სად ჩაუსაფრდა სოფო ჯაჯანაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს და როგორ განაგრძო მან ცნობილი ემიგრანტი ბაბუის გზა სორბონაში
უკვე ერთი წელია, სოფო ჯაჯანაშვილი სორბონის უნივერსიტეტში კომუნიკაციებს სწავლობს და პარიზში ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას იკვლევს. ამ წრეს ის ბავშვობიდან შეერწყა – ცნობილი ემიგრანტის მიხეილ ქავთარაძის შვილიშვილი ქართული ემიგრაციის ბუდეში პირველად მაშინ მოხვდა. წლების შემდეგ, სოფოს დამოკიდებულება პარიზისა და ცნობილი წინაპრების მიმართ უკვე განსხვავებულია – ახლა თვითონაც ემიგრანტის რთულ, მაგრამ, საინტერესო გზას გადის, რომლის შესახებაც თავად გიამბობთ.
სოფო ჯაჯანაშვილი: ქართული ემიგრაციის ბუდეში, ლევილში, ძალიან პატარა ასაკში მოვხვდი – 4 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წამიყვანეს საფრანგეთში და სკოლაშიც კი იქ ვსწავლობდი ერთხანს. ბაბუაჩემი, მიხეილ ქავთარაძე, ქართული ემიგრაციის პირველი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, ის ლევილში ცხოვრობდა. მე ძალიან მიყვარდა ლევილში ჩასვლა – ზეპირად ვიცოდი ყველა კუთხე-კუნჭული, ვინ სად იყო დასაფლავებული. საქართველოში მძაფრი ემოციებით ვბრუნდებოდი ხოლმე. ვერც აღვწერ, როგორი შთაბეჭდილება მქონდა მაშინ საფრანგეთზე, როგორ მომწონდა ის გარემო და წრე, სადაც მე ვხვდებოდი – როგორც უფროსები, ასევე, მათი შთამომავლები. ბაბუა საფრანგეთში 1927 წელს წავიდა. როცა ბოლშევიკებმა მისი ოჯახი განაკულაკეს, ის 21 წლის იყო. სასწავლებლად წავიდა სორბონაში, მაგრამ დაოჯახდა გერმანელ-ფრანგ ქალზე და საცხოვრებლად იქ დარჩა. ბაბუას ისტორია ჩვეულებრივი ემიგრანტის ტიპური ცხოვრება იყო – ის მუშაობდა მაწვნის ქარხანაში და ინდოეთის საელჩოშო ტაქსის მძღოლად. შემდეგ მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, იბრძოდა გერმანელების მხარეზე, რადგან, ემიგრანტებს მიაჩნდათ, რომ ეს იყო საქართველოს რუსეთისგან გათავისუფლებისა და გამოხსნის ერთადერთი გზა. ბაბუა 30 წლის განმავლობაში გამოსცემდა ჟურნალ „ივერიას” ელისე პატარიძესთან ერთად. პატარა ვიყავი, მაგრამ, მახსოვს, როგორ აწყობდნენ ბაბუა და მისი მეგობრები ჟურნალს. ბაბუას სტამბა სახლში ჰქონდა, მაშინ არ იყო კომპიუტერები და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ წერდნენ ისინი სტატიებს და შემდეგ როგორ იქცეოდა ეს სტატიები იმ პერიოდისთვის ყველაზე პოპულარულ გამოცემად. 2003 წელს ბაბუა დაბრუნდა საქართველოში, ის 101 წლის გარდაიცვალა. ეს იყო მისი საბოლოო დაბრუნება სამშობლოში. მახსოვს, სულ მეუბნებოდა: დიდი ხნით არ წახვიდე საფრანგეთში, იმიტომ რომ, ეს შენი სამშობლო არ იქნება და ყოველთვის მაინც უცხოდ იგრძნობ თავსო.
– გასულ წელს სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდი და საცხოვრებლად პარიზში გადახვედი. ბაბუას „ანდერძი” დაივიწყე?
– არა, მე დროებით ვარ წასული. სორბონაში სწავლა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა, იქ, ალბათ, ბაბუას კვალმაც ჩამიყვანა (იცინის). გასულ წელს გავგზავნე აპლიკაცია და ჩავაბარე სორბონის უნივერსიტეტის კომუნიკაციის ფაკულტეტზე. ჩავედი ჩემი ჩემოდნით ისე, რომ, არც კი ვიცოდი, სად და როგორ უნდა გაგრძელებულიყო ჩემი ცხოვრება. თავიდან იყო კულტურული შოკი, რომელსაც მერე მივეჩვიე. პარიზი ძალიან მიყვარს, მაგრამ, მაინც რთულია იქ ცხოვრება, რაც ბაბუას თქმის არ იყოს, შენი მაინც არ არის (იცინის). უცხოელებისთვის სწავლის გაგრძელება საფრანგეთში უფრო იოლია, ვიდრე ევროპის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ბოლო კვლევების მიხედვით, საფრანგეთი ევროპაში უცხოელი სტუდენტების რაოდენობით პირველ ადგილზეა. აქ სწავლის ღირებულება არ არის მაღალი, მაგრამ, სწავლაა ძალიან რთული. იმდენად დიდი იყო ჩემი მოტივაცია, მესწავლა ევროპაში, რომ, როგორც ყველა ახალჩასულმა, მეც რთული გზა გავიარე: თან ვსწავლობდი, თან გუვერნანტად ვმუშაობდი, ოთხ ბავშვს ვუვლიდი, რომ გამომემუშავებინა ყოფითი საკითხების მოსაგვარებელი თანხა. დღეს უკვე ვმუშაობ და უკან დარჩა ის ბარიერები, რაც თავიდან მქონდა. ახლა სხვა განცდით დავბრუნდი ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებში. დღეს ლევილი სხვანაირია: ბალახითაა დაფარული ის საფლავები, სადაც პატარაობისას დავრბოდი, გადაშლილია წარწერები მემორიალურ ქვებზეც. აღარც შატოა ადამიანებით ისეთი სავსე, როგორც ადრე; სოციალ-დემოკრატებისა და ეროვნულ-დემოკრატების მუდმივი დაპირისპირების ადგილიც თითქმის დაცარიელებულია, თუმცა, ყველა ის კვალი, რომელიც ლევილშია დარჩენილი, ცხადყოფს იმას, თუ როგორ ცხოვრობდა ის ხალხი, ვინც სამშობლოდან წავიდა. შატოს ეზოში დღემდე დგას საქართველოდან წაღებული ტყემალი, საფრანგეთში ასეთ ტყემალს ვერსად ვერ ნახავთ. ის ისეთ გემრიელ ნაყოფს ისხამს, გგონია რომ საქართველოში ხარ და აქაურ ტყემალს მიირთმევ (იცინის).
– როგორც ვიცი, შენ დღესაც ხშირი ურთიერთობა გაქვს ქართველ ემიგრანტებთან. მოგვიყევი მათი ცხოვრების შესახებ.
– მე თითქმის ყოველ კვირას ვხვდები სხვადასხვა თაობის ქართველ ემიგრანტებს, მარტო პარიზში დაახლოებით 15 ათასი ქართველი ცხოვრობს. ძველი თაობიდან ძალიან ცოტაა დარჩენილი, ისინიც 100 წელს არიან მიტანებული და, სამწუხაროდ, მეხსიერება არ აძლევთ საშუალებას, წარსული კარგად გაიხსენონ. ახალი თაობის ემიგრანტებს შორის ბევრმა დიდ წარმატებებს მიაღწია ევროპაში. დღეს უკვე პროფესიულადაც ვუდგები ემიგრანტების ცხოვრებას – როგორც ჟურნალისტს, ყველა დეტალი მაინტერესებს. რამდენჯერმე ვნახე ცნობილი ქართველი რეჟისორი ოთარ იოსელიანი. პარიზში გავიცანი ნიჭიერი მხატვარი ენრი მაჭავარიანი, ის ქართული ემიგრაციის პირველი თაობის შთამომავალია; ასევე, ოპერის მომღერალი ნონა ჯავახიძე, რომელიც მსოფლიოს ყველა ცნობილ საოპერო სცენაზე მღერის. 15 წელია პარიზში ცხოვრობს მწერალი და დრამატურგი პაატა ქურდაძე, ის ძალიან საინტერესო ადამიანია, ბოლო პერიოდში გააკეთა ვიდეობლოკი თბილისისა და პარიზის განსხვავებებსა და საერთო შტრიხებზე. ეს ადამიანები უკვე დაფუძნებულები არიან საფრანგეთში და, წლებია, არ ყოფილან საქართველოში, თუმცა, მათი განცდები სამშობლოს მიმართ ძალიან მძაფრი და შთამბეჭდავია.
– სოფო, შენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ფრანგული პოლიტიკის კულისებშიც მოგიწია შეხედვა. როგორია ეს კულისები, აქვს საერთო რამე ქართულ პოლიტიკურ პერიპეტიებთან?
– საპრეზიდენტო არჩევნების დროს მე გავიარე სტაჟირება პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ბეირუს საარჩევნო შტაბში. თავისი პოლიტიკური იდეოლოგიის მიხედვით, ის იყო ცენტრისტი კანდიდატი და მონაწილეობას იღებდა წინა საპრეზიდენტო არჩევნებშიც – როცა სარკოზი პრეზიდენტი გახდა, მაშინ ბეირუ მესამე ადგილზე გავიდა. ჩემი ინტერესის საგანი იყო ნაკლები შანსების მქონე კანდიდატის შესაძლებლობები საარჩევნო კომუნიკაციის თვალსაზრისით. საბედნიეროდ, მომეცა საშუალება, მქონოდა ურთიერთობა უცხოელ ჟურნალისტებთან, რომლებიც საარჩევნო შტაბის პრესსამსახურთან თანამშრომლობდნენ. ეს იყო ძალიან საინტერესო არჩევნები – არჩევნები, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატებმა სოციალური ქსელების აქტიური ჩარევითაც მოიგეს. პარიზული პრესა წერდა, რომ ფრანსუა ოლანდმა გამარჯვება სოციალური ქსელების დახმარებით მოიპოვა. სწორედ ამ თემაზე დავწერე დისერტაცია: „სოციალური ქსელები და პოლიტიკური პარტიები საფრანგეთში”. მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, ითვლება, რომ ობამაც „ფეისბუქის“ პრეზიდენტი გახდა, იმდენად დიდი იყო ამ სოციალური ქსელის მნიშვნელობა მის საარჩევნო კამპანიაში. ახლაც, როგორც ნიკოლა სარკოზის, ასევე, ფრანსუა ოლანდს, დაქირავებული ჰქონდათ ყველაზე ცნობილი ფიარ-სააგენტოები, რომლებსაც ძალიან დიდი აქცენტი აქვთ გაკეთებული სოციალურ ქსელებზე. მე ამ სააგენტოებთან მუშაობის გამოცდილებაც მაქვს 2008 წლიდან, როცა პირველი სტაჟირება გავიარე კომუნიკაციების სფეროში. ფრანგები ისე აქტიურად არ არიან ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენ, ქართველები; იქ, ჩვენგან განსხვავებით, იციან მხოლოდ პრეზიდენტი და არა მინისტრის მოადგილე ან მაჟორიტარი დეპუტატი (იცინის). საინტერესოა საარჩევნო კამპანიის „თამაშის წესები,” რაც მე კულისებიდან დავინახე. მე ვნახე, როგორ შეიძლება აღიაროს დამარცხებულმა დამარცხება. კიდევ იყო ბევრი უცნაური შტრიხი, მაგალითად, ჩვენს შტაბში მუშაობდა ქალბატონი, რომელიც არ მალავდა, რომ პარალელურად ჩვენი კონკურენტი კანდიდატის შტაბშიც მუშაობდა, რაც ჩვენთან გამორიცხულია, რომ ოფიციალურად მოხდეს, თორემ, კომპრომატებით ბრძოლა იქაცაა სარჩევნო შტაბებში (იცინის). საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენ, უცხოელ ჟურნალისტებს, მოგვიწია მთელი ღამით „ჩასაფრება” გამარჯვებული კანდიდატის სახლთან, რომ მას პატივი დაედო და ერთხელ მაინც დაექნია ხელი ჩვენთვის. ძალიან შთამბეჭდავი იყო პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელსაც მე დავესწარი ჟურნალისტის ამპლუაში. სხვადასხვა ღონისძიების ფონზე, ერთი შეხედვით, თითქოს დიდი არაფერია, როგორ ტოვებს საპრეზიდენტო სასახლეს წინა პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად და როგორ უთმობს ადგილს ახალ პრეზიდენტსა და მის ოჯახს, მაგრამ, ეს იმდენად შთამბეჭდავი რიტუალის სახით იყო გაკეთებული, უემოციოდ ვერ უყურებდი. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ელისეს სასახლე, სადაც ძალიან რთულია მოხვედრა. ეს არის ყველა ტურისტისა და თვით ფრანგების ოცნება. ამ სასახლეში მოვხვდი ორჯერ: ერთხელ – პუტინისა და ოლანდის შეხვედრის პრესკონფერენციაზე, მეორედ კი – ბასტილიის აღების დღეს, როცა, ტრადიციულად, წელიწადში მხოლოდ ერთხელ იხსნება ელისეს სასახლის ეზო. მე, რა თქმა უნდა, ვერ მოვხვდი, პრეზიდენტების საცხოვრებელ ფლიგელში, რომელიც განსაკუთრებულადაა დაცული, მაგრამ, ელისეს სასახლის მოოქრული დარბაზებისა და იმ საოცარი სამყაროს შეგრძნება მაინც შევძელი (იცინის).