რა ცვლილებებს გრძნობენ ცხოვრებაში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ადამიანები და რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ღამით
როგორც პარაფსიქოლოგები ამბობენ, ადამიანის ერთხელ შექმნილი ენერგეტიკული კოდი აღარასდროს ისპობა. ის რამდენიმეჯერ ბრუნდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. ასევე, პარაფსიქოლოგების აზრით, ეს ენერგეტიკული კოდი შესაძლოა, ცხოველში ან ფრინველშიც განმეორდეს. ისიც ცნობილია, რომ სიკვდილის წინ ადამიანებს გარდაცვლილი ნათესავები და ახლობლები ეცხადებათ. ასევე, ხშირად ხედავენ მათ სიზმრად. მინიშნებები თუ გაფრთხილებები იმქვეყნად წასულებისგან, ჩვენთვის, ჩვეულებრივი მომაკვდავი ადამიანებისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა. ზოგი ამბობს, სიზმარი ეშმაკისეულია და მას ყურადღება არ უნდა მიაქციოო, ზოგიც ფიქრობს, ღამით სიზმრად იმას ნახულობ ადამიანი, რაზეც დიდხანს ფიქრობ და გონებაში გრჩებაო. როგორც, პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მედეა ამბობს, სიზმარი ისეთი ფენომენია, რომელსაც ადამიანის არა მარტო გაფრთხილება, არამედ მისი დაცვაც შეუძლია. მისი აზრით, იმქვეყნიდან გაფრთხილებას სწორედ გარდაცვლილი ადამიანები გვაწვდიან და ჩვენ, ამქვეყნად მყოფნი, უბრალოდ უნდა ვენდოთ მათ.
მედეა: ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება. ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდი აღარ ისპობა. ის რამდენჯერმეა სხვადასხვა ადამიანის სხეულში, თუმცა არ არის გამორიცხული, ფრინველში ან ცხოველში განმეორდეს და ასე მოაღწიოს დედამიწამდე. ამგვარი ჰიპოთეზა ამქვეყნად მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ანალიზია. პარალელური სამყაროების, ეგრეთ წოდებულ, ტორსიული ველების არსებობა დღეს გაოცებას აღარ იწვევს. ცნობილი ფაქტია, რომ სიკვდილის წინ ადამიანებს ხშირად გარდაცვლილი ახლობელი ეცხადება. ზოგჯერ იმქვეყნად წასული სულები ცოცხლებს სიზმრად თავისთან იხმობენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ძილში მიცვალებულს უკან გაყოლილი ადამიანი, ცხადში მალევე გარდაიცვალა და მართლაც გაჰყვა მას სასუფეველში. ასეთი ფაქტი პირადად ჩემს ოჯახშიც მოხდა. ერთ ღამეს, მეუღლემ გამაღვიძა და შეშინებულმა მითხრა, მედიკო, სიზმრად დედაჩემი ვნახე, მოვიდა ხელი მომკიდა და წამიყვანა. მეუბნებოდა იქ უკეთესად მოგივლი, დავიღალე სიშორით და ძალიან მომენატრე, ჩემს გვერდით მინდა მყავდეო. დიდი ხანია პარაფსიქოლოგიაში გარკვეული ცოდნა დავაგროვე და ასეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც მივხვდებოდი, რომ ეს სიზმარი ნამდვილად არ იყო კარგი.
– როგორ დაამშვიდეთ შეშინებული მეუღლე?
– მინდა გითხრათ, რომ ვერაფერი ვუთხარი. ენა ჩამივარდა. იმ ღამით, ერთად დავიძინეთ და სწორედ, იმ დროს, როცა ის სიზმარს ხედავდა, მეც მეზმანა დედამისი. მოვიდა, ხმა არ გამცა, მიაწვა სახლის კედელს და გადაანგრია. ვყვიროდი რა გინდა, რას მინგრევ სახლს-მეთქი. მომიბრუნდა და გაბრაზებულმა მითხრა, მე ჩემი შვილი მინდა და ეს კედელი იმიტომ გავანგრიე, ადვილად რომ წავიყვანო, შენ ჩაკეტილი გყავს ოთხ კედელს შორის და აბა, რა ვქნაო. წარმოიდგინეთ, ამ სიზმარს ვხედავდი, მეუღლემ რომ გამაღვიძა და თავისი სიზმარი მომიყვა, რაც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. არ დაიჯერებთ და სულ რაღაც ერთ კვირაში, სახლის კედელი ჩამოინგრა და ჩემი მეუღლე ქვეშ მოიყოლა. ისეთი გაოგნებული ვიყავი, ტირილიც ვერ შევძელი, სულ სიზმარზე ვფიქრობდი. თითქოს შეგუებული ვიყავი, რომ უნდა წასულიყო ამქვეყნიდან და იქ დედამისი ელოდა თავის შვილს.
– ქალბატონო მედეა, იმასაც ხომ ამბობენ, რაც შუბლზე გაწერია ადამიანს, იმას ვერ ასცდებიო?
– მართალია, მეც ასე ვფიქრობ, რომ რაც შუბლზე გაწერია, ის არავის ასცდება და ჩვენი ბედისწერაც ჩვენს დამოუკიდებლად იწერება. პარაფსიქოლოგიაში არის ასეთი მოსაზრება, რომ ჩვენი ყველა აზრი და სიტყვა კოსმოსში მიდის, იქ ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიებად და შემდეგ იწერება უფერული ასოებით ჩვენი ცხოვრების ფურცლებზე. ჩვენ მისი ამოკითხვა არ შეგვიძლია. სიკვდილის შემდეგ ენერგეტიკული კოდი ორმოცი დღის განმავლობაში დედამიწაზე რჩება, აგროვებს გარშემო მყოფთა ინფორმაციას და შემდეგ, ამ ინფორმაციით დატვირთული მიდის იმქვეყნად და ტოვებს დედამიწას.
– და, როდის ბრუნდება მისი სული უკან, დედამიწაზე?
– მისი ხელმეორედ მოსვლისთვის ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერება. კერძოდ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის მიხედვით მიიღებს სამაგიეროს მეორედ მოსვლის სახით. ეს ბევრისთვის შეიძლება, მიუღებელი აზრია, მაგრამ მერწმუნეთ, მე დიდი ხანია პარაფსიქოლოგიაში ჩახედული ვარ, უამრავი ინფორმაცია მაქვს გაგონილი და ბევრი კვლევის შედეგებიც ვიცი. სწორედ ეს მაძლევს ხმამაღლა ამ სიტყვების თქმის უფლებას. მაგრამ, გეტყვით იმასაც, თუ ადამიანს ამ ცხოვრებაში ბევრი ცოდვა აქვს ჩადენილი, მისი სული ამქვეყნად მეორედ მოსვლისას, დიდი შანსია, ფიზიკური დეფექტის მქონე ადამიანში, ცხოველში ან ფრინველში ჩასახლდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამქვეყნად ყველა ადამიანს თავისი მისია აკისრია და მისი შესრულება აუცილებლად უნდა შევძლოთ, რათა იმქვეყნად წყნარად წავიდეთ. შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნებულმაც თავი მშვიდად ვიგრძნოთ.
– თუ ადამიანი სახლიდან შორს კვდება და მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება სამშობლოში, ამ დროს სული სახლამდე მაინც აღწევს თუ იქ რჩება, სადაც სხეულია?
– ადამიანის სიკვდილის შემდეგ, ორმოცი დღის განმავლობაში მისი ენერგია სახლში ტრიალებს. ამაზე სპეციალური კვლევა არაერთხელ ჩაატარეს უცხოელმა პარაფსიქოლოგებმა და მეცნიერებმა. ამ თემაზე ფილმიც კი გადაიღეს და ის თავად მაქვს ნანახი. ამ ფილმში მოყვანილია ფაქტი: ახალგაზრდა გოგონა დაიღუპა სხვა მხარეში, სახლიდან ძალიან შორს, მისი ენერგია კი აპარატმა სახლში დააფიქსირა. ადამიანის ენერგიისთვის მანძილი არ არსებობს, არც გადაადგილებაა პრობლემა. ასე რომ, არ აქვს მნიშვნელობა, სად გარდაიცვლება ადამიანი, მისი ენერგია სახლამდე მაინც უპრობლემოდ აღწევს და ახლობლებისა და ოჯახის წევრების გვერდით ტრიალებს. მინდა გითხრათ, რომ, სიკვდილის დროს, ხდება გენეტიკური კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში.
– ყველა ადამიანს თავისი კოდი აქვს?
– რასაკვირველია. და, ყველა ადამიანის კოდი სამყაროსთანაა დაკავშირებული უხილავი ძაფებით. კერძოდ, თითოეული ადამიანს თავისი კოდით იცნობენ სამყაროში. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კი, ეს კოდი არსებობას კვლავ განაგრძობს. ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ამ კოდის არსებობას ვერ ვაცნობიერებთ, ვერც ვგრძნობთ. სხვათა შორის, ადამიანის კოდი გარდასახვას მანამდე იწყებს, სანამ მისი პატრონი გარდაიცვლება. ანუ, ის მოსამზადებელ პერიოდს გადის. ამიტომ ამბობენ ხოლმე, სანამ ადამიანთან სიკვდილი მოდის, ის ამას ქვეცნობიერად გრძნობს, ან სიზმრის სახით, ან კანის ფერის შეცვლით, ან კიდევ მოქმედებითო.
– და ამ დროს რა ხდება რეალურად, თქვენი აზრით?
– ამ დროს, ფაქტობრივად, ცოცხალი ადამიანი უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას და ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. დამიჯერეთ, ყველა ადამიანს აქვს გარდაცვალებამდე წინათგრძნობა, აქცევს ამას ყურადღებას თუ არა და, ეს სწორედ ის არის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. განსაკუთრებით კი გასათვალისწინებელია, წინა საახალწლო პერიოდში სიზმრად ნანახი გარდაცვლილი ახლობლებისა და ოჯახის წევრების ქცევები და ნათქვამი. ამ დროს ისინი ბევრ რამეზე მიგვანიშნებენ. ამიტომ, დააკვირდით, ახალ წლამდე რამდენიმე კვირით ადრე ნანახ სიზმრებს და თავად მიხვდებით, რაზე გაფრთხილებენ ახლობლები იმქვეყნიდან.