როგორ აგროვებს თამუნა ნიკოლაძე მასზე შეყვარებულ ადამიანებს და ვისთან ერთად გაატარა მან ძალიან ლამაზი 4 წელიწადი
მსახიობი თამუნა ნიკოლაძე მაყურებელმა წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. 300 სერია ის ქეთევან ღლონტი იყო სერიალ „შუა ქალაქში,” ახლახან კი მარიამ არაბულის სახელითა და გვარით გამოჩნდა „ალუბლების ქუჩა 12-ში.” თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, თამუნა „თბილისელების” რესპონდენტია და როგორც ყოველთვის დიდი სიამოვნებით საუბრობს საკუთარი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ.
– საკმაოდ დიდხანს გელოდათ მაყურებელი. სერიალ „შუა ქალაქში” რომ ვეღარ გნახეს, ცოტა დაიბნენ შენი ფანები, მერე ხმა გავრცელდა, „რუსთავი 2-მა“ აიყვანა მთელი შემადგენლობაო. მოკლედ, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, გამოჩნდი მეგობრებთან ერთად.
– ზაფხულში გამოვჩნდით, მაგრამ, მანამდე დიდი ამბები იყო. „ღამის შოუს” სტუდიამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვყოფილიყავით ამ სერიალში და უჩვენოდ გაეგრძელებინათ. ახლა „შუა ქალაქი” ჩვენი ტკბილი მოგონება და ძალიან ლამაზი ოთხი წელია. შეიძლება, ცოტა გაურკვეველი დასასრულიც ჰქონდა ამ ყველაფერს. როცა ერთი გუნდი ერთად აკეთებს საქმეს, რომელიც ძალიან წარმატებულია, მგონია, რომ ერთად უნდა დაასრულონ და რაღაც ახალი უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში კი ისე მოხდა, რომ სერიალი „შუა ქალაქში” გრძელდება, ოღონდ, სხვა მსახიობების შემადგენლობით და სიტუაციებიც სხვა ვითარდება.
მართალია, ჩვენ სერიალის გარდა თეატრშიც ვმოღვაწეობთ და ხარისხიანად ვართ დაკავებული, მაგრამ, ნაწილობრივ მაინც უმუშევრები დავრჩით. ძალიან მალე „რუსთავი 2-ის” წარმომადგენლები დაგვიკავშირდნენ და მე, თათულის, გოგას, მაიკოსა და კახას შემოგვთავაზეს მათთან თანამშრობლობა. მათი სურვილი იყო, ჩვენთან ერთად სერიალი გაეკეთებინათ და ჩვენც დავთანხმდით. ყველანაირი პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ კომფორტულად გვემუშავა. სპეციალურად ჩვენი სერიალისთვის აშენდა პავილიონი, სადაც ძალიან კარგი პირობები გვაქვს. ასე რომ, „შუა ქალაქის” შემდეგ, კვლავ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვცხოვრობ „ალუბლების ქუჩაზე.”
– მართალია, გაამართლა, მაგრამ, დამეთანხმები, რომ ეს საკმაოდ დიდი რისკი იყო თქვენი მხრიდან.
– რისკი იყო მაშინაც, ხუთი წლის წინ, 2007 წელს, როცა სერიალი „შუა ქალაქში” დაიწყო. მაშინ ჩვენ ხომ არ ვიცოდით, რომ ასე მოიკიდებდა ფეხს ჩვენი სერიალი და 300 სერიას ვითამაშებდით. ჩემთვის, როგორც თეატრის მსახიობისთვის, საკმაოდ დიდი რისკი იყო სერიალში წასვლა. მართალია, თეატრში ბევრი კარგი როლი მაქვს განსახიერებული, მაგრამ მასისთვის ცნობილი სახე არ ვიყავი. რისკი ნამდვილად იყო, რადგან ტელევიზიაში კომედიური ჟანრის სერიალი ან გამოვა, ან – არა. გავრისკე და გამიმართლა. როგორც მეუბნებიან, ძალიან ცნობილი და საყვარელი სახე შევქმენი. ამდენი წელი გავიდა და, დღემდე, ბავშვით დაწყებული და უფროსით დამთავრებული, ყველა მეფერება და „შუა ქალაქს” იხსენებს. ახლა კი უკვე „ალუბლების ქუჩის” მარიამს ეფერებიან, რაც ძალიან მაგარია.
– როგორც ვიცი, ახალი პერსონაჟის სახელი თავად შეარჩიე.
– დიახ, მე შევარჩიე. გვითხრეს, ვის რა გინდათ გერქვათო და მეც ასე დავირქვი – მარიამ არაბული. ხევსურეთის სიყვარულიდან გამომდინარე, ძალიან მინდოდა, ხევსურული გვარი მქონოდა, თან, სახელი მარიამი ძალიან მიყვარს.
– როგორ ფიქრობ, რა მსგავსებაა შენს გმირებსა და შენ შორის?
– ადრე ხშირად მეკითხებოდნენ – ქეთევანს გავხარო? ქეთევანს მართლა არ ვგავდი, ის ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყო თავისი ცხოვრების წესით. თავიდან გასათხოვარი, ჭორიკანა გოგო იყო; მერე შეყვარებული ჰყავდა და მაინც ჭორიკანა იყო. რომ გათხოვდა, ცოტა დაქალდა, მაგრამ, მერე ოჯახში ჰქონდა კონფლიქტები, თან, ლაშაზე ეჭვიანობდა და ასე შემდეგ. 300 სერია ვიცხოვრე ერთი ადამიანის დიდი ცხოვრებით. მარიამს რაც შეეხება, რაღაც საერთო ხაზებს ვხედავ ჩემსა და მას შორის, მაგრამ, ხმამაღლა ვერ ვამბობ, რადგან, ძალიან პირადია. მარიამის ქცევებში თამუნა ნიკოლაძის შტრიხები არის. მარიამის შემთხვევაში, შევეცადე, ვიზუალი შემეცვალა, ცოტა ასაკიც დავიგდე და გაცილებით პატარა გოგო გავხადე, ვიდრე ქეთევანია. ქეთევანი უფრო ქალური და „ტრადიციული“ ადამიანი იყო. რაღაცნაირი, „პრიჩოსკა” გოგო, მარიამი კი უფრო თავისუფალია.
– მეუღლეც შეიცვალე.
– კი, ადრე ჩემი მეუღლე ლაშიკო იყო, ბაჩო ქაჯაია, ახლა კი ნიკა, ანუ, გოგა ბარბაქაძეა. მე და გოგა სცენაზეც პარტნიორები ვართ. ძალიან შეჩვეული და შეთანხმებული პარტნიორობა გვაქვს და, ამიტომ, ყველაფერი კარგად არის.
– თათულიც გვერდით გყავს.
– თათული ადრე თუ ჩემი და იყო, ახლა მული გახდა, რაც ძალიან საინტერესოა. ის სერიალი, რაც ჩვენს „წინა ცხოვრებაში“ იყო, დამთავრდა და, ვფიქრობ, ძალიან სწორადაც დამთავრდა. რომ გამოგვიშვეს, ადრე ნაწყენი და გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ გადამიარა. მივხვდი, რომ, არ შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება ქეთევან ღლონტი ვყოფილიყავი. ჩემთვის სასიკეთო რაღაც მოხდა, რადგან, საშუალება მომეცა, ვიყო მარიამ არაბული და ახალი გმირით შევაყვარო თავი ჩემს მაყურებელს. ამ სერიალით როგორც მსახიობი, ნამდვილად ვერ გავიზრდები, თუ სხვადასხვა როლზე მუშაობის საშუალება არ მექნა.
– გადაღებები უკვე დაასრულეთ. ერთად ხომ არ გეგმავთ დასასვენებლად წასვლას?
– უკვე შვებულებაში გავედით მსახიობები, მაგრამ, ერთად წასვლას ვერ ვახერხებთ. რამდენიმე დღეში გერმანიაში მივფრინავ, მერე კი კვარიათში წავალ აუცილებლად, სადაც ყოველ წელს დავდივარ. კვარიათი ჩემი ზღვაა – მოზომილი მაქვს. ძალიან მიყვარს იქ დასვენება, ჩემი პატარა ბუნგალოც მაქვს, სადაც საღამოობით მშვიდად ვზივარ მეგობრებთან ერთად.
– გერმანიაში დასასვენებლად მიდიხარ?
– გერმანიაში მივდივარ, რომ დავათვალიერო. თან ჩემი და და სიძეც იქ არიან, მათაც მოვინახულებ და უკან დავბრუნდები. საერთო ჯამში, გერმანიაც და აჭარაც დასვენებას უკავშირდება. სექტემბრიდან კი თეატრშიც ახალი სეზონი დაიწყება და ახალი შემართებით გაგრძელდება „ალუბლების ქუჩა 12.” მიყვარს ახალი სერიალი, რომელმაც ძალიან დიდი ძალა და ახალი მუხტი მომცა. მიყვარს ჩემი გმირი, რომელიც ლაღია და ცხოვრებას ლამაზ ფერებში უყურებს. მარიამ არაბული ფერადად ცხოვრობს და ჩემში ძალიან დიდ განტვირთვას ახდენს. მოკლედ, შეყვარებული ვარ ჩემს გმირზე.
– ძალიან განებივრებული ხარ მაყურებლის მხრიდან – ყველა გიღიმის და გეფერება.
– მართლა ასეა. როცა მაყურებელს ასე უყვარხარ, ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. რამდენიმე დღე ბათუმში ვიყავით სერიალის გადაღებებზე. არ ვიცი, როგორ ვთქვა, მერიდება კიდეც – ფული არავინ არაფერში არ გადაგვახდევინა, ყველგან და ყველაფერზე გვპატიჟებდნენ. იმხელა პატივისცემა და სითბო იგრძნობა ხალხისგან, ვერ აგიწერ. ბათუმში სანამ წავიდოდით, ორი დღით კახეთში ვიყავი. მოკლედ, სადაც შევედი, მეუბნებოდნენ, დაპატიჟებული ხარო; სადაც გავიხედე – გენაცვალე, გვიყვარხარო. ფოტოებს იღებდნენ ჩემთან. სულ დადებითი ემოცია მოდის, რაც მართლა სასიამოვნოა.
– რამდენ ოჯახშია შენი ფოტო თუ დაფიქრებულხარ ამაზე?
– ძალიან ბევრ ოჯახშია ჩემი ფოტო, რაც კარგია. შეიძლება, სულ რაღაც ერთი-ორჯერ მითქვამს უარი ფოტოს გადაღებაზე, ისიც იმიტომ, რომ სახლიდან ვიყავი გამოვარდნილი პურის საყიდლად სახლის ჩუსტებითა და შორტებით. არ მინდა, ასეთი შინაურული ტანსაცმლით ვიყო ვიღაცის საოჯახო ფოტოებში ბავშვობის დაქალივით. ფოტოებს მაშინაც არ ვიღებ, როცა ჩემი გმირის ვარცხნილობითა და ჩაცმულობით ვარ. სხვა შემთხვევაში კი არ არსებობს, ვინმეს უარი ვუთხრა ფოტოს გადაღებაზე.
მე ასეთი დევიზი მაქვს: რაც უფრო თავმდაბალი, კაცთმოყვარე, მომთმენი, გაწონასწორებული და ადამიანური ვიქნები, მით უფრო მეტი საქმე მექნება. ცოტა ხმამაღლა და ამბიციურად ვიტყვი: ფაქტი სახეზეა – 10 წელია, არ გავჩერებულვარ, ღვთის წყალობით, სამუშაო სულ მაქვს თეატრშიც და ტელევიზიაშიც.
– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?
– უარს არასდროს ვიტყვი სამსახურზე, მუშაობაზე. თამუნა ნიკოლაძის ყველაზე დიდი საცოდაობა იქნება, რომ დაბერდება. ფეხები თუ ამტკივდა, გადაადგილება ვეღარ შევძელი და თეატრში ვერ წავედი, რა მეშველება, არ ვიცი. თან, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს – წლების წინ რა მოხდა, ყველაფერი მახსოვს საათებით, წუთებით, ვის რა ეცვა, სად რა ვჭამეთ და ასე შემდეგ. ამის გამო, ჩემი მეგობრები ხშირად ამბობენ, საცოდაობა იქნება, თამუნა ნიკოლაძეს სკლეროზი რომ დაემართებაო. იმდენი ინფორმაცია დევს ჩემში, ხალხი მირეკავს და მეკითხება, ჩემი ნათესავის დაბადების დღე როდის არისო. აი, რაც შეეხება ჭორებს, ჭორაობასა და ტყუილს – მართლა არ მიყვარს, მეზიზღება. ერთხელ მკითხეს კიდეც, გიყვარს საკუთარ თავზე ჭორებით ფიარის აგორებაო? ვუპასუხე, მე მხოლოდ ჩემზე შეყვარებულ ადამიანებს ვაგროვებ-მეთქი.
– და სად აგროვებ?
– ყველგან...