კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან აბსოლუტური რეკორდსმენები ოლიმპიური თამაშების ჩოგბურთის ტურნირებზე

ჩოგბურთი სპორტის იმ სახეობას მიეკუთვნება, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები ჯერ კიდევ პირველი ოლიმპიური თამაშებიდან ეპაექრებიან ერთმანეთს. გამონაკლისი არც ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადა იყო, სადაც „უიმბლდონის” კორტებზე როჯერ ფედერერი, მარია შარაპოვა, ნოვაკ ჯოკოვიჩი, სერენა უილიამსი, ვიქტორია აზარენკო და სხვები თავის მასტერ-კლასს აჩვენებდნენ ოლიმპიადის მაყურებლებს. „თბილისელების” ამ ნომერში ოლიმპიურ ჩოგბურთთან დაკავშირებულ ყველაზე საინტერესო ფაქტებს გაგაცნობთ.
* პირველად საჩოგბურთო შეჯიბრება 1896 წელს, ათენის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე ჩატარდა.
* პირველ ოლიმპიურ თამაშებზე, ჩოგბურთის ერთეულთა ტურნირში მონაწილე 13 სპორტსმენიდან, 7 საბერძნეთის სახელით გამოდიოდა.
* პირველი ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი ჩოგბურთში ბრიტანელი ჯონ ბოლანდი, 1900-1918 წლებში ბრიტანეთის თემთა პალატის დეპუტატი იყო.
* ჯორჯ რობერტსონი, რომელიც პირველი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსმედალოსანი გახდა ჩოგბურთში, ერთეულთა თანრიგში, ჩოგბურთის გარდა, ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაშიც მონაწილეობდა და მსოფლიო ოლიმპიადების ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
* პირველ სამ ოლიმპიადაზე ჩოგბურთელები გრუნტის საფარზე მართავდნენ შეხვედრებს.
* ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთის ტურნირები 9-ჯერ გრუნტზე გაიმართა, 6-ჯერ – ჰარდზე,  3-ჯერ – ბალახზე (მათ შორის, ლონდონი – 2012-ზე) და ორჯერ – ხის საფარზე.
* ჩოგბურთში ქალებს შორის ოქრო 1900 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გათამაშდა და პირველი ოლიმპიური ჩემპიონი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, „უიმბლდონის” ხუთგზის გამარჯვებული, შარლოტ კუპერი გახდა.
* 1904 წლის ოლიმპიადაზე, ამერიკულ სენტ-ლუისში 36 ჩოგბურთელიდან 35 ამერიკელი იყო და ერთი გერმანელი. ევროპელ ჩოგბურთელებს, უბრალოდ, დაეზარათ ოლიმპიადის გამო ოკეანე გადაეცურათ.
* 1908 და 1912 წლების ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთის ტურნირი დარბაზში, ხის საფარზე ტარდებოდა.
* 1924 წლის ოლიმპიური თამაშების შემდგომ, ცუდი ორგანიზების გამო, კონფლიქტი დაიწყო საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციას შორის. ამან გამოიწვია ის, რომ ჩოგბურთი ამოიღეს სპორტის ოლიმპიური სახეობებიდან. მისი დაბრუნება ოლიმპიურ ოჯახში მხოლოდ 1988 წელს მოხდა. მანამდე საგამოფენო ტურნირები ტარდებოდა.
* 1984 წლის ოლიმპიადაზე ლოს-ანჯელესში, საგამოფენო ტურნირზე დაშვებულები იყვნენ მხოლოდ 21 წლამდე ასაკის ჩოგბურთელები. ვირტუალური ოლიმპიური ოქრო იმ წელს 15 წლის შტეფი გრაფმა და 18 წლის სტეფან ედბერგმა მოიგეს – მსოფლიოს მომავალმა პირველმა ჩოგნებმა და „დიდი სლემის” ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულებმა.
* პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩოგბურთის ტურნირის დასრულების შემდგომ, დაჯილდოებაზე ქალების პოდიუმი მთლიანად რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა დაიკავეს: ელენა დემენტიევა – ოქრო, დინარა საფინა – ვერცხლი და ვერა ზვონარიოვა – ბრინჯაო. მსგავსი შედეგი მხოლოდ ერთხელ, 1908 წლის ოლიმპიადაზე დაფიქსირდა, როდესაც დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მოიპოვეს ქალთა და მამაკაცთა საპრიზო ადგილები.
* ინდოელი ლეანდერ პაესი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ექვს ოლიმპიურ თამაშებზე: 1992, 1996, 2000, 2004, 2008 და 2012 წლებში. ამასთან ერთად, ლეანდერ პაესი პირველი ინდოელი სპორტსმენია, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოუტანა  ინდოეთს 1952 წლის შემდეგ. ეს მოხდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე.
* ჩოგბურთში მოგებული მედლების მხრივ დიდი ბრიტანეთი ლიდერობს, რომლის წარმომადგენლებს 44 მედალი აქვთ მოპოვებული, მათ შორის 16 ოქროსი. მეორე ადგილზე ამერიკელები არიან – 35 მედალიდან 18 ოქროსია.
* 44-დან 43 მედალი ბრიტანელებმა 1924 წლამდე ჩატარებულ ოლიმპიადებზე მოიგეს. მას შემდგომ მხოლოდ ატლანტის, 1996 წლის თამაშებზე მოახერხეს ბრიტანელებმა ვერცხლის მედლის აღება. წყვილთა თანრიგში კი ფინალი ტიმ ჰენმანმა და ნილ ბროადმა წააგეს.
* ამერიკელი ჯიჯი ფერნანდესი და მერი-ჯო ფერნანდესი ჩოგბურთელთა  ერთადერთი წყვილია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც ტიტულის დაცვა 1992-სა და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოახერხა.
* ვენუს უილიამსი ერთადერთი ქალი ჩოგბურთელია, რომელმაც ოქროს მედალი მოიგო ჩოგბურთში. მის ანგარიშზეა ოქროს მედლები 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადის ერთეულთა და წყვილთა თანრიგში და 2008 წლის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში.
* ფერნანდო გონზალესსა და შტეფი გრაფს აქვთ ჩოგბურთში ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
* კონჩიტა მარტინესი ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც მოახერხა სამი ოლიმპიური მედლის მოპოვება სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე. 1992 და 2004 წლებში მან ვერცხლი მოიგო წყვილთა თანრიგში და 1996 წელს – ბრინჯაო, ასევე, წყვილებში.
* ელენა დემენტიევა ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონია, რომელსაც არ გაუმარჯვია „დიდი სლემის” ტურნირებზე.
* გერმანელი ფრიდრიჰ ტრაუნი ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩოგბურთელია, რომელმაც ოლიმპიური ოქრო ჩოგბურთში მოიგო. ეს მოხდა 1896 წელს ათენის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში. ტრაუნი მაშინ 20 წლის და 13 დღის იყო.
* ყველაზე ახალგაზრდა ოქროსმედალოსანი ქალთა შორის ამერიკელი ჯენიფერ კაპრიატია, რომელმაც 16 წლის ასაკში 1992 წლის ბარსელონის თამაშებზე იპირველა და ფინალში თვით შტეფი გრაფს მოუგო.
* ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი ჩოგბურთში ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა შორის 44 წლის ჯონ ჰილარდია, ხოლო ქალებში – 43 წლის უინიფრედ მაკნეირი.
* ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიგო, შვეიცარიელი მარკ როსეა 1992 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. იმ დროისთვის ის მსოფლიოს 44-ე ჩოგანი იყო. 8 აგვისტოს გამართულ ფინალში მან ესპანელი ხორდი არესე დაამარცხა. ცნობისთვის, 1992 წლის 8 აგვისტოს მეორე შვეიცარიელს, როჯერ ფედერერს 11 წელი შეუსრულდა.
* შტეფი გრაფი ერთადერთი სპორტსმენია მსოფლიოში, რომელმაც, ეგრეთ წოდებული, „ოქროს სლემის” მოგება მოახერხა. 1988 წელს გრაფმა „დიდი სლემის” ოთხივე ტურნირი მოიგო და ასევე, სეულის ოლიმპიადაზეც იპირველა.
* ლონდონის ოლიმპიადა მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშებია, სადაც ჩოგბურთი პროგრამაშია შეტანილი.
* ყველაზე მეტი მედალი ოლიმპიურ ჩოგბურთში მოგებული აქვს ბრიტანელ კეიტლინ მაკკეინს – 5 (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო). ოთხ-ოთხი მედალი აქვთ – რეჯინალდ დოჰერტის, ჩარლზ დიქსონს, გუნარ სეტერვალს და არანჩა სანჩეს-ვიკარიოს.
* ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებისთვის, პირველი ადგილის მფლობელი 750 სარეიტინგო ქულას იღებს მამაკაცებში და 685-ს – ქალებში. ცნობისთვის, „მასტერსის” ტურნირებზე ჩემპიონობა 1000 ქულით ფასდება, ხოლო „დიდი სლემის” ტურნირზე – 2000 ქულით.
* ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ორი ქართველი ჩოგბურთელი იღებდა მონაწილეობას – ანა ტატიშვილი და მაკა ჩახნაშვილი.

скачать dle 11.3