კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა ქართველი ქალის ტემპერამენტი და ეროტიზმი ირმა შარიქაძისთვის საინტერესო თემად და სად დახვდა მას მეფური ფუფუნება

ხვეული თმა, წითელი პომადა, ელეგანტური კაბა – ეს ირმა შარიქაძეა ცივ ბერლინში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარიზი არ გახლავთ, ივლისში 15 გრადუსია და, ფაქტობრივად, ყოველდღე წვიმს, ირმა ახალი იდეებით ივსება. თანამედროვე ხელოვნების ცენტრებში ქართველი ფოტოხელოვანის გამოფენა საკმაოდ იშვიათია, ირმა კი ამ ამბებით უკვე გვათამამებს.

ირმა შარიქაძე: ქართული ჩანახატები, ფაქტობრივად, ჩემი ცხოვრების თემად იქცა, რომელსაც ვერასდროს ამოვწურავ: ფიროსმანის, კოკა იგნატოვის, პეტრე ოცხელის, ელენე ახვლედიანის, დავით კაკაბაძის და სხვა დიდი ქართველი მხატვრების ტილოებით შთაგონებული, პატივს მივაგებ ქართულ სულს, ვცდილობ, ოცდამეერთე საუკუნეში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო და ქართული სიმბოლიკა ახლებურად წარმოვაჩინო. შვილივით მიყვარს პროექტი – „ცის თაღი გვირგვინად”, რომლის ფარგლებშიც ვიმოგზაურეთ საქართველოს ულამაზეს კუთხეებში – სვანეთში, თუშეთში, შატილში, ყაზბეგში, კახეთში, გურიაში... ბედნიერი ვარ, რომ ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროექტი წარმატებულად შედგა. ამაში დიდი წვილი მიუძღვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. პროექტში მონაწილეობა მიიღეს როგორც პროფესიონალმა მოდელებმა და სუხიშვილების მოცეკვავეებმა, ასევე, ადგილობრივმა რეგიონალურმა მოსახლეობამ. სწორი სტილისტური ბალანსისთვის გამოყენებული იქნა წამყვანი ქართველი დიზაინერების ნამუშევრები. ჩემი მიზანი იყო, ქართველი ქალის სახის სტერეოტიპული მარწუხებისგან გათავისუფლება. თანამედროვე ქართველი ქალი დიდი ენერგიის, ტემპერამენტის, გაბედულობისა და დახვეწილი ეროტიზმის მატარებელია. გასაოცარია რამხელა სულიერი პოტენციალია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული და რა დიდი შთაგონებითი იმპულსები მოდის სამშობლოს მიწა-წყლის ფართოდ შემეცნებისას.
„ველისციხის ჩანახატები” ამ სერიის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც ქართულ ოჯახს, ქართულ სუფრას, ქართულ ღვინოს და ვაზის ფენომენს ასხამს ხოტბას. მასპინძლებმა ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობიდან“ ძალ-ღონე არ დაიშურეს და შედეგიც სახეზეა.
როდესაც გადასაღებ მოედანზე ხუთი და მეტი პერსონაჟია, ფოტოსესია ზედმიწევნით ზუსტ ორგანიზებას მოითხოვს. მთელი გულით მიხარია, რომ არსებობს „სამოსელი პირველი”. ეს დიდი მიღწევაა. მათ შეძლეს ქართული ნაციონალური სამოსის იდეა ასეთ სიმაღლეზე აეყვანათ. მადლობა მინდა,  ვუთხრა მათ მუდმივად გვერდში დგომისთვის.
– ვიცი, რომ ლაშა ხოზაშვილი გადაიღე ახალ პროექტში.
– დიახ. ლაშა ჩემი მეგობარია. მან უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, ბოსტონ-ბალეტის ერთ-ერთი წამყვანი მოცეკვავეა და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. ჩვენ პირველად არ ვთანამშრომლობთ. თბილისში მის ვიზიტებს ხელიდან არ ვუშვებ ხოლმე (იცინის). პროექტი, რომელშიც ლაშა გადავიღე, ახალი სიტყვაა ჩემს შემოქმედებაში. ეს პირველი პროექტია სოცარტის თემაზე, რომლის სავარაუდო სახელწოდებაა „ხელოვნება ხალხისთვის”. პროექტის იდეა დამებადა მხატვართა კავშირის შემოთავაზების შემდეგ, ფოტოები გადამეღო ლილოს დასახლებაში არსებულ უზარმაზარ კომბინატში, სადაც თავის დროზე ჩამოისხა და დამზადდა საბჭოთა საქართველოში დადგმული ყველა მონუმენტი. დღესდღეობით ის თვითონვე იქცა ძალიან საინტერესო ძეგლად. პირველი გადაღებებით კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ვაპირებ შევქმნა მთელი რიგი პორტრეტების სერია, ზოგადად, ჩემი მიზანი საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელი გაიდეალებული სახეების, პერსონაჟების წარმოჩენაა. ალბათ, დამეთანხმებით, ოდნავი ირონიისა და ცინიზმის გარეშე, ამ ყველაფერს ვერც უყურებ და ვერც განახორციელებ. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ, ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები და არა მარტო ისინი.
– ბერლინში სწორედ ამ პროექტთან დაკავშირებული იყავი მოლაპარაკებებზე?
– რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბერლინიდან, სადაც მოლაპარაკებები შედგა  გალერეასთან და გადაწყდა, რომ მომავალი წლის მაისში ეს ფოტოპროექტი მათ გალერეაში გამოიფინება. თემა აინტერესებთ და შემოქმედებით საკითხებში აბსოლუტურად მენდობიან. პერსონალური გამოფენა ევროპაში ქართველი არტისტისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები.
– ამ მოლაპარაკებისთვის იყავი ჩასული?
– არა მხოლოდ. ბრემენში გახლდით ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ნანა გეტაშვილის გადასაღებად, რომელიც რუსეთსა და ევროპაში დიდი წარმატებით მოღვაწეობს. მიწვეული ვიყავი მისთვის საიმიჯო ფოტოების გადასაღებად. შემდეგ გავემგზავრე ბერლინში, მოვინახულე მეგობრები. ბერლინი საოცარი ქალაქია, არაჩვეულებრივი მუზეუმებით, საგამოფენო ცენტრებით, პარკებითა და თავისუფლების მაღალი ხარისხით. ეს ქალაქი ჩემში რადიკალურად განსხვავებულ შეგრძნებებს იწვევს,  ეს არ არის პარიზი, სადაც მაღალი მოდის ხიბლი ქუჩაშიც იგრძნობა. მთელი რიგი გამოკვლევები ვაწარმოე იმაზე, თუ რა დაემართა გერმანელ ქალს. რატომ დაემსგავსა ის მამაკაცს, მაშინ როდესაც მათ ჰყავდათ მარლენ დიტრიხი – ყველა დროის ქალურობისა და ელეგანტურობის სიმბოლო. ყველა უბედურება, რომელიც კაცობრიობას თავს ატყდება ომის დამსახურებაა. ამ ტრანსფორმაციის მიზეზიც ომია. ძალიან მძიმე აღმოჩნდა ტვირთი, რომელიც მათ იტვირთეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალებმა და ბავშვებმა აგურ-აგურ, საკუთარი ხელებით ააშენეს დანგრეული ბერლინი. ნიშანდობლივია, რომ, ქართველმა ქალმა, მიუხედავად მუდმივი ომისა და უბედურებისა, საკუთარი ოჯახის მოვლა-პატრონობაც მოახერხა და ქალური მომხიბვლელობა და შარმიც შეინარჩუნა.
– და შენ რომ ასეთი გაპრანჭული დასეირნობდი ბერლინის ქუჩებში...
– ეს ჩემთვის ბუნებრივია, იყო მოწესრიგებული და ყოველდღე კარგად გამოიყურებოდე. უცნაურია, მაგრამ ელეგანტური კაბა, მაკიაჟი და მაღალი ქუსლები ცოტა არაადეკვატურ რეაქციებს იწვევს ბერლინში. ამბობენ, ბერლინში არავინ არავის უყურებს, თუმცა ზურგს უკან დაჟინებულ მზერას ხშირად ვგრძნობდი.
– მამაკაცებიც გაციებულები იქნებიან ქალების მიმართ.
– როგორც ამიხსნეს, იყო გაპრანჭული, ეს ერთგვარად ნიშნავს, რომ შენ ვიღაცას ეძებ და ამით ცდილობ ყურადღება მიიქციო. წარმოგიდგენიათ?! ამ ამბავმა გამაოცა, ეს ჩემთვის ნამდვილი პარადოქსია! პარიზში კი შენი სტილი შენი დოკუმენტია. პარიზელი ქალები ორიგინალურები და ელეგანტურები არიან. საოცარია, მაგრამ განსაკუთრებულად ფასობს, თუ ბრენდების გარეშეც სუპერელეგანტური და დახვეწილი ხარ. თუ პარიზელისთვის საინტერესოდ გამოიყურები, შეიძლება სრულიად უცხო ადამიანისგან ქუჩაში კომპლიმენტი მიიღო. სიმართლე გითხრათ, ამ კომპლიმენტებისგან პარიზში თავბრუდახვეული ვიყავი. ეს მართლაც რომ დაუვიწყარი ერთი თვე იყო. ფრანგებისთვის ყველაფერი ხელოვნებაა. უბრალოდ, არც კი სადილობენ, ეს შეუძლიათ, ყოველდღე დღესასწაულად გადააქციონ. რესტორანში მიდიან ან მეგობრებთან იკრიბებიან, საოცარ გასტრონომიულ ფანტაზიებს უზიარებენ ერთმანეთს. ბოთლ „შატო მარგოსთან” ერთად ხუმროენ და საუბრობენ ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, ეკოლოგიაზე. ზღაპარში ვიყავი ერთი თვის განმავლობაში. ორჯერ ვეწვიე ვერსალს. ეს ბაღი ნამდვილი მეფური ფუფუნებაა ფოტოგრაფისთვის. თანამედროვე ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში გამიმართლა და ჩემი საყვარელი მხატვრის, მატისის გამოფენაზე გახლდით. მუზეუმი ჯორჯ პომპიდუს სახელობისაა და ცნობილია მეოცე საუკუნის საუკეთესო კოლექციით. დორსეს მუზეუმიდან გამოსვლა არ მინდოდა მდიდარი – რომანტიზმის, იმპრესიონიზმის, ექსპრესიონიზმის და მოდერნის ბუკეტი, მონე, დეგა, მანე, გოგენი, ტულუზ ლოტრეკი, ვან გოგი. ბოლო სართულიდან  სენის სანაპიროს საოცარი ხედი იშლება. თავად  მუზეუმი კი ყოფილი ვაგზლის შენობა გახლავთ, „გრანდ პალეში“, გახლდით გენიალური ჰელმუტ ნიუტონის გამოფენაზე, ამ უნიკალურ საგამოფენო სივრცეში ხშირად ტარდება ხოლმე „შანელის” ჩვენებები. ეს არის ქალაქი, სადაც დღეში მინიმუმ ორი-სამი გამოფენა იხსნება. ასე რომ, დიდი არჩევანი გაქვს, თუ სად გაატარო საღამო. ამ არაჩვეულებრივი ევროპული შთაბეჭდილებებით შთაგონებულს სურვილი გიჩნდება, რომ შენს მშობლიურ ქალაქში კულტურული ცხოვრება უფრო აქტიური იყოს. ვფიქრობ, ქართველ არტისტებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ.
– დასვენებას ახერხებ?
– დასვენებისთვის დრო არასდროს მრჩება, არ ვაჭარბებ, ამას რომ ვამბობ (იცინის). ჩემი ლტოლვაა გავიჭრა ველად და ბუნების საოცარ პეიზაჟებში დავგეგმო ფოტოსესიები, საქართველოს ყველაზე მაღალი წერტილები დავლაშქრო – ეს, ალბათ, ერთადერთი გამოსავალია, რომ გადაღების მერე ერთი-ორი დღე მაინც დავისვენო სუფთა ჰაერზე. შეიძლება, ეს ყველაფერი რომანტიკულად და მიმზიდველად ჟღერს, მაგრამ პროცესი ძალიან დამღლელია, დიდი დატვირთვაა როგორც მორალური ასევე ფიზიკური. მით უმეტეს, რომ გადაღებების ორგანიზება მარტო მიწევს ასისტენტის დახმარებით და ნამდვილი გამართლებაა, თუ ამ ყველაფერს სპონსორი ჰყავს... მოკლედ, ეს დიდი თავგადასავალია და ამ თავგადასავლების ძიებაში ვარ მთელი ცხოვრება.

скачать dle 11.3