წყალშეყენებული
მარეგულირებლის ქაჩლური პათოსი
მართალია, ჯერაც ვერ გაგვირკვევია, ბოლოს და ბოლოს, სადაური წარმოშობისაა კომპანია, რომელიც ამ ჩვენს თბილისის წყალს დაჰპატრონებია და, მაინცდამაინც, ვერც ის, რატომ ღირს წყალი ძვირი ქვეყანაში, რომელიც წყალს მიაქვს (და ამ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნების ტარიფებთან შედარება დიდი ვერაფერი ბედენაა), მაგრამ, სამაგიეროდ, ვიცით, რომ GWP („ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“), ყოველ შემთხვევაში, აქამომდე, ხელისუფლების დიდი სიყვარულით სარგებლობდა, იმის მიუხედავადაც, რომ დიდად თავს არ იკლავდა თბილისისა და რუსთავის 24-საათიანი წყალმომარაგებით.
უფრო მეტიც, თბილისის საკრებულოს უმრავლესობა ირწმუნება, რომ თბილისელებს მრიცხველების საფასურის გადახდა, დიახაც რომ, ევალებათ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას ვერ დაიყოლიებდნენ, რომ თბილისის წყალი ეყიდა (თავის წყალსაცავ-ჰესიანადაო). ასეა თუ ისე, წყალი ამ ჩვენი წყლის კომპანიის ბედნიერ ხანასაც შეუდგა. შეუდგა, ვინაიდან, მხოლოდ ამ აგვისტოში GWP აგერ უკვე მეორედ დააჯარიმეს.
თავდაპირველად – 5 000 ლარით (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს და მოქალაქეთა საჩივარი საჩივარზე შემოდის მარეგულირებელ კომისიაშიაო), სულ ახლახან კი – 15 000 ლარით და, როგორც მარეგულირებელნი გვარწმუნებენ, თუ GWP ჯეროვნად არ მოიქცევა, შესაძლოა, ხელი 45 000-ლარიან ჯარიმასაც გამოჰკრასო. კერძოდ, 16 აგვისტოს მარეგულირებელმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა მეწყლე კომპანია, რომ, თუ კვლავაც გააგრძელებს ანცობას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობას), კიდევ უფრო შავი დღე დაათენდება.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ GWP ლიცენზიას (თუკი მოქალაქეების საჩივარ-განცხადებასა და სატელეფონო ზარებს მივუყურადებთ) კარგა ხანია, არ ასრულებს, ცოტა არაბუნებრივად აღიქმება მარეგულირებლის განრისხება (დაახლოებით ქაჩლის პათოსით: ჯერ არ მოიფხანა, ბოლოს მოიგლიჯაო). მაგრამ, თუკი აქვე დავამატებთ, რომ წინ დიდი არჩევნები გველის, მარეგულირებლის განრისხებას, სავარაუდოდ, პროზაული და ორი კურდღლის დამჭერი საფუძველი აქვს: უწყლოდ დარჩენილი ამომრჩევლის გულ-ხმის მონადირება და, ზედაც, ჯარიმებით ბიუჯეტის გამდიდრება.