ვეტერინარის რჩევები
კითხვა: რას უნდა მოვარიდოთ ძაღლი ზაფხულში?
პასუხი: მოგეხსენებათ, რომ ზაფხული წლის ყველაზე ცხელი პერიოდია და, როგორც პატრონებს, ასევე, მათ ოთხფეხა მეგობრებს, აწუხებთ მაღალი ტემპერატურა. ამ პერიოდისათვის ჩვენი ცხოველები განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებსა და სიცხეს. ძაღლებში თერმორეგულაცია განსხვავებულად არის მოწყობილი. ადამიანისგან განსხვავებით, ძაღლის ორგანიზმში წარმოებული ჭარბი სითბოს გაცემა ძირითადად ხდება ამონასუნთქ ჰაერთან ერთად. ამიტომ, სიცხის ატანა განსაკუთრებით უჭირთ გრძელბეწვიან ცხოველებს. მზის პირდაპირი სხივების მოქმედებით შეიძლება განვითარდეს მზის დარტყმა. გარდა ამისა, ზაფხულში ხშირია შემთხვევა, რომ მინდორში სეირნობისას ძაღლი ქვეწარმავალს გადააწყდეს და შხამიანი გველის ან სხვა ქვეწარმავლის ნაკბენი საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს. ამიტომ უმჯობესია, თუ ამ პერიოდში მოვერიდებით ძაღლის ასეთ ადგილებში სეირნობას. თუ მაინც მოხდა მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სასწრაფოდ მიიყვანეთ ცხოველი უახლოეს ვეტერინარულ დაწესებულებაში.
კითხვა: ძირითადად რა ინფექციაა გავრცელებული ძაღლებში წელიწადის ამ დროს?
პასუხი: ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება კუჭ-ნაწლავის ინფექციები, განსაკუთრებით – ენტეროვირუსები, რადგან, ამ პერიოდში ხშირია საკვებით მოწამვლა, რაც პროვოცირებას უკეთებს ვირუსული ინფექციების განვითარებას. ამ პერიოდისთვის, ასევე, აქტიურდება სხვა ინფექციებიც. ამიტომ, ზაფხულამდე აუცილებლად აცრილი უნდა გვყავდეს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ვირუსული და ბაქტერიული ეტიოლოგიის დაავადების საწინაღმდეგო ვაქცინებით. სასურველია, გამოვიყენოთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ მოწოდებული ვაქცინები.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით ზაფხულის პერიოდში ძაღლების კვებასთან დაკავშირებით რა უნდა შევცვალოთ?
პასუხი: ამ პერიოდისთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტების სიახლეს, რადგან საკვები სიცხეში ადვილად ფუჭდება. სასურველია, ძაღლს მივცეთ ნაკლებად ცხიმიანი საკვები. ამ პერიოდში ზოგიერთ ძაღლს მადა უქვეითდება, რაც ნორმალურია და ნუ შეგეშინდებათ, რადგან სიცხეში ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. ნახარშები და მალფუჭებადი პროდუქტები სიცხეში განსაკუთრებით უნდა შევზღუდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ საკვებისმიერი ინტოქსიკაციები.
კითხვა: ჩემი ძაღლი ხშირად იფხანს სხეულს. დავათვალიერე და რწყილები არ ჰყავს. რისი მიზეზი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: არ არის აუცილებელი, ქავილი რწყილების და, ზოგადად, ექტოპარაზიტების მიერ იყოს გამოწვეული. ქავილი, შეიძლება, სხვადასხვა დაავადების სიმპტომიც იყოს. ამიტომ, დაუყოვნებლივ მიიყვანეთ თქვენი ძაღლი ვეტერინართან, რომელიც აუცილებლად გაარკვევს ქავილის მიზეზს, დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას და მოგცემთ კვალიფიციურ რჩევა-დარიგებას.
კითხა: ვაპირებთ ოჯახით ქალაქიდან გასვლას და გვინდა, ძაღლიც თან წავიყვანოთ – დაახლოებით 5 საათი მოგვიწევს მგზავრობა მანქანით. რას მირჩევთ, როგორ ვამგზავროთ ცხოველი, დისკომფორტი რომ არ შეექმნას?
პასუხი: მგზავრობა დისკომფორტს ქმნის ცხოველებში. ამიტომ, სასურველია, ძაღლი მშიერი იყოს, ოღონდ, გზაში აუცილებლად უნდა დაალევინოთ წყალი. ასევე, რამდენიმე ადგილას შეაჩეროთ მანქანა და დაასვენოთ ცხოველი. სასურველია, ძაღლი მგზავრობის დროს ისე მოათავსოთ, რომ თავისუფლად გრძნობდეს თავს და ხედავდეს გზას, საითაც მიემგზავრებით. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ მანქანის ფანჯრიდან შემოსული ქარის ნაკადი პირდაპირ არ სცემდეს სახეში, რადგან, ამან, შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა გართულება, მაგალითად: გაციება, ყურის ანთება, კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ.