როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ლაბაძე
ლაბა მამაკაცის საკუთარი სახელია. ის რამდენიმე ფორმით გვხვდება წყაროებში. მაგალითად: ლაბი – თუშეთში, ლაბა – კახეთში; ლაბაზან – თუშეთში, ასევე გვხვდება სახელები ლაბია, ლაბლა, ლაბო.
ფუძეზე ლაბა დაშენებულია ქართული გვარები: ლაბარი, ლაბარიშვილი, ლაბაძე, ლაბრიძე, ლაბაშია, ლაბარაშვილი, ლაბაური.
ლაბაძეები იმერეთში ცხოვრობენ სოფლებში: ბოსლევი, კორბოული, მანდაეთი, რგანი, საზანო, სარეკი, საქარა, შროშა, ჭორველა.
სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა მოიხსენიება 1680 წლის ახლოს, ისტორიულ წყაროში.
საქართველოში 4 631 ლაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 756, ჭიათურაში – 741, ხაშურში – 618.
ნანავა
1904 წელს ნაესაკაოში მცხოვრები ნანავები აზნაურები იყვნენ.
გვარის ფუძეა ნანა, რომელსაც რამდენიმე სახის დატვირთვა აქვს. საბასთან ეს არის საამო, სანდომი; ნანა (ნანინა), ბავშვის მოსაფერებელი სახელია და შესაძლოა, ის ბოლომდე შერჩეს ადამიანს. აღმოსავლეთ საქართველოში მამაკაცის საკუთარ სახელად მოიხსენიება: ნანაია, ნანე, ნანი, ნანია, ნანო, ნანობა. დასავლეთ საქართველოში მამაკაცის სახელებად დაფიქსირებულია ნანაია, ნანეტა, ნანი, ნანო, ნანუჩა, ნანია, ნანილა და სხვა. ასევე, ქალთა სახელებია: ნანა, ნანაი, ნანალუ, ნანამზე, ნანატა, ნანატრი, ნანაღო, ნანზი, ნანსი და სხვა.
საკუთარი სახელიდან ნანა ნაწარმოებია ქართული გვარები: ნანავა, ნანაშვილი, ნანაძე, ნანდოშვილი, ნანეიშვილი, ნანეტაშვილი, ნანიაშვილი (ნანიევი), ნანიტაშვილი, ნანიშვილი, ნანობაშვილი, ნანოშვილი, ნანუაშვილი.
ნანაშვილი, ნანიაშვილი, ნანეიშვილი, ნანავა სადადიანო აზნაური, ანუ აზნაურული საგვარეულოებია.
სანანაო არის უბნები ახალ აბასთუმანსა და ყულშკარში. ნანანუ კი ტყეა უფალკარში.
ვაუჩერების მიხედვით, 1 612 ნანავა ცხოვრობს საქართველოში: ზუგდიდში – 572, მარტვილში – 367, თბილისში – 161.
ჩივაძე
იოანე ბაგრატიონი წიგნში „შემოკლებითი აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავად-აზნაურთა გვარებისა, რომლებიც შეტანილნი არიან 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატსა შინა“, წერს: „საციციანოს ხეობის აზნაურნი არიან შემდგომნი ესე – აზნაური ჩივაძე. ამათნი წინაპარნი არიან მოსრულნი ჯავახეთიდან ვაჩიანის ადგილიდან და ადგილისა გამო ცვლილების სახელისა მეფე როსტომის დროსა 1592 წელს ჩივაძეთ უწოდესთ, რომელსა ძველად მათთა გვარსა უწოდებდნენ ვაჩიანელს, არიან აზნაურნი და ტრაქტატსა შინა მოხსენიებულნი“.
ვაჩა (ვაჩნა) ვაჩიანელი – ვაჩნაძე, ვაჩიანელიდან მეტსახელი ჩივა გაჩნდა, აქედან კი გვარი – ჩივაძე. ამავე ძირისაა ჩივიაშვილი.
საქართველოში 524 ჩივაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, თეთრი წყაროში – 64, ქუთაისში – 55.
60 ჩივიაშვილია.
ლომაძე
ცნობილია და დადგენილი, რომ „ლომის“ წაბაძვით ქართველებს შვილებისთვის სახელებად დაურქმევიათ: ლომა, ლომი, ლომინა, ლომსა, ლომინიკა, ლომიტა, ლომნია, ლომისა, ლომკაცა და სხვა.
შესაბამისად, ამ სახელებისგანაა წარმოქმნილი გვარები: ლომაია, ლომაშვილი, ლომაძე, ლომოური, ლომთაძე, ლომუაშვილი, ლომინაშვილი, ლომინაძე, ლომინეიშვილი, ლომინიკელიშვილი, ლომიტაშვილი, ლომნიაშვილი, ლომსაძე, ლომსიანიძე, ლომიძე, კომპოზიტურ-ფუძეებიანია: ლომთათიძე (სახელი-ეპითეტი), ლომთათი (ლომის თათი), ლომისდარაშვილი, ლომდარიძე (ლონდარიძე), ლომკაცი.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ლომაძეებს რაოდენობის მიხედვით 504-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 1 820 ლომაძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 534, ოზურგეთში – 398, თბილისში – 271.
კორაშვილი-კორიშვილი
კორაშვილები ცხოვრობენ სიღნაღის, ყვარლის, დუშეთისა და ლაგოდეხის რაიონებში.
სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში კორაშვილებს, დუღაშვილებს და ქშუტაშვილებს აქვთ საგვარეულო ეკლესია. ეკლესია ბაზილიკური ნაგებობაა, მიეკუთვნება მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეების არქიტექტურულ ძეგლს.
„ქართულ სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში„ „კორა“ შეესაბამება კარის ჩასაკეტს, ხისგან გამოთლილ ძელაკს, ფშავში გავრცელებული ყოფილა თამაში ძელაკი, საიდანაც სამიზნეს გახედავს მსროლელი.
სულხან-საბას „სიტყვის კონაში“ სიტყვა „კორა“ ბარის სატერფულს ნიშნავს. ეს არის ხის ძელაკი – ჩამაგრებული ბარის ტარში, ბარის ძირის სიახლოვეს, ფეხის ტერფის დასაჭერად ბარვის დროს.
ახალგორისა და დუშეთის რაიონების საზღვარზე, მდინარე ქსნის სათავესთან, ხეობის მარცხენა კანიონის თავზე არის ნასოფლარი კორა. ისტორიულ წყაროებში, დიდგორის ბრძოლის ამსახველ ქრონიკებში, დიდგორის მიდამოებში მოხსენიებულია კორა ციხე და კორა ტყე.
აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში ცხოვრობდნენ კორაიები. ფუძედ ამ გვარშიც კორაა გამოყენებული. ფუძეთი კორა რამდენიმე ქართული გვარ-სახელია ნაწარმოები. დაფიქსირებულია, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი კორე, თუშეთში კი კორია მეტსახელი შემონახულია გოგიაშვილის გვარის განშტოებაში. ცნობილია უბანი კორაანთი.
1995 წლის ვაუჩერების მიხედვით, საქართველოში დაფიქსირებულია 670 კორაშვილი: თბილისში – 156, სიღნაღში – 136, ლაგოდეხში – 128.
კოლოტაური – ჯაბადრიანი
– ჯაბადარი
„დიღომში კოლოტაურები ქვემოუბანში წერწვერაზე სახლობენ და მათი საგვარეულო უბანი დიღმის ხევს დაჰყურებს. კოლოტაურები, ანუ ჯაბადრიანი, როგორც მათ უწოდებენ დიღომში, მეთვრამეტე საუკუნეში უნდა დასახლებულიყვნენ და მართლაც, 1781 წლის ხალხის აღწერის დავთარში დიღმის მკვიდრთა შორის მუხრანის ბატონის ყმა კოლოტაური იესეა შეტანილი„. მათი წინაპარი სამეფო კარის მსახური, ჯაბადარი ყოფილა. ჯაბადარი მეაბჯრეს ნიშნავდა და ვახტანგ მეექვსის დასტურლამაში სპეციალური თავითაა შეტანილი, რომელსაც „საჯაბადაროს მოხელენი“ ეწოდებოდა. კოლოტაურების ზოგიერთმა პირმა გვარი ჯაბადრად გადაიკეთეს. ამაზე მეტყველებს ხალხური სახუმარო ლექსიც, რომელიც დიღომშია ჩაწერილი: „კოლოტაური კაკოლა, ძალად გახდა ჯაბადარი, ამისთანა მამაძაღლი, მთელ დიღომში არვინ არის“.
კოლოტაურები მეცხრამეტე საუკუნეში საბატონო ყმებად იწოდებოდნენ და მუხრანელ ბაგრატიონებს ეკუთვნოდნენ.
ასევე, გვხვდება საკუთარი სახელები ჯიბრაილ, ჯაბა, ჯიბო, აქედან – გვარები: ჯაბადარი, ჯაბადრიშვილი.
საქართველოში 105 კოლოტაური ცხოვრობს: მცხეთაში – 94, თბილისში – 10, რუსთავში – 1.
104 ჯაბადარი: თბილისში – 79, საგარეჯოში – 21, ქუთაისში – 4.
კოკოზასშვილი – კოკოზაშვილი – კოკოზაური
კოკოზა საკუთარი სახელია, ის დასდებია საფუძვლად კოკოზაურ-კოკოზაშვილთა გვარს. „1634-1653 წლებში გარდატენში მცხოვრები კოკოზაურის მამული ნოდარ ციციშვილმა დაანება გორელ ადიბეგ და გაბრიელ ანდრონიკაშვილებს“.
„გარდატენში მცხოვრები კოკოზაშვილის მამული ჯავახიშვილის ასულ მარიხმა მიჰყიდა გორელ მანდატურთუხუცესს, თაყა ანდრონიკაშვილს“ (1634-1653 წლები).
კოკოზოვები ყოფილი კოკოზაშვილები არიან.
გვხვდება გვარი კოკოზასშვილი, კოკოზაური.
საქართველოში 453 კოკოზაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 152, თბილისში – 98, თიანეთში – 85.
35 კოკოზოვი: თბილისში – 4, წალკაში – 31 (არიან ბერძნები).
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით