კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემს ცოლს მონად დავუდგები
ვარ 34 წლის. სამი წელია, ინვალიდის ეტლში ვზივარ. ძალიან მძიმე ავტოკატასტროფაში მოვყევი და მართალია, ექიმებმა სიცოცხლე შემინარჩუნეს, მაგრამ, წელს ქვემოთ მოწყვეტილი ვარ და, გადაადგილება კი არა, ლოგინში გადაბრუნებაც არ შემიძლია დაუხმარებლად. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არც არასდროს მეშველება, რადგან ფეხების ატროფია დამეწყო. ახლახან ყური მოვკარი ჩემების ჩურჩულს, რომ, შესაძლოა, ეს ატროფია ნელ-ნელა ზემოთ წამოვიდეს და მერე დამთავრებულია ყველაფერი.  თუმცა, რა მერე, ჩემი ცხოვრება მაშინ დასრულდა, ის მანქანა რომ დამეჯახა. ქუჩაზე რომ გადავდიოდი, მოსახვევიდან უზარმაზარი „ჯიპი“ გამოვარდა, დამეჯახა და ფეხებზე გადამიარა. ახლაც მესმის ჩემი ძვლების მტვრევის ხმა.
სამი თვის ორსული იყო ჩემი ცოლი და, ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა, ნერვიულობისგან მუცელი მოეშალა. ერთი წელი ვებრძოდი სიკვდილს, მაგრამ, ახლა ვხვდები, რომ, ჯობდა, მოვმკვდარიყავი. ეს რა სიცოცხლეა, ახალგაზრდა კაცი ტუალეტში ვერ გავსულვარ დამოუკიდებლად. ჩემი მშობლები ხომ გაუბედურდნენ, მაგრამ, ყველაზე მეტად ცოლი მებრალება. სულ ცრემლი აქვს თვალებში, სულ სევდიანი დადის, მაგრამ, ცდილობს, არ მაგრძნობინოს და ჩემთან თავს იმხიარულებს. თან, ყოველდღე ახალ-ახალი ინფორმაცია მოაქვს, ვითომდაც ჩემნაირ ავადმყოფებს გერმანიასა და ავსტრიაში კურნავენ, მაგრამ, ზუსტად იცის, რომ ასეთ სასწაულებს ვერც ერთი ქვეყნის მედიკოსები ვერ ახდენენ. თუ სახლში არ არის, ეკლესიაშია და ჩემს გამოჯანმრთელებას ევედრება ღმერთს. სულ ცდილობს, რომ გამამხნევოს და ეს უფრო მიკლავს გულს. ახალგაზრდა, ლამაზი ქალია, ახლა უნდა სიხარული და ბედნიერება, მე კი ასეთ დღეში ჩავაგდე. მეგობრებთანაც აღარ დადის, დედამისთანაც კი თვეში ერთხელ თუ  შეირბენს ნახევარი საათით, დანარჩენ დროს ჩემს მოვლასა და გართობას ანდომებს. თოთო ბავშვივით მივლის, ლამის ხელში ამიყვანოს და ისე მატაროს. ერთი სამდურავი არ დასცდება, ერთხელ არ იტყვის, დავიღალეო. დედაჩემი მისი ცოდვით აღარ არის.
ამას წინათ, ჩათვლემილი ვიყავი და ქვითინის ხმა ჩამესმა. მივხვდი, მაკო ტიროდა და გული დამეწვა. დავუძახე, წყალი მომიტანე-მეთქი. რომ შემოვიდა თვალები გაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა ცრემლისგან, მაგრამ, მაინც გამიღიმა და მერე რაღაც სასაცილო ამბავი მომიყვა. ცოტა ხანს ვუყურე და პირდაპირ, დაუნდობლად, უტაქტოდ ვუთხარი: შენ ახალგაზრდა და ლამაზი ქალი ხარ, რომელსაც გვერდით ძლიერი მამაკაცი უნდა ედგას; რომელმაც შვილები უნდა გააჩინოს და გაზარდოს. წადი და გათხოვდი, მსხვერპლი არ მჭირდება-მეთქი... იცით, რა ქნა? მოვიდა და ისეთი სილა გამაწნა, თვალებიდან ნაპერწკლები წამომაყრევინა. მერე მთელი კვირა ხმას აღარ მცემდა. ისევ ისე მივლიდა, მაგრამ, აღარ მელაპარაკებოდა, ძლივს შემოვირიგე.
ახლა ამოიჩემა, ავსტრიაში უნდა წაგიყვანო, იქ რაღაც კლინიკა ყოფილა და ზუსტად გავიგე, რომ შენნაირ ავადმყოფებს კურნავენო.  ჩემი მშობლებიც დაითანხმა სახლისა და აგარაკის გაყიდვაზე. ძალიან ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ, ყურადღებასაც არ აქცევდა ჩემს პროტესტებს და მეც თავი დავანებე. ისეთი ენთუზიაზმით აგროვებს საბუთებსა და ფულს, გამოგიტყდებით და, მეც ჩამესახა რაღაც იმედი. დაახლოებით ნოემბერში ვაპირებთ წასვლას. თუ ღმერთმა გადმოგვხედა და მართლა რამე მეშველა, ჩემს ცოლს მთელი ცხოვრება მონად დავუდგები,  თუმცა, ეს ისედაც დაიმსახურა.
ვოვა, 34 წლის.
ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დედა მაპოვნინა
პირველ კურსზე ვიყავი, ვიღაც ქალი რომ დამხვდა ლექციებიდან გამოსულს უნივერსიტეტის ბაღში. გოგოებთან ერთად ვაპირებდი კაფეში წასვლას და დედაჩემს დავურეკე მობილურით – შემაგვიანდება და არ ინერვიულო-მეთქი. ის ქალი კი უტიფრად დამიდგა წინ და მომშტერებოდა. ყურმილი რომ გავთიშე, უცერემონიოდ მკითხა, ვის ელაპარაკებოდიო. ისეთი მოულოდნელი იყო ეს შეკითხვა, დაბნეულობისგან ვერაფერი მოვიფიქრე და მექანიკურად ვუპასუხე – დედაჩემს-მეთქი. ის ქალი ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, თვალებში დაჟინებით ჩამხედა და აკანკალებული ხმით, ჩურჩულით მითხრა, დედაშენი მე ვარო, მერე უცებ თვალები აატრიალა და ჩემ წინ მიწაზე გაიშოტა. თავიდან ვერც კი გავაცნობიერე, რა მითხრა, ვეცი და მოსულიერება დავუწყე. გოგოებიც მომეხმარნენ და, როგორც იქნა, გონზე მოვიყვანეთ, მაგრამ ფეხზე წამოდგომა ვერ შეძლო. ამიტომ, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმმა მისი საავადმყოფოში წაყვანა გადაწყვიტა და, რადგან ქალი ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდა, ჩვენც გვთხოვა წაყოლა. შეგვეცოდა და მე და ჩემი დაქალი გავყევით. მხოლოდ გზაში გამახსენდა, რაც მითხრა იმ ქალმა გონების დაკარგვის წინ და ისე ავღელდი, კინაღამ მეც წამივიდა გული.
საავადმყოფოში მიყვანისას ჩემი ახალი ნაცნობი მორიგე ექიმმა გასინჯა, გულის შეტევააო, გვითხრა და მისი კლინიკაში დაწვენა მოითხოვა, თან გვკითხა, თანხას ვინ გადაიხდისო? მე დავიბენი, მაგრამ, ჩემმა დაქალმა უთხრა, ჩვენ უცნობები ვართ, ქუჩიდან გამოვყევითო. მაშინ, იმ ქალმა ძლივს ამოილაპარაკა, მე თვითონ გადავიხდიო და ექიმიც დაწყნარდა. წამოსვლას რომ ვაპირებდით, ქალმა მთხოვა, თუ მოიცლი, ჩემს სანახავად მოდიო. დავთანხმდი და დავემშვიდობე. სახლში რომ მივედი, დედაჩემს ვუამბე ყველაფერი და ახლა ის გამიხდა ცუდად. მამა ქალაქში არ იყო და დედამ დაურეკა, სასწრაფოდ  ჩამოდიო. მამაჩემის ჩამოსვლის შემდეგ, ორივე ჩაიკეტებოდა ხოლმე ოთახში და რაღაცას ჩურჩულებდნენ, მე კი განსაკუთრებით მეფერებოდნენ. სადმე რომ მივდიოდი, ყოველ თხუთმეტ წუთში ხან ერთი მირეკავდა, ხან – მეორე. მათმა ასეთმა აფორიაქებამ რაღაცნაირად დამძაბა და დამადარაჯა. მივხვდი, რომ რაღაც დიდ საიდუმლოს მალავდნენ. ბევრი ფიქრის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენი ოჯახის საიდუმლო იმ ქალში იმალებოდა და გადავწყვიტე, მის სანახავად წავსულიყავი, მით უმეტეს, რომ შევპირდი, მოვალ-მეთქი. მარტო წასვლა მაინც ვერ გავბედე და ისევ იმ დაქალს ვთხოვე წაყოლა, რომელთან ერთადაც ის ქალი საავადმყოფოში მივიყვანე.
პალატაში რომ შევედი, ქალი სუსტად გამოიყურებოდა, მაგრამ, ლოგინში იყო წამომჯდარი. ექიმმა გვითხრა, უკეთ არის და ერთი კვირის შემდეგ გავწერთო.
საწყალს ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, ტირილი დაიწყო – მიყურებდა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე. ცოტა ხანს ვაცალე დაწყნარება და მერე ვკითხე, ვინ ბრძანდებით, ან, მაშინ რაც მითხარით, რას ნიშნავდა-მეთქი. ცოტა ხანს იფიქრა და მითხრა, ახლა ძალა არ მაქვს, ყველაფერი რომ გიამბო, ერთ-ორ დღეში, ალბათ, უკეთ ვიქნები და, თუ გაინტერესებს, მოდი და მოგიყვებიო. ორი დღის შემდეგ ისევ მივედი. მართლაც, უკეთ დამხვდა და ისეთი ისტორია მიამბო, კინაღამ მეც გულის შეტევა დამემართა.
ორი წლის ვყოფილვარ, მამაჩემი ავარიაში რომ დაღუპულა. დედა მაშინ 19 წლის ყოფილა. არავინ ჰყავდა – არც მშობლები, არც და-ძმა, არც ახლო ნათესავები. შორებლებს კი რაში ადარდებდათ უსახსროდ დარჩენილი ქვრივი თოთო ბავშვით. რამდენიმე თვე სახლიდან გაჰქონდა ნივთები, ყიდდა და იმ ფულით მარჩენდა, მაგრამ, ღირებულიც დიდად არაფერი ჰქონია, ამიტომ, პრაქტიკულად, შიმშილობდა, რომ ჩემთვის ლუკმა ეჭმია. მეზობლებსაც მობეზრდათ ჩვენი დახმარება და, საბოლოოდ, ყველამ ზურგი შეგვაქცია. საწყალ ქალს არავინ ჰყოლია გულშემატკივარი, რომ შემწეობა ეთხოვა, მით უმეტეს, ის პერიოდი იყო, ყველას ძალიან რომ გაუჭირდა. ერთი-ორჯერ რაღაც სამსახურიც იშოვა, მაგრამ, დილიდან დაღამებამდე იქ იყო და კაპიკებს აძლევდნენ, თანაც, ჩემი დატოვების პრობლემაც ჰქონდა. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. სასოწარკვეთილებისგან მათხოვრობაც დააპირა, მაგრამ, ვერ გადადგა ეს ნაბიჯი.
ერთ დღეს კი ერთ მეზობელ ქალს უთქვამს, თუ გინდა, თურქეთში მოგიხერხებ სამუშაოდ წასვლასო. დედას უპასუხია, შვილი ვის დავუტოვოო. იმ ქალს ურჩევია, ბავშვთა სახლში ჩააბარე, ერთ-ორ წელიწადში ფულს დააგროვებ, ჩამოხვალ და შენს შვილს ისევ წამოიყვანო. დიდი ყოყმანის შემდეგ დედა დათანხმდა. მე ბავშვთა სახლში ჩამაბარა, იმ ქალმა კი წასასვლელი ფული ასესხა (გარანტიაში დედამ ჩვენი ერთი საცოდავი ოთახი გადაუფორმა გირავნობით) და მართლაც გაამგზავრა თურქეთში. თავიდან დედას სადღაც დაუწყია მუშაობა და ბავშვთა სახლშიც სისტემატურად რეკავდა, რომ ჩემი ამბავი გაეგო, მაგრამ, რამდენიმე თვეში იქიდან გაუშვიათ, მერე კი ვიღაც აფერისტის ხელში ჩავარდნილა და... მოკლედ, იძულებული გამხდარა, ბორდელში ემუშავა. იქ კი არც თბილისში დარეკვის უფლებას აძლევდნენ და პასპორტიც ჩამორთმეული ჰქონდა. ამის გამო, ორი წელი ისე გავიდა, ერთხელაც ვერ მოახერხა ვერც ბავშვთა სახლში და ვერც იმ ქალთან დარეკვა. იმ მეზობელს კი, როგორც შემდეგ გაირკვა, ერთხელაც არ მოვუკითხივარ. ამიტომ, ბავშვთა სახლის დირექციამ გადაწყვიტა, რომ უპატრონო და ობოლი ვარ და გამაშვილა. მაშინ 3 წლის  და რაღაც თვეების ვყოფილვარ, მაგრამ, იქაურობა აბსოლუტურად არ მახსოვს. არც დედა მახსოვდა და, ამიტომ, ძალიან ადვილად შევეგუე ახალ ოჯახს. ჩემი აღმზრდელი დედ-მამა არაჩვეულებრივი ხალხი გამოდგა და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი.
ჩემი გაშვილებიდან დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ მოუხერხებია დედას თბილისში ჩამოსვლა და მაშინვე ბავშვთა სახლში წასულა, მაგრამ იქ აღარ დავხვედრივარ და არც ის უთქვამთ, ვინ მიშვილა. ამიტომ, საწყალ ქალს ჩემი ძებნა დაუწყია. ის თავისი ოთახიც გაყიდული დახვედრია, ის ქალი კი, ვინც თურქეთში გაუშვა – გარდაცვლილი. დედას საკმაო თანხა ჰქონია მოგროვილი და, რადგან, პრაქტიკულად, ქუჩაში იყო დარჩენილი, ერთი პატარა ბინა იყიდა, ფულის ნაწილით პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა, რომ ელემენტარული შემოსავალი ჰქონოდა და ჩემს ინტენსიურ ძებნას შეუდგა. ამაზე აღარ შეგაწყენთ თავს, როგორ მოახერხა ეს, მაგრამ, მხოლოდ რვა წლის შემდეგ მიაგნო ჩემს კვალს და მომაკითხა კიდეც უნივერსიტეტში...
ახლა ორი დედა მყავს. მე ისევ ჩემს აღმზრდელებთან ვცხოვრობ, მაგრამ, ყოველდღე ვხვდები ჩემს ბიოლოგიურ დედას და ხშირად ვრჩები მასთან, რასაც ჩემი დედობილ-მამობილი არ აპროტესტებს და გაგებით ეკიდება ამ ამბავს. ის კი არა, თვითონაც აქვთ მისვლა-მოსვლა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ მათი.
ახლა მესამე კურსს ვამთავრებ, თან ვმუშაობ. ძალიან მებრალება ჩემი საწყალი დედა, რომელმაც ამდენი ტანჯვა გამოიარა, მაგრამ, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ბოლოს მაინც გვაპოვნინა ერთმანეთი.
მაია, 19 წლის.

скачать dle 11.3