კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა ალკოჰოლიზმის სამედიცინო ფორმულირება შეცვალა

ბრძოლა ლოთობისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ
რუსეთში   ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ  ბრძოლა სხვადასხვა ეპოქაში მიმდინარეობდა, მაგრამ, ასეთი ღონისძიებების ისტორია საკმარისად არ არის შესწავლილი. მონოგრაფიებსა და სტატიებში, რომლებიც რუსეთში ლოთობის პრობლემას ეძღვნება, მხოლოდ ფრაგმენტებია შემონახული, ამიტომ, თანამედროვე მედიცინის ისტორიკოსებსაც კი, საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი წარმოდგენები აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ამ მხრივ საინტერესოა ბოლშევიკების მიერ დაფუძნებული  „ალკოჰოლიზმთან ბრძოლის საზოგადოების“ საქმიანობა, რომელზეც მხოლოდ მცირე ცნობებია შემორჩენილი. ამ საქმეშიც, ისევე, როგორც ყველგან და ყველაფერში, სტალინის მნიშვნელოვანი როლი უდავოა.
1917 წლის  რევოლუციაში გამარჯვების შემდეგ, ბოლშევიკებმა  ცარიზმის რეჟიმის მემკვიდრეობისგან სრულად გათავისუფლება გადაწყვიტეს. ერთ-ერთ ასეთ გადმონაშთად მიიჩნიეს ალკოჰოლიზმი, რომლის აღმოსაფხვრელად შექმნილმა საზოგადოებამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სისასტიკით დაიწყო მოქმედება. იმ დროს, მხოლოდ პეტერბურგში, 700-მდე საწყობი იყო, სადაც მილიონობით მანეთის ღირებულების არაყი და ღვინო ინახებოდა. ზამთრის სასახლეშიც კი, სპეციალური მარნები იყო მოწყობილი, რომლებითაც მეფე უცხოელ სტუმრებთან იწონებდა თავს. კოლექციაში იშვიათი სახეობის ღვინოები იყო და მისი ღირებულება 5 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. მათ შორის იყო, აგრეთვე, უძველესი ქართული საუკეთესო ღვინოები, რომლებსაც ქართველი თავადები მეფეებსა და იმპერიის მაღალჩინოსნებს მიართმევდნენ ხოლმე. პეტერბურგის მოსახლეობას  მაღალ დონეზე უტარებდნენ აგიტაციას, ქალაქის სხვადასხვა რაიონში ვრცელდებოდა პროკლამაციები, მიტინგებზე გაისმოდა პირდაპირი მოწოდებები, რათა ყველას, ვისაც შეეძლო, გაენადგურებინა ღვინისა და არყის საწყობები, საცავები და ასე შემდეგ, ასეთი პროპაგანდის შედეგად, დაიწყო ფართომასშტაბიანი დარბევები და  აწიოკებები. ამ საქმისთვის შექმნილი რაზმები დაუნდობლად თელავდნენ ყველაფერს, რაც წინ დახვდებოდათ. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ქარხნების ტერიტორიაზეც კი, პოლიციის დაცვის გარღვევის შემდეგ, სახელდახელოდ შექმნილი  რაზმები სპობდნენ ყველაფერს, ამტვრევდნენ ათას და ორიათასლიტრიან კასრებს, იყო ტრაგიკული შემთხვევებიც, როცა ენთუზიასტები ღვინის ტერმინალებში ჩაიხრჩვნენ. ამ ჯგუფებს ტოლი არც წითელარმიელებმა დაუდეს: 1917 წლის 26 ნოემბრის  სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, მეორე დღესვე დაიწყო ოპერაცია, რომელშიც (მეზღვაურებიც ჩაერთნენ და დაიწყო სრული ბაკქანალია: ღვინისა და სპირტის მარაგების განადგურებისას, ტყვიამფრქვევებით, თოფებით, ცულებითა და „ლომებით“ დაძრწოდნენ და ქალაქის მოსახლეობას ატერორებდნენ. ცხადია, ხშირ შემთხვევაში, კანონის აღმსრულებლები თავად იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. გარდა განადგურების ოპერაციებისა, რევოლუციურმა კომიტეტმა სამართლებრივი ღონისძიებების ჩატარებაც დაიწყო. 28 ნოემბერს გამოიცა კანონი ყველა სპირტის ქარხნის დახურვის; ალკოჰოლური სასმელების დამზადებისა და გაყიდვის აკრძალვის შესახებ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს აპატიმრებდნენ და მათ სამხედრო-რევოლუციური სასამართლო სჯიდა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ალკოჰოლიზმთან ბრძოლის პასუხისმგებელი კომისრის სპეციალური თანამდებობაც დაწესდა ცენტრში და ადგილებზე შესაბამისი შტატებით. პირველ ასეთ კომისრად დაინიშნა ივანე ბიდზანი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თვითონ არასდროს მიუღია ალკოჰოლი და მასთან ბრძოლა რევოლუციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზნის რანგში აიყვანა. მაგალითად,  კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბმა 1918 წლის 17 თებერვალს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „პირები, რომლებსაც წაასწრებდნენ ალკოჰოლური სასმელების მიღებისას ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას არაფხიზელ მდგომარეობაში, ისჯებოდნენ თავისუფლების აღკვეთით 6 თვის ვადით (ციხის რეჟიმით)“.  ამავე წლის მაისში კი ბოლშევიკების უმაღლესი ხელისუფლება უფრო შორს წავიდა და მიიღო დეკრეტი, რომელიც სპირტიანი სასმელების დამზადებისთვის სისხლის სამართლის მეტად მკაცრ ზომებს ითვალისწინებდა – თავისუფლების აღკვეთას 10 წლით და იძულებით სამუშაოებს ქონების სრული კონფისკაციით. თვალუწვდენელი რუსეთის ზოგ პროვინციაში კი კანონმა მახინჯი ფორმები მიიღო:  ენისეის გუბერნიაში მიიღეს დადგენილება, რომ, ვინც თავის სოფელში ნასვამს დაასმენდა, დასმენილის ხარჯზე ჯილდოდ 5 ფუთ პურს – (მარცვალს) მიიღებდა; თუ არყის სახდელი აპარატით დააკავებდა – 10 ფუთს;  თუ მოქალაქე სხვა სოფლის „სამაგონშიკს“ (არყის გამომხდელს) გამოავლენდა, კოლექტივი 50 ფუთი პურით აჯილდოებდა. ირკუტსკის გუბერნიაში არყის გამოხდით მოსახლეობის 36,6 პროცენტი იყო დაკავებული, საერთო რაოდენობიდან კი ქალები ერთ მესამედს შეადგენდნენ. აღძრულმა სისხლის სამართლის საქმეებმა ერთ წელიწადში 500 000-ს გადააჭარბა. ასეთმა მიდგომებმა მკვეთრად უარყოფითი შედეგები გამოიღო, რადგან, ცნობილია, რომ გადაჭარბებულ სიმკაცრეს არასდროს ჰქონია დადებითი შედეგი – გაიზარდა როგორც პატიმრების რაოდენობა, ისე ალკოჰოლიზმის სტატისტიკა.
ლენინი ქართველ ბოლშევიკებს დაეთანხმა
ანტიალკოჰოლური კომპანიის, ისევე, როგორც სხვა მრავალი ინიციატივის სულისჩამდგმელი იყო ლევ ტროცკი. ის იხსენებს („კ ìèðîâîé ðåâîëþöèè“, 1940 ჯ, ლ.რðîöêèé), რომ ქართველი ბოლშევიკები მის ყოველ სასიკეთო წამოწყებას, ეხებოდა ეს ადმინისტრაციულ თუ პოლიტიკურ საკითხებს, შეძლებისდაგვარად ბლოკავდნენ,  კონკრეტულად ამ ღონისძიებას კი, ღიად ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც არაერთხელ დააყენა საკითხი მისი შეწყვეტის შესახებ. მას მხარს უჭერდა სტალინი, რომელიც ლენინთან შეხვედრებისას, ალკოჰოლური ქარხნების მშენებლობის გეგმებსა და წარმოების გაფართოებაზე საუბრობდა. ტროცკი  ამტკიცებს, რომ  სტალინი უწესოდ მოიქცა, რადგან, თავიდან ანტიალკოჰოლურ კამპანიას არც შეეწინააღმდეგა და არც მხარი დაუჭირა. ის თავის მომხრეებთან ერთად, ფაქტობრივად, გვერდზე გადგა და შორიდან მაყურებლის როლი არჩია, რათა აღნიშნული ღონისძიებისთვის ხელი შეეშალა. ემიგრაციაში მყოფი რევოლუციის ყოფილი ბელადი ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს:  ახალი საბჭოეთის გარიჟრაჟზე, მას შემდეგ, რაც დედაქალაქი მოსკოვში გადმოიტანეს, თითქმის ყველა ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, ოჯახებით კრემლში ცხოვრობდა. სხვათა შორის, სტალინი და ტროცკი, ფაქტობრივად, მეზობლები იყვნენ  და, ამასთან ერთად, მეგობრობდნენ მათი მეუღლეები, შვილები... კრემლი ერთგვარ საერთო საცხოვრებლადაც კი გადაიქცა, თუმცა, ჯუღაშვილი დღედაღამ მხოლოდ პარტიული საქმიანობით იყო დაკავებული. ის იმდენად დაუახლოვდა ლენინს და მისი ისეთი ნდობა დაიმსახურა, რომ ნებისმიერ საკითხს ერთად წყვეტდნენ. სამდივნოშიც კი, ყველა თანამშრომელმა იცოდა, რომ, როცა საკითხი თეორიას ეხებოდა, ლენინთან უნდა შეეთანხმებინათ, როცა პრაქტიკას (ანუ, რეალურად გასაკეთებელ საქმეს) – სტალინთან. ლენინი და სტალინი ხშირად სეირნობდნენ კრემლის ბაღში და ბევრს საუბრობდნენ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს, მათ ტროცკი შეხვდა, რომელმაც შემთხვევით ისარგებლა და აღნიშნულ თემაზე ჩამოაგდო საუბარი, კერძოდ, უამბო იმ „აღმაშფოთებელი“ ფაქტის შესახებ, რომელიც კრემლის კოოპერატივში მოხდა (იმ დროისთვის, კრემლის ეზოს შიგნით ფუნქციონირებდა სავაჭრო ცენტრი, რომელიც, ტროცკის თქმით, ორჯონიკიძის თანხმობით გაიხსნა და იქ სხვადასხვა პროდუქტზე შეღავათებით სარგებლობდნენ ხელმძღვანელი მუშაკები), კერძოდ, სერგო თავის კავკასიელ მეგობრებთან ერთად, რომელთა შორის ქართველი ბოლშევიკებიც იყვნენ, იქვე, მაღაზიაში დასხდნენ,  გვარიანად მოილხინეს და შუაღამემდე მღეროდნენ და ეს ხდებოდა იმ დროს, როცა ქვეყანაში მკაცრი „მშრალი კანონი“ მოქმედებდა. ლენინმა ჯუღაშვილს შეხედა და ჰკითხა, შენც იქ იყავიო?
– რა ვქნათ ჩვენ, კავკასიელებმა, ზომიერად სმის ტრადიცია რომ გვაქვს? – უთქვამს სტალინს. იგივე გაუმეორა ლენინმა ტროცკის – რა ვქნათ ჩვენ, ქართველებმაო – და გაიცინა, რითაც, ფაქტობრივად, ქართველობა დაიბრალა. ლევ ტროცკი, ცხადია, უარყოფით კონტექსტში, რუსული ცინიზმისთვის დამახასიათებელ ქართულ აქცენტსაც უსვამს ხაზს. სხვა შოვინისტურ მოსაზრებებთან ერთად, ზემოთ აღნიშნულ  „ ნაშრომში“, ლეიბა ბრონშტეინი  (ლევ ტროცკის ნამდვილი სახელი და გვარი),  მრავალ დამამცირებელ ისტორიას მოგვითხრობს სტალინზე და, საერთოდ, ქართველებზე, რისი წაკითხვა მართლაც რომ ღირს. მთავარი კი მაინც ის არის, თუ როგორ შეძლო სტალინმა, სერიოზული მიდგომით გადაეწყვიტა რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა.
გაკეთებული საქმე
მას შემდეგ, რაც ამ საკითხს სტალინმა მოჰკიდა ხელი, ოფიციალური სახელმწიფო ანტიალკოჰოლური პოლიტიკის კურსი მკვეთრად შეიცვალა. პირველი მითითება, რომელმაც ლოზუნგის ფორმა მიიღო, ასეთი იყო: „ვიწრო ანტიალკოჰოლური“ საქმიანობიდან – გაშლილი ბრძოლისკენ, საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად!“. თავის მოხსენებაში სტალინი აცხადებდა, რომ  ლოთობისა და ალკოჰოლიზმის პრობლემა თავისთავად მოიხსნება მოსახლეობის კულტურისა და კეთილდღეობის ამაღლებასთან ერთად; აგრეთვე, გამოიცა სპეციალური დადგენილება, რომლის ძალითაც გაუქმდა „ანტიალკოჰოლური საზოგადოება“ და მის ბაზაზე შეიქმნა „ჯანსაღი ყოფის გაერთიანება“. მნიშვნელოვანია, რომ ბელადი ამ პრობლემის გადაჭრას მეცნიერულად მიუდგა; შეიცვალა ალკოჰოლიზმის სამედიცინო ფორმულირება; მნიშვნელობა მიენიჭა მის ზემოქმედებას ადამიანის ფსიქიკაზე; როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, შესაძლებლად ჩაითვალა პროპაგანდა, რომ ალკოჰოლს სამკურნალო დანიშნულება აქვს. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, გაზეთებსა და ჟურნალებში გაქრა ალკოჰოლის, როგორც საერთო-სახალხო ბოროტების ცნება, აგრეთვე, გაუქმდა სტატისტიკა სავალალო შედეგების შესახებ, რასაც მისი მიღება იწვევს. აღნიშნული პრობლემის მიმართ დამოკიდებულების რადიკალურმა ცვლილებამ, დიდი რისკის მიუხედავად, დადებითი შედეგები გამოიღო. ბოლო წლებში ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია, რომ 1932 წელს ასეთმა მიდგომამ ეკონომიკური ეფექტიც მოიტანა. დაწესებული იყო საბიუჯეტო გადარიცხვები, კერძოდ, წარმოებული სპირტის თითო დეკალიტრიდან 50 კაპიკი სპეციალურ ფონდში ირიცხებოდა. ამ 50 კაპიკიდან 12,5 კაპიკი რესპუბლიკურ ბიუჯეტებში შედიოდა, 37,5 —  რაიონულში. ადგილობრივი მმართველობების სტიმულირებამ მათი მხრიდან წარმოების გეგმების გადაჭარბებით შესრულება გამოიწვია. 1933 წელს, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, „დამკვრელურ მშენებლობებს“ შორის პირველად დასახელდა ლენინგრადისა და სარატოვის ღვინის ქარხნები. 30-იანი წლებიდან, სტალინის განკარგულებით, ალკოჰოლური სასმელების თავისუფალი გაყიდვა დაიწყო, ადამიანებს საშუალება მიეცათ,  თავისუფლად ევლოთ ლუდის ბარებსა და რესტორნებში. ლუდის აკრძალვა საბილიარდოებშიც კი მოიხსნა. სასადილოებში და სხვადასხვა დაწესებულებაში იყიდებოდა არაყი, რომლის ფასი იმ პერიოდისთვის საკმაოდ დაბალი იყო: 1 ლიტრი – 6 მანეთი და 15 კაპიკი, ეს მაშინ, როცა საშუალო ხელფასი ქვეყნის მასშტაბით 331 მანეთს შეადგენდა.
P.S ლევ ტროცკის  მიერ მიღებული მკაცრი  კანონებისა და წესებისგან  განსხვავებით, რომელსაც  კატასტროფული შედეგები  მოჰყვა, სტალინის ლიბერალურმა  და ჰუმანურმა მიდგომამ არნახული ეკონომიკური ეფექტი და მოქალაქეების გაჯანსაღება გამოიწვია. 30-იან წლებში, ყველა სტატისტიკური მონაცემით, სასმელებზე ფასების არნახული შემცირების მიუხედავად, ალკოჰოლის მომხმარებელთა რაოდენობამ და ზოგადად მოხმარებამ მკვეთრად იკლო (ერთ სულ მოსახლეზე 2,5 ლიტრი სუფთა სპირტი თვეში) და 1940 წლისთვის 10-ჯერ შემცირდა.

скачать dle 11.3