კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უხდიდნენ ხელფასს ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ვედად იბიშევიჩს


ცნობილი ფეხბურთელებიდან ზოგი თამაშს შემთხვევით იწყებს, ზოგს ამის გაკეთებას მშობლები აიძულებენ, ზოგსაც კი სპეციალისტები ამჩნევენ და გუნდში აჰყავთ. ისტორიები თითქმის ყოველთვის იდენტურია, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს და ერთ-ერთი პირველი ასეთ გამონაკლისებში ვედად იბიშევიჩია.

იბიშევიჩი 1984 წელს ქალაქ ვლასენიცაში დაიბადა. მაშინ ის, ისევე, როგორც სხვა ბევრი ქალაქი, იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა. ვლასენიცაში ძირითადად სერბები ცხოვრობდნენ, ვედადის მშობლები კი ბოსნიელები იყვნენ და მათ შორის არცთუ მეგობრული დამოკიდებულება იყო. ხოლო, როცა ომი დაიწყო, იბიშევიჩის ოჯახზე სერბებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. ტყეებში რამდენიმეკვირიანი ხეტიალის შემდეგ, ოჯახმა სამშვიდობოს გააღწია და ქალაქ ტუზლაში დასახლდა. მერე კი, როცა იუგოსლავია დაიშალა, ტუზლა ბოსნიელთა საზღვრებში მოექცა. მაგრამ...

იმ დროს ვედადი შვიდი წლის იყო და ბევრი არაფერი ესმოდა. სამაგიეროდ, 2000 წელს, როცა უკეთესი ბედის საძიებლად მშობლები შვეიცარიაში გადავიდნენ, იბიშევიჩი 16 წლის გახლდათ და ბოსნიაში ნავარჯიშები სხეულის წყალობით, ბურთს არცთუ ურიგოდ აგორებდა. შვეიცარიაში გადასვლისთანავე მან „ბაზელის“ საფეხბურთო სკოლას მიაკითხა და ჩაირიცხა კიდეც, მაგრამ ემიგრანტ ბოსნიელებს ამან ვერ უშველა – შვეიცარიის ხელისუფლებამ იბიშევიჩებს თავშესაფარზე უარი უთხრა და ქვეყნიდან გააძევა. გაღატაკებულ ბოსნიაში დაბრუნება სიკვდილის ტოლფასი იყო და ოჯახმაც გეზი ამერიკისკენ აიღო. სენტ ლუისში მათი შორეული ნათესავები ცხოვრობდნენ და თავიდან ბოსნიელებმა სწორედ მათ შეაფარეს თავი. შტატებში ფეხბურთი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, მაგრამ ვედადს ბურთის გორების გარდა, სხვა არაფერი შეეძლო და ამიტომ, სენტ ლუისის საფეხბურთო სკოლას მიაკითხა. მისი სათამაშო კლასი იმდენად მოეწონათ, რომ დღის წესრიგში მისთვის ამერიკის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი დადგა, რის შემდეგაც იბიშევიჩს ამერიკის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მიეცემოდა. მაგრამ, მან კატეგორიული უარი განაცხადა, – მე ან ბოსნიის ნაკრებში ვითამაშებ, ან საერთოდ არსადო, – ასეთი იყო იბიშევიჩის პასუხი.

წლები გადიოდა, ვედადს კი ნაკრებში არ ეძახდნენ, მაგრამ ნაკრებს ვინ ჩივის, ის გროშები, რასაც მას ამერიკაში უხდიდნენ, თავის სარჩენად აშკარად არ კმაროდა და იბიშევიჩმა ბედის საძიებლად ისევ ევროპას მიაშურა. შეიძლება ითქვას, რომ მის კარიერაში სწორედ ეს ეტაპი გამოდგა გარდამტეხი. იმ დროს ბოსნიელები სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს აყალიბებდნენ და ნებისმიერ ბოსნიელ ახალგაზრდა ფეხბურთელს სანთლით ეძებდნენ. შეკრებაზე იბიშევიჩიც გამოცხადდა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ახალგაზრდა ფეხბურთელთა ვარჯიშს მოედნის კიდიდან ბოსნიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, იმჟამად ფრანგული პსჟ-ს მთავარ მწვრთნელად მომუშავე, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი ადევნებდა თვალს და ვედადს ყურადღება მიაქცია. მალე იბიშევიჩი პარიზში აღმოჩნდა, პსჟ-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ რად გინდა, იგი ძალიან ახალგაზრდად მიიჩნიეს და იმავე ჰალილჰოჯიჩმა ახალგაზრდა ფორვარდი ჯერ მეორე გუნდში გადაიყვანა, მერე კი მოკრძალებულ „დიჟონში“ გაანათხოვრა. „დიჟონში“ იბიშევიჩმა ორი სეზონი დაჰყო, საერთო ჯამში, 33 მატჩი ჩაატარა, ათი გოლი გაიტანა და საფრანგეთს დაემშვიდობა. იგი გუნდიდან სრულიად უსასყიდლოდ გაუშვეს და ხელიც ჩაიქნიეს, მისგან მაღალი დონის ფეხბურთელი არ დადგებაო. იბიშევიჩმაც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „ალემანიას“ მიაშურა, მინიმალურ ხელფასს დასთანხმდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ერთ წელიწადში ვედადმა 24 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქის კარი ექვსჯერ აიღო, რაც „ალემანიის“ ხელმძღვანელობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და იგი გუნდიდან გაუშვეს. შესაძლოა, ბოსნიელ თავდამსხმელს, რომელიც 23 წლის იყო, კარიერის დასრულებაზეც ეფიქრა, მაგრამ მხსნელად პროფესორის მეტსახელით ცნობილი, გერმანელი მწვრთნელი, რალფ რანგნიკი მოევლინა. გერმანელმა მილიარდერმა, ვინმე დიტმარ ჰოპმა გადაწყვიტა თავისი სოფლის გუნდი „ჰოფენჰაიმი“ აეღორძინებინა და მწვრთნელად რანგნიკი მოიწვია, კაცი, რომელიც არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადია. გერმანულმა პრესამ ჰოპის გუნდს სოფლელები შეარქვა, რანგნიკს კი – სოფლის მასწავლებელი. სწორედ „სოფლელებში“ მოხვდა იბიშევიჩი და ევროპულმა პრესამ ამაზეც იხუმრა – ბოსნიელმა სოფლელმა, როგორც იქნა, საკუთარ გუნდს მიაგნოო. ვედადი რანგნიკს სრულიად უფასოდ ერგო, მაგრამ მას შემდეგ, რაც იბიშევიჩმა პირველ სეზონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში მხოლოდ ექვსი გოლი გაიტანა, ჰოპმა მისთვის ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადა, თუმცა რანგნიკმა პრეზიდენტს აზრი შეაცვლევინა. ჰოპმა მწვრთნელს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია და ამის მორალური უფლებაც არ ჰქონდა – 2008 წელი გუნდისთვის წარმატებული იყო, რადგან „ჰოფენჰაიმმა“ პირველ ბუნდესლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა და მერე რა, თუ პრესა მათ ისევ სოფლელებს ეძახდა.

„ახალ სეზონში ჩემს გუნდს სერიოზული მიზნები ექნება და ვედად იბიშევიჩის სახით, ფარული იარაღი მაქვს“, – გასული სეზონის დაწყებამდე განაცხადა რანგნიკმა და მწვრთნელის ეს სიტყვები ბევრმა ხუმრობად აღიქვა, მაგრამ პირველი წრის შემდეგ გერმანიაში აღარავის ეცინებოდა – 17 ტურში იბიშევიჩმა 18 გოლი გაიტანა, ბოსნიის ეროვნულ ნაკრებშიც მყარად მოიკიდა ფეხი და ფეხბურთელში, რომელიც ორი წლის წინ ერთი ცენტიც არ ღირდა, ევროპული გრანდები ოც მილიონ ევროს იხდიდნენ. ზამთრის სატრანსფერო სეზონში ბოსნიელს კარიერა, ალბათ, უფრო ძლიერ გუნდსა და ლიგაში უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ 2009 წლის 14 იანვარს „ჰამბურგთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და ფეხბურთს ექვსი თვით ჩამოშორდა. ვედადმა ტრავმა სრულიად მოირჩინა და როგორც გუნდს, ასევე ეროვნულ ნაკრებსაც დაუბრუნდა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ბოსნიის ნაკრებმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სასწაული მოახდინა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, რითიც ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. სამწუხაროდ, იბიშევიჩსა და მის ნაკრებს მეტოქედ მრისხანე პორტუგალია ერგო და მუნდიალისკენ სავალი გზა ამიტომაც გადაეკეტათ. თუმცა, მთელი ბოსნია იმის იმედად არის, რომ მათი ნაკრები ორ წელიწადში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს და ამ გადასახედიდან ეს მართლაც რეალურია.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვედადს განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს და მოდელებზე არ ნადირობს. მისი მეგობარი გოგონა ასევე ბოსნიელია. ჟელინა და იბიშევიჩი ერთმანეთს მეორე წელია ხვდებიან და როგორც ამბობენ, მალე ჯვარსაც დაიწერენ.


скачать dle 11.3