მსოფლიო ეკონომიკა „მოკრძალებულად“ გაიზრდება
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 2010 წლისთვის თითქმის მთელ მსოფლიოში ეკონიმიკური ზრდაა მოსალოდნელი. 30 ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკა საშუალოდ, 0,7 პროცენტის ნაცვლად, როგორც ეს არც ისე დიდი ხნის წინ იყო ნავარაუდევი, თითქმის 2 პროცენტით გაიზრდება. თუმცა, ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ზრდა ერთმნიშვნელოვანი პროცესი არ იქნება. ექსპერტების აზრით, ეკონომიკურ აღმავლობას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები ახლავს თან და ზრდის მაჩვენებლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მოკრძალებული იქნება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ის ღონისძიებები, რომელსაც განვითარებული სახელმწიფოები ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მიმართავენ, მის აღდგენას თავადვე უქმნიან საფრთხეს. როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მოხსენებაშია აღნიშნული, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის მთავარი საფრთხე, უმუშევრობაა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონე მომავალი წლის დასაწყისისთვის კვლავ გაიზრდება. ევროკავშირში უარესი მდგომარეობაა – მის წევრ სახელმწიფოებში უმუშევართა რაოდენობის შემცირება 2011 წლამდე არ არის მოსალოდნელი. ეკონომისტების აზრით, სამხრეთ კორეაში 2009 წლის განმავლობაში არსებული ნულოვანი ზრდის შემდეგ 2010-2011 წლებში ეკონომიკური მაჩვენებლების 4,5-პროცენტიანი მატებაა ნავარაუდევი. უახლოესი 2 წლის განმავლობაში ჩინეთში 10-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელიან, ინდოეთში – 7-პროცენტიან, ბრაზილიაში კი 5-პროცენტიან აღმავლობას.