როგორ იშოვა მილიონები ლიხაურისჩაის ფაბრიკის ყოფილმა მუშამ
ვანო ჩხარტიშვილი ქართულ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. მისი ქონება 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ივანე მიხეილის ძე ჩხარტიშვილი 1964 წლის 30 იანვარს ოზურგეთში დაიბადა. პირველი შრომითი გამოცდილება მშობლიური ოზურგეთის რაიონში მიიღო. 1980-1982 წლებში ის ლიხაურის ჩაის ფაბრიკის მუშა იყო. 1982 წელს მან სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე განაგრძო, რომელიც 1987 წელს დაამთავრა. 1990 წელს დაასრულა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1987-დან 1990 წლამდე ის თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული ახალგაზრდული გაერთიანების დირექტორი იყო. 1990-1991 წლებში საქართველოს საქალაქო სამმართველოს სამგორის რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 1991-1993 წლებში „ბინსოცბანკის” კრწანისის განყოფილების უფროსია, 1993-1994 წლებში კი – სააქციო კომერციული ბანკის, „კრწანისის” გამგეობის საბჭოს თავმჯდომარე.
1994-1995 წლებში ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს შემნახველი ბანკის მმართველი საბჭოს თავმჯდომარეა, მოგვიანებით – მისი პრეზიდენტი და „ახალი ქართული ბანკის” დირექტორი. 1995-1996 წლებში ის „გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეა, 1996-1999 წლებში კი – „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 1999-2000 წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეა, ხოლო 2000-2001 წლებში – ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი. 2001-2004 წლებში ჩხარტიშვილი საქართველოს „გადამხდელთა კავშირის“ თანათავმჯდომარეა. 2003-2004 წლებში მან ახალ ასპარეზზე გადაინაცვლა – ტელეკომპანია „მზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2004 წლიდან კი, ის ბიზნესშია.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვანო ჩხარტიშვილი ბენზინის ბიზნესშია ჩაბმული და ამ სფეროში საკმაო წარმატებასაც მიაღწია. კომპანია, რომლის პარტნიორიც ის არის, საქართველოში აზერბაიჯანული ბენზინის ექსკლუზიურ იმპორტშია ჩართული. კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის” წილი ქართულ სანავთობო ბაზარზე მთელი ბაზრის დაახლოებით 45 პროცენტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიის შვილობილია. ვანო ჩხარტიშვილი „სოკარ ჯორჯიას” აქციების 24,6 პროცენტის მფლობელია.
„სოკარ ენერჯი ჯორჯია” 2006 წელს დაფუძნდა. მისი წილი საქართველოს ბენზინის ბაზარზე 70 პროცენტზე მეტია, ხოლო დიზელის ბაზარზე – 60 პროცენტამდე. კომპანიამ საქართველოში რამდენიმე შვილობილი კომპანია დააფუძნა – „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”, „სოკარ ჯორჯია გაზი”, „სოკარ ჯორჯია სეკიურითი”.
„სოკარ ენერჯი ჯორჯია” შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. საზოგადოების დამფუძნებლებს შორის არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია, კომპანია „პეტრო ტრანსი” და ივანე ჩხარტიშვილი. „სოკარის” წილი საწესდებო კაპიტალში 51 პროცენტია, „პეტრო ტრანსისა” – 24,5 პროცენტი, ხოლო ივანე ჩხარტიშვილის – 24,6 პროცენტი, ამ კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი ყულევის პორტისა და ტერმინალების განვითარება.
ყულევის ნავთობტერმინალი ოფიციალურად 2008 წლის 16 მაისს გაიხსნა. საინტერესოა, რომ ამ ტერმინალის მშენებლობის დასრულებისთვის აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიამ 305 მილიონი კრედიტი გასცა. 2004 წელს ამ ტერმინალით ქართველი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი დაინტერესდა. მისი ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო კონსორციუმი „არგომარ ოილი”, რომელშიც ქართველი და უცხოელი ბიზნესმენი შევიდნენ. მათ ამ ტერმინალის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარი ჩადეს. თუმცა, ხელისუფლებასთან უთანხმოების და როგორც ამბობენ, დიდი ზეწოლის გამო, პატარკაციშვილმა ეს ტერმინალი აზერბაიჯანის საერთაშორისო სახელმწიფო სანავთობო კომპანიას მიჰყიდა.
2007 წელს ჩხარტიშვილმა „ვი თი ბი ბანკი ჯორჯიაში” საკუთარი აქციების წილი გაყიდა და „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის – საქართველოს“ აქციონერი გახდა.
აზერბაიჯანის ნავთობის ერთადერთი შემომტანი დღესდღეობით „სოკარ პეტროლიუმია” და ამ ფაქტმა საქართველოში თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. პრესაში გავრცელდა ხმები, რომ საქმე იქამდეც კი მივიდა, პირადად ილხამ ალიევმა განუცხადა სააკაშვილს, აზერბაიჯანიდან „სოკარ პეტროლიუმის” გარდა, ვერავინ გაიტანს ბენზინსო. ეს ფულის დიდ მოგებაზე გათვლილი იდეა კი, როგორც ამბობენ, გია ჭანტურიას ეკუთვნოდა.
ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ „სოკარ ჯორჯიაში” წილის 24,6 პროცენტს ფლობს. საინტერესო ნიუანსი – ქართველი ლეიბორისტები „სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მეწილეებად, ჩხარტიშვილთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ძმებსაც ასახელებენ.
რაც შეეხება კომპანია „სოკარ ჯორჯიას” უახლოეს გეგმებს, ის 2009 წლის ბოლომდე საქართველოში 10 ახალი ბენზინგასამართი სადგურის გახსნას გეგმავს. ამჟამად საქართველოში „სოკარის” 23 ბენზინგასამართი სადგური მოქმედებს. რაც შეეხება ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვას, „სოკარი” უახლოეს პერიოდში, მის 4 მილიონ ტონამდე გაზრდას გეგმავს.
ვანო ჩხარტიშვილი, წლების წინ, ტელეკომპანია „მზის” ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც 2003 წელს გაიხსნა. 2003 წლის სექტემბერში ის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
2005 წელს ვანო ჩხარტიშვილმა, ტელეკომპანია „მზე”, სააკაშვილის უახლოეს პარტნიორსა და მეგობარს, დავით ბეჟუაშვილს მიჰყიდა.
ვანო ჩხარტიშვილი საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. 2006 წელს მისი ინიციატივით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსთან ქართული საეკლესიო სიმღერებისა და საგალობლების განვითარების ფონდი შეიქმნა, რომლის საქმიანობაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა. ამ ფონდის დამფუძნებლები, ივანე ჩხარტიშვილთან ერთად, მისი პარტნიორი ზაზა სიორიძეცაა.
პერიოდულად, ჩხარტიშვილის სახელი პოლიტიკურ სკანდალებშიც ჩნდებოდა. 2008 წელს პრესაში დაიბეჭდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძე საკუთარი გავლენის დაბრუნებას აპირებდა და პოლიტიკურ პარტიას ქმნიდა. ახალი პროშევარდნაძისტული პარტიის სავარაუდო წევრებად, მისი შვილი პაატა შევარდნაძე, ეროსი კიწმარიშვილი, ჯემალ ინაიშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი სახელდებოდნენ. იმასაც ამბობდნენ, შევარდნაძეს ახალ პრეზიდენტად გია ჭანტურიას ხილვა სურდაო, თუმცა ამ ისტორიას გაგრძელება არ მოჰყოლია.
პოლიტიკურ სკანდალებში ვანო ჩხარტიშვილი ადრეც გარეულა. საინტერესოა მისი სააკაშვილთან დაპირისპირების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო. მაშინ, საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი იყო. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ჩხარტიშვილმა იუსტიციის სამინისტრო გააკრიტიკა „ფეროსა” და „ჭიათურმანგანუმის” საკითხებზე ბრძანებულებების მომზადების გაჭიანურების გამო. ნიშანდობლივია, რომ იმ სხდომას თავად სააკაშვილი არ ესწრებოდა. იმ დროს ამერიკაში იმყოფებოდა ვიზიტად. მისი მოადგილის, ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლას კი, შედეგი არ მოჰყვა. ამერიკიდან ჩამოსულმა სააკაშვილმა საპასუხო დარტყმა არ დააყოვნა და „ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული ოლიგარქების” წინააღმდეგ, ომი გააჩაღა. მან ვანო ჩხარტიშვილი „ჭიათურმანგანუმში” კომპანია „საგა პრინტის” ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. ამასთან ერთად, სააკაშვილის თქმით, ჩხარტიშვილი „ფეროში” რუსულ-ქართული ბანკის ინტერესებსაც ლობირებდა, თემურ შაშიაშვილთან ერთად. შაშიაშვილმა და ჩხარტიშვილმა საპასუხოდ სააკაშვილს დავით ბეჟუაშვილის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი, რომელიც „საქგაზის” გენერალური დირექტორი იყო.
ვანო ჩხარტიშვილს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებიც უტევდნენ. 2001 წელს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ვანო მერაბიშვილმა ჩხარტიშვილი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. საუბარი იყო ქართული ოქროს საზღვარგარეთ სარეალიზაციოდ გატანაზე, რომელიც ჩხარტიშვილის ინიციატივით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოქროს გატანით აღშფოთებული იყო ავსტრალიური მხარეც, რომელიც „კროპვუდ კვარციტის” 50 პროცენტს ფლობდა. როგორც ქართული პრესა წერდა, „მადნეულს” „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ვალი ჰქონდა – 4 მილიონი დოლარი და სწორედ ეს გახდა ქვეყნიდან ოქროს შემცველი მინერალის უკანონოდ გატანის მიზეზი.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მისი უცხოეთში გატანის სანქცია ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა, ვანო ჩხარტიშვილმა გასცა. საუბარი იყო 5,3 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროზე, რომელიც ევროპაში კონტრაბანდული წესით გაიტანეს და ამას ავსტრალიური მხარეც ამტკიცებდა. თავად ვანო ჩხარტიშვილი ყველა ბრალდებებს უარყოფდა. ის ამბობდა, რომ ოქრო საზღვარგარეთ არსებული წესის თანახმად გაიტანეს და თუ რაიმე დარღვევა არსებობდა, ის პროკურატურას უნდა შეესწავლა.
ქართულ პრესაში წერდნენ, რომ ვანო ჩხარტიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის და მან ბოლო პერიოდში მოღვაწეობის ისეთი სფერო აირჩია, რომელსაც გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ვერაფერი დააკლო. მართლაც, „სოკარ ჯორჯიას” ბენზინზე მოთხოვნა, კრიზისის მიუხედავად, არაფრით დაზარალებულა. ბიზნესმენი რომ გლობალურმა კრიზისმა ვერ დააზარალა, ქართული პრესის ქრონიკებიდანაც ჩანს. მათი ინფორმაციით, ბიზნესმენის შვილი – მიხეილი წელს გამართულ ქორწილში ცნობილი პოპჯგუფის, „ეარს, ვინდ ენდ ფაიერის” მოწვევას აპირებდა. თუმცა, შესაბამისმა კომპანიებმა ეს სურვილი, უბრალოდ, ვერ განახორციელეს. ქორწილი წინანდალში გაიმართა. სტუმრებს შორის უზბეკი მილიარდერიც აღმოჩნდა, რომელმაც მის ერთ-ერთ სტუმარს, ცნობილ მოღვაწეს, გივი სიხარულიძეს არნახული საჩუქარი – 200 ათასი დოლარი გადასცა.