მამათა შეგონებანი
მარკოზ განშორებული: ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძლივს შეიმჩნევა, ისევე, როგორც გაჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებას ვერ ვხედავთ.
ალექსი ბერი: ადამიანმა თავის გაუმაძღარი, პირუტყვული ნების წყალობით, სიყვარული გარდაქმნა მსოფლიო ბიწიერების ზღვად, სადაც უბედურდებიან, იღუპებიან მათი მაღალპიროვნებისა და ღმერთ-კაცობის შემარცხვენელად.
ნიკოლოზ სერბი: სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება; მეორე, სასოების მქონე გულისთვისაა; მესამე კი – მოსიყვარულე სულისთვის. ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამივეში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: სულით დაავადებულთა უმნიშვნელო ნაწილს, მართლაც შეადგენენ ბოროტი ძალით შეპყრობილი ადამიანები. სულით ავადმყოფთა უდიდესი უმრავლესობა კი, სულაც არ არის ეშმაკეული და მათი ფსიქიკური დაავადებების გამოვლენა საერთოდ არ უკავშირდება დემონურ ენერგიებს. ეშმაკეულია თუ არა, ამას ეკლესია ადგენს ავადმყოფის ქცევის მიხედვით წმიდა საიდუმლოთა მიმართ: იღებს თუ არა ღვთაებრივ ზიარებას, ამბობს აღსარებას ან როგორ იქცევა სახარების, პატიოსანი ჯვრის, წმიდა ნაწილებისა და წმიდა ხატების, საერთოდ, სიწმიდეთა წინაშე.
ნიკოლოზ სერბი: ჭეშმარიტად, სამყარო გამოცანაა, მასში სხვა, მარადიული სამყარო აირეკლება – თავისი ათინათითა და იდუმალი სახეებით. თუმცა, მატერიალისტები მას დაუკვირვებელი და გამოუცდელი ადამიანის მსგავსად აღიქვამენ, რადგანაც ერთადერთ რეალობად მიიჩნევენ. ამიტომაც არ ძალუძთ, რომ სხვა სამყაროსა და ცხოვრების არსებობა ირწმუნონ. მაშინაც კი, როდესაც ეს სამყარო ყოველ ნაბიჯზე ამხელს საკუთარ თავს სიცრუეში, მატერიალისტებს ჯიუტად სჯერათ მისი რეალობისა. ამგვარად, ისინი ორივე სამყაროს კარგავენ. ხილულს იმიტომ, რომ მას იმად არ იღებენ, რასაც რეალობაში წარმოადგენს, ხოლო უხილავს კი იმ მიზეზით, რომ განუდგებიან მას. სიტყვით მატერიალისტები ორივე სამყაროს, ორივე ცხოვრებას უარყოფენ: მატერიალურს – მათზე არასწორი წარმოდგენით, სულიერს კი – მისდამი ურწმუნოებით.
იოსებ ათონელი: თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ ეძიეთ არა ამქვეყნიური დიდება, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს. შეიცოდეთ ისინი და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავი შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული – დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიური – ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი – სიცრუის სანაცვლოდ.
ბერი ამფილოქე: ნურც საკუთარი წარმატებების გამო დაიწყებ თავის ქებას და ნურც სასოს წარიკვეთ შენი შეცოდებების გულისთვის.