რის გამო გაუხმა ხელი გალაკტიონის პირველ მეუღლეს
გალაკტიონზე საუბრისას, პირველი ქალბატონი, რომელიც გაგვახსენდება, არის მერი შერვაშიძე. მაგრამ, ბევრი მკვლევარი ადასტურებს, რომ დიდი პოეტი, რეალურ ცხოვრებაში ამ ადამიანს პირადად არც კი იცნობდა. თვითონ ქალბატონი მერიც ამასვე ადასტურებდა. თუმცა, გალაკტიონის ცხოვრებაში არსებობდნენ სხვა ქალბატონებიც. დღევანდელ ინტერვიუში რამდენიმე მათგანზე ვისაუბრებთ ჩვენს რესპონდენტთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ თეიმურაზ პეტრიაშვილთან.
– უპირველესად, უნდა გავიხსენოთ ქალბატონი ოლია ოკუჯავა. გალაკტიონ ტაბიძის პირველი მეუღლე. მართალია, ოლია არ იყო სილამაზით გამორჩეული ქალბატონი და ცოტა უფროსიც იყო გალაკტიონზე, მაგრამ, როგორც ჩანს, გალაკტიონი მხოლოდ გარეგნობაში არ ხედავდა სრულყოფილებას. მისთვის მთავარი ქალის ინტელექტი და სულიერი სიმაღლე იყო. ოლია აფასებდა გალაკტიონის შემოქმედებას და თავად გალაკტიონსაც. იგივეთი პასუხობდა „გალიც”, როგორც ოლია ეძახდა ხოლმე მას.
– რა არის ოლია ოკუჯავაზე ცნობილი?
– ოლია უაღრესად განათლებული პიროვნება გახლდათ, საერთოდ, მისი ოჯახი თავისი ინტელექტით ყოველთვის გამოირჩეოდა. ის იყო ცნობილი რევოლუციონერების ოჯახის წარმომადგენელი; თავადაც სოციალისტური ხელისუფლებისთვის თავგადაკლული მუშაკი გახლდათ. წარმოიდგინეთ, კომუნისტურ შაბათობაზე ისე დაიზიანა ხელი, რომ გაუხმა. რაოდენ პარადოქსულია, რომ ბოლშევიკების ასეთი ერთგული მუშაკი, ტროცკისტად შერაცხეს. ალბათ, საღი აზროვნების ქალბატონი ბევრ საკითხში შეეწინააღმდეგა მაშინდელ ხელმძღვანელ მუშაკებს. ის ორჯერ გადაასახლეს და საბოლოოდ, მოღალატის ბრალდებით დახვრიტეს.
– როგორ გრძელდება გალაკტიონის ცხოვრება ოლიას გარეშე?
– ეს ამბები პოეტმა მძიმედ გადაიტანა. ის საშინელი წლები, რომელიც გალაკტიონის „ლოთობას” უკავშირდება, სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს. მან მართლაც დაიწყო სმა.
ამის შემდეგ, დაახლოებით ორი წელი, გალაკტიონი ერთ რუსული გვარის ქალბატონთან ერთად ცხოვრობდა. მისი სურათი დღეს გალაკტიონის სახლ-მუზეუმშიც არის გამოფენილი. მოგვიანებით კი, გალაკტიონ ტაბიძემ შექმნა ოჯახი.
– ვინ იყო მისი რჩეული?
– ნინო კვირიკაძე. ისინი ერთად ცხოვრობდნენ გალაკტიონის აღსასრულამდე, 17 წლის განმავლობაში და თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურადაც ჰქონდათ დაკანონებული. ნინო კვირიკაძის პირველი მეუღლე რეპრესიების დროს გადაასახლეს და დახვრიტეს. ნინო კი თავისი ბინიდან გამოასახლეს და ორ, მცირეწლოვან შვილთან ერთად, მთაწმინდაზე, ბესიკის მოედანზე, ¹5 სახლის ერთ ოთახში შეასახლეს. ამ ადგილს პირობითად ერქვა საცხოვრებელი. ამავე სახლში ცხოვრობდა ჩვენი ოჯახიც.
– ანუ თქვენ პირადად იცნობდით მათ?
– დიახ. ჩემი ბებია, ანა ჯაფარიძე მეგობრობდა ქალბატონ ნინოსთან. მას შემდეგ, რაც გალაკტიონმა მასზე იქორწინა, ისინი ხშირად მოდიოდნენ ამ ბინაში. საცხოვრებლად კი, ქალბატონი ნინოს ქალიშვილი ნუნუ ებანოიძე დარჩა აქ. ნუნუს ერთი ქალიშვილი ჰყავდა – მარინე ფირცხალავა. გალაკტიონი მარინეს თავის სისხლად და ხორცად მიიჩნევდა. როცა მარინე დაიბადა, გალაკტიონი აღფრთოვანდა. ის ამბობდა: ჩემს ოჯახში ერთი ქათამიც არ გაზრდილა, ახლა კი შვილიშვილი შემეძინა და ის უნდა გავზარდოო. გალაკტიონი მარინეს ღვიძლ შვილიშვილად მიიჩნევდა. მისი შვილად აყვანაც კი სურდა ოფიციალურად. თურმე, თვეების ყოფილა, როდესაც გალაკტიონს მისთვის თავზე გაზეთი გადაუფარებია. ჩვილს ხელის უნებლიე მოძრაობით გაზეთი ძირს გადმოუგდია. ამაზე ბევრი უცინია გალაკტიონს: ხედავთ, პრესას როგორ ებრძვის, რა ენერგიულად გამოხატავს პროტესტსო. წერა-კითხვა მარინეს გალაკტიონმა შეასწავლა. არ ეზარებოდა მასთან ერთად საათობით ჯდომა, – პირიქით, პირველად სკოლაშიც მან წაიყვანა ხელჩაკიდებული. იქიდან გამოსულს შვილიშვილისთვის წიგნები უყიდია და უთქვამს: „გახსოვდეს, ეს დღე შენ გზა დაგილოცა სასწავლებლისაკენ სახალხო პოეტმა”.
ცნობილია, რომ როდესაც გალაკტიონი ტრაგიკულად დაიღუპა მას ჯიბეში მარინეს ნაჩუქარი წიგნაკი ედო, რომელშიც ეწერა: სახსოვრად ჩემს საყვარელ ბაბუას მარინესგან. გალაკტიონს კი მიუწერია:
„წიგნაკო! წვათ რიგს
შენ განმარინე,
მიგზავნის ამ წიგნს
ჩემი მარინე.”
ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს გალაკტიონის უკანასკნელი რითმებია. ეს ბლოკნოტი დღეს გალაკტიონის სახლ-მუზეუმში ინახება.
მარინეს გალაკტიონმა მოფერებით „კაკინა” შეარქვა. ის დაახლოებით ჩემი ხნის იყო და ბავშვებიც კაკინას ვეძახდით. გალაკტიონმა მარინეს ლექსიც მიუძღვნა: „კაკინა წვიმაში”.
როდესაც გალაკტიონი მთაწმინდაზე მოდიოდა, ჩვენ, ბავშვები ეზოში გარს შემოვეხვეოდით ხოლმე. ვიცოდით, რომ კაკინას ბაბუა მოვიდა – კაკინასი, რომელიც გალაკტიონთან, მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა. ჩემი ბებია და ქალბატონი ნინო ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე ერთმანეთს, მათ შორის, ამ სახლშიც. რამდენჯერმე მეც ვახლდი მას, როგორც ამ სახლში, ასევე გალაკტიონის კუთვნილ წყნეთის აგარაკზე.
ჩემს თვალწინ გაიარა გალაკტიონის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდმა. მე პირადად ვიცნობდი მას...
ჩვენ პირველ სართულზე ვცხოვრობდით. ერთხელ, ვიღაცამ ფანჯარაზე მოგვიკაკუნა. მე და ბებიამ გავიხედეთ და დავინახეთ გალაკტიონი. ქალბატონო ანეტა, – მიმართა მან ბებიას, – იქნებ დამეხმაროთ ბავშვის მომვლელი „რუსის ქალის” მოძებნაში. მინდა, კაკინას აღზრდაში დამეხმაროს.
– რატომ რუსი?
– ალბათ, იმიტომ, რომ იმ პერიოდში ფაქტობრივად, მარტო რუსები მუშაობდნენ ოჯახებში დამხმარეებად. ბებია, რა თქმა უნდა, შეჰპირდა დახმარებას. ამ ამბით მინდა, ხაზი გავუსვა მის მზრუნველობას პიროვნებაზე, რომელიც უზომოდ უყვარდა.
– როგორი იყო გალაკტიონი ყოველდღიურ ურთიერთობაში?
– ჩემი ბავშვური შთაბეჭდილებებიდან და ბებიას მონაყოლიდან, ერთმნიშვნელოვანია, რომ გალაკტიონი იყო მოსიყვარულე მეუღლე. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მრავალი წელი ერთ ოჯახად იცხოვრეს: ნინომ, კაკინამ და გალაკტიონის ძმისშვილმა, – ბატონმა ნოდარმა. თითქმის ყოველთვის მათთან იყო ქალბატონი ნუნუც. გალაკტიონს ძალიან უყვარდა ქალბატონი ნინოს შვილები – ნუნუ და დუთუ (დავით) ებანოიძეები. უყვარდა დავითის ვაჟი ზურიკოც. მაგრამ, კაკინასადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.
გალაკტიონი დიდ დროს ანდომებდა ლექსებზე მუშაობას. კარგად მახსოვს, რამდენჯერ მინახავს წყნეთში, ტყიდან დაბრუნებული პოეტი, ყავისფერი, ფურცლებით გატენილი საქაღალდით. ის ტყეში ისვენებდა, თან წერდა, შემდეგ კი სახლში აგრძელებდა მუშაობას. მინდა ვთქვა, რომ გალაკტიონი მთვრალი არასდროს წერდა ლექსებს. ვიტყვი იმასაც, რომ ნასვამ მდგომარეობაში გალაკტიონს დიდი ყურადღება სჭირდებოდა, რასაც ქალბატონი ნინო და ნუნუც არასდროს აკლებდნენ.
გალაკტიონს სიცოცხლის ბოლო წლებში მატერიალურად არ უჭირდა. იმხანად, მწერალთა კავშირსა და მეცნიერებათა აკადემიაში, რომლის წევრიც გახლდათ გალაკტიონი, მაღალი ხელფასები იყო. საკმაოდ დიდ ანაზღაურებას იღებდა პოეტი ჰონორარების სახით. ემსახურებოდა ავტომანქანა მძღოლით. მატერიალურად უზრუნველყოფდა ოჯახს, ეხმარებოდა ძმისშვილებს. მაგრამ, ისეთი არამიწიერი ადამიანისთვის, როგორიც გალაკტიონი იყო, მატერიალური სტაბილურობა ბევრს არაფერს ნიშნავდა. მთავარი იყო სულიერი განწყობა. მას ძალზე აღიზიანებდა ზოგიერთი ჩინოვნიკის მისდამი დამოკიდებულება.
– მაგალითად?
– შემიძლია, გავიხსენო ერთი ფაქტი. უნდა შექმნილიყო გალაკტიონის პორტრეტი, რომელსაც ხატავდა ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი. გალაკტიონი სეანსზე მივიდა ჩოხით. წარმოგიდგენიათ, როგორი აღტკინებით მოირგებდა ის ქართულ სამოსს და რა განწყობით წარდგებოდა მხატვრის წინაშე. მაგრამ, მხატვარმა გალაკტიონი რომ დაინახა ჩოხაში, ეტყობა, თავადაც შეშინდა. რადგან იმ პერიოდში ჩოხის ჩაცმას გამბედაობა უნდოდა. ამიტომ უთხრა მან გალაკტიონს: ბატონო გალაკტიონ, თქვენ დიდი პიროვნება ბრძანდებით და არ გეკადრებათ ჩოხაში დახატვაო. მართალი ხარ, ძამიკო, უპასუხა გალაკტიონმა. გაბრუნდა სახლში და ცოტა ხნის შემდეგ პიჯაკითა და მასზე მიმაგრებული ორდენით დაბრუნდა. მართალია, გალაკტიონი დაეთანხმა მხატვარს, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ ეტკინებოდა გული, როცა ჩოხა გაახდევინეს.
– ისევ ქალბატონებს დავუბრუნდეთ – მერის, ოლიას, თითქმის ყველა იცნობს, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ ნინოზე. როგორ ფიქრობთ, რა არის ამისი მიზეზი?
– ერთხელ მეც შევწუხდი ამის გამო. ვესტუმრე ქალბატონ ნინოს წყნეთის აგარაკზე, მოვიკითხე და საუბარში იგივე კითხვა დავუსვი. მან მიპასუხა: „მე ისეთ ოჯახში აღვიზარდე, სადაც ყველაზე მაღლა ეროვნული გრძნობები იდგა. მამაჩემმა, დეკანოზმა სიმონ კვირიკაძემ მიანდერძა, ისე არ გამეტარებინა ჩემი ცხოვრება, რომ ერისთვის რაიმე კარგი არ გამეკეთებინა. მე მგონი, გალაკტიონს რომ მისი ცხოვრების მძიმე წლებში გვერდით ვედექი, ამით ნაწილობრივ მაინც შევასრულე მამის ანდერძი. ჩემთვის კი, მთავარი ესაა და სხვა არაფერი მაინტერესებს,” – ამით ყველაფერი მითხრა. ის ჟურნალისტებთან საუბარს კატეგორიულად ერიდებოდა.
ერთხელ, იმავე წყნეთის აგარაკისკენ მიმავალ გზაზე, გალაკტიონს კონსტანტინე გამსახურდია შეხვედრია. მწერალს პოეტისთვის უთქვამს: გალაკტიონ, შენ დიდი ესთეტი ხარ ქართულ სიტყვაში და რატომ არ აქცევ ყურადღებას შენს ჩაცმულობასო? ამაზე გალაკტიონს გადაუხარხარია, გაუშლია ხუთივე თითი და უპასუხია: „ჩემო კოწია, ხედავ ამ ხუთ თითს? აი, ეს ხუთი თითი დავადე პოეზიას და 50 წლის შემდეგ ჩემი პოეზიის თაყვანისმცემლებისთვის, მგონი, სულ ერთი იქნება რა მაცვია დღეს. პოეზია მარადიულია და ჩაცმულობა მასთან რა მოსატანია”.
– მართალი იყო გალაკტიონი...