ტანკენრად ჩაწიწიბურებულნი
ელიტურის ინსტრუქცია
იმან, რომ წინ დიდი არჩევნებია, კვალი სოფელსაც დაამჩნია (ოღონდ, ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვიერი): პოლიტიკურ ძალებს შორის ცილაობაა, ვინ უფრო მეტს დაახარჯავს სოფლის მეურნეობის აყვავება-განვითარებას (მაგრამ, ჯერჯერობით, კვლავაც იმპორტირებული პომიდორ-ნივრის ფონზე).
ჰოდა, რაკი ცილაობაა, ახალქალაქში, თანაც, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, ხუმრობა საქმეა – 130 ჰექტარზე უკრაინიდან ჩამოტანილი, განა უბრალო, როგორც მედია იტყობინება, თვით ელიტური ჯიშის სათესლე წიწიბურა დაითესა (არაელიტურს, აბა, ვინ შემოგვკადრებდა, ან კი, ჩვენ ვიკადრებდით?!)!
არა მხოლოდ დაითესა, ინსტრუქციაც მოჰყვა: წინასწარი გათვლებით, თითო ჰექტარზე თითო ტონა მარცვლეული უნდა მოვიდესო (ესე იგი, ჩავწიწიბურდებით – 130 ტონას ველით!).
ადგილობრივი (ანუ ჩაწიწიბურებულთა) პროგნოზები კი უფრო შორს მიმავალია: „შესაძლებელი იქნება, მოყვანილი მარცვლეულით იმპორტირებული წიწიბურის ჩანაცვლება“. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ წიწიბურა ფრიად სასარგებლო პროდუქტია, თანაც დიეტური, თუკი ჩვენი გვექნა, გამოდის, რომ კიდეც დავპურდებით (არ გაკადრებთ, გავძღებით-მეთქი) და, ზედაც, ჩავტანკენარდებით!
თუმცა, რაკი ჯერ თავო და თავოო, იმედია, რომ, როდესაც უკრაინიდან ჩამოტანილი თესლისგან გაღვივებულ წიწიბურას გავაექსპორტებთ, ადგილობრივ თესლზე აღმოცენებულ კარტოფილ-ხახვსაც მივაყოლებთ!