17 წლის ყმაწვილმა 20 წლით უფროსი მამაკაცი სექსუალურ ძალადობაში ამხილა
ლიცენზიაჩამორთმეულ ექიმს მამათმავლობისთვის 7 წლით პატიმრობა მიესაჯა. ბრალდებულსა და მსხვერპლს ერთმანეთთან თითქმის რვათვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. ეგრეთ წოდებულ „დაზარალებულს“ არ დაუმალავს, რომ მასზე თითქმის 20 წლით უფროს ექიმთან სექსუალურ კავშირს ნებაყოფლობით ამყარებდა...
ამის მიუხედავად, ექიმი ედვინ ს. საბოლოოდ მსხვერპლმა დაასმინა. დასმენის მიზეზი კი, ეჭვიანობა გახდა – 17 წლის მიკამ (იგივე მირიან ნ-მ) დაასკვნა, რომ ექიმს მსგავსი კავშირი სხვასთანაც ჰქონდა და, ამიტომ, არა მხოლოდ სექსუალურ ძალადობაში ამხილა, ქურდობაც დააბრალა – მან გამოძიებას განუცხადა, რომ ექიმმა თითქოს დედამისის მიერ უცხოეთიდან გამოგზავნილი ის ძვირად ღირებული სამაჯური და საათი მოჰპარა, რომელიც, სინამდვილეში, თავად აჩუქა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა მისი ნათესავის გამოჩენა, რომელმაც მიკა ექიმთან თავად ნახა... საბოლოოდ, ექიმი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირისა და ქურდობისთვის დააკავეს, მაგრამ, საათისა და სამაჯურის მოპარვა არ დაუმტკიცდა.
გამოძიების ვარაუდით, ედვინ ს-ს მსგავსი სახის არაერთი დანაშაული უნდა ჰქონოდა ჩადენილი, მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, მას სხვა დანაშაულები ვერ დაუმტკიცეს. უფრო ზუსტად, არასრულწლოვნებთან ასეთ კავშირებზე ინფორმაცია რეალურად არსებობდა, რადგან, ეჭვმიტანილებმა დაკითხვის დროს, ზეპირ ჩვენებებში, ექიმის გადახრებზე იმაზე მეტი თქვეს, ვიდრე საქმის აღძვრისთვის იყო საჭირო. მაგრამ, მათი მშობლების ჩარევის შემდეგ, გამოძიებამ ეჭვმიტანილებისგან ოფიციალური ჩვენებების მიღება ვეღარ შეძლო – უხამსი საქციელის გამჟღავნება, მით უფრო, პოლიციასთან საქმის დაჭერა არავის აწყობდა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა მხოლოდ ორი პიროვნებისგან მიიღეს ჩვენება, მაგრამ, აღნიშნული პირები სრულწლოვნები იყვნენ და მათ საქციელში კანონსაწინააღმდეგო არაფერი იკვეთებოდა.
რაც შეეხება გამოძიების მიერ დაზარალებულად ცნობილ 17 წლის მიკა ნ-ს (რომელიც ამჟამად უკვე სრულწლოვანია), ის ერთ-ერთი მუსიკალური ჟანრის მიმდევარია. როგორც მისი ახლობლები აცხადებდნენ ჩვენებებში, ის პატარაობიდანვე მეტად არაორდინარული ბავშვი იყო და თავისსავე მსგავს არაორდინარულ და მასზე ასაკით უფროს პიროვნებებთან მეგობრობდა. რას ფიქრობდნენ მასზე სხვები, მიკას, თურმე, არ აინტერესებდა და, შესაბამისად, არავის ნათქვამსა და აზრს არ ითვალისწინებდა.
41 წლის ედვინ ს, მშობლების მსგავსად, ექიმი იყო. თუმცა, ის სისხლის სამართლის დამნაშავე გახდა. ბოლო დაკავებამდე ოთხი წლით ადრე კი ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს, რადგან გარყვნილ ქმედებაში ამხილეს – ყოფილ უროლოგს პაციენტთან სექსუალური კავშირის დამყარება დაბრალდა, მაგრამ, როგორც იტყვიან, „წყლიდან მშრალი ამოვიდა”. ვიღაც-ვიღაცეების ჩარევის წყალობით, მის ქმედებას ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის კლასიფიკაცია მიანიჭეს და მხოლოდ ორი წელი პირობითი აკმარეს. საქმე ისაა, რომ საბოლოოდ მას პასუხი არა სექსუალური ძალადობისთვის, არამედ, სხეულის დაზიანებისთვის მოსთხოვეს და მხოლოდ ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს, არადა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გარყვნილ ქმედებებში ედვინ ს. მანამდეც არაერთხელ იყო შემჩნეული. მაგრამ, სასჯელი, რატომღაც, მხოლოდ ადმინისტრაციის გაფრთხილებებით შემოიფარგლებოდა...
ექიმის პირველი დანაშაული
უროლოგმა ედვინ ს-მ თავის პაციენტთან გაუკუღმართებული ფორმით დაამყარა სექსუალური კავშირი. გოგონა, რომლის გაუპატიურებაც ექიმს დაჰბრალდა, ამბობდნენ, რომ გონებაშეზღუდული იყო. თუმცა, ოფიციალურად ის ქმედუუნაროდ არავის უცვნია. შესაბამისად, როდესაც მსხვერპლმა ექიმი ამხილა, მისი ჩვენება ბრალის წასაყენებლად საკმარისი აღმოჩნდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, დანაშაულის ჩადენის მომენტში ედვინ ს. ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმ დღეს ის საავადმყოფოში მორიგე იყო და, მიუხედავად იმისა, რომ დალევა არ შეიძლებოდა, ისე დათვრა, მორიგეობა გაცვალა. საავადმყოფოდან გამოსულს გზაში ყოფილი პაციენტი შეხვდა, რომელსაც სახლში მიყვანა შესთავაზა. პაციენტი ყოფილ ექიმს არა მხოლოდ ენდო, უარი გასეირნებაზეც ვეღარ უთხრა.
როგორც გოგონა აცხადებს ჩვენებაში, მას ავტომანქანის მართვის დიდი სურვილი ჰქონდა და, როდესაც ექიმმა საჭესთან დაჯდომა შესთავაზა, ძალიან გაუხარდა. თუმცა, მალე ისინი ქალაქგარეთ აღმოჩნდნენ.
უკაცრიელ ადგილას ედვინ ს-მ მანქანა გააჩერა და, სწორედ იმ მომენტში, როდესაც გოგონა საჭის მხრიდან გვერდითა სავარძელში გადაჯდომას აპირებდა, მკლავებში ხელი ძლიერად ჩაავლო, მანქანიდან გადმოათრია და გაუკუღმართებული ფორმით, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი. როგორც დაზარალებული ამბობს, მან წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო...
როდესაც მსხვერპლი სახლში ნახევრად შემოხეული ტანსაცმლით დაბრუნდა, ოჯახი აფორიაქებული დახვდა, რადგან, დაგვიანების გამო მას ყველგან ეძებდნენ. ამიტომ, მას მომხდარის შესახებ არაფერი დაუმალავს, საქმე პოლიციამდე მივიდა და ედვინ ს. სწორედ მისი ჩვენების შემდეგ დააკავეს.
პირველ ეტაპზე, დაზარალებულმა გამოძიებას ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო, თუმცა, პროცესს აღარ დასწრებია. რაც შეეხება ექიმს, მან სექსუალური ძალადობის ფაქტი წინასწარი გამოძიების სტადიაზევე უარყო. ერთადერთი, ის დაადასტურა, რომ ყოფილ პაციენტს შემთხვევით შეხვდა. ძალადობაში კი თავი უდანაშაულოდ ცნო და გათავისუფლება მოითხოვა, რაც თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ, ედვინ ს. ამ საქმიდან გამოძვრა – მას მხოლოდ პირობითი 2 წელი მიუსაჯეს და ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს.
საქმიდან აშკარად ჩანს, რომ გარყვნილ ექიმს თავისი „ერთგული“ კოლეგებისგან შედგენილი სამედიცინო დასკვნა დაეხმარა – სამედიცინო ექსპერტიზით დადასტურდა, რომ გოგონას მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, მაგრამ, არა სექსუალური ხასიათის. ამიტომ, ედვინ ს-ს მხოლოდ სხეულის დაზიანებისთვის აგებინეს პასუხი.
აქვე უნდა ითქვას, რომ, საქმის ასე დასრულებაში, ალბათ, დიდი წვლილი ბავშვის მშობლებსაც მიუძღვით: არაოფიციალური ვერსიით, მათ დამნაშავის ოჯახისგან გარკვეული რაოდენობის თანხა აიღეს და ექიმი მძიმე სასჯელს აარიდეს.
დამტკიცებული მამათმავლობისთვის მიღებული სასჯელი
როგორც ირკვევა, უმუშევრად დარჩენილი ედვინ ს. ხშირად აკითხავდა საეჭვო ბარებსა და პარკებს. მართალია, აღარც სამსახური ჰქონდა და აღარც ლიცენზია, მაგრამ, ის იმდენად კვალიფიციური ექიმი იყო, რომ, ყველაფრის მიუხედავად, პაციენტები მაინც ჰყავდა და, შესაბამისად, ფული საკმარისი ჰქონდა...
ედვინ ს-მ მიკა სწორედ ერთ-ერთ ბარში გაიცნო. ისინი ერთმანეთს ადვილად დაუახლოვდნენ და „ახლო ურთიერთობაც” მალე გააბეს. როგორც თავად განსასჯელი აცხადებს, ბიჭი სილამაზით ყველასგან გამოირჩეოდა.
დაზარალებულის დედა ჩვენებაში წერს, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში ეხვეწებოდა შვილს, მასთან ამერიკაში წასულიყო, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა:
„მიკას საქციელით გაოგნებული ვიყავი. წლების განმავლობაში ის თავად მთხოვდა ამერიკაში წაყვანას, მაგრამ, როდესაც ამის შანსი მიეცა, მოულოდნელად უარი განაცხადა. მისი წაყვანა მანამდე არ შემეძლო, რადგან არასრულწლოვანი იყო. ვინაიდან ქმართან გაყრილი ვარ, ქვეყნის გარეთ ბავშვის გაყვანაზე მამის თანხმობა იყო საჭირო, რაზეც ჩემი ყოფილი ქმარი უარს ამბობდა. მასზე ძალიან ვბრაზობდი, რადგან, არც მატანდა ერთადერთ შვილს და არც თავად პატრონობდა. მიკა დედაჩემთან იზრდებოდა, მაგრამ, ბავშვისთვის არც მას ეცალა.
ყველაფერში დამნაშავე მე ვარ. სათანადო ყურადღება რომ მიმექცია, ასეთ წრეში არ მოხვდებოდა,” – განაცხადა მიკას დედამ, რომელიც ჩვენებაში ხაზს უსვამს, რომ შვილი ამერიკიდან სამკაულების გამოგზავნას სთხოვდა: „მეგონა, გოგონებისთვის საჩუქრად სჭირდებოდა, მაგრამ, მის ფოტოებს რომ ვნახულობდი, მიკვირდა, რომ სამკაულები თავად ეკეთა, რაც ძალიან არ მომწონდა. ამის შესახებ ვუთხარი კიდეც, მაგრამ, მიკა გამეხუმრა – ამდენი წელია, ამერიკაში ცხოვრობ და სამკაულები გიკვირსო?!“
რაც შეეხება მიკას მამას, მან სასამართლოს განუმარტა, რომ შვილთან სწორედ მისი „ქალური გადახრების” გამო ვერ მეგობრობდა: ვხვდებოდი, რომ მიკა ძალიან უცნაური იყო და ასეთივე უცნაური სამეგობრო წრე ჰყავდა. ამიტომ, მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და ურთიერთობა გავწყვიტე.
მიზეზს, თუ რატომ არ აძლევდა ყოფილ ცოლს ბავშვის ამერიკაში წაყვანის უფლებას, მამა ასე ხსნის: „არ მინდოდა, ჩემი შვილი „ცისფერი” გამხდარიყო. მეგონა, საქართველოში თუ იქნებოდა, ასეთ რამეს ვერ გაბედავდა, იქ კი ხელს არაფერი შეუშლიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაკეთება არც აქ გასჭირვებია. რაც მოხდა, ყველაფერი დედამისისა და ჩემი ყოფილი სიდედრის ბრალია – ბავშვს გოგოსავით ზრდიდნენ. მათი სახლიდან ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც გახდა...” – აცხადებს მიკა ნ-ს მამა.
საბოლოოდ დადგინდა, რომ მიკა განსხვავებული ორიენტაციის ახალგაზრდა იყო და ამაში ცუდს თავად ვერაფერს ხედავდა. მისი თქმით, მართალია, ექიმი დაასმინა, მაგრამ მხოლოდ ეჭვიანობის გამო მოიქცა ასე, ქურდობა კი სპეციალურად დააბრალა. ბოლოს მიკა ნ. ექიმის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდა, მაგრამ, გვიან იყო – არასრულწლოვანთან ურთიერთობა ავტომატურად ნიშნავდა ედვინ ს-ს დანაშაულს, თანაც, თვითმხილველმა მოწმემ უტყუარად დაადასტურა, რომ მათ ერთად ყოფნისას შეუსწრო...