ვინ იყო ცნობილი ბოროტმოქმედი, მეტსახელად „პანდა“, რომელიც არაადამიანური ძალით იყო დაჯილდოებული
„პანდა“
მელორ ჯიქია, მეტსახელად „პანდა“, 26 წლის გოლიათი ახალგაზრდა იყო. მელორი არაადამიანური ძალით იყო დაჯილდოებული და ამტანობით კამეჩსაც დაჯაბნიდა. გოლიათური აღნაგობის მიუხედავად, პანდა კატასავით მოქნილი, ქურციკივით სწრაფი და მგელივით ჭკვიანი იყო. თუმცა, ყველა თავის ღირსებას, მელორი ბოროტმოქმედებისთვის იყენებდა, რადგან ის პროფესიონალი დამნაშავე იყო და 6 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. პანდას მშვენივრად იცნობდნენ შავ სამყაროში და მიუხედავად იმისა, რომ მელორი კანონიერი ქურდი არ იყო, ქურდები მას პატივს სცემდნენ, თან ეშინოდათ, რადგან პანდა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში და მთელი სამეგრელო-აფხაზეთი მის მზეს ფიცულობდა. მელორ ჯიქია ორჯერ იყო ციხიდანაც გაქცეული და პირველად მეგობრის დაბეზღებით შეიპყრეს. თუმცა, მან მეორედაც მოახერხა ციხიდან თავის დახსნა და უფრო ფრთხილობდა. პანდას არც დედ-მამა ჰყავდა და არც ახლო ნათესავი. ერთადერთი აღმზრდელი ბებია კი, მაშინ გარდაეცვალა, როდესაც მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მოხუცს პირდაპირ სასამართლო დარბაზში გაუსკდა გული და შვილიშვილის თვალწინ დალია სული. მაშინ მელორი 15 წლის იყო და ხულიგნობისთვის ასამართლებდნენ. პანდა მაშინ ჯერ კიდევ მელორი, მეზობელ ახალგაზრდა ქალს გამოესარჩლა, რომელსაც ქმარი, მაზლი და მამამთილი ერთდროულად სცემდნენ. ქალი ისტერიკულად კიოდა და შველას ითხოვდა. თუმცა ღობესთან მიმდგარი მეზობლები ეზოში ვერ ბედავდნენ შესვლას. თარბების ეშინოდათ, რადგან შლეგიანების სახელი ჰქონდათ გავარდნილი და მათთან შეტაკება არავის უნდოდა. მელორი მეზობლების ეზოში გადავიდა და ქალი საკუთარი სხეულით დაფარა, თან, ცდილობდა, კაცების გაჩერებას. მაგრამ თარბები უფრო გაშმაგდნენ და მელორს მუშტები დაუშინეს. მაშინ, მელორმა თითო-თითოჯერ შემოჰკრა თარბებს და ძმებს ყბები მოსტეხა, მამას კი ტვინის შერყევა მიაღებინა. მამა თარბა ძველი ბოლშევიკი და მილიციის გადამდგარი პოლკოვნიკი იყო. უჩივლა მელორს და არასრულწლოვანი ჯიქია 4 წლით ციხეში გამოამწყვდიეს. ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში მელორმა მალევე გაითქვა სახელი და პანდა სწორედ იქ შეარქვეს. მის მშობლიურ სოფელში, თითქმის ყოველდღიურად მოდიოდა ხმები პანდას გმირობებზე. შურისძიებით შეშინებული თარბები სოფლიდან აიყარნენ და რუსეთში გადაიხვეწნენ... ციხიდან გათავისუფლებული მელორი, რომელიც ამქვეყნად მარტოდმარტო დარჩა, რადიკალურად იყო შეცვლილი და მხოლოდ მისი შესახედაობაც კი, შიშს იწვევდა ადამიანებში. თუმცა, პანდა ტყუილად არავის ერჩოდა და თავის სოფელში ნემსიც არავისთვის წაურთმევია და არ მოუპარავს.
ფანტასტიკური ძარცვა
პანდა დიდხანს არ დარჩენილა სოფელში. მას უკვე დამნაშავის ფსიქოლოგია ჰქონდა ჩამოყალიბებული. მუშაობას არ აპირებდა და როგორც თავად ამბობდა, საქმეები უნდა ეკეთებინა. მელორმა სოფლიდან ძველი მეგობარი და თანაკლასელი ტიტე ქაჯაია შეიამხანაგა და თბილისს მიაშურა. საქართველოს დედაქალაქში პანდამ და ქაჯაიამ პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებული გივი ვეშაპიძე, მალხაზ კასრაძე და მერაბ გიორგაძე შეიამხანაგეს, დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბეს და ქალაქ მოსკოვში გაემგზავრნენ...
საბჭოთა კავშირის დედაქალაქში ბონდო მიქაძე ცხოვრობდა, რომელმაც პანდასთან ერთად 6 თვე გაატარა რუსთავის საპყრობილეში და მელორთან შეთანხმებული იყო, მსხვილი საქმე ერთად გაეკეთებინათ. ბონდო მიქაძე, მეტსახელად „სტრელა“, 29 წლის იყო, პანდაზე 10 წლით უფროსი. მოსკოვში ის თავის საყვარელთან, ალასთან ცხოვრობდა და ხუთივე თბილისიდან ჩასული ბოროტმოქმედი სწორედ ალას სახლში ეწვია სტრელას.
– ყველაფერი მოფიქრებულია, გამზადებული და მხოლოდ შესრულება უნდა, – უთხრა სტრელამ პანდას, – ექვსი პისტოლეტი დავაზაგაჟნიკე და ფურგონიანი „მოსკვიჩი“, რომელიც ჯერ კიდევ შარშანაა მოპარული და ერთი წელია, გარაჟში მიყენია.
ბონდო მიქაძის განმარტებით, საინკასაციო მანქანა უნდა გაეძარცვათ, რომელშიც დაახლოებით, 800-900 ათასი მანეთი იქნებოდა.
– მოკლედ, ასე, ძმებო, – დაიწყო სტრელამ, – გადაკეთებული „რაფი“ ნახევრად დაჯავშნულია და მსხვილ სავაჭრო ობიექტებს ემსახურება. ყოველ საღამოს, ზუსტად 20 საათსა და 50 წუთზე ეს მანქანა საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრ „სვეტლანადან“ გამოდის ფულით გაძეძგილი და ბანკისკენ მიდის. მანქანაში მძღოლი და მის გვერდით მჯდომი, უფროსი ინკასატორია. საბარგულშიც კიდევ ორი ინკასატორი ზის. ოთხივე „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტითაა შეიარაღებული. ჩვენ ეს ფურგონი „სვეტლანადან“ გამომავალ 30-მეტრიან გვირაბში უნდა შევაყენოთ. ანუ, წინასწარ დაფენილი შიპები მანქანას საბურავებს გაუხეთქავს და გააჩერებს. ჩვენ ამით ვისარგებლებთ, ორი კაცი მძღოლსა და უფროს ინკასატორს შეაყენებს. სამნი კი საბარგულს გავაღებთ და მაყუთს წამოვიღებთ. ეს ყველაფერი, მაქსიმუმ, 40 წამში უნდა მოხდეს...
1968 წლის 16 მაისს, ექვსმა ქართველმა მძარცველმა შეთანხმებული დანაშაულის გეგმის განხორციელება დაიწყო. ჯერ ფულით სავსე ფურგონი გააჩერეს, მძღოლი და უფროსი ინკასატორი გაანეიტრალეს, მერე კი ერთი გასროლით საბარგული გააღეს და პისტოლეტები იქ მსხდომ ინკასატორებს მიუშვირეს. მათ კი ავტომატები აღმოაჩნდათ და მძარცველების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ორი ტყვია პანდას მოხვდა მარცხენა მხარში. ტიტე ქაჯაია მუცელში ორი ტყვიით მძიმედ დაიჭრა. ცეცხლი მძარცველებმაც გახსნეს და ორივე ინკასატორი მძიმედ დაჭრეს. თუმცა, მძარცველები ხელცარიელი არ გაქცეულან. 4 ტომარა ფული წაიღეს, რომლებშიც ზუსტად 1 მილიონი მანეთი იდო. პანდას ცალ ხელში ფულით სავსე ტომარა ეჭირა, მეორეში – პისტოლეტი, მხარზე კი ტიტე ქაჯაია ჰყავდა გადაკიდებული, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. მძარცველები ფურგონიანი „მოსკვიჩით“ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან და სანამ სამშვიდობოზე გავიდოდნენ, ერთ-ერთ სასწრაფო დახმარების სადგურთან მძიმედ დაჭრილი ტიტე ქაჯაია დატოვეს. სულ რაღაც 2 საათში მთელი მოსკოვი ფანტასტიკურ ძარცვაზე ლაპარაკობდა, რომლის დროსაც ბოროტმოქმედებმა მილიონი მანეთი გაიტაცეს...
გაქცევები
უმძიმესი ჭრილობების მიუხედავად, ორივე ინკასატორიც გადარჩა და ტიტე ქაჯაიაც. პანდამ კი, სახლის პირობებში მოირჩინა იარები. მძარცველები ალას ბინაში აღარ დაბრუნებულან. ეშინოდათ, ტიტე ქაჯაია მილიციელებს არ აელაპარაკებინათ. მაგრამ, ქაჯაიამ საშინელ წამებას გაუძლო და არც მელორის მისამართი გაუთქვამს და არც თავისი მეგობრები. სამაგიეროდ, მილიციამ მიქაძის საყვარელი, ალა ბობროვა დააპატიმრა. სწორედ ბობროვას მიცემული იყო ძარცვის საქმე, რადგან ქალი ბანკში მუშაობდა მოლარედ და კარგად იცნობდა სტრუქტურას. მილიციამ კი საფუძვლიანად იმუშავა, საქმის მიმცემი აღმოაჩინა და ერთკვირიანი თვალთვალის მერე დააპატიმრეს. ბობროვამ ტიტე ქაჯაია ამოიცნო და დანარჩენი ხუთი მძარცველის ვინაობაც დაასახელა. მილიციამ თითოეულ მათგანზე საკავშირო ძებნა გამოაცხადა და მთელი საბჭოეთის მილიცია ფეხზე დადგა. ტიტე ქაჯაია გაასამართლეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სხვადასხვა დროს კი მილიციასთან შეტაკებისას დაიღუპა ამ ძარცვის კიდევ ორი მონაწილე – გივი ვეშაპიძე და მალხაზ კასრაძე. მერაბ გიორგაძე საყვარლის ქმარმა მოკლა თელავში, ბონდო მიქაძე კი ლენინგრადში დააპატიმრეს. ყველაზე ბოლოს აიყვანეს პანდა. მელორი ზუგდიდში თავისი ბავშვობის მეგობრის, სტალბერ კოდუას სახლში იმალებოდა და სწორედ მის ოდაში შეიპყრეს. თუმცა, სტალბერს ამაში იოტისოდენა ბრალიც არ მიუძღვოდა და როდესაც პანდა მიჰყავდათ, გადაეხვია მეგობარს და უთხრა:
– ნუ დარდობ, ვიცი, რომ სუფთა ხარ...
დაპატიმრებულები, სტრელა და პანდა, მოსკოვში დააპირისპირეს ერთმანეთთან და გატაცებული მილიონი მანეთის ადგილსამყოფლის გამხელას სთხოვდნენ. მათ კი თქვეს, რომ ეს ფული მილიციასთან შეტაკებაში მოკლულ, გივი ვეშაპიძეს ჰქონდა შენახული. გამომძიებლებმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერეს და ორივე დაპატიმრებული სასტიკად აწამეს. მიქაძე გარდაიცვალა, ხოლო ცოცხალმკვდარი პანდა, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ, საიდანაც ის 25 დღის მერე გაიქცა... პანდამ ორი ბადრაგი, თავში მუშტის ჩარტყმით გათიშა, შემდეგ მთავარი ექიმის „ვოლგა“ – „გაზ-21-ში“ ჩაჯდა და იმ დროს გავარდა ეზოდან, როცა კარი ავტომატურად იხურებოდა. თუმცა, მელორ ჯიქია ორი თვის მერე უკვე სოხუმში დააპატიმრეს. პანდა თავისი ძველი მეგობრის, ანტონ გულიას ბინაში იმალებოდა. გულიამ კი მას მილიცია მძინარეს დააყენა თავზე და დააპატიმრებინა. ეს იმით ახსნა, რომ თითქოს, პანდა მის ცოლს ეარშიყებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მელორი სოხუმის იზოლატორში გამოამწყვდიეს და თბილისში ეტაპირებისთვის ამზადებდნენ. თუმცა, ორი დღის მერე, პანდამ სამი ბადრაგი გათიშა და ციხის პირველ სართულამდე ჩააღწია. იქ მან კიდევ ორი ბადრაგი გათიშა და პისტოლეტები აართვა. იარაღის მუქარით მორიგეს ორი კარი გაახსნევინა, შემდეგ კი საბადრაგო მანქანის მძღოლს დაადო იარაღი და ციხიდან ასე გაიქცა. თან სამი პატიმარიც გაიყოლა, რომლებსაც 10-10 და 13 წელი ჰქონდათ მისჯილი...
სისხლიანი შეტაკება
სოხუმის ციხიდან საბადრაგო მანქანით გაქცევა უპრეცედენტო შემთხვევა იყო საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში, მით უმეტეს, რომ პანდასთან ერთად გაიქცნენ რეციდივისტები – კობა სახვაძე, მიხეილ ბობოხიძე და რამაზ გოგია. სამივე ცნობილი ბოროტმოქმედი, ყველაფერზე წამსვლელი ტიპები იყვნენ და მათი მოთვინიერება არცთუ ისე იოლი საქმე იყო თვით პანდასთვისაც კი. მიუხედავად ამისა, გაქცეული კვარტეტი ერთად მოძრაობდა და აფხაზეთის მაღალმთიანი ზონის სოფლებს აფარებდნენ თავს. თბილისიდან გამოგზავნილი სპეცჯგუფი კი, რომლებსაც აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც დაემატნენ, კუდზე ასხდნენ მათ. თითქმის ორკვირიანი დევნის შემდეგ, მაისის ერთ საღამოს, გაქცეულები გულრიფშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ამირან გეგელიას სახლში ალყაში მოაქციეს და დანებება უბრძანეს. თუმცა, რამაზ გოგიამ ცეცხლი გაუხსნა მილიციელებს და მათაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს... ურთიერთსროლა 20 წუთს გრძელდებოდა და ორი მილიციელი მძიმედ დაიჭრა, ერთი კი დაიღუპა. გაქცეულთაგან კი რამაზ გოგია და მიხეილ ბობოხიძე დაიღუპნენ, კობა სახვაძე კი ფეხში დაიჭრა. თუმცა, სახვაძემ და პანდამ სიბნელით ისარგებლეს, თამბაქოს პლანტაციებს გაუყვნენ, მილიციის ალყას თავი დააღწიეს და გაიქცნენ. მოკლული რამაზ გოგია და მიხეილ ბობოხიძე სოხუმის პროზექტურაში გადაიყვანეს და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივე საშინლად იყო დაცხრილული, გოგიას – 31, ბობოხიძეს კი 37 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. გოგიას ნაწლავები გარეთ გადმოჰყროდა და თავი ექვს ნაწილად ჰქონდა გახლეჩილი...
მილიონი მანეთი
ფეხში დაჭრილი კობა სახვაძე პანდამ ზურგით ათრია და თემურ გოგოხიასთან მიიყვანა, რომელიც ცნობილი სახალხო ექიმი და პანდას გულშემატკივარი იყო. გოგოხია ოჩამჩირეში ცხოვრობდა და გაქცეულები ერთ თვეზე მეტხანს გაჩერდნენ მასთან. როცა სახვაძეს ფეხი მოურჩა, გოგოხიამ მათ მალამო მისცა და უთხრა:
– კვირაში ერთხელ წაისვამ ექვსი თვის განმავლობაში და ცხოვრებაში არ გაგახსენდება, ფეხი რომ გტკიოდაო.
დევნილებმა მადლობა გადაუხადეს გოგოხიას და ერთ ბნელ ღამეს თბილისისკენ გაემართნენ. გორში მათ გივი ლომიძე გაძარცვეს, 9 ათასი მანეთი წაართვეს და საქართველოს დედაქალაქში ავტობუსით ჩავიდნენ. დიღმის ავტოსადგურზე მილიციის მორიგემ, ზემდეგმა ფხაკაძემ საეჭვოდ მიიჩნია გორის ავტობუსიდან ჩამოსული ორი მამაკაცი, მიუახლოვდა მათ და საბუთები მოსთხოვა. პანდამ კი იარაღის ტარი სთხლიშა ყბაში და გონებადაკარგული, ძირს დააგდო. შემდეგ, ერთ-ერთ კერძო ტაქსისტთან მივარდა, იარაღის მუქარით მანქანიდან გადმოაგდო, სახვაძესთან ერთად შიგ ჩაჯდა და ქალაქის ცენტრისკენ აიღო გეზი. სასწრაფოდ შექმნილმა ოპერჯგუფმა, დიდუბიდან გატაცებული მანქანა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკის ქვემოთ იპოვა მიგდებული. პანდას და სახვაძის კვალს კი ვერსად მიაგნეს. მილიციის მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დადგა და ბოროტმოქმედების ძებნა ინტენსიურად გააგრძელეს. თუმცა, ისინი ვერსად აღმოაჩინეს და ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგეს...
დიდუბეში მომხდარი ინციდენტიდან, ერთი თვის მერე, მოსკოვში, რადიშჩევის შესახვევ ¹23-ის სარდაფში, სადაც მინის ტარის მიმღები პუნქტი იყო, ორი ახალგაზრდა კაცი მივიდა და იქ მომუშავე მამაკაცს უთხრეს:
– გინდა, 100 მანეთი იშოვო?
– რა თქმა უნდა, – მხრები აიჩეჩა მუშამ.
– მაშინ, შენი სარდაფი ერთი საათით დახურე, – უთხრა მამაკაცს პანდამ. შემდეგ, მოპირკეთებული კედლიდან ორი ფილა გამოაძრო, სამალავში ხელი შეჰყო და სპორტული ჩანთა გამოიღო.
– მანდ რა არის? – დაინტერესდა სარდაფში მომუშავე.
– ფული, – მიუგო პანდამ.
– რამდენი?
– მილიონი, – თქვან პანდამ და ჩანთა გახსნა, რომელშიც ბანკის ქაღალდში გახვეული დასტები ეყარა. პანდამ 10 ათასი მანეთი ამოიღო, მამაკაცს გაუწოდა და უთხრა, – აქ ასჯერ ასი მანეთია. მშვიდობაში მოიხმარე...
P. S. პანდა, კობა სახვაძე და ტიტე ქაჯაია, რომელიც დროზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან, უცხოეთში გაიქცნენ.