როგორ ეძებს ხარკოვიდან ძმისშვილი წყალტუბოელ მამიდას და რატომ უნდა მას მამიდის ნათლულის პოვნა
ისტორია: ვეძებ მამიდას – 81 წლის ვალენტინა სტეფანის ასულ ჩეგოვაძეს, მამიდაჩემთან კონტაქტი 1990 წლიდან აღარ გვაქვს. ბოლო წერილი 1995 წელს მიიღეთ. მას შემდეგ, ყველა ცდა მას დავკავშირებოდით უშედეგოდ დამთავრდა. ვალენტინას საქართველოში ჰყავდა ნათლული, დაახლოებით, 32 წლის ნატალია ალექსანდრეს ასული კოლესნიკოვა (ეს მისი ქალიშვილობის გვარია). მის ოჯახთან მამიდა ძალიან ახლობლობდა – უკვე ერთი წელია, რაც მამიდაჩემს აქტიურად ვეძებ. ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მის პოვნაში, რადგან ხარკოვიდან ეს თითქმის წარმოუდგენელია.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მამიდას გვაპოვნინებთ. მამიდაჩემი ვალენტინა საქართველოში გათხოვდა, ქალაქ წყალტუბოში. იგი ცოლად შოთა ჩეგოვაძეს გაჰყვა. ახალგაზრდობიდან, როგორც მამაჩემისგან ვიცი, ვალენტინას უყვარდა საქართველო და ოცნებობდა მანდ დარჩენაზე. მიუხედავად იმისა, რომ მამიდას და მის მეუღლეს შვილები არ ჰყოლიათ და არც სისხლით ნათესავები ჰყავდა ვალენტინას წყალტუბოში, მან მაინც იქ ცხოვრება გადაწყვიტა. 1990 წლამდე ჩვენ მასთან ჩვეულებრივად გვქონდა მიმოწერა. მაგრამ, არეულობის შემდეგ, მას ვეღარ ვუკავშირდებოდით. ბოლო წერილი მისგან 1995 წელს მივიღეთ, მამიდა იწერებოდა, რომ გარდაიცვალა მისი მეუღლე შოთა ჩეგოვაძე. წყალტუბოში კი, მას ჰყავს ნათლული ნატალია კოლესნიკოვა, რომლის ოჯახთანაც მეგობრობს. რამდენიმეჯერ ვცადეთ და წერილები გავაგზავნეთ მამიდასთან, თუმცა, ადრესატამდე არ მისულა და უკან, ფოსტალიონსვე უბრუნდებოდა, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო.
მამიდა ბოლოს 1989 წლის ოქტომბერში ვნახე. იგი უზომოდ მენატრება და მაინტერესებს, როგორ არის და რატომ ვერ ვუკავშირდებით მას. ძალიან მინდა, მის მოძებნაში დაგვეხმაროთ. იქნებ მისი ნათლული მაინც ვიპოვოთ, ვფიქრობ, მას ეცოდინება მამიდაჩემის ადგილსამყოფელი, რადგან, როგორც ვიცი, მამიდას ის ძალიან უყვარდა. სამშობლოსგან შორს მყოფს, მისი ნათლულის ოჯახი უწევდა, ასე ვთქვათ, ნათესავების მაგივრობას. პირადად მე, არაერთხელ მიმიწერია მის ნათლულთან, მაგრამ მასთანაც დიდი ხანია, კონტაქტი აღარ მაქვს.
– ნათლულის ოჯახის შესახებ რა იცით, ისინიც წყალტუბოში ცხოვრობდნენ?
– რამდენადაც ვიცი, მამიდას ნათლულს ჰყავს ძმა – ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კოლესნიკოვი, დაახლოებით 34 წლის. ნატალიას დედას ოლღა ერქვა, მამას – ალექსანდრე. ვიცი, რომ ისინი წყალტუბოში ცხოვრობდნენ, მამიდას მახლობლად. 1987 წელს მივიღე ბოლო წერილი ნატალიასგან, ქალაქ ზაპოროჟიედან. მას შემდგომ მისი ცხოვრება ჩემთვის უცნობია. ვფიქრობ, ისევ წყალტუბოში დაბრუნდებოდა სწავლის შემდეგ და არა მგონია, მამიდასთან კონტაქტი გაეწყვიტა. შეიძლება, ისინიც გვეძებენ, მაგრამ ვერ გვიკავშირდებიან.
– რამდენი ხანია, რაც მამიდას ეძებთ და რამე თუ გაარკვიეთ ამ ხნის განმავლობაში მასზე?
– მეგობრებმა მირჩიეს, აქტიური ძებნისთვის პრესისთვის მიმემართა. ხარკოვში ეს შესაძლებელია. არსებობს სპეციალური ჯიხურები, სადაც შეგიძლია მიხვიდე და განაცხადი გააკეთო, რომ შენ გყავს დაკარგული ახლობელი ან ნათესავი და ვერ უკავშირდები. განაცხადმა შედეგი არ გამოიღო და გადავწყვიტე, თვითონ გამომენახა სხვა გზა. „ჟდი მენიას“ საიტზე განვათავსე მამიდის ფოტო, რომელიც მას წყალტუბოში მეუღლესთან ერთად ჰქონდა გადაღებული. მაგრამ, მათ ჩემნაირი ისტორია დღეში შეიძლება, ათასობით მისდით, ამიტომ, დღემდე ჩემი ისტორია განაცხადის სახით დარჩა. დიდი იმედი მაქვს თქვენი ჟურნალის, მისი მკითხველის და რა თქმა უნდა, მამიდაჩემის ფოტოსი – მჯერა, რომ ვინმე მას იცნობს. წყალტუბო არც ისე დიდი ქალაქია, რამდენადაც ვიცი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუ ინფორმაცია არ დავაზუსტე, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში, ასე უბრალოდ, მამიდას საძებნელად ვერ ჩამოვალ. თქვენი დახმარება მჭირდება. იმ შემთხვევაში, თუკი, ღმერთმა ქნას და მამიდას მაპოვნინებთ, აუცილებლად ჩამოვალ მის სანახავად. ღვთისნიერ საქმეს ეწევით და ღმერთმა დაგლოცოთ.
– შეიძლება, მამიდათქვენის ნათლული ამჟამად საქართველოში არც კი იმყოფებოდეს და ამ შემთხვევაში მხოლოდ ფოტოს იმედით ხართ. როდისმე თუ ყოფილხართ მამიდასთან სტუმრად ჩამოსული?
– იმის შემდეგ, რაც ვალენტინა გათხოვდა და საქართველოში წავიდა, ჩვენ ის არ გვინახავს. სულ ვაპირებდით ხოლმე ჩამოსვლას, მაგრამ ხან რა გვიშლიდა ხელს და ხან რა. ამჯერად კი, როგორც ხედავთ, ერთადერთი, მასთან დამაკავშირებელი წერილებიც კი, აღარ მიდის ადრესატამდე. მის ნათლულთანაც გაწყდა კონტაქტი და ამიტომ ვეძებ ნატალიასაც. მამიდა ძალიან მორწმუნე ქალი იყო ყოველთვის და ნათლული მისთვის იგივე შვილი იყო, სულიერი შვილი. ვფიქრობ, მისი მოძებნა მამიდის პოვნის ტოლფასი იქნება.