აქვს თუ არა ცოლ-ქმრის ინტიმურ ურთიერთობას გავლენა მათ ოჯახურ ცხოვრებაზე
ყველა წყვილს ბედნიერების თავისი რეცეპტი აქვს. ისინი საკუთარი გეგმის მიხედვით აგებენ ურთიერთობას, თუმცა, არსებობს რაღაც საერთო წესებიც. მაგალითად, ცოლი და ქმარი მეგობრებიც უნდა იყვნენ, უნდა უყვარდეთ კიდეც ერთმანეთი, იზიარებდნენ ერთმანეთის შეხედულებებს. სასურველია, ჰქონდეთ საერთო ინტერესები და, კიდევ, აუცილებელია ერთმანეთის მიმართ სექსუალური ლტოლვა. იდეალური ვარიანტია, როცა ყველაფერი ერთად არის, მაგრამ, ადამიანური რეალური ურთიერთობები შორსაა იდეალისგან. მაინც, რომელი „კომპონენტის“ გამოკლება არ უქმნის ოჯახს საფრთხეს და არის თუ არა ინტიმი და სექსი ცოლ-ქმრის ურთიერთობის გადამრჩენი?!
მარიკო (37 წლის): მე ძალიან კარგი ქმარი მყავს. იდეალური არავინ არის, ყველას გვაქვს ნაკლი და ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მაგრამ, მთავარი ისაა, როდის და რაზე შეგვიძლია უარის თქმა ურთიერთობის გადასარჩენად და სიყვარულის შესანარჩუნებლად.
– ესე იგი, ქმარი გიყვართ.
– დიახ, რა თქმა უნდა. ექვსი წელი გვიყვარდა ერთმანეთი და ხუთი წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ანუ, თერთმეტი წელია, ურთიერთობა გვაქვს, თითქმის „შევეზარდეთ“ ერთმანეთს. თითქოს უკვე ვეღარ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება, მაგრამ... მაინც არსებობს ეს „მაგრამ“, რადგან, ამ ბოლო დროს სიმშვიდე დავკარგე. ან მეჩვენება, ან, ნამდვილად დააკლდა ჩვენს ურთიერთობას რაღაც... ხომ იცით, ქალებს როგორი ინტუიცია გვაქვს. მე მაინც, ყოველთვის გამოვირჩეოდი მძაფრი ინტუიციით. კატასავით წინასწარ ვგრძნობდი და ვგრძნობ რაღაცეებს. კი არ მინდა, ძალას კი არ ვატან, თავისით გამოდის ასე. მაგალითად, ვგრძნობდი, როდის მოვიდოდა ჩემთან სიყვარული და, შევხვდი თუ არა, მაშინვე მივხვდი, რომ ის იყო – ჩემი ოცნების მამაკაცის ზუსტი ასლი, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი წარმოდგენა შემექმნა. იცით, როგორი შეყვარებული იყო? – საოცარი. წესიერად გაცნობილიც არ მყავდა, რომ ჩემს ყველა მეგობარს შეაყვარა თავი. ყველა აღფრთოვანებული იყო მისით – სად იპოვე, ასეთები აღარ არიანო. მეც მჯეროდა ამის, მაგრამ, სწორედ ამან მომწყვიტა რეალობას. ცუდია, როცა რომანტიკოსი ხარ და ცხოვრებას არარეალურად აღიქვამ – მერე მაინც იგებ სიმართლეს და იმედი გიცრუვდება, იმედგაცრუებას კი გულისტკენა მოჰყვება. გრძნობები და ემოციები კარგია, მაგრამ, ცხოვრებაში მარტო ემოციებით ფონს ვერ გახვალ. ვნება არაჩვეულებრივი რამაა, თუმცა, ცოტა დამღლელი.
– ქმარმა იმედი გაგიცრუათ? რით?
– ერთი სიტყვით ამის თქმა ძნელია. მე ბევრი უბედნიერესი წუთი გავატარე ჩემს ქმართან. როგორი გამწარებულიც არ უნდა ვიყო მასზე, როცა ფიქრს ამაზე ვიწყებ, მაშინვე ვმშვიდდები. დღემდე არანორმალურად მინდა მისი ხელების შეხება, მის მოფერება, ინტიმი, მაგრამ ჰარმონიული ურთიერთობისთვის ეს საკმარისი არ არის.
– როცა ცოლ-ქმარს ინტიმურ სფეროში ყველაფერი კარგად აქვს, ითვლება, რომ წყვილი შედგა და მათი ურთიერთობა მყარია.
– შეიძლება, ასეც არის. როგორ ძალიანაც არ უნდა ვიჩხუბოთ, ინტიმური სიახლოვის სურვილს მაინც არ ვკარგავ და მერე ჩემდაუნებურად, ყველაფერს ვაპატიებ ხოლმე. ერთი შეხედვით, ეს თითქოს კარგია, მაგრამ, საქმე გაცილებით რთულად არის. ქმარს ჩემი გაბრაზების აღარ ეშინია. არანაირი რეაქცია აღარ აქვს ამაზე. იცის მეთოდი, რომლითაც სწრაფად შემირიგებს. სწორედ ამიტომ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ქმარი მაჩოა.
– იქნებ ცდებით? მაჩოა, იმიტომ რომ თქვენთან ინტიმური ურთიერთობა „დალაგებული“ აქვს?
– თუნდაც. კაცებს იშვიათად ჰყავთ ცოლები ინტიმურად დაკმაყოფილებული. იმას კი არ ვამბობ, რომ მათ ეს არ უნდათ. უბრალოდ, უმრავლესობამ არ იცის, ეს როგორ გააკეთოს.
– ეს თქვენმა ქმარმა გითხრათ?
– დიახ. ერთხელ ჩხუბის დროს მითხრა: არ იცი, როგორ გაგიმართლა. შენნაირი ქმარი ბევრს არ ჰყავს. გათხოვილები არიან, მაგრამ ქმრები რისთვის ჰყავთ, არ იციანო. თითქოს მაყვედრიდა თავს და ეს ძალიან არ მომეწონა. მივახვედრე კიდეც, მაგრამ დიდხანს გაბუტვა არ გამომივიდა. მასთან ფიზიკური სიახლოვე ძალიან მალე მომინდა და შევურიგდი. პრინციპში, ახლა რომ ვუკვირდები, სულ ასე ვარ. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ არ მომწონს მისი, მაგრამ ფიზიკური სიახლოვის სურვილი ისევ ქმართან მაბრუნებს.
– ეს ცუდია?
– კარგიც არ არის. საბოლოოდ, წაგებული გამოვდივარ. ის ისე იქცევა, როგორც უნდა, აკეთებს იმას, რაც უნდა... მე კი, იძულებული ვარ, ეს ყველაფერი ავიტანო.
– რისი ატანა გიწევთ, ღალატის?
– ჯერ ფაქტები არ მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ მღალატობს. თუმცა, მისი პატიოსნების არ მჯერა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ძალიან სექსუალურია, ზომაზე მეტად სექსუალური. მასში მაჩოს თვისებები აღმოვაჩინე. ამას ადრე ვერ ვამჩნევდი. ახლა უკვე საკუთარ თავს იმასაც ვეკითხები, ჩემი სიყვარული ნამდვილია თუ ინტიმური სიახლოვის სურვილი მგონია სიყვარული.
– ამისი ფიქრის მიზეზს რა გაძლევთ?
– ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მთავარი ხომ ურთიერთობაა. თავს მაკარგვინებს მასთან ინტიმური სიახლოვის სურვილი და არა ჩემი ქმრის პიროვნული ღირსებები. მისი ცხოვრების წესი, მისი ხასიათი, ახირებები და თვისებები ჩემთვის მიუღებელიც კია.
– ექვსი წელი ხვდებოდით, ხუთი წელია, ცოლ-ქმარი ხართ და ეს ყველაფერი მხოლოდ ახლა გაარკვიეთ?
– ეტყობა, ნელ-ნელა გროვდებოდა. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ? როცა ინტიმი გვაქვს, მაშინ ვფიქრობ, რომ მასზე უკეთესი არავინაა. საკუთარ თავზე მომდის ბრაზი, რას ვერჩი ასეთ არაჩვეულებრივ კაცს-მეთქი, მაგრამ მერე უკვე ჩნდება უკმაყოფილება.
– რის ნიადაგზე?
– ხომ გითხარით, მისი ხასიათის, ჩვევების, უპასუხისმგებლობის გამო. ძალიან უპასუხისმგებლოა. ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. არ მონაწილეობს ოჯახურ საქმეებში. ყველაფერი ჩემზე აქვს მოგდებული. ძალიან ვიღლები და მერე ვიწყებ წუწუნს, რაც ჩემს ქმარს არ მოსწონს. მოკლედ, არ ვიცი, რა უფრო მნიშვნელოვანია ურთიერთობაში – სექსი თუ ადამიანის პიროვნული თვისებები. ინტიმს ძალიან დიდი გავლენა აქვს ოჯახურ ცხოვრებაზე, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში ყველაფერი არაჩვეულებრივადაა, მაინც სულ ვჩხუბობთ. საშინელებაა, ვერ ვახერხებ მასთან ნორმალურად დალაპარაკებას. დავიწყებთ მშვიდად, მინდა ავუხსნა, რა არ მომწონს ჩვენს ურთიერთობაში და რისი გამოსწორება მინდა, მაგრამ საუბარი ეგრევე ჩხუბში გადადის. ლამის არის, დავხოცოთ ხოლმე ერთმანეთი.
– თავიდანვე ასე იყო?
– როგორც გითხარით, თავიდან, რამდენიმე წელი სრულ ეიფორიაში ვცხოვრობდი. ჩემი ვნებებით, სურვილით, სიყვარულით დაბრმავებული. პირველ პერიოდში, სანამ ემოციები დადუღდება, ბევრ რამეს სხვანაირად ხედავ. ახლა უფრო ვაანალიზებ დეტალებს.
– უფრო სწორად, წვრილმანებს... რისგანაც იწყება ხლომე სკანდალები.
– თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ წვრილმანებისგან ვქმნი პრობლემებს? დამიჯერეთ, ასე არ არის. როცა სხვასთან ერთად იწყებ ცხოვრებას, ცდილობ, რაღაცეებზე თვალი დახუჭო, მაგრამ შინაგანად „იგრუზები“. დიდხანს ამას ვეღარ გაუძლებ. შეუძლებელია.
– ნაკლებად ემოციურად უნდა შეხედოთ ამ ყველაფერს, ანუ, ყურადღება არ მიაქციოთ.
– სათქმელად ადვილია. ზოგჯერ, მართლაც ვფიქრობ, რომ ზედმეტად მეწვრილმანე ვარ. მაგრამ, მეორე მხრივ, გამოდის ისე, რომ ოჯახურ ცხოვრებაში ყოველთვის მე ვთმობ. ამან ძალიან დამღალა. თუმცა, თუ არ დავთმობ, ისევ მე ვზარალდები. ვერ ვძლებ მის გარეშე და ძალიან ვნერვიულობ. ნუთუ, მარტო სექსი გვაკავშირებს ერთმანეთთან?.. მაშინ, სულ ასე მომიწევს ცხოვრება.
– კონკრეტულად, რა არ მოგწონთ საკუთარ ცხოვრებაში? ინტიმური ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ვიცი, მაგრამ მარტო ეგ ხომ არ არის? მე მშვიდი, ჰარმონიული ურთიერთობა მინდა, სკანდალების გარეშე. მინდა, ჩემი ესმოდეთ. ჩემს ქმარს ჩემი არ ესმის. საერთოდ არ მიცნობს. არ იცის, რა მიხარია, რა მწყინს... არც ცდილობს, გამიგოს. არ მიაჩნია, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. როცა რამეს ვაპროტესტებ, უკვირს, თითქოს ვერ იგებს, რა მინდა და რას მოვითხოვ მისგან.
– იქნებ, მართლა ვერ იგებს?
– თქვენ ასე ფიქრობთ?! მე კი პირიქით მგონია. შეუძლებელია, ადამიანი გიყვარდეს და მისი გაგების სურვილი არ გქონდეს. იქნებ, მე ვუშვებ შეცდომას და რაღაც განსაკუთრებულს მოვითხოვ? ეჭვი მეპარება. ცოლქმრობა ხომ თანაგრძნობას, ურთიერთგაგებას და მეგობრობას ნიშნავს. ჩემი ქმარი ჩემთვის მეგობარი არ არის. მე მას ჩემს ტკივილებზე, ემოციებსა და გრძნობებზე ვერ მოვუყვები. აზრი არ აქვს, მეტყვის, ისტერიკული და ნევრასთენიკი ხარ, სექსიც ვერ გამშვიდებსო. კი, სექსი ძალიან მომწონს და მინდა, დიდ სიამოვნებასაც ვიღებ, მაგრამ სხვა რამეც ძალიან მნიშვნელოვანია... თუ მარტო ქალები ვართ ასეთები?
– რატომ? ურთიერთგაგება და მორალური ემოციური მხარდაჭერა ყველას სჭირდება – ქალსაც და კაცსაც.
– ჩემს ქმარს, აშკარად, არ სჭირდება. არა აქვს ამის მოთხოვნილება. საკუთარი სამყარო კარგად „მოირგო“ და თავისი წესებით ცხოვრობს. მთავარია, სექსში ვეწყობით ერთმანეთს. მაგრამ, მე უკვე ეს აღარ მაკმაყოფილებს. იცით, რის მეშინია? ამაზე უარესი მოხდება.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ მიღალატებს და მე ამასაც ვაპატიებ.
– რატომ გგონიათ, რომ აუცილებლად გიღალატებთ?
– მაქვს ამის საფუძველი. ასეთი სექსუალური მამაკაცი ერთ ქალზე დიდხანს არ გაჩერდება. ახლაც თუ არის გაჩერებული...
– ნებისმიერი სექსოლოგი გეტყვით, რომ ცდებით. თუ თქვენ კარგი სექსი გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პარტნიორთანაც შეიძლება იგივე განიცადოთ.
– არც ვიცი, რა გიპასუხოთ. ძალიან დაბნეული ვარ. უნდა დავკმაყოფილდე იმით, რაც ცხოვრებამ მომცა, თუ რაღაცეები უნდა შევცვალო?
– რაღაცების შეცვლა ყოველთვის შეიძლება, მთავარია, ამ რაღაცეებში თქვენი მეუღლის „გადაკეთებას“ არ გულისხმობდეთ.
– ჰოდა, ამიტომაც ვარ დაბნეული. მე ძალიან კარგად მარტო ლოგინში ვარ ქმართან. ისე, ხშირად ვჩხუბობთ. თუმცა, ბოლოს მაინც ვრიგდებით და ყველაფერს სექსით ვამთავრებთ. როგორ გავთავისუფლდე შიშებისა და შფოთვისგან?
– სცადეთ და დაელაპარაკეთ ქმარს.
– ესე იგი, უნდა ვცადო?! რომ ვერ გაიგოს, რას მოვითხოვ მისგან და ისევ ვიჩხუბოთ? არ მინდა, რომ ჩვენ შორის მხოლოდ ინტიმი იყოს და მეტი არაფერი. ასე, ჰარმონიულად ვერ ვიცხოვრებთ. ნუთუ ჩემი ოჯახი მარტო ინტიმზე დგას? ამაზე ფიქრი ძალიან მანერვიულებს და მაშფოთებს... თუ ნახავს სხვას, ვისთანაც ჩემზე მაგარი სექსი ექნება, მაშინვე მიმატოვებს და ამას ვერ გადავიტან.