ვისი ბრძანებით ეწოდა „ციხის ბაღს“ თბილისის ბოტანიკური ბაღი და რომელი წესების დაცვა იყო საჭირო ბაღში შესასვლელად
თბილისის ისტორიულ ადგილთა შორის, ტურისტების და, უბრალოდ, თბილისელების უსაყვარლეს ადგილად, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, თბილისის ბოტანიკური ბაღი ითვლება. ბაღის დაარსების ისტორია მეჩვიდმეტე საუკუნიდან იღებს სათავეს და „თბილისელების” ამ ნომერში, ძველი ფოტოების თანხლებით ბაღის დაარსებისა და შემდგომი განვითარების ისტორიას გთავაზობთ.
თბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია მეჩვიდმეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან იღებს სათავეს, კერძოდ, 1625 წლიდან. თავდაპირველად, ბაღს „სამეფო ბაღი” ეწოდებოდა და ის სოლოლაკის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის ხეობის ქვედა ნაწილში იყო გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეებით. ბაღი ქართველი მეფეების სასახლეს ესაზღვრებოდა და ამიტომ უწოდეს „სამეფო ბაღი”. იყო სხვა სახელებიც: „ციხის ბაღი,” იგივე „სეიდაბადის ბაღი“, „ცოდნის წყარო.” ადრე ეს მცირე ფართობი წარმოადგენდა დასასვენებელ პარკს. შემდეგ კი სამი პატარა ბაღი გაშენდა: სამკურნალო მცენარეებით, ბოსტნეულითა და ხეხილით. ბოტანიკური ბაღის შესახებ საინტერესო ცნობები მოიპოვება ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის ჩანაწერებში. ბაღი მოხსენიებული აქვს თავის ჩანაწერებში ბოტანიკოს ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორსაც, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ესტუმრა თბილისს. ბაღის მდებარეობა აღნიშნული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს 1735 წელს შედგენილ „ტფილისის გეგმაზე“. 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, ბაღი მთლიანად გადაწვეს და ყველა მცენარე გაანადგურეს. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიასთან მიერთების შემდგომ, ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა და პირველი მთავარმართებლების პერიოდშივე დაიწყო საუბარი ბაღის აღდგენაზე, თუმცა, ამ საქმის მოთავე არავინ ჩანდა და, ბაღი, პრაქტიკულად, განადგურების პირას იდგა.
1845 წლის 1 მაისის ბრძანებით, მთავარმართებლის მიხაილ ვორონცოვის განკარგულებით, ბაღმა ოფიციალურად მიიღო ბოტანიკური ბაღის სტატუსი. ამის მიუხედავად, მისი აღორძინება ჭიანურდებოდა, რადგან, საკმარისი არ გახლდათ ფინანსები და, რაც მთავარია, ძალიან ცოტა იყო ამ საქმის მცოდნე, კვალიფიციური სპეციალისტი. ბაღის აღდგენის პროცედურა ნელა მიმდინარეობდა და უმეტეს შემთხვევაში, ეს მუშაობა, მხოლოდ ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებით შემოიფარგლებოდა. 1856 წელს ბაღის აღდგენის სამუშაოები შეჩერდა და ეს ადგილი თბილისელების საქეიფო ადგილად იქცა. სამწუხაროდ, ამის გამო, ნადგურდებოდა შემთხვევით შემორჩენილი იშვიათ მცენარეთა სახეობები, ბაღი ივსებოდა ნაგვითა და ნარჩენებით, რასაც ქეიფის შემდეგ ტოვებდნენ თბილისისა და მისი გარეუბნების მცხოვრებლები. 1861 წელს ბოტანიკურ ბაღში განათავსეს მებაღეობის სასწავლებელი, თუმცა, არც ამან უშველა ბაღის აღდგენას. 1869 წელს ბაღი სამინისტროს საკუთრებაში გადავიდა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სუბსიდია მის ასაღორძინებლად. სხვადასხვა ცნობით, ბოტანიკური ბაღიდან იმ პერიოდში მთელი თბილისი მარაგდებოდა ნერგებით, ვაზით; მოწყობილი იყო სათბურები, სადაც ტფილისის მოსახლეობა იძენდა ოთახის ყვავილებსა და ხეხილის ნერგებს. ბაღის აღდგენის თარიღად კი 1889 წელი სახელდება, როდესაც ბაღის აღორძინებას სათავეში ჩაუდგა ცნობილი ბოტანიკოსი და ბაღის ერთ-ერთი პირველი დირექტორი, ჰენრიხ კარლ ვერნერ შარერი, რომელმაც მანამდე „ალექსანდროვის ბაღის” მოწყობით გაითქვა სახელი. ბაღის ტერიტორია მოიცავდა 128 ჰექტარს და შარერმა მცირე დროში მოახერხა მისი კეთილმოწყობა. მცენარეების საერთო რაოდენობამ ბაღში 4 500 ერთეულს მიაღწია, რომელთაგან უმეტესობა დეკორატიული იყო. შარერი იმდენად კარგად უძღვებოდა საქმეს, რომ კოორდინაციას უწევდა ამიერკავკასიის სხვა ბაღებსაც და ახორციელებდა თესლებისა და ნერგების გაცვლას მსოფლიოს 70 ბოტანიკურ ბაღთან. იმ პერიოდში ბოტანიკური ბაღი თბილისელებისა და მისი სტუმრების დასვენების საუკეთესო ადგილად ითვლებოდა. შესასვლელი მოწყობილი იყო ქუჩიდან, ბაღში შესვლის მსურველს კი აუცილებლად უნდა ჰქონოდა ერთჯერადი ან სეზონური ბარათი. ბაღში არ უშვებდნენ არაფხიზელ და შეუსაბამოდ ჩაცმულ ადამიანებს, ასევე, იმ პირებს, რომლებიც უტაქტო ქცევით იპყრობდნენ ყურადღებას. ბაღი დილის 8 საათზე იხსნებოდა, ხოლო მის დახურვას ზარის დარეკვით ამცნობდნენ დამთვალიერებლებს. ჰენრიხ შარერმა უდიდესი წვლილი შეიტანა თბილისის ბოტანიკური ბაღის აღორძინებაში. მან ბრწყინვალე ბაზა დაუტოვა თავის შემცვლელებს ბაღის დირექტორის თანამდებობაზე, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსები არიან იაკობ მედვედევი და ალფრედ როლოვი. მედვედევი სარატოვის სატყეო აკადემიის კურსდამთავრებული იყო და თბილისის ბოტანიკურ ბაღს 1883 წელს ჩაუდგა სათავეში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ბაღის განვითარებაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი ცნობილი ქართველი ბოტანიკოსი აღიზარდა. მედვედევის დირექტორობის პერიოდში დაიწყო ბოტანიკური ბაღის ჟურნალის გამოცემა, სადაც ქვეყნდებოდა ის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებზეც ბაღის მეცნიერ-თანამშრომლები მუშაობდნენ, იბეჭდებოდა მცენარეთა კატალოგები და სათავე დაედო მეტეოროლოგიურ კვლევებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანილი თესლების გამოყვანას ეხებოდა.
ალფრედ ქრისტეფორეს ძე როლოვი ბოტანიკური ბაღის დირექტორი 1902 წელს გახდა. იგი დაიბადა თბილისში, გერმანელი კოლონისტების ოჯახში. როლოვს მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში ჰქონდა მიღებული განათლება. მისი ბოტანიკური ბაღის დირექტორად ყოფნის პერიოდში ბაღის მცენარეებს შეემატა რამდენიმე უნიკალური ჯიშის ხე და მცენარე, რომელთა უმეტესობას როლოვი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იწერდა. 1908 წელს ინჟინერ როტინოვის მიერ აიგო ცნობილი ხიდი ბოტანიკური ბაღის ჩანჩქერზე და იმავე წელს გაკეთდა ყველა თბილისელისთვის ცნობილი გვირაბი. გვირაბის მშენებლობა ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელსაც ინჟინრები – ხატისოვი და ბრაილოვსკი ხელმძღვანელობდნენ. მაშინდელი გაზეთი „რუსული სიტყვა” წერდა: „1908 წლის 25 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბი. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ქალაქის თავი, გუბერნატორი, ქალაქის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები და ტფილისის სტუმრები”. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ, ალფრედ როლოვი ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებისთვის ხელშეუხებელ ავტორიტეტად ითვლებოდა. იგი ღრმად მოხუცებულ ასაკშიც კი განაგრძობდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას; მან ქართველი ბოტანიკოსების არაერთი თაობა აღზარდა. როლოვი 1952 წელს გარდაიცვალა, თავის სახლში, მიხეილის პროსპექტზე, ¹110-ში (ამჟამინდელი აღმაშენებლის გამზირი). დაკრძალულია კუკიაზე. საინტერესოა, რომ როლოვის ინიციატივით მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისში სამი მაღაზია ფუნქციონირებდა, სადაც შესაძლებელი იყო სხვადასხვა მცენარისა და ნერგის შეძენა. სამივე ეს მაღაზია მიხეილის პროსპექტზე იყო გახსნილი: მიხეილის პროსპექტი ¹10 – ლარშე მინა კარლოვნას მაღაზია; მიხეილის პროსპექტი ¹27 – კოველის მაღაზია და მიხეილის პროსპექტი ¹31 – კუპერფის მაღაზია.
1932-1958 წლებში ბაღის ტერიტორიას მიემატა ყოფილი მუსლიმანური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე. საბჭოთა პერიოდში ბაღის განვითარებაში უდიდესი ღვაწლი შეიტანა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნიკო კეცხოველმა. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის არის აზერბაიჯანელი მწერლის, მირზა ფათალი ახუნდოვის საფლავი. 1986 წელს საერთაშორისო მასშტაბით აღინიშნა ბოტანიკური ბაღის 350 წლისთავი. გასული საუკუნის 90-იან წლებში, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, ბოტანიკურ ბაღსაც მძიმე დრო ედგა, თუმცა, ამჟამად, თბილისის მერიის ხელშეწყობით, ბოტანიკური ბაღის საოცარი გარემო კვლავ ელის დამთვალიერებელს.