მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: ჩემს გარდაცვლილ ახლობელს სამი სახელი ერქვა: ნათლობის, საერო და მოფერებითი. რომელი სახელით უნდა ვილოცოთ მისი სულისთვის უფლის წინაშე?
პასუხი: გარდაცვლილი, რა თქმა უნდა, უნდა მოიხსენიოთ ნათლობის სახელით.
კითხვა: შეიძლება თუ არა მშობლების დაუკითხავად მოძღვარმა არასრულწლოვან მოზარდს მისცეს კურთხევა რომელიმე მონასტერში წასვლასთან დაკავშირებით?
პასუხი: მშობლებთან შეუთანხმებლად არასრულწლოვანი მოზარდის ბედის გადაწყვეტა, თუნდაც მოძღვრის მიერ, დაუშვებელია.
კითხვა: ცნობილია, რომ უფალმა ძველ აღთქმაში აკრძალა ღორის ხორცის ჭამა. რამდენად გვეხება ეს აკრძალვა ჩვენ, ახალი აღთქმის ადამიანებს?
პასუხი: ძველი აღთქმის კვებითი ხასიათის აკრძალვები გაუქმებულია და მათ ნაცვლად დაწესებულია ქრისტიანული მარხვები. კვებით აკრძალვებს მაშინ ჰქონდა სხვა მნიშვნელობა – ღორის ხორცის ჭამაზე უარის თქმა ნიშნავდა ზნეობის არიდებას ჭუჭყისა და უწმინდურებისგან; კურდღლის ხორცის ჭამაზე უარი – შიშისა და სიმფრთხალისგან თავის დაღწევას და ასე შემდეგ. ეს იყო ერთგვარი თვალსაჩინოება, სადაც პირუტყვი ამა თუ იმ მანკიერების ალეგორიას წარმოადგენდა.
კითხვა: დიდი ხნის წინათ, ერთ-ერთ სალოცავს შევუთქვი შესაწირავი, მაგრამ, აღარ მახსოვს, რომელს. შეიძლება თუ არა სხვა სალოცავში წასვლა და შესაწირავის ღირებულების გადახდა?
პასუხი: შესაწირავის გაღება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სალოცავში შეიძლება.
კითხვა: როგორ მოვიქცე, თუკი ახლობლები ჩემს კეთილ რჩევას არ ითვალისწინებენ და მცდარ გადაწყვეტილებებს იღებენ?
პასუხი: ეს ნუ აგაღელვებთ. ჩვენც ხომ ვეურჩებით უფალს და ის არ გვსჯის ამის გამო.