ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გარდამეცვალა მამა, რომლის სახელზეც იყო გაფორმებული უძრავი ქონება. ჩემგან მალულად, მემკვიდრეობა გაიფორმა დედაჩემმა და ჩუქების ხელშეკრულებით, გააჩუქა ჩემ და-ძმებზე. როგორ მოვიქცე, ვის მივმართო? მამაჩემის სახელზე რეგისტრირებულ მიწაზე მაქვს ჩემი აშენებული სახლი, რომელშიც ვცხოვრობ დღემდე.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენ ფაქტობრივი ფლობით გაქვთ მიღებული ქონება მემკვიდრეობით, უნდა მიმართოთ სასამართლოს, როგორც მემკვიდრედ ცნობის, ასევე ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.
კითხვა: სახლის კედლიდან 4 მეტრში დგას მეზობლის კაკლის ხე, რომელიც დარგულია სახლის აშენების მერე. სახლი აშენებულია 1984 წელს. კაკლის ფესვები აზიანებს ყველაფერს და მეუბნებიან, რომ სახლსაც დამინგრევს. ახმეტის რაიონის მმართველ ორგანოში, ყველას მივმართე. სად შეიძლება, ან ვინ მომცემს დასკვნას, რომ კაკლის ხე საფრთხეს უქმნის ჩემს სახლს? მინდა ხის მოჭრა.
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მსგავსი დასკვნის მისაღებად უნდა მიმართოთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის ბიურო დაადგენს, რომ თქვენი სახლი ხის ფესვების გამოა დაზიანებული, უნდა მიიღოთ ხის მოჭრასთან დაკავშირებული შესაბამისი ზომები.
კითხვა: სახლი მქონდა იპოთეკით დატვირთული, რომელიც 0,3 კვადრატულ მეტრ მიწაზე მდებარეობდა. ჩემი სახლი შედგება 4 ოთახისგან (საცხოვრებელი ფართი – 90 კვადრატული მეტრი), აქედან 33 კვადრატული მეტრი იყო რეგისტრირებული და 2 ოთახი – არარეგისტრირებული. იპოთეკარმა აუქციონზე შეისყიდა 33 (2 ოთახი) კვადრატული მეტრი. მაინტერესებს, მაქვს თუ არა არარეგისტრირებული ფართის დანგრევისა და მასალის წაღების უფლება, რომელიც ჩემი ხარჯებითაა ნაყიდი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თქვენი შეკითხვიდან ირკვევა, რომ იპოთეკით დატვირთეთ მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ არ გაქვთ ბინის დანგრევისა და მასალების წაღების უფლება.
კითხვა: რა წესით ხდება შეწყალება, ამნისტია და პირობით ვადამდე გათავისუფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეწყალება ხდება პრეზიდენტის აქტით, რაც არ შედის სამინისტროს კომპეტენციაში. სამინისტროს ევალება მხოლოდ შეწყალების აქტის აღსრულება;
– ამნისტია არის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
– პირობით ვადამდე გათავისუფლება გულისხმობს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, კანონით დადგენილი კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ერთდროულად რამდენიმე პენსიისა და სოციალური დახმარების მიღება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთდროულად რამდენიმე პენსიის მიღება დაუშვებელია. თუ რამდენიმე საფუძვლით პენსიის ერთდროულად მიღების შესაძლებლობა წარმოიშობა, პირი თავის შეხედულებისამებრ, ირჩევს ერთ პენსიას. პენსიონერს, პენსიის დანიშვნის საფუძვლის მიუხედავად, უფლება აქვს დამატებით მიიღოს სოციალური დახმარება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
კითხვა: წლების განმავლობაში ვიღებდი პენსიას, მაგრამ ჩემგან დამოუკიდებლად, 2009 წელს პენსია შემიწყვიტეს. გთხოვთ, მაცნობოთ, რის საფუძველზე ხდება პენსიის შეწყვეტა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პენსიის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს:
1. საჯარო სამსახურის განხორციელება;
2. შეზღუდული სტატუსის დაკარგვა;
3. მარჩენალდაკარგული პირი თუ 18 წლის ასაკს მიაღწევს;
4. თავისუფლების აღკვეთა;
5. პენსიონერის გარდაცვალება;
6. უცხო ქვეყნის მოქალაქის და მოქალაქეობის მქონე პირის საქართველოდან გაძევება;
7. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ან დაკარგვა;
8. პირადი განცხადება.
კითხვა: რა არის სამკვიდრო მოწმობა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამკვიდრო მოწმობა არის მემკვიდრეობამიღებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმისთვის, რომ სამკვიდრო მოწმობაში მითითებული უძრავი ქონება პირის საკუთრებად ჩაითვალოს, საჭიროა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით. სამკვიდრო მოწმობა ეძლევა მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს.
კითხვა: როდის ხდება სამკვიდროს მიღება (ფაქტობრივი ფლობის ან მართვის დროს)?
პასუხი: ქონების ფაქტობრივად ფლობა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს (როგორც მემკვიდრე, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრობს იმავე სახლში, შეუძლია ნივთების შენახვა და ასე შემდეგ). მართვა კი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მემკვიდრე არ ცხოვრობდა, მაგრამ უვლიდა ქონებას და მისი მოქმედებით დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს.
ასეთ შემთხვევაში, მემკვიდრეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს ნოტარიუსს (სამკვიდროს გახსნის ადგილას) და მოითხოვოს მემკვიდრეობის მიღება. ასეთ დროს 6-თვიანი ვადა არ არსებობს. ეს დამოკიდებულია მემკვიდრის ნებაზე.
კითხვა: სასამართლოს მიერ მაქვს გამოწერილი სააღმსრულებლო ფურცელი. ვარ მეტად მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არ მაქვს აღსრულების საფასურის გადახდის საშუალება. გთხოვთ მაცნობოთ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, კრედიტორის აღსრულების გადასახადიდან გათავისუფლება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, კრედიტორის გადასახადისგან გათავისუფლება ორ შემთხვევაშია შესაძლებელი:
1) თუ ის სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული;
2) თუ მას საფასურის წინასწარ გადახდისგან სასამართლო გაათავისუფლებს.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ, რა თანხის გადახდა გვეკისრება სააღმსრულებლო ფურცლის სააღმსრულებლო ბიუროში წარდგენისას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თანხის გადახდისას საფასურის ოდენობა არის აღსასრულებელი მოთხოვნის 7 პროცენტი. სააღმსრულებლო ფურცლის ბიუროში შეტანისას, კრედიტორი აღსასრულებელი მოთხოვნის 2 პროცენტს იხდის, რაც 50 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ფიზიკური პირისთვის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, საფასური 5 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს. გადახდილი თანხა კრედიტორს, ძირითად მოთხოვნასთან ერთად უბრუნდება.
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება შესაბამის სააღმსრულებო ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველი ხდება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვნისას ან გადაცემისას, საფასურის ოდენობა ნივთის საბაზრო ღირებულების 1 პროცენტია, რაც 100 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფიზიკური პირისთვის, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, საფასური არ უნდა აღემატებოდეს 5 ათას ლარს. ამ კატეგორიის საქმეზე კრედიტორი საფასურს წინასწარ იხდის, სააღმსრულებლო ფურცელთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად.
სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღმსრულებლო ფურცლის სააღმსრულებლო ბიუროში წარდგენისას, კრედიტორი იხდის საფასურს – 100 ლარის ოდენობით.