ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული მაქვს მანქანის დაზღვევის ხელშეკრულება, მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით – 10 000 ლარით. რამდენიმე ხნის წინ შემემთხვა ავტოსაგზაო შემთხვევა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მოყენებული ზარალი შეადგენს 2 200 ლარს. სადაზღვევო კომპანიამ ამინაზღაურა 2 200 ლარი, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის ვალდებული იყო აენაზღაურებინა ჩემთვის სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა – 10 000 ლარის ოდენობით. სწორია თუ არა სადაზღვევო კომპანიის მოქმედება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას, მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა მთლიანად ან შეასრულოს შეპირებული მოქმედება.
შესაბამისად, თქვენს შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია, აგინაზღაუროთ დაზღვევის თანხა 10 000 ლარის ოდენობით.
კითხვა: არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიმყოფებოდი ჩემს ყოფილ მეუღლესთან, რომლისგანაც მყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი. გაშორების შემდგომ, ჩემი ყოფილი მეუღლე არანაირ მონაწილეობას არ იღებს ბავშვის აღზრდაში, მით უფრო, რომ ბავშვი ძალიან ხშირად ავადმყოფობს და არ მყავს დამტოვებელი. ამჟამად ვარ უმუშევარი და ბავშვის აღზრდა და წამლების შეძენა ძალიან მიჭირს. შემიძლია თუ არა, მოვთხოვო ჩემს ყოფილ მეუღლეს, გამიწიოს ფინანსური დახმარება ბავშვისთვის საჭირო წამლებისა და სხვა აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისთვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
გარდა ამისა, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება, დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომელიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
კითხვა: ჩემმა მეგობარმა ბანკში აიღო სესხი, აღნიშნული სესხის აღებისას მე დავუდექი თავდებად. შემდგომ აღმოჩნდა, რომ ჩემმა მეგობარმა ვერ შეძლო თანხის გადახდა და ბანკმა, ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, დამიყადაღა სახელფასო ბარათი. ჩემი მეგობრის მხრიდან სესხის თანხის გადაუხდელობის შესახებ მე მხოლოდ ჩემი ბარათის დაყადაღების შემდეგ გავიგე. ბანკში მიმართვის მიუხედავად, ვერაფერი გავარკვიე. გთხოვთ, მომწეროთ, სწორია თუ არა ბანკის მოქმედება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს; თავდების მოთხოვნით, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ, ის კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა ზიანს შეუსრულებლობა. გარდა ამისა, თავდებს შეუძლია, უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
კითხვა: ვიმყოფებოდი ბათუმში სამი დღით, სადაც ვცხოვრობდი ერთ-ერთ სასტუმროში. იქ ცხოვრების პერიოდში, როდესაც გასული ვიყავი ჩემი ნომრიდან, ნომერში დაიკარგა ჩემი ოქროს სამკაული. სასტუმროს ხელმძღვანელობამ უარი განმიცხადა დაკარგული სამკაულის ღირებულების ანაზღაურებაზე. მაქვს თუ არა უფლება, მოვითხოვო სასტუმროს ადმინისტრაციისგან დაკარგული სამკაულის ღირებულების ანაზღაურება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაციის უარი მართლზომიერია, ვინაიდან სასტუმრო პასუხს არ აგებს იმ შემთხვევაში, თუ სტუმარმა ფული ან ძვირფასეულობა საგანგებოდ არ ჩააბარა მათ.
კითხვა: მე და ჩემი მეუღლე სამი წელი ვიყავით დაქორწინებულები. ვაპირებთ განქორწინებას. გვაქვს ბინა, რომელიც ჩემმა მეუღლემ შეიძინა ქორწინებამდე, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ ბინა იყო სარემონტო და თანაცხოვრების პერიოდში ამ ბინაში ჩვენ მიერ ჩატარებულ იქნა რემონტი. ბინა მთლიანად გადაკეთდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ღირებულება. გარდა ამისა, ავაშენეთ კაპიტალური ავტოფარეხი. ხელფასი, რასაც ვიღებდი, მთლიანად ხმარდებოდა რემონტს. შემიძლია თუ არა, მოვთხოვო ჩემს მეუღლეს განქორწინებისას წილი აღნიშნული ბინიდან?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინებო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
კითხვა: ვცხოვრობ მამაჩემის სახლში, რომელიც ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. ფინანსური პრობლემების გამო, ვაპირებ სახლის გაყიდვას, მაგრამ, ვინაიდან სახლი გაფორმებულია მამაჩემზე, ვერ ვყიდი. როგორ უნდა მოვიქცე?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამკვიდროს (ამ შემთხვევაში – სახლს) იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ან, ფაქტობრივად, შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამკვიდრო მიღებული უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდგომ, სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსთვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
შესაბამისად, უნდა მიმართოთ ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. თუ ნოტარიუსი ჩათვლის, რომ მამის ქონება, მისი გარდაცვალების შემდგომ, ფაქტობრივი ფლობით, მიღებული გაქვთ, გასცემს სამკვიდრო მოწმობას. უარის შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასამართლოს.