.
– გამაგებინეთ, რისთვის მოხვედით. რა გინდათ ჩემგან?
– ჟანი ჩამოვიდა, – ლევანმა სიგარეტს მოუკიდა.
– ვინ? – მაშინვე ვერ მიხვდა ზურაბი.
– შენი ყოფილი საყვარლის ქმარი. იმ საყვარლის, ორ მილიონად შეფასებული ნახატი რომ გაატანე მზითევში და კიდევ იტყვი, ოჯახისთვის არ მიღალატიაო?!
– არ ვიცოდი, ის დაწყევლილი ნახატი ასე ძვირი თუ ღირდა. არ ვიცოდი, თორემ არ ვაჩუქებდი! – იყვირა ზურაბმა, – არ ვიცოდი, არა! წარმოდგენა არ მქონდა!
– მჯერა, – მშვიდად დაეთანხმა თინიკო, – მხატვრობაში ყოველთვის ცუდად ერკვეოდი. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა ის არის, რომ იმ სურათით ის ქალი თავიდან მოიშორე. ყოველ შემთხვევაში, სცადე, რომ მოგეშორებინა. ესე იგი, თავს დამნაშავედ გრძნობდი მის წინაშე. საინტერესოა, ასეთი რა დაუშავე.
– ცოლად არ შევირთე, სულ ეს არის ჩემი დანაშაული. სხვა არაფერი ჩამიდენია, – ზურაბს ხელები აუკანკალდა, – რომელ კაცს არ გაუკეთებია იგივე. მითხარი, შენი ქმარი უცოდველია და შენ გარდა ქალი არ ჰყოლია? ეს რა უბედურებაა, რა თქვენი საქმეა, ვისთან ვიწექი?!
– ბატონო ზურაბ, ნუ ყვირით. ქალბატონ დიანას გააღვიძებთ და ეს საუბარი გაცილებით უსიამოვნო იქნება, – მშვიდად გააფრთხილა ლევანმა სიმამრი, – თქვენ ვერ გაგვიგეთ. ჩვენ თქვენი მტრები არ ვართ. პირიქით, გვინდა, რომ დაგეხმაროთ.
– ჰო. რა თქმა უნდა, უნდა დამეხმაროთ. იმიტომ, რომ თქვენს ფულზეა ლაპარაკი. მე იმ ასაკში ვარ, მილიონებიც რომ აღარ ხიბლავთ. მით უმეტეს, რომ საკმარისი ქონება მაქვს, უზრუნველი სიბერე რომ მოვიწყო. ელენემ არ მაპატია, რომ მის თავს დიანა ვამჯობინე. სრულიად გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ დამნაშავედ ნამდვილად არ ვგრძნობ თავს. მე ის გავაკეთე, რაც ჩემი მომავლისთვის უკეთესად მივიჩნიე. ეს რომ არ მექნა, ახლა სხვანაირად ილაპარაკებდით. შენც სხვანაირად ილაპარაკებდი, ქალბატონო თინათინ. მაშინ აღარ მომადგებოდი და არ მეტყოდი, რომ უღირსი საქციელი ჩავიდინე. ელენე იყო ჩემი საყვარელი, მაგრამ ეს – წარსულში. ძალიან ვნანობ, რომ მაინცდამაინც ის ნახატი ვაჩუქე. ვაღიარებ, ვნანობ!
– კიდევ, კიდევ რას ნანობ? – დაჟინებით მიაშტერდა თინიკო.
– იმას, რომ შენთვის ამდენი გავაკეთე. იმიტომ გაქვს ჩემ მიმართ ასეთი პრეტენზიები.
– შვილსაც მაგიტომ ხომ არ მიმხედრებ?! – ვეღარ მოითმინა თინიკომ. ლევანის საყვედურით სავსე გამოხედვა არაფრად ჩააგდო, წამოხტა და მამამისს წინ დაუდგა. რა სისულელეები ელაპარაკე ზუკას.
ზურაბი არ ელოდა ასეთ თავდასხმას.
– რას ამბობ?
– ოღონდ, არ მითხრა, რომ არ იცი, რაზე გელაპარაკები. გადარეული იყო ბავშვი. მაგრამ, რა მიკვირს, შენ ხომ ყველა, შვილიშვილიც კი, საკუთარი ბინძური გეგმების განსახორციელებლად გჭირდება. მამა, იცოდე, ზუკას ვეღარასდროს ნახავ! არ მოგცემ საშუალებას, შვილი მტრად გადამკიდო!
– ოო, ეს არ ვიცოდი, – თითები გაატკაცუნა ლევანმა, – ბატონო ზურაბ, ორმაგ თამაშს თამაშობთ? არ იცით, რომ არასრულწლოვანებზე მორალური ზემოქმედება კანონით ისჯება? თინიკო, ხომ გეუბნებოდი, ბავშვს მამაშენთან ნუ ტოვებ-მეთქი.
– ეს შანტაჟია. პირი შეკარით... იცით, ზუკა ყველაზე და ყველაფერზე მეტად რომ მიყვარს და ამით მანიპულირებთ. ოღონდ, არ მესმის, ამით რისი მიღწევა გინდათ, – ზურაბმა მკერდზე მიიდო ხელი.
– გული რომ გაგისკდეთ, ეს ნამდვილად არ გვინდა. თინიკოსა და თქვენს საქმეში მე არ ჩავერევი, მაგრამ, თუ ის, რაც ჩემმა ცოლმა თქვა, მართალია, საქციელს ვერ მოგიწონებთ. მოკლედ ასე, ის ფრანგი აქ არის, – გადავიდეთ ძირითად საქმეზე.
– ელენეს ქმარი ჩამოვიდა? რისთვის? თუმცა, გასაგებია, ალბათ, დედა-შვილის შერიგება უნდა, – ზურაბი განადგურებული იყო. ის ჯერ კიდევ თინიკოს სიტყვებზე ფიქრობდა.
– მეც ასე მეგონა, ერთი სიტყვით, ჩვენი შანსები სურათის დასაბრუნებლად დღითი დღე მცირდება. თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გაქვთ გადამალული სახელოში მთავარი კარტი.
– რა კარტი, რა სახელო? – ზურაბმა ხალათის საყელო მოიღეღა.
– სიმართლე უნდა გვითხრათ, ბატონო ზურაბ. აი, თქვენი ქალიშვილიც აქ არის და ჩემზე მეტად აინტერესებს ეს ამბავი...
– რა ამბავი? თქვი, ვიხრჩობი, ჰაერი აღარ მყოფნის, – ჩურჩულზე გადავიდა ზურაბი.
– კარგად დაფიქრდით და ისე მიპასუხეთ, შეიძლება, ნიკუშა თქვენი შვილი იყოს?! და კიდევ, რაიმე კავშირი ხომ არ გაქვთ იმ საცოდავი კაცის, ელენეს ყოფილი ქმრის სიკვდილთან? – უკანასკნელი სიტყვები ლევანმა ნელა, დამარცვლით წარმოთქვა და ცოლს გახედა. თინიკო წარბშეკრული იჯდა და მამამისს გამომცდელ, მკაცრ მზერას არ აცილებდა... ზურაბს ჰაერი აღარ ეყო.
***
კაბინეტში მხოლოდ ერთი, მაგიდის ნათურა ენთო და ოთახს მისი სუსტი შუქი სანახევროდ ანათებდა. მაგიდასთან ორი კაცი იჯდა. ერთმანეთის პირისპირ. ერთი ნერვიულად ათამაშებდა თითებს მაგიდის ზედაპირზე, მეორეს გამარჯვებული მოთამაშის ღიმილი ჰქონდა სახეზე, მაგრამ ბინდში არ ჩანდა.
– მე ამ საბუთებს ხელს არ მოვაწერ, – თქვა იმან, რომელიც ნერვიულობდა. მეორემ არ უპასუხა.
– გესმის? მე ვიცი, ეს რაც არის და ვერ მაიძულებ ის გავაკეთო, რაც ამ ქვეყანას დააზარალებს.
– დააზარალებს? ამას ვინ ამბობს? არ მითხრა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში პატიოსნად მუშაობდი, სულერთია, მაინც არ დაგიჯერებ.
– შეგიძლია, არ დამიჯერო, მაგრამ ისეთი მართლა არაფერი ჩამიდენია, რომ საკუთარი თავის მრცხვენოდეს.
– ვითომ? – ზურაბი ადგა და ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. სერგი დაძაბული ადევნებდა თვალს მის ყოველ ნაბიჯს.
– არ გჯერა?
– არა. არ მჯერა და იცი, რატომ? შენს ცოლს ვიცნობ კარგად.
სერგო გაქვავდა.
– არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ იძულებული გამხადე. რად გინდოდა, პატიოსნების თამაში. მე ხომ ყველაფერი ვიცი. წარმოუდგენელია, ელენეს გვერდით იცხოვრო, იმ ჰაერით ისუნთქო, რომლითაც ის სუნთქავს და თქვა, რომ პატიოსანი ხარ.
– შენ... შენ როგორ ბედავ ჩემს ცოლზე ამ სიბინძურეების ლაპარაკს... – ამოიხრიალა სერგიმ. ზურაბმა შეხედა და მაშინვე წყლიან გრაფინს მოჰკიდა ხელი.
– აი, გამომართვი და დალიე, ცუდად არ გახდე. ხომ გითხარი, არ მინდოდა-მეთქი, მაგრამ შენი ბრალია, სხვა გამოსავალი არ დამიტოვე. დალიე, დალიე, არაფერში მჭირდება შენი სიკვდილი.
– ნაძირალა ხარ! – წყლიან ჭიქას ხელი ჰკრა სერგიმ, – არაკაცი! მითხარი, რა იცი ჩემს ცოლზე. რა იცი ელენეზე. მითხარი, ახლავე მითხარი, თორემ ჩემი ხელით მიგახრჩობ! – სერგიმ მისკენ გაიწია.
– დამშვიდდი. ხომ არ გგონია, ჩემსავე კაბინეტში ამის გაკეთების უფლებას მოგცემ. ახლავე გამოვუძახებ დაცვას. ისევ შენი ხელქვეითი ხომ არ გგონივარ. რა ვიცი ელენეზე? ისეთი არაფერი, რომ ასეთ გაგიჟებად ღირდეს. მით უმეტეს, რომ წარსული მაინც წარსულია. იცი, რა, დავივიწყოთ, რაც აქ, ამ კაბინეტში მოხდა. მოაწერე ხელი ამ საბუთებს და მოვრჩეთ საქმეს. შვილზე, ოჯახზე იფიქრე.
– ახლა ვიფიქრო შვილზე და ოჯახზე?.. – სერგიმ ხმაურით გამოსწია სკამი, – მე მივდივარ. ელენეს ვაიძულებ, სიმართლე მითხრას, რა აკავშირებს შენნაირ ბინძურ ღორთან. მერე კი დავბრუნდები და ყველაფერზე პასუხს გაგებინებ!
– ნუ მემუქრები. კარგად იცი. აი, აქ მიზიხარ, ხელისგულზე, – ზურაბმა გაშლილი ხელისგული დაანახვა, – საკმარისია, სულ ოდნავ მოვუჭირო, თითები მოვხარო, რომ... რაც შეეხება ელენეს, ეჭვი მეპარება, სიმართლე გითხრას. ერთი ჩვეულებრივი ძუკნაა და მეტი არაფერი. კიდევ შენ გცემდი პატივს და ხმას არ ვიღებდი. ეტყობა, ჯეროვნად ვერ დააფასა ჩემი კაცური ჟესტი.
– ნაძირალა! – სერგიმ ზურაბისკენ გაიწია. ზურაბი მოემზადა კიდეც თავდასხმისთვის, ხელიც კი წაიღო ყურმილისკენ, მაგრამ მოულოდნელად სერგი შებრუნდა და კაბინეტიდან გავარდა...
***
– „წყალი მოუტანე მამაშენს. მგონი, ცუდად არის„, – ჩაესმა ზურაბს სიძის ირონიული ხმა და გამოერკვა.
– არ მინდა, კარგად ვარ. უბრალოდ, ჩავფიქრდი.
– გენიშნათ ჩემი სიტყვების?
– რა სისულელეა. მე მსგავსი აბსურდი არასოდეს მომისმენია. თქვენ არაფერი იცით ჩემი და სერგის ურთიერთობის შესახებ. ძალიან განვიცადე მისი სიკვდილი. ფაქტობრივად, საკუთარ ძმად მიმაჩნდა. თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, მისი დამსახურებაა.
ლევანმა თავი გადააქნია.
– საკუთარ სიმამრს რატომ უკარგავთ დამსახურებებს. ვიცი, რომ ბევრი გააკეთა თქვენთვის, მის ხსოვნას მაინც ეცით პატივი.
– ლევანი მართალია. ყველამ იცის, რომ თანამდებობას ბაბუაჩემის წყალობით მიაღწიე, – ქმარს მხარი აუბა თიკამაც, – მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, რა კავშირია ჩემსა და ნიკუშას შორის?
– არაფერი. რატომ არ გესმით, არაფერი. ჩემსა და ელენეს შორის იქამდე იყო რომანი, სანამ ოჯახებს შევქმნიდით. მორჩით, ამაზე ლაპარაკს, საკმარისია!
– არ მჯერა, – წამოიყვირა თიკამ, – შენი ერთი სიტყვისაც არ მჯერა. ელენეს უნდა ვკითხო.
– ჰკითხე, მერე, აღარ დაუთმო ზურაბმაც, – ხომ იყავი პარიზში, ხომ შეხვდი ელენეს, რატომ არ ჰკითხე, რამ შეგიშალა ხელი?
– მე, მე შევუშალე, – საუბარში ჩაერთო ლევანი, – დიახ. თინიკო იქ საერთოდ არ ყოფილა. მე შევხვდი ელენეს, მაგრამ სიტყვაც არ დასცდენია, რომ ქმრის ნიკუშასთან გამოგზავნას აპირებდა. მორჩა, მე გავდივარ ამ საქმიდან!
– მოიცა, მოიცა, სად გადიხარ? ესე იგი, მარტო მე მადარდებს ის მილიონები?
– ეს უკვე თქვენი პრობლემაა. თინიკო, წავიდეთ!
– ესე იგი, აქ ამის სათქმელად მოხვედით?! – ზურაბს ფერი აღარ ედო სახეზე.
– რა, გიკვირთ? ზუსტად იმიტომ მოვედით, რომ საქმის კურსში ჩაგაყენოთ: ვიხსნი პასუხისმგებლობას და თინიკოსაც არ მივცემ უფლებას, ამ საქმეში ჩაერიოს.
– ესე იგი, მარტო მტოვებთ...
ლევანმა მხრები აიჩეჩა.
– რაც გინდათ, ის იფიქრეთ. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ჯიბრს გიწევთ, იმიტომ რომ ოდესღაც ჩემი ძმაკაცის დედასთან იწექით.
– ღმერთო, რა დავაშავე ასეთი! – ამოიოხრა ზურაბმა, – მე რას გავაკეთებ მარტო. გამოდის, იმ ორ მილიონზე უარი უნდა ვთქვათ.
– არც ისეთი უსუსური ხართ, როგორც თავს მაჩვენებთ. დარწმუნებული ვარ, რაღაცას მოიფიქრებთ. შემიძლია, ელენეს პარიზის სახლის მობილური მოგცეთ.
– ლევან, არ მჯერა, რომ ამხელა ფულზე უარს ამბობ, არ მჯერა...
– თქვენი ნებაა. გნებავთ, დაიჯერეთ, გნებავთ – არა. ფაქტია, რომ აღარ ვაპირებ ამ თამაშში მონაწილეობის მიღებას. თინიკო, წავიდეთ. ბავშვი მარტოა, ცოდოა.
თინიკო ადგა და ქმრის გამოწვდილ ხელს თავისი მიაგება.
– მე არაფერს ვეტყვი დედაჩემს. იმიტომ არა, რომ შენ მეცოდები. დედაჩემს არ ავუშლი ნერვებს. ამად ნამდვილად არ ღირხარ.
შვილის და სიძის წასვლის შემდეგ, ზურაბმა დამამშვიდებელი ტაბლეტები მოძებნა და სამი ცალი ერთად დალია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში