რომელ ქართველ მომღერალში გეგმავს ნინო წიკლაური მილიონ-ნახევარი ევროს დაბანდებას და რატომ დაირღვა წლების შემდეგ მისი ოჯახური ტანდემი გიგა კვენეტაძესთან
თბილისელების მკითხველს არაერთხელ წაუკითხავს ნინო წიკლაურისა და გიგა კვენეტაძის ინტერვიუ, რომლებსაც რვაწლიანი ოჯახური ურთიერთობა აკავშირებდათ. მაგრამ, ყველასთვის მოულოდნელად, მათი ოჯახი დაინგრა – წყვილი ერთმანეთს მაისის ბოლოს დაშორდა. მართალია, ნინოსთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა ეს განშორება, მაგრამ, ფარ-ხმალი არ დაყარა და გული საქმეს გადააყოლა. ცოტა ხნის წინ კი ოცნება აისრულა და მოსკოვში საკუთარი საპროდიუსერო ცენტრი გახსნა. ჩვენი რესპონდენტი სწორედ ნინო წიკლაურია, რომელიც თავად გიამბობთ იმ სიახლეების შესახებ, რაც მის ირგვლივ ვითარდება ბოლო დროს.
– როგორც ვიცი, სიახლეები გაქვს როგორც შემოქმედებაში, ასევე პირად ცხოვრებაში. საიდან დავიწყოთ?
– კარიერით დავიწყებ, რადგან, საკმაოდ წარმატებით მივდივარ წინ, ღვთის წყალობით. ამ ეტაპზე რუსულ შოუ-ბიზნესში ვმოღვაწეობ როგორც ტექსტის ავტორი. ამას რუსეთში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და ძალიან მიხარია, რომ კარგად მიდის დღესდღეობით ჩემი საქმე. ვმუშაობ სხვადასხვა კომპოზიტორთან, მაგალითად, აქტიურად ვთანამშრომლობ გიგა კვენეტაძესთან, ჟენია კირილოვთან. ორი დღის წინ ვესაუბრე ლოლიტას, რომელსაც ორი სიმღერა გადავუგზავნე. მოისმინა და, მითხრა, რომ მოეწონა. ეს სიმღერებიც გიორგი დათიაშვილს ეკუთვნის. ძალიან მეხმარება აქ მოღვაწე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ტექსტების ავტორი, ინესა კამინსკაია, რომლის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტია. ის ჩემი მეგობარია და ერთად მშვენიერი ტანდემი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არის ტექსტების ავტორი, ის მაინც მაკავშირებს ცნობად სახეებთან – ამით მეხმარება, რომ ჩემი ნიშა და სახელი დავიმკვიდრო შოუ-ბიზნესში.
ასევე, ვმუშაობ გიორგი დათიაშვილთან, რომლის სიმღერები ახლახან გადავუგზავნე „ა სტუდიოს.” გიორგის სიმღერა თამარ დუდუნიამ უკვე შეისყიდა და ასრულებს მას. ჩემი ტექსტით დიანა ღურწკაიას აქვს ორი სიმღერა რეპერტუარში. მე და გიგამ, სანამ ის საქართველოში გამოფრინდებოდა, ერთად გავყიდეთ სიმღერა, რომელიც იყიდა „დისკოთეკა ავარიამ.” ასევე, თამრო დუდუნიას ნახევარი ალბომი ჩემი ტექსტებია. ტექსტი დავუწერე დავით კალანდაძესაც. მე, ასევე, ვფლობ თურქულ ენას და დათო ხუჯაძეს სწორედ თურქულ ენაზე დავუწერე ტექსტი. ანჟელიკა აგურბაშს გიგა კვენეტაძის სიმღერაზე დავუწერე ტექსტი. ამ ეტაპზე უფრო ფართო მასშტაბებით განვაგრძობ ჩემს მოღვაწეობას. მე და გიგა კვენეტაძეს გვქონდა მოლაპარაკება, რომ ტანდემში ვიმუშავებდით, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ჩვენი არაიურიდიული ხელშეკრულება დაირღვა და ტანდემიც აღარ გვაქვს. ამიტომ, ამ ეტაპზე ვმუშაობ როგორც გიგასთან, ასევე, სხვა კომპოზიტორებთან.
მაქვს ერთი სიახლე, რომელიც მინდა პირველად „თბილისელების“ მკითხველს ვუთხრა: ცოტა ხნის წინ დამიმტკიცდა დიდი საპროდიუსერო ცენტრის გახსნის პროექტი. ეს არის „ნოა სტუდიო,” ანუ – ნინო, ოლეგი და ალექსანდრე. ისინი ჩემი პარტნიორები არიან. პროექტის დამტკიცებას დიდხანს ველოდი. ოქტომბრის ბოლოს, მაქსიმუმ ნოემბრის დასაწყისში, დაიწყება დაფინანსება. ყოველთვის მინდოდა, მქონოდა საკუთარი საპროდიუსერო ცენტრი, სადაც იქნებოდა იურისტიც, მენეჯერიც, მუსიკალური ხელმძღვანელიც და პრომოუტერიც. ეს ოცნება ამიხდა. საპროდიუსერო ცენტრი იზრუნებს მომღერლის წარმატებულ კარიერაზე. ამას გარდა, კიდევ ბევრი ადამიანი იმუშავებს ჩვენთან, ანუ, მეყოლება ყველა კადრი, რომელიც საჭიროა მაღალი ხარისხის სტუდიისთვის. მე ვარ ამ სტუდიის გენერალური პროდიუსერი. დაფინანსებას რაც შეეხება, ჩემი შეთავაზების შემდეგ, ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობგადამმუშავებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, ჩვენს პროექტში ჩაედო თანხა. გვეყოლება სამი მომღერალი. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ გაითვალისწინეს ჩემი არჩევანი. ყოველთვის ვამტკიცებ, რომ ქართველი მომღერლები გაცილებით ნიჭიერები არიან. ძალიან დიდი ქასთინგი გვქონდა, ბევრი მსურველი გვწერდა და გვთავაზობდა თავის თავს. ბევრი აქაური ცნობილი სახე გვთავაზობდა თავის დებს, ბიძაშვილებს, რომლებსაც ჰქონდათ ფული, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჰქონდათ სმენა. ჩემი პარტნიორები კი, მაშინ მივიყვანე იმ დასკვნამდე, რომ ქართველები უკეთესად მღერიან, როცა მოვასმენინე ოთიკო ანდრიაძის სიმღერა. ოთო დღეს 17 წლის არის და, გარდა შესრულებისა, საკმაოდ კარგ სიმღერებსაც წერს. საბოლოოდ, ვიმუშავებთ სამ მომღერალზე. ორის ვინაობას ჯერ ვერ გაგიმხელთ. თუმცა, გეტყვით, რომ არჩევანს მამრობით სქესზე ვაკეთებთ, რადგან აქ მათ უფრო მეტი პოპულარობის შანსი აქვთ. უკვე ვაწარმოებ მოლაპარაკებას ტელევიზიებთან, რადიოებთან და ცნობილ კლიპმეიკერებთან. ვადები დათქმულია, რადგან, აქ ცნობილ რეჟისორს მინიმუმ ორი-სამი თვით ადრე უნდა დაუგეგმო გადაღებები. ურთიერთობა კონსტანტინ ჩერებკოვთან მექნება, რომელიც რუსულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რეჟისორია. გადაწყვეტილი გვაქვს, რომ პირველი სიმღერა იგორ კრუტოისგან ვიყიდოთ. პირველი სიმღერა აუცილებლად კარგი უნდა იყოს, რადგან ის მომღერლის სავიზიტო ბარათია.
– რა თანხა ჯდება ერთი მომღერლის გაფიარება თავისი ყველა ნიუანსით?
– მომღერალი პოპულარული რომ გახდეს, მისმა კლიპმა ტელევიზიით იტრიალოს და სიმღერამ – მუსიკალურ რადიოებში, საშუალოდ, მილიონიდან მილიონ-ნახევარ ევრომდეა საჭირო. ჩვენ თანხას აუცილებლად ჩავდებთ ჩვენს რჩეულ მომღერლებში.
– მინდა, ჩვენი საუბრის მეორე თემაზეც გადავინაცვლო: გავიგე, რომ ცვლილებაა შენს პირად ცხოვრებაშიც. ხმა გავრცელდა, რომ შენი და გიგა კვენეტაძისგან შემდგარ ოჯახში რვაწლიან ოჯახურ თანაცხოვრებაში, მოულოდნელად წყალი აიმღვრა.
– დიახ, ამ ფაქტს ვადასტურებ. მე და გიგა ერთმანეთს დავშორდით, რაც მარტო სხვებისთვის კი არა, ჩემთვისაც მოულოდნელი და მტკივნეული ფაქტი იყო.
– როგორ გადაიტანე?
– როგორც ყველა მოსიყვარულე ადამიანმა, მეც რთულად გადავიტანე. სიყვარული სურდო არ არის, რომ გაგიაროს და მორჩე. მაგრამ, როცა ხვდები, რომ ეს გარდაუვალია და გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვეულებრივად, ენდობი ღვთის ნებას. საყვარელ ადამიანთან დაშორება უფლის რწმენამ, მიტევებამ და ჩემმა მოძღვარმა გადამატანინა. მე ყველანაირად ვეცადე, არ დამერღვია მცნება და მივუტევე. ეს პერიოდი, ასევე, გადამატანინეს ჩემმა შვილმა და შვილიშვილმა. პირადულზე უფრო წინ ყოველთვის ჩემს შვილს, ჩემს შვილიშვილსა და ჩემს ოჯახს ვაყენებდი. ასე რომ, არ ვაპირებ, 15 წლის გოგოსავით ფარ-ხმალი დავყარო, ვიტირო და ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიო. რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. გიგას კი, მინდა, ყველაფერი კარგი ვუსურვო.
– ვისი გადაწყვეტილება იყო ოჯახის დანგრევა?
– ჩვენს ოჯახში, ისევე, როგორც ყველა ოჯახში, აზრთა სხვადასხვაობა იყო ხოლმე. გვიჩხუბია და ერთ საათში შევრიგებულვართ კიდეც, მაგრამ, ბოლო პერიოდში ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით. სამწუხაროდ, ჩემთვის გიგა რაღაცნაირად უცნაური ხდებოდა, რის შემდეგაც გამომიცხადა, რომ ერთმანეთს უნდა დავშორებოდით. რომ ვკითხე, რატომ-მეთქი, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღე.
– არ ცდილობდი, რომ შეგენარჩუნებინა ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა, ვცდილობდი; დიდხანს მინდოდა პასუხის მიღებაც, მაგრამ, ალბათ, ჰქონდა მას რაღაც მიზეზები, ეს გადაწყვეტილება რომ მიეღო. ჩვენ საქართველოშიც ძალიან სერიოზულად გვიჩხუბია, მაგრამ, გიგა ასეთ გადაწყვეტილებამდე მაშინაც კი არ მისულა.
– როდის დაშორდით ერთმანეთს?
– მაისში.
– მიუხედავად ამისა, შენ და გიგას მაინც გაქვთ პროფესიული ურთიერთობა?
– რა თქმა უნდა. რამდენიმე დღის წინ მომიტანა სიმღერა, რომლისთვისაც რუსული ტექსტი უნდოდა. შემოქმედებითი ურთიერთობაც გვაქვს და მე მას ცუდს არასდროს ვუსურვებ. ალბათ, მოსკოვი მაინც თავისას შვრება. აქეთ-იქით რომ მიმოვიხედე, აღმოჩნდა, რომ საქართველოდან წამოსულ წყვილებს, მით უმეტეს – ცნობად სახეებს, ძალიან ბევრს ენგრევა ოჯახი. ეს უკვე ფაქტია. მივხვდი, რომ მარტო ჩემს თავს არ ხდებოდა ასეთი რამ. რუსეთში ამის მიზეზის მიხვედრა, ალბათ, რთული არ უნდა იყოს (იცინის).
– ძალიან ახალგაზრდა ბებია ხარ.
– იმდენად ახალგაზრდა ბებია ვარ, ზოგს არც სჯერა. როცა 16 წლის ასაკში გააჩენ შვილს და გოგოც 16 წლის ასაკში გაგითხოვდება, ბებია 32 წლის ასაკში გახდები. ჩემს შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა.
– მიუხედავად იმისა, რომ სამი თვის წინ დაშორდით შენ და გიგა, რამე სიახლე ხომ არ არის შენს ცხოვრებაში?
– ჩემს პირად ცხოვრებაში მართლა არაფერი ხდება. ერთი რაღაც კი ძალიან კარგად დავინახე. როგორც იცი, ჩვენი, ქართველი მამაკაცები აღიარებენ, რუსი ქალი ძალიან ლამაზი და კარგია, მაგრამ, მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ, ნამდვილი, გამოსული, მოსკოველი, წარმატებული მამაკაცები ძალიან დიდ პატივს სცემენ ქართველ მანდილოსნებს. ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ მათი შვილების დედა კავკასიელი, ხშირ შემთხვევაში კი – ქართველი ქალი იყოს. ძალიან ბევრი რუსი მეგობარი მყავს, რომლებიც მთხოვენ, რომ გავაცნო ქართველი ქალი, რომელთანაც სიამოვნებით შექმნიდნენ კარგ ოჯახს. რომ ვეუბნები, ჩვენი კაცები თქვენს ქალებზე გიჟდებიან და თქვენ რამ გადაგრიათ ქართველ ქალებზე-მეთქი. მპასუხობენ, იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ქალებს უკეთ ვიცნობთ, ვიდრე თქვენები იცნობენ მათო.
– როდის გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას?
– ამჟამად მოსამზადებელი ეტაპი მაქვს, რომელიც ახალ წლამდე გაგრძელდება. სიმართლე გითხრა, ჩამოსვლის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ, თბილისში ჩამოსვლას კი არა, მოსკოვის ცენტრიდანაც ვერ ვახერხებ გასვლას.