რუსეთი ეკონომიკურ დანაშაულებში მსოფლიო ლიდერია
2008 წლის განმავლობაში ეკონომიკურ დანაშაულებათა შედეგად რუსულ კომპანიათა 71 პროცენტი დაზარალდა. ეს 12 პროცენტით მეტია, ვიდრე წინა წელს. კომპანიის გამოკვლევის თანახმად, შარშანდელი მონაცემებით, რუსეთმა ეკონომიკური დანაშაულების რაოდენობით, მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. „საპრიზო სამეულში“ ასევე მოხვდნენ კენია (დაზარალდა კომპანიათა 67 პროცენტი) და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (62 პროცენტი). ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებლები იაპონიას (დაზარალდა 9,6 პროცენტი), ჰონკონგსა (13 პროცენტი) და ჰოლანდიას (13 პროცენტი) აღმოაჩნდა. თაღლითობა ყველაზე ხშირი ფინანსურ სექტორსა და სათბობ-ენერგეტიკის სფეროშია. ექსპერტებმა მსოფლიოს 55 ქვეყნის 3 ათასამდე კომპანიის ხელმძღვანელი გამოკითხეს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ეკონომიკური დანაშაულის ზრდის მიუხედავად, კომპანიათა უმეტესობა ილუზიებით ცხოვრობს. საკმაოდ დიდი განსხვავებაა დანაშაულის სავარაუდო და რეალურად გახსნილ, აღკვეთილ მაჩვენებელს შორის. დანაშაულებში ყველაზე გავრცელებულია, როგორც ფულის ბანალურად სალაროდან მოპარვა, ასევე რთული რეიდერული სქემების შექმნა. მეორე ადგილზე მექრთამეობაა. დანაშაულის გახსნის ყველაზე გავრცელებული ხერხია ხელმძღვანელობასთან ანონიმური კავშირი, ანუ „ჩაშვება“. საინტერესოა, რომ კომპანიების 80-მა პროცენტმა ბოლო ხანებში, სხვადასხვა მაქინაციებში მხილებული თანამშრომლები, თავისსავე ორგანიზაციაში სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს.