რატომ სჩადიან დანაშაულს აზარტული მოთამაშეები
საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უამრავი ადამიანი კაზინოსა და ტოტალიზატორებში თამაშითაა დაავადებული. ეს კატეგორია ფულის შოვნას ამ გზით ცდილობს და ზოგჯერ ბედიც უღიმის. მაგრამ, როგორც წესი, საბოლოოდ მაინც წაგებულები რჩებიან. ბევრს სახლ-კარის გაყიდვაც კი უწევს, მაგრამ საქმე იქამდეც მიდის, რომ თავიანთი ქონების განიავების შემდეგ, ახლობლებისა და მეგობრების ქონებაზე გადადიან. ასეთი უამრავი მაგალითია, მაგრამ ამის მიუხედავად, აზარტულები თამაშს მაინც აგრძელებენ და ვალებში ჩავარდნილები დანაშაულსაც აღარ ერიდებიან. ასე მოხდა გიორგი გ-ს შემთხვევაშიც, აზარტულმა მოთამაშემ ორი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტა, რის გამოც ამჟამად 21-წლიან სასჯელს იხდის.
დაუჯერებელია, მაგრამ ქართულ ციხეებში სასჯელს იხდიან ადამიანები, რომლებმაც ნასესხები თანხა კაზინოში წააგეს, ვალი ვერ გადაიხადეს და გამოსავალი იპოვეს – დანაშაული ჩაიდინეს, რათა მოვალემ აღარ შეაწუხოს.
გიორგის საქმიდან ჩანს, რომ მას ბევრჯერ გაუმართლა, კაზინოში არაერთხელ მოიგო, მაგრამ ბოლოს იმდენი წააგო, მშობლების ბინის გაყიდვა მოუხდა. ახალგაზრდა კაცს თითქმის ყველა ახლობლის ვალი ჰქონდა, მაგრამ თამაშს მაინც არ ეშვებოდა. საბოლოოდ კი, გაბოროტებულმა სამი ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტა, რომელთაგან ორი გადარჩა, მაგრამ მესამე დაჭრილი, მიყენებული დაზიანებების გამო, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გამოძიების მასალების თანახმად, ერთ-ერთ პრესტიჟულ კაზინოში გიორგიმ ნასესხები თანხა წააგო. მისთვის ვალის დასაბრუნებლად ფული ამჯერად სხვა ახლობლისგან ისესხა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თანხა პატრონისთვის მიეტანა, გზად ისევ კაზინოში შეიარა. ისევ ითამაშა და ისევ წააგო. ძველი მოვალე თანხას სასწრაფოდ და კატეგორიულად ითხოვდა, მაგრამ გიორგის აღარავინ ჰყავდა ისეთი, ხელს რომ გაუმართავდა, რის გამოც მევალესთან სერიოზული პრობლემები შეექმნა. ათას ტყუილს იმიზეზებდა, თუ რატომ ვერ უხდიდა ფულს. საბოლოოდ, მევალემ დრო დაუთქვა, მცდელობის მიუხედავად, გიორგიმ ფულის შოვნა ვერ შეძლო, მაგრამ გამოსავალი იპოვა – გადაწყვიტა, ისევ იმ მეგობარს მისდგომოდა, ვისი ვალი ჰქონდა. მთვრალი მიადგა მას და 3 500 ლარი სთხოვა. მეგობარმა გააწბილა, უთხრა, რომ ამდენი თანხა არ ჰქონდა, მაგრამ გიორგი თანხას კატეგორიულად მოითხოვდა – იშოვე და მომეციო. ამის გამო, ბიჭები წაკამათდნენ და საბოლოოდ, როცა სტუმარი დარწმუნდა, რომ ფულს ვერ მიიღებდა, ლადო ბ-ძე დანით დაჭრა და იქაურობას გაეცალა. საბედნიეროდ, შემთხვევით, მასთან ბინაში მისული მეგობრის დახმარებით, ლადო ბ-ძის გადარჩენა მოხერხდა. სწორედ მისი ჩვენებით დადგინდა შესაძლო ეჭვმიტანილი, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაჭრილის დაკითხვა ვერ ხერხდებოდა.
თუმცა, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამ დანაშაულის შემდეგ, ეჭვმიტანილმა კიდევ ორი ადამიანის დაჭრა მოასწრო. როგორც ირკვევა, შემთხვევის ადგილიდან წასული, დათქმულ დროს მევალესთან შეხვედრაზე გამოცხადდა და თანხის გადავადება კიდევ ერთხელ მოითხოვა. ამაზე უარი მიიღო, რადგან რამდენჯერმე უკვე „გადააგდო”. სწორედ ამ მიზეზით გიორგიმ ისიც დანით დაჭრა.
დაჭრილის მეგობრის ჩვენებიდან: „ალიკას ქუჩაში შევხვდი. მითხრა, რომ ვიღაცას უნდა შეხვედროდა, რომელსაც ვალი უნდა დაებრუნებინა. დეტალები არ მიკითხავს და არც ის ვიცოდი, რა ფულზე იყო საუბარი. უბრალოდ, მანქანით გაყვანა მთხოვა და გავიყვანე. უცნობს სანაპიროზე შევხვდით. იმ ბიჭს მე არ ვიცნობდი, პირველად ვნახე და მათ საუბარში არ ჩავრეულვარ. მანქანაში ვიჯექი და იქ ველოდებოდი, მაგრამ უცებ ხმამაღალი საუბარი მომესმა. გადავედი, სიტუაციაში გარკვევა ვცადე, მაგრამ უცებ იმ ბიჭმა დანა ამოიღო, რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა. ალიკა წაიქცა, დამნაშავისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, მეგობრის გადარჩენას ვცდილობდი და სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანე. გზაში ალიკამ მითხრა, რომ იმ ბიჭს გიორგი ერქვა და მისი 1 500 ლარი ჰქონდა ვალი. დამნაშავის არც გვარი ვიცოდი და არც საცხოვრებელი. დეტალებზე ალიკასთან არ მისაუბრია, მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, დროულად მიმეყვანა და გადამერჩინა”.
მოგვიანებით გიორგი თავად დაზარალებულმა ამხილა, რომელიც აცხადებდა, რომ ვალზე დავა მათ შორის თვეების განმავლობაში გრძელდებოდა: „კაზინოში 3000 ლარი წაუგია, მაგრამ მე მომატყუა, მეუღლის მშობიარობისთვის მჭირდებაო და თანხა მივეცი. მითხრა, ბინას ვყიდი და 2 თვეში მოგცემო, მაგრამ მატყუებდა, ბოლოს კი 300 ლარი მომიტანა. ვუთხარი, რომ თანხის ნაწილს ვაპატიებდი და მოვთხოვე 1 500 ლარი მაინც მოეტანა. დამპირდა, რომ დათქმულ დროს აღარ გადააცილებდა და შეხვედრის ადგილიც თვითონ დამითქვა. რომ მოვიდა, მთვრალი იყო და მითხრა ფული ვერ ვიშოვეო. გავბრაზდი, რატომ ტელეფონით არ მითხარი და გარეთ გამომიყვანე-მეთქი. ამის გამო წავკამათდით. უცებ ჯიბიდან დანა ამოიღო და მუცელში დამარტყა. ყვიროდა უნდა მოგკლა და ვალზე ვეღარაფერს მეტყვიო. ყველაფერი წამებში მოხდა და გაიქცა. მანქანაში ჩემი მეგობარი იყო, მაგრამ გადმოსვლაც ვერ მოასწრო”.
როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მორიგი მსხვერპლი სრულიად უცნობი ადამიანი გახდა. ინციდენტის შემდეგ, როგორც ირკვევა, გიორგი ბიძაშვილთან წავიდა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. ჩხუბი კი იქ მყოფ სტუმართან მოუხდა, რომელსაც საცეკვაო ხანჯლით მუცელსა და ხერხემლის მიდამოში ექვსი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი, რომელიც 7 თვის ძებნის შემდეგ დააკავეს, მკვლელობის ფაქტს ადასტურებდა, მაგრამ ირწმუნებოდა, რომ ეს განზრახ არ ჩაუდენია: „სუფრაზე კამათი გელამ დაიწყო, დედა შემაგინა, რომელიც გარდაცვლილია და ვეღარ მოვზომე. ბოდიშის მოხდა ვთხოვე, მაგრამ ამის ნაცვლად, კიდევ შემაგინა. ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო. მისგან თავი ძლივს დავაღწიე. გავიქეცი და ოთახიდან ხანჯალი გამოვიტანე, მინდოდა შემეშინებინა, მაგრამ კიდევ რომ გამოიწია საცემრად, მერე არაფერი მახსოვს. პოლიციაში მისვლა ვერ გავბედე, ტყეში მწყემსებთან ვცხოვრობდი. უკვე ზამთარი მოდიოდა და გადავწყვიტე, პოლიციაში ჩემი ფეხით მივსულიყავი. სწორედ ამ დროს ქუჩაში დამაკავეს. ძალიან ვნანობ ჩადენილს, მაგრამ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა. მის მიმართ არანაირი შურისძიება არ მამოძრავებდა”, – აცხადებდა განსასჯელი, რომელიც დანარჩენ 2 დანაშაულსაც თავისებურ ახსნას უძებნიდა.
საგულისხმოა, რომ სასამართლო პროცესზე მისი დასჯა არ მოუთხოვიათ მის მიერ დაჭრილებს, რომლებიც სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ. აცხადებდნენ, რომ მათთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, წავა გიორგი ციხეში თუ არა, რადგან მთავარია, ცოცხლები გადარჩნენ.
განსასჯელის ადვოკატი პატიმრის გამართლებას მოითხოვდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მოკლულის დედა: „უმიზეზოდ მომიკლა შვილი, ტყუის, როცა ამბობს, რომ ჩემმა შვილმა შეაგინა. ის მას არ შეაგინებდა, რადგან ჩემს შვილს მეგობრის გარდაცვლილი დედა ძალიან უყვარდა”, – განაცხადა დაზარალებულმა.
სასამართლომ განსასჯელის თავის მართლება არც ერთ ნაწილში არ გაიზიარა და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.