როგორ აღნიშნეს ბაკურიანში მორაგბეებმა ქალების დღე ლიტრიანი ჭიქებით
„შევარდენის“ ბიჭები შეკრებაზე დავდიოდით ბაკურიანში. ერთხელაც, ისე მოხდა, რომ 8 მარტსაც ბაკურიანში მოგვიწია ყოფნა. სპორტი სპორტია, მაგრამ, ჯენტლმენობა და ვაჟკაცობა მორაგბეებს არ ეშლებათ.
რა ვქნათ ახლა?
გოგოები ჩამოვლენ თბილისიდან და „მშრალად“ ვერ გამოვალთ.
მწვრთნელებმა განა არ იცოდნენ, მაგრამ, რა უნდა ექნათ?
ცუდ დღეში ვართ. არადა, არ შეიძლება.
შევიდა მწვრთნელი ჩვენს მდგომარეობაში და დაგვმოძღვრა:
– თითო ჭიქა – მეტი არა! თითო!
– თითო ჭიქა რა, მირონია? – გაბედა რომელიღაც ჩვენგანმა.
– კარგი, ორი იყოს, – წავიდა დათმობაზე მწვრთნელი.
– ღმერთი სამობითაა, სამი იყოს, – ვთქვით ჩვენ, გათამამებულებმა.
– ჯანდაბას თქვენი თავი... იყოს სამი, მაგრამ, გახსოვდეთ – მხოლოდ სამი!
ჩვენ ფიცი მივეცით, მწვრთნელი დამშვიდდა და... წავიდა გრიალი!
ქართველმა კაცმა ბავშვობიდან იცის, რომ სიტყვის გატეხა ცუდია. ასე ვიცოდით ჩვენც და არც გაგვიტეხია:
პირველი ჭიქა ჩვენი მთა-ბარის, ჩვენი სამშობლოს დიდებისა და ჩვენი წარმატებების შეისვა.
მეორე გალიცლიცებული ჭიქით, როგორც ტრადიცია და წესი მოითხოვდა, მანდილოსნები, 8 მარტის „მიზეზები“ დავლოცეთ და ჭიქაში „უდაბნო გავაჩინეთ“.
მესამე ჭიქით კი, რადგან რეგლამენტი იწურებოდა, სამი სადღეგრძელო ჩავტიეთ ერთ ჭიქაში. ასე რომ, არც ტრადიცია დაგვირღვევია, არც ღმერთისთვის გვიღალატია, არც მწვრთნელისთვის და არც მიცემული სიტყვისთვის. ოღონდ, მესამე ჭიქის შემდეგ ვეღარც ერთმანეთს ვცნობდით და აღარც ის გვახსოვდა, ბაკურიანში ვიყავით თუ თერჯოლაში, მოკლედ, წვიმდა ცეკვა, თოვდა სიმღერა, დუღდა სიყვარული...
რამ დაგათროთ, კაცო, ასე სამ ჭიქაში, ასეთი დარჩეული ვაჟკაცებიო? – იკითხავთ, ალბათ.
რამ და, ჭიქა ლიტრიანი იყო, ბატონო...