კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოველ საღამოს მიირთვით შავი ქლიავი და იძინეთ მშვიდად


ქლიავი ძალიან სასარგებლო ხილია. მისი მთავარი სამკურნალო და სასარგებლო ღირებულება ამ ტკბილი ხილის რბილობში შემავალი პექტინია. ის ადამიანის ნაწლავებში ლპობის პროცესს აბრკოლებს და სამრეწველო საწარმოთა გამონაბოლქვს, ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ სიცოცხლისთვის საშიშ ლითონებს უვნებელყოფს. ამიტომ, ვინც დაბინძურებულ ჰაერს ყლაპავს, მაგალითად, დიდ  ქალაქში მცხოვრებმა ადამიანმა, ქლიავი აუცილებლად და ხშირად უნდა ჭამოს.
ქლიავის ნაყოფის უჯრედისი ნაწლავების პერისტალტიკას აძლიერებს. ამიტომ, ის სასარგებლოა მათთვისაც, ვინც ნაკლებად მოძრაობს და მჯდომარე ცხოვრების წესი აქვს. ამ დროს შავი ქლიავის ჭამა ყველაზე მარგებელია.
შავი ქლიავი კუჭ-ნაწლავის მუშაობაშიც გვეხმარება. საღამოს მიირთვით 10 ცალი ტკბილი, შავი ქლიავი და იძინეთ მშვიდად.
 
ატამს სასწაულმოქმედი თვისებები აქვს
ატმის ნაყოფს, მართლაც რომ სასწაულმოქმედი თვისებები აქვს. კერძოდ, ეს წვნიანი, არომატული და გემრიელი ხილი აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აჩერებს უჯრედებში სითხეს, რითაც ხელს უშლის მათ დაბერებას, ასევე, ანელებს მავნე მიკროორგანიზმების აქტიურობას.
ატამი შეიცავს A და B ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს: მაგნიუმს, სელენსა და თუთიას, რომლებიც დადებითად მოქმედებს ადამიანის გუნება-განწყობაზე, ხსნის ნევროზსა და შიშის შეგრძნებას, არეგულირებს ძილს, კანს კი არაჩვეულებრივ შეფერილობას აძლევს.

 რევმატიზმისა და კუჭის შეკრულობის დროს ჭინჭრის ფოთლების ნახარში გიშველით
ჭინჭრის ფოთლებში არის ვიტამინები, კაროტინი და ქლოროფილი. ის გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან და სწორი ნაწლავიდან სისხლდენის დროს. ამისთვის საჭიროა, ჭინჭარი დანაყოთ და წვენი გამოწუროთ. 20 წვეთი ჭინჭრის წვენი ჩაასხით ერთ ყავის ჭიქა წყალში და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში 4-ჯერ.
ჭინჭრის ფოთლების ნაყენს აქვს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო თვისება. ის, ასევე, აუმჯობესებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას. რეკომენდებულია რევმატიზმის, ათეროსკლეროზის, ეგზემის, კუჭის შეკრულობის დროს. აგრეთვე, კარგია მისი ნახარშის გადავლება თმაზე თმის ცვენის ან ქერტლიანობის დროს.
ნაყენის მისაღებად, 4-5 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში გაცივებამდე.
თმის ცვენის შესაჩერებლად კი 100 გრამ წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ნახევარი ლიტრი ძმარი. ხარშეთ ნახევარ საათს ნელ ცეცხლზე და ამ ნახარშით საღამოს, საპნის გარეშე დაიბანეთ თმა.

გულის დაავადებებს ასკილის ნახარში და თაფლი შველის
  ადამიანის გულის კუნთები განუწყვეტლივ მუშაობს და დახარჯული ენერგიის სანაცვლოდ მას აუცილებლად ესაჭიროება გლუკოზა, რომელიც თაფლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია; ამიტომ, გულის დაავადებების დროს, აუცილებელია, ყოველდღიურ რაციონში ავადმყოფმა ჩართოს თაფლი, როგორც დიეტური და სასარგებლო საკვები.
   ასევე, მარგებელია ასკილისგან დამზადებული სასმელი, რომელიც არა მარტო გულს უხდება, არამედ იმუნურ სისტემაზეც დადებითად მოქმედებს და ადამიანის ორგანიზმს მეტად ამტანს ხდის ინფექციური დაავადებების მიმართ.
    ასკილის ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: ათ ცალ ასკილის ნაყოფს დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ, დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში. როცა ნახარში შეგრილდება, ნაყოფთან ერთად გადაიტანეთ მინის ჭურჭელში, დააფარეთ თავზე დოლბანდი და დადგით ბნელ და გრილ ადგილას. 8-10 საათის შემდეგ, ნახარში გადაწურეთ, ხოლო ნაყოფი კარგად გაწურეთ. მიღებულ ნახარშს დაუმატეთ 50 გრამი ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ.
    ეს ნახარში მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, ანუ სანამ C ვიტამინი დაიშლება.
   გაითვალისწინეთ, რომ მოზრდილმა ადამიანმა სასურველია, ეს სასმელი დღეში ორი ჭიქა დალიოს, ხოლო ბავშვმა კი – ერთი ჭიქა.

როგორ უნდა მოიქცეთ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობის დროს
 კუჭ-ნაწლავის ქრონიკული აშლილობისას გამოიყენეთ შემდეგნაირად მომზადებული ნაყენი: ორ-ორი ან სამ-სამი სუფრის კოვზი კრაზანა და ასისთავა წამოადუღეთ ერთ ლიტრ წყალში. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში. ეს ნაყენი არის კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის ნატურალური გამანეიტრალებელი. ასევე, მადის მომგვრელი და ნაღვლის გამომყოფი საშუალებაც.
არსებობს კიდევ ერთი უებარი რეცეპტიც, კერძოდ, ერთ სუფრის კოვზ ასისთავას დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათით თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის ერთი კურსისთვის დაგჭირდებათ 50 გრამი ასისთავა.
ასისთავა, ასევე, გამოიყენება კუჭის სიმძიმის, კუჭის წყლულისა და ანემიის დროს. აგრეთვე, ღვიძლის დაავადებისას, ნაღვლის არასაკმარისი სეკრეციის, დიაბეტის და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.
ასისთავა, ძნელად შესახორცებელი ჭრილობების დროს, გარედან მოსაბანად უებარი წამალ-ნაყენია. ამისთვის, ერთი ან ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ასისთავას ხმელი ბალახი, რომელიც აფთიაქებში უკვე ხელმისაწვდომია, ჩაყარეთ ორ ჭიქა ადუღებულ წყალში. თუ გაგიჭირდათ მისი დალევა, შეგიძლიათ, დაატკბოთ შაქრით ან თაფლით. მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ ასისთავას ყველა პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
საუზმეზე მიირთვით ხილი, სადილზე – ცილებით მდიდარი ბოსტნეულის წვნიანი, ვახშმად კი – ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებით მომზადებული საკვები
როცა ადამიანი შიმშილს იკლავს, არ ფიქრობს იმაზე, რას ან როგორ მიირთმევს. ცდილობს, ჭამოს, რაც შეიძლება გემრიელად. ნოყიერ ვახშამს კი აყოლებს კომპოტს, დესერტს, წვენს და ასე შემდეგ. შემდეგ კი ათასგვარი დიეტის მიუხედავად, უჩივის ჭარბ წონას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს.
აუცილებელია, იცოდეთ, როგორ შეუთავსოთ ერთმანეთს ხორცი, რძის ნაწარმი, ცხოველური და მცენარეული ცხიმი, პური, მაკარონი და ასე შემდეგ, რომ ორგანიზმს საკვების გადამუშავება და ათვისება არ გაუჭირდეს.
ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული და ხილი შეგიძლიათ, შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ, ხოლო დაკონსერვებულ და რაფინირებულ შაქრის შემცველ პროდუქტს უნდა მოერიდოთ. პროდუქტი ისე უნდა მოამზადოთ, რომ მოხარშვისა და შეწვის დროს, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ მასში არსებული სიცოცხლისთვის საჭირო და აუცილებელი კომპონენტები. თუ ამ წესებს დაიცავთ, მკვეთრად შეამცირებთ საჭმლის მონელებისთვის საჭირო ენერგიის დანახარჯს, შეინარჩუნებთ მჟავატუტოვან წონასწორობას და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს მუშაობისთვის ოპტიმალურ პირობებსაც შეუქმნით.
ნახშირწყლებითა და ცილებით მდიდარი საკვები, სასურველია, ერთდროულად არ მიიღოთ და მათ შორის ინტერვალი სულ მცირე, ოთხი-ხუთი საათი მაინც იყოს. მათი მონელებისთვის ორგანიზმს სხვადასხვა დრო და პირობები სჭირდება. ნახშირწყლების გადასამუშავებლად უფრო ნაკლები დროა საჭირო, ვიდრე ცილების დასაშლელად. ნახშირწყლების დაშლისთვის აუცილებელია ტუტე გარემო, ხოლო ცილებისთვის – მჟავა. თუ ერთდროულად მიირთმევთ საკვებს, რომელიც დიდი რაოდენობით ცილებსა და ნახშირწყლებს შეიცავს, ამ ნივთიერებებიდან რომელიმე არ შეიწოვება ან ცუდად გადამუშავდება. საკვების მოუნელებელი ნარჩენები კი, რომელიც მსხვილ ნაწლავში გროვდება, გარკვეულ პირობებში, შეიძლება, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ყაბზობის მიზეზიც კი გახდეს.
ცილებით მდიდარია: ხორცი, თევზი, უცხიმო რძის ნაწარმი, პარკოსნები, ნიგოზი; ხოლო, ნახშირწყლებით კი – პური, ფქვილი, მაკარონი, კარტოფილი, შაქარი და ასე შემდეგ.
განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური პროდუქტები, მაგალითად, როგორებიცაა: ცხოველური ცხიმი, ნაღების კარაქი, არაჟანი, ნაღები, ცხიმიანი ხაჭო, ყველი. მათში ცხიმიანობა 50 პროცენტზე მეტია. ასევე, ჩირი, მწვანილი, ახალი ხილი და ბოსტნეული.
ნეიტრალური პროდუქტების დამახასიათებელი თვისებაა ის, რომ უთავსდება როგორც ცილებით, ასევე, ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტს.
ასე რომ, საუზმეზე მიირთვით ხილი, ყველი, არაჟანი, ხორბლის პური, ნაღების კარაქი და ხაჭო.
სადილზე – ცილებით მდიდარი ბოსტნეულის წვნიანი, ხორცი, თევზი, დესერტად კი – ტკბილი ხილი.
ვახშმად – ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებით მომზადებული საკვები, რადგან მათ ადამიანის ორგანიზმი სწრაფად ითვისებს. კერძოდ, კარტოფილის ან სტაფილოს სალათა, მაკარონი ყველით, ტკბილი ხილი და სხვა.

როგორ ვებრძოლოთ შაქრიანი დიაბეტისა და მაღალი წნევის შესაძლო განვითარებას
დღეს გაცხიმოვნება განიხილება, როგორც დაავადება, რომელსაც აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ. ცხიმოვანი ქსოვილი არა მარტო კანქვეშ გროვდება, არამედ შინაგან ორგანოებსაც ეკვრის გარშემო და მათ მუშაობას აფერხებს.
ადამიანები, რომლებსაც გაცხიმოვნება აღენიშნებათ, ხშირად აწუხებთ გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. დაახლოებით, წონის ათი პროცენტით დაკლებისას კი, ზემოაღნიშნული დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.
გაცხიმოვნებას ნივთიერებათა ცვლის დარღვევა იწვევს. ამ დროს საკვებიდან მიღებული ცხიმი სათანადოდ არ გადამუშავდება და ორგანიზმში ლაგდება. ყველაზე ხშირად კი მაშინ იმატებს ადამიანი წონაში, როცა იმაზე მეტ კალორიას იღებს, ვიდრე ხარჯავს.
ასევე, არსებობს, ეგრეთ წოდებული, მეორადი გაცხიმოვნება. მასთან ჭარბი კალორიების მიღებას არანაირი კავშირი არ აქვს. მიზეზი ენდოკრინული დაავადებებია. ამიტომ, საჭიროა, სპეციალისტთან მისვლა, გამოკვლევების ჩატარება და იმის გარკვევა, თუ რა მდგომარეობაში გაქვთ ჰორმონები.
გაცხიმოვნებას მხოლოდ დიეტის დაცვით ვერ შეებრძოლებით. ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა ცხოვრების წესის შეცვლით უნდა დაიწყოთ. აუცილებელია ამ დროს ვარჯიში, სწორი კვების რეჟიმის დაცვა, დასვენება, ძილის მოწესრიგება და ასე შემდეგ.
დიეტა მაშინ არის გამართლებული, თუ ის სასიცოცხლოდ აუცილებელ ყველა ნივთიერებას შეიცავს, კერძოდ კი – ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს.

მინერალების ნაკლებობას პომიდვრის ჭამით შეივსებთ
პომიდორი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. ის იდეალურია ორგანიზმში მინერალების ნაკლებობის დროს.
პომიდორი შეიცავს კალიუმს, რომელიც სასარგებლოა გულისთვის და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნას. ასევე, შეიცავს მაგნიუმს, რკინას, რაც ანემიის პროფილაქტიკისთვისაა საჭირო, ასევე თუთიას, რომელიც კანის უჯრედების გამრავლებას, ჭრილობების შეხორცებას, თმის ზრდასა და მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს. მასში შემავალი ფოსფორი კი ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს.
პომიდორში დიდი რაოდენობითაა ორგანული მჟავა, რომელიც ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობისთვის სჭირდება. შეიცავს B1, B2, B3, B6, E და C ვიტამინებს. ეს ბოსტნეული ასევე შეიცავს ნივთიერება ლიკოინს – ორგანულ ნაერთს, რომელიც ნაყოფს წითელ შეფერილობას აძლევს. ის ძლიერი ნატურალური ანტიოქსიდანტია და ხელს უშლის საყლაპავის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების, სასქესო ორგანოების სიმსივნის განვითარებას. ასევე, ამცირებს სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკს. ლიკოინი ცხიმში ხსნადი ნივთიერებაა, ამიტომ, გირჩევთ. პომიდვრის გამოყენებას ზეთთან, არაჟანთან და ცხიმიან საკვებთან ერთად.
მწვანე პომიდვრის მწნილი მდიდარია კალიუმით, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა გულით დაავადებული ადამიანებისთვის.
პომიდორი არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კურნავს. მასში აღმოჩენილია, ეგრეთ წოდებული, „ბედნიერების ჰორმონად“ წოდებული სეროტონინი და თირამინი – ეს ის ორგანული ნივთიერებებია, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად გარდაიქმნება. ამის ხარჯზე, პომიდვრის ჭამის შემდეგ ადამიანს გუნება-განწყობა მკვეთრად უუმჯობესდება. სტრესულ სიტუაციებში კი მისი ჭამა ისე მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტული საშუალება.
პომიდვრის წვენის დალევა კარგია ნივთიერებათა და წყალმარილოვანი ცვლის დარღვევის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლის დროს. ასევე, პომიდვრის წვენი კარგია ორგანიზმში A ვიტამინის ნაკლებობის დროსაც.
გაითვალისწინეთ, რომ პომიდვრის დიდი რაოდენობით მიღებას უნდა მოერიდოს ის, ვისაც შაკიკი აწუხებს.

скачать dle 11.3