კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოამზეურეს მილიციის ყოფილმა ოპერებმა საბჭოთა ნარკომაფიის ბოსები

პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გაქცევა
სვერდლოვსკის ¹3 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში დილის შემოწმების შემდეგ, ზუსტად 9 საათსა და 20 წუთზე განგაში ატყდა. მთელი ადმინისტრაცია ფეხზე დადგა და ორი პატიმრის ინტენსიურ ძებნას შეუდგნენ, რომლებიც ვერსად აღმოაჩინეს...
სანამ ბადრაგი, ოპერატიული სამსახური და სამხედროები 32 წლის მერაბ გოგოლაძესა და 35 წლის კირილ ვლასოვს ეძებდნენ, ისინი უკვე სატვირთო მატარებელში ისხდნენ, ქვეყნის ევროპული ნაწილისკენ მიემართებოდნენ და ძებნის სახიფათო ზონას გამცდარი იყვნენ.
ურალის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი საპყრობილე, სადაც 400 ადამიანი იხდიდა სასჯელს, დაბალი და საშუალო რანგის ძალოვნებისთვის იყო განკუთვნილი და ძირითადად, იქ ყოფილი მილიციელები ისხდნენ. სწორედ მილიციის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ კაპიტნები: მერაბ გოგოლაძე და კირილ ვლასოვი. მერაბი თბილისის მილიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებროს ოპერი იყო, ხოლო მისი კოლეგა, კირილ ვლასოვი „მურში“ მუშაობდა იმავე თანამდებობაზე. მერაბს და კირილს 8-8 წელი ჰქონდათ მისჯილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რამაც „ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე მოშლა გამოიწვია ხანგრძლივი დროით“. სინამდვილეში კი მერაბიც და კირილიც უაღრესად პატიოსნები იყვნენ და კოლეგებმა ისინი თავიდან მოიშორეს.
რუსი და ქართველი კაპიტანი პატიმრობის პირველივე დღეებიდან დამეგობრდნენ და მაშინვე გადაწყვიტეს კოლონიიდან გაქცევა. საამისოდ კი ოთხმოცმეტრიანი გვირაბი გათხარეს, რასაც თვრამეტი თვე მოანდომეს. მხოლოდ ორნი მუშაობდნენ და თავიანთი ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელეს.
ნასყიდოვის საქმე
40 წლის ზორო ნასყიდოვი ცნობილი თბილისელი ნარკოვაჭარი იყო და საქართველოს დედაქალაქის ყველა ნარკომანი კარგად იცნობდა. ზორო ვაკეში, პარტიულ მაღალჩინოსანთა ელიტურ სახლში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან ძვირად ღირებული და იმპორტული ეცვა, სამოსი ვერც მის მდაბიურ გარეგნობას ფარავდა და მით უმეტეს, ინტელექტის დეფიციტს. ნასყიდოვს სულ რაღაც ექვსი კლასის განათლება ჰქონდა. კითხვა უჭირდა, არც გამართული წერა ეხერხებოდა და მხოლოდ ფულის ანგარიში არ ეშლებოდა, რომელიც უამრავი ჰქონდა ნარკოტიკების გასაღებით ნაშოვნი.
ცნობილ ნარკოვაჭარს არალეგალური სავაჭრო პუნქტი მეიდანში, ეგრეთ წოდებული მექისეების ეზოში ჰქონდა. სწორედ იქ ჰყიდდა ის ძირითადად ეგრეთ წოდებულ „შავს“. მისი სახლის წინ კი მუდმივად მილიციის ოთხი თანამშრომელი მორიგეობდა, რომლებიც, ფაქტობრივად, იცავდნენ ნასყიდოვს და ნარკოვაჭრის შეწუხების უფლებას არავის აძლევდნენ.
მაისის ერთ საღამოს ნასყიდოვისგან ნაყიდი წამლის გადამეტებული დოზით 17 წლის პავლე კიღურაძე გარდაიცვალა. არასრულწლოვანი ჭაბუკი სკოლას ამთავრებდა და გამოსაშვები გამოცდები ჰქონდა. შემდეგ უცხო ენების ინსტიტუტში აპირებდა ჩაბარებას. პავლე კიღურაძე, გივი კიღურაძის ერთადერთი ვაჟი იყო. სამ უცხოურ ენას სრულყოფილად ფლობდა, უნიჭიერესი ბავშვი გახლდათ და კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ. გივი კიღურაძე და მისი მეუღლე – ანა, ცნობილი ქართველი ექიმები იყვნენ და კაპიტან მერაბ გოგოლაძის კარის მეზობლად ცხოვრობდნენ. მერაბი გივის ხელში იყო გაზრდილი, ისევე, როგორც – პავლე მერაბის ხელში. პატარა პავლიკა მერაბს უმცროსი ძმასავით უყვარდა და მისმა გარდაცვალებამ მილიციის კაპიტანი შოკში ჩააგდო.
– პავლეს სულს ვფიცავ, გივი ძია, რომ სასტიკად დავსჯი მათ, ვინც პავლიკა ასეთ გზაზე დააყენა, – უთხრა მერაბ გოგოლაძემ გივი კიღურაძეს, როცა პავლე დაკრძალეს და მერაბი გივისთან ნუგეშის საცემად მივიდა.
– აი, ჩემო კარგო, ჩემი პავლიკას დღიურები. ის აქ მნიშვნელოვან ჩანაწერებს აკეთებდა და იქნებ შენს ძიებაში დაგეხმაროს.
მერაბმა ღამე გაათია პავლე კიღურაძის დღიურების კითხვაში და დაადგინა, რომ პავლეს ვინმე შიშო აივაზოვმა დააწყებინა წამლის კეთება. შიშო კი ზორო ნასყიდოვის დისშვილი იყო, ბიძამისს ნარკობიზნესში ეხმარებოდა და ახალგაზრდებს ანარკომანებდა – რომ, ბიძამისს კლიენტები არ მოჰკლებოდა, ნარკომანები ადვილად ემართათ და მათგან სარგებელი მიეღოთ. საინტერესო იყო ისიც, რომ არც ზორო ნასყიდოვი ეკარებოდა წამალს და არც შიშო აივაზოვი. ისინი ამბობდნენ, რომ წამალი უნებისყოფო, სუსტი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ ხალხად კი მათ ქართველები მიაჩნდათ. ოცნებობდნენ, მთელი საქართველო გაენარკომანებინათ და საქართველოში ნარკოსაქმიანობა აეყვავებინათ. ყველაფერი ეს მერაბმა პავლიკას დღიურებში ამოიკითხა და გადაწყვიტა, სასწრაფოდ, მოულოდნელად და დამოუკიდებლად ემოქმედა. ამიტომ, მერაბ გოგოლაძე ჯერ შიშო აივაზოვს დაადგა თავზე სახლში. ცოტა წამოარტყა და ბიძამისის წინააღმდეგ ჩვენება დააწერინა. შემდეგ თავად ზორო ნასყიდოვს ეწვია ვაკეში. რადგან იცოდა, რომ ოთხი მილიციელი მას დღედაღამ სდარაჯობდა, სახლში მეზობელი ეზოს სახურავიდან გადაძვრა, ბინის კარი შეამტვრია და სახლიდან ერთი კილო და ორასი გრამი, ეგრეთ წოდებული, „შავის“ ჩეკები წამოიღო. თან, ხელბორკილდადებული ნასყიდოვიც გამოათრია და როცა მას შეიარაღებული მილიციელები გადაუდგნენ წინ, ორი მათგანი მსუბუქად დაჭრა, ორი კი გაიქცა. ნასყიდოვი და შიშო აივაზოვი მერაბმა თბილისის მილიციის სამმართველოში მიათრია ფაქტებიანად და მორიგეს ყველაფერი გააფორმებინა. შემდეგ დაკავებულების ჩვენებები და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით „შავი“ სამმართველოს უფროსს მიუტანა კაბინეტში და მოახსენა:
– აი, ამხანაგო პოლკოვნიკო, ყველაფერი კანონის ფარგლებშია. საქმე აღძრულია, ფაქტები ჩამორთმეული და ვფიქრობ, ამ ნაძირლებს სასამართლო საკადრის სასჯელს მიაგებს...
სამმართველოს უფროსმა გოგოლაძე უკომენტაროდ გამოისტუმრა კაბინეტიდან. ორი საათის შემდეგ კი დაკავებული ნარკოვაჭრები სახლში გაუშვეს. შუაღამისას მერაბი სამსახურში გამოიძახეს, სამმართველოს უფროსის კაბინეტში დაიბარეს, განაიარაღეს და დააპატიმრეს. ორი კვირის მერე კი მერაბი გაასამართლეს და კოლეგების დაჭრისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ნარკომაფია
მიუხედავად იმისა, რომ ზორო ნასყიდოვი იატაკქვეშა მილიონერი იყო და ფულის წყალობით საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა გარკვეულ წრეებში, ის მაინც პაიკი იყო დიდ თამაშში, თამაშში, რომელსაც კავკასიური ნარკომაფია ერქვა. ამ მონსტრების თავი, საბოლოო ჯამში, მოსკოვში იმყოფებოდა და საკავშირო მასშტაბით მოქმედებდა – ყველაფერს ის განაგებდა, ხოლო მისი კავკასიური ფილიალის ცენტრალური შტაბ-ბინა თბილისში იყო და მას მილიციის პოლკოვნიკი, გიზო მონაძე ხელმძღვანელობდა. სწორედ მონაძის მითითებით გაათავისუფლეს ნასყიდოვი და აივაზოვი, მერაბ გოგოლაძე კი გააციმბირეს...
– მოკლედ, ასე ვქნათ, ჩემო მერაბ, ვიტაცებთ ნასყიდოვს. შემდეგ მას „ვაკაჩავებთ“, ვიგებთ მათ სქემას და ყველაფრის დადგენის მერე, მზამზარეულ საქმეს ვაგზავნით „კაგებეში“, ისინი მიხედავენ ყველაფერს, – უთხრა კირილ ვლასოვმა მერაბ გოგოლაძეს, როდესაც გაქცეული კაპიტნები თბილისში ჩამოვიდნენ და ვერაზე, გენო კაკაბაძის საკუთარ სახლში დასახლდნენ.
გენო კაკაბაძე მერაბის კურსელი იყო... თუმცა, მილიციაში მუშაობას პედაგოგობა არჩია და თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობდა.
მერაბმა და კირილმა ოპერატიულად, საქმის პროფესიული ცოდნით დაიწყეს მოქმედება და ზორო ნასყიდოვი ისე გაიტაცეს მისი ვაკის სახლის სადარბაზოდან, კაციშვილმა თვალიც კი ვერ შეავლო. მათ ნარკობარონი მიტოვებული ავტოსახელოსნოს სარდაფში ჩაათრიეს და ნარკომაფიის ყველა, მისთვის ცნობილი წევრის ვინაობა დააფქვევინეს, რომელიც პოლკოვნიკ გიზო მონაძით გვირგვინდებოდა. ასეთი სულ თერთმეტი ადამიანი იყო.
გაქცეულმა ოპერებმა ნასყიდოვის მონათხრობი კინოფირზეც გადაიღეს. ნარკომოვაჭრე კი დროებით გენო კაკაბაძის წყნეთის აგარაკის სარდაფში გამოამწყვდიეს. თვითონ კი მონაძის ასაყვანად გაემართნენ. წასვლის წინ გაფითრებულმა ნასყიდოვმა მერაბს და კირილეს უთხრა:
– სასიკვდილო საქმეა. თავსაც დაიღუპავთ და უამრავ ხალხსაც დაღუპავთ.
– წადი შენი ბოზი, ბარიგა დედაც... – შეაგინა მერაბმა ნასყიდოვს, ყბაში მუშტი ამოჰკრა და გათიშა...
გიზო მონაძე სულ რაღაც ოთხიოდე საათის შემდეგ ერთ მიტოვებულ სახელოსნოში მიათრიეს და საკავშირო ნარკობიზნესის ბობოლა მფარველების ვინაობა ათქმევინეს. ყველაფერი კინოფირზე ჩაწერეს. შემდეგ პოლკოვნიკიც ნასყიდოვს მიუსვეს გვერდით. გეგმის მეორე ნაწილის განსახორციელებლად კირილი მოსკოვში არალეგალურად გაემგზავრა.
სკანდალური ტელეგადაცემა
მოსკოვში კირილ ვლასოვმა კინოფირები წაიღო და ერთ-ერთ ნაცნობს ასლები გააკეთებინა. შემდეგ ერთი ასლი პუშკინის სკვერში დატოვა და „კაგებეს“ შეატყობინა, რომ აეღოთ. მეორე ასლი კი ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტს, პიტერ ჰარისონს გადასცა. შემდეგ დედნები კვლავ თბილისში ჩამოიტანა და საიმედოდ გადამალა.
როგორც „კაგებეში“, ასევე, ერთ-ერთ ამერიკულ ტელეკომპანიაში, ნანახი ფილმებით შოკირებულები იყვნენ. „კაგებე“, როგორც ფილმში დასახელებული პიროვნებების, ასევე, გაქცეული მილიციელების ძებნასაც შეუდგა. ამერიკულმა ტელეარხმა კი საბჭოთა ნარკომაფიაზე სამსაათიანი გადაცემა მოამზადა, რაც ძალიან სკანდალური გამოდგა და მილიარდმა ადამიანმა ნახა მთელ მსოფლიოში.
როდესაც ყველაფერი ბრეჟნევს მოახსენეს, მაშინ ჯერ კიდევ ჯანზე მყოფმა ლეონიდ ილიჩმა უმკაცრესი ბრძანება გასცა:
– ნარკოსპეკულანტების მიმართ ყველაზე მკაცრი ზომები მიიღეთ, ხოლო ამ ამბის გამომმზეურებლები ან ცოცხლები მომგვარეთ, ან მკვდრებიო.
ფირზე ასახულ აღიარებით ჩვენებებში დასახელებული ჩვიდმეტი ადამიანიდან ათი „კაგებემ“ დააპატიმრა, შვიდმა კი თავი მოიკლა. მათ შორის იყო მილიციის პოლკოვნიკი გიზო მონაძე...
სისხლიანი სპეცოპერაცია
გოგოლაძისა და ვლასოვის ძებნაში საბჭოთა უშიშროების საუკეთესო კადრები ჩაერთნენ, თუმცა, კარგა ხნის განმავლობაში  ვერც მათ შეძლეს ყოფილი ოპერების აღმოჩენა. „კაგებეს“ ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახე ჰქონდა დაგებული. საბოლოოდ, მათმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ძებნილებს დუშეთის რაიონის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში მიაგნეს და აყვანის ოპერაცია დაიწყეს.
საქმეში ოთხი ვერტმფრენი და მოსკოვიდან სპეციალურად ჩამოყვანილი სპეცჯგუფი „ალფა“ იყო ჩართული. მათ ალყაში მოქცეულ ყოფილ ოპერებს ჯერ დანებება უბრძანეს და შემდეგ ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. სულ მალე, ორივე კაპიტანი მძიმედ დაჭრილი და გასისხლიანებულები გამოათრიეს შენობიდან, თბილისში ჩაიყვანეს და გადაუდებელი ოპერაციები გაუკეთეს.
ექიმების ძალისხმევამ დადებითი შედეგი გამოიღო, ორივე ოპერი გადაარჩინეს და „კაგებეს“ სპეციალურ ლაზარეთში გაამწესეს. იქ მათ თითქმის ერთი წელი დაჰყვეს. როცა გაქცეული კაპიტნები გამოჯანმრთელდნენ, მათ სასამართლო მოუწყვეს და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს...
P. S. მერაბ გოგოლაძემ და კირილ ვლასოვმა ხანგრძლივი, მოწამეობრივი ცხოვრება განვლეს და ისინი ციხის გარდა, 5-5 წელი ყაზანის ფსიქიატრიულ კლინიკაში იყვნენ გამომწყვდეულნი. ჯალათი ექიმი-ფსიქიატრები მათზე ჯოჯოხეთურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ...
დღესდღეობით მერაბი ცოცხალია და თბილისში ცხოვრობს ცოლ-შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. კირილ ვლასოვი კი ბერია და ციმბირის ერთ-ერთ მამათა მონასტერში მოღვაწეობს...

скачать dle 11.3