როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ჩხაიძე
გვარის ფუძეს – ჩხა-ს, ვაზს უკავშირებენ და მიჩნეულია, რომ ვაზის ისეთი ჯიში, როგორიცაა ჩხავერი და ჩხაბერძულა ამ გვარის წევრებმა გადაარჩინეს და ამის მიხედვით მათ ჩხაიძეობა გაიგვარეს. ჩხა ძირით რამდენიმე ქართული გვარი გვაქვს: ჩხაბელა, ჩხაბერიძე, ჩხაპელია, ჩხატარაშვილი, ხატარაიშვილი, ჩხარჩალია და სხვა.
ჩხაიძეთა გვარის თიკუნებია: თავპაიჭა, კიტოვანი, ჯვარისა, პეტრეშვილი, ალალვიშვილი, გიორგჩხაიშვილი, თვალყიშვილი და სხვა. ჩხაიძეებს ერთმანეთისგან ასხვავებენ მეტსახელებით: კურდღელა, მჭედელა, კოხომირა, თავპაიჭა, მარგალიტა და ასე შემდეგ.
ჩხაიძეთა სოციალური მდგომარეობის მიმანიშნებელი მასალა ძალიან მწირია. არის მინიშნებები, რომ ჩხაიძეები მეფის განსაკუთრებულ სამსახურში არიან ჩართული, შუალედი (თავისუფალი) ფენებიდან დაწინაურებულნი და ზოგჯერ ყველაზე მაღლა აღზევებულნიც.
„მსახურიონთა ჯგუფის ძირითადი ბირთვია „მეფის მდევარი“ – საყრდენი სამეფოს ძლიერი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკოსი სამეფო კარზევე იყო უფროსი ძმა ესე ჩხაიძისა – მანასე ხუცესი, ფრიად პატივცემული ადამიანი, მწიგნობარი, განათლებული...“
ლეგენდის მიხედვით, ჩხაიძეები ქვემო ქართლელ ორბელთა საგვარეულოდან მოდიან, კერძოდ, დიდთავადი ბარამისგან. ბარამისგან ქალს მოწიფული ქალ-ვაჟი დარჩა. ეს ქვრივი გაიტაცა ბარამმა და გადაიხვეწა გურიაში. თავისუფალ ახალ სოფლად. „ესე ჩხაიძის ნაგრამი გურიაში დღესაც სახლობს“ და მათი სახელია – მსახურიშვილები. ესეს ნაგრამი პირველი ცოლიდან იმერეთს გამრავლდა და წარმოჩნდნენ უმეტესად სასულიერო და მწიგნობრულ არეალზე“.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარში, რაოდენობის მიხედვით ჩხაიძეები 35-ე ადგილზე არიან.
სულ საქართველოში 6 977 ჩხაიძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 2 025, თბილისში – 1 443, ოზურგეთში – 1 176. არიან სხვაგანაც.
ზუბიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზუბიტა.
ზუბიტა როსტიაშვილი მოიხსენიება მოწმედ 1643 წელს ქიტია მთიულიშვილის მიერ თარხან იორამ მოურავისშვილის სახელზე გაცემული ბატონყმობის წიგნში.
1739 წელს აბიბო რუსიშვილის მიერ ელო ჩაბარუხის სახელზე გაცემულ წიგნში მოიხსენიება ვინმე ზუბიტაშვილი.
საქართველოში 195 ზუბიტაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თელავში – 22, რუსთავში – 5. არიან სხვაგანაც.
არსენიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არსენი. ამ სახელიდანაა წარმოქმნილი გვარები: არსენიშვილი, არსენაძე, არსენაიძე, არსენაშვილი.
სოფელ ბართაში მცხოვრებმა არსენიძემ, რომელიც გელათის დეკანოზი იყო, ხახულის ღვთისმშობელს შესწირა ხელისძეული ნასყიდი მამული.
საქართველოში 1 074 არსენიძე ცხოვრობს: ქუთაისში – 402, ტყიბულში – 368, თბილისში – 123. არიან სხვაგანაც.
აზარიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აზარია, რომელიც ებრაული სიტყვაა და ქართულად უფლის შეწევნას ნიშნავს.
სოფელ ღოუბანში მოიხსენიება იასე სოლოღაშვილის ყმა, ივანე აზარიაშვილი.
ღოუბანში მცხოვრებმა ივანე აზარიაშვილმა 1826 წელს შვილი მოუნათლა თანასოფლელ სოლომონ სულხანიშვილს.
ღოუბანში მცხოვრებ ლაზარე აზარიაშვილს 1829 წელს შეეძინა შვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა გიორგი აზარიაშვილმა და სახელად დაარქვა ანა.
საქართველოში 390 აზარიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 133, თეთრი წყაროში – 77, საგარეჯოში – 68. ცხოვრობენ სხვაგანაც.
კოჭლამაზაშვილი
კოჭ ძირის შემცველი გვარებია: კოჭაური, კოჭლამაშვილი, კოჭლამაზაშვილი, კოჭლამაზიშვილი და სხვა. ასევე, გვხვდება გვარი კოჭიბროლაშვილი.
გადმოცემით, დღევანდელი გოზალიშვილების ძველი გვარ-სახელი სწორედ კოჭიბროლა ყოფილა. კოჭიბროლა თეთრფეხება ცხენს ეწოდებოდა.
როგორც გოზალიშვილების, ისე კოჭლამაზაშვილების გვარში, კოჭლამაზა და კოჭიბროლა მეტსახელებია.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის კოჭლამაზაშვილებს 678-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 1 463 კოჭლამაზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 423, სიღნაღში – 407, რუსთავში – 227. არიან სხვაგანაც.
ნაცარიშვილი
გვარის ფუძეა სიტყვა ნაცარი. ონის რაიონის სოფელ გლოლაში დაფიქსირებულია საკუთარი სახელი – ნაცარა. ამ ფუძიდანაა წარმოშობილი გვარი – ნაცარაშვილი.
გვარმოდენილობით ამ ორ გვარს – ნაცარაშვილსა და ნაცარიშვილს საერთო არაფერი აქვს.
ნაცარიშვილი ცხოვრებისეული პირობების გამო ხელოვნურადაა გამოგონილი და ამ გვარს დადიანების ცნობილ ფეოდალურ საგვარეულოსთან მივყავართ.
აჭარის მიდამოებში, კერძოდ კი, ქობულეთის მაღალმთიან სოფელ ხინოში, საუკუნეების წინათ სამეგრელოდან მოსული დადიანები დასახლებულან. გვარში დღემდეა შემორჩენილი გადმოცემა: ჯემალ დადიანმა ხუნდებით წამებას ვერ გაუძლო, ტყეში გადაიკარგა და სოფელ ხინოდან 80 კილომეტრზე იპოვეს ნაცარში ამოგანგლული. მას ალამბარელებმა (სოფელია) ჯერ ნაცარა შეარქვეს, ხოლო, როცა ოჯახი შექმნა, „დადიანის ნაცარიშვილად“ მონათლეს. ასე რომ, სწორედ დადიანის გვარმა დაუდო სათავე ნაცარიშვილის გვარს – ამ მცირერიცხოვანი გვარის წინაპრები დადიანები იყვნენ.
საქართველოში 37 ნაცარიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 22, თბილისში – 10, ბათუმში – 5.
ხიზაძე
გვარის ფუძით ხიზანა-ხიზანი ნაწარმოებია ქართული გვარები: ხიზანაიძე, ხიზანიშვილი, ხიზანაშვილი, ხიზანეიშვილი, ხიზაძე.
ხიზაძეთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილად იხსენიება სოფელი კუნცა (ასპინძის რაიონი). იმავე რაიონში დღეს სხვაგანაც ცხოვრობენ, კერძოდ, სოფელ აწყვიტაში.
საქართველოში 66 ხიზაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 32, თბილისში – 7, ახალციხეში – 6. არიან სხვაგანაც.
ანთია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ანთია, რომელიც ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლოკვეცილი ფორმაა და დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად იქცა.
ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.
ასევე, გვხვდება ტოპონიმი, საანთიო – ზანის თემის მარჯვენა მხარეს.
ზოგი მკვლევარი ანთიას ანთიმოზის შემოკლებით ვარიანტად მიმოიხილავს.
საქართველოში 2 033 ანთია ცხოვრობს: ზუგდიდში – 916, წალენჯიხაში – 493, თბილისში – 181. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით