რომელ ნაცისტ ლიდერს აჩუქა თავისი ნობელის პრემია კნუტ ჰამსუნმა და რის გამო არ უბეჭდავდნენ მას ბოლო რომანს – „გადაზრდილი ბილიკი”
„ჩემო მარია! მომისმინე, ღმერთმა დამსაჯოს, თუ იყოს ტყუილი ის, რასაც ახლა გეტყვი...შენ ხარ ყველაზე მშვენიერი არსება სამყაროში!!! მარია, მთელ წელს მონასავით ვიმუშავებ, რათა დავიმსახურო შენი თავი... ახლა კი მე „ჩუმ-ჩუმად” მახარებს შენი სიკეთე და ჩემდამი სიყვარული. სამწუხაროდ, ახლა მე მიძნელდება ჩემი თავის გაკონტროლება...” – ეს იყო კნუტ ჰამსუნის, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის წერილი, რომელიც მან თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს – მარიას მისწერა. ეს წერილი და კიდევ სხვა მრავალი, მარიას კარადაში ჰქონდა შენახული. მას ზეპირად ახსოვს თითოეული მათგანი, თუმცა, ჯიუტად, თითქმის ყოველდღე ხელმეორედ კითხულობდა და ტიროდა, რადგან იცოდა, რომ მსგავს სიტყვებს მას აღარავინ დაუწერდა...
მარიასა და კნუტის პირველი შეხვედრის ინიციატორი კრისტიანიის (ოსლოს თავდაპირველი სახელწოდება) ნაციონალური თეატრის დირექტორი იყო. 1908 წელს თეატრში ჰამსუნის ახალი პიესის მიხედვით სპექტაკლი დაიდგა, სადაც მარია ანდერსენი მთავარ როლს ასრულებდა. ჰამსუნი იმ დროს უკვე ცნობილი მწერალი იყო, ნორვეგიაში ღმერთად წოდებული. მისი წიგნები, ამერიკით დაწყებული და რუსეთის იმპერიით დამთავრებული უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა და 25 წლის მსახიობისთვის, ასეთი დონის მწერლის გაცნობა ნამდვილი შოკი იყო, ისეთი, რომ, თავდაპირველად მარია ვერც კი იჯერებდა, რომ თვით კნუტ ჰამსუნთან ერთად ისადილებდა.
– გამარჯობა, ბატონო ჰამსუნ, მე მარია ანდერსენი ვარ, მსახიობი, რომელიც ელინას როლზე დაამტკიცეს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა! – წარმოთქვა მარიამ და ჰამსუნის ცისფერი თვალების ტყვეობაში ჩავარდა. ჰამსუნი ჩუმად უყურებდა მშვენიერ მარიას და მხოლოდ ოფიციანტის ხველებამ გამოაფხიზლა.
– უკაცრავად, მაპატიეთ. როგორი მშვენიერი ხართ, მარია. ულამაზესი ხელები გაქვთ, – უთხრა ჰამსუნმა მარიას. ახალგაზრდა მსახიობი მთელი რესტორნის თვალწინ გაწითლდა და ხმა ვეღარ ამოიღო. მარიამ მოგვიანებით გაიგო, თუ რატომ გააკეთა აქცენტი ჰამსუნმა მის ხელებზე. თავად მწერალს მთელი ცხოვრების განმავლობაში რცხვენოდა თავისი ხელების – მას გრძელი თითების და არისტოკრატული ხელების მქონე ადამიანების შურდა. მათი პირველი შეხვედრის დროს კნუტი 50 წლის იყო, ხოლო მარია 25-ის, თუმცა, ასაკობრივ სხვაობას არ შეუშლია ხელი, რომ მათ შორის სასიყვარულო ნაპერწკალი ანთებულიყო.
კნუტი სიცოცხლით აღსავსე იყო, მარიასთან შეხვედრის შემდგომ მას თითქოს რამდენიმე წელი მოაკლდა. მარიაც უბედნიერესად გრძნობდა თავს. კნუტი იმდენად იყო გატაცებული მარიათი, რომ ეჭვიანობის გრძნობას საჯაროდაც ვერ მალავდა და ხშირად უმიზეზოდ უმართავდა მას ეჭვიანობის სცენებს, მაშინაც კი, როდესაც ამის არანაირი საბაბი არ ჰქონდა. საკმარისი იყო, მარია თეატრის ფოიეში უცნობ მამაკაცს გასაუბრებოდა, რომ კნუტი ქარბორბალასავით გარეთ გარბოდა. ერთხელ კნუტს, სრულიად უმიზეზოდ, ახალგაზრდა მამაკაცი კინაღამ შემოაკვდა იმის გამო, რომ იგი მარიას უკან მიდიოდა პარკში. კნუტი დაესხა მას თავს, მუშტის ერთი დარტყმით გათიშა და პარკში მყოფებს დაანახვა, რომ მარია მხოლოდ მისი საკუთრებაა.
ეჭვიანობა მარიასთვისაც არ იყო უცხო, თუმცა მას არასდროს მოუწყვია ეჭვიანობის სცენები და მუდამ აღფრთოვანებით ისმენდა კნუტის მიერ მოყოლილ ისტორიებს: ბედნიერ, თუმცა, ხანმოკლე ბავშვობის წლებზე ნორვეგიის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში; პარალიზებულ, ბოროტ ბიძასთან შრომაზე 9 წლის ასაკიდან და სახლიდან გაქცევაზე; ვალებზე, რის გამოც მას თბომავლით ამერიკაში გაქცევა მოუხდა; დასავლეთში ფერმებში მუშაობაზე; თუ როგორ დაესწრო სრულიად შემთხვევით მარკ ტვენის ლექციას და როგორ დაუსვეს ტუბერკულოზის დიაგნოზი, რის გამოც იგი სამშობლოში დაბრუნდა; პირველი რომანისა და პირველი წარმატების შესახებ, პარიზში გატარებულ პერიოდზე... ყველაზე მეტად ჰამსუნს პირველი ქორწინების გახსენება არ უყვარდა, თუმცა, ის არ მალავდა, რომ რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა ცოლთან და ჰყავდა ქალიშვილი, რომელსაც ინახავდა. სამაგიეროდ, უყვარდა რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობის შესახებ ისტორიების გახსენება, საუბარი იმ საოცარ მხარეზე, რომელსაც მან წიგნი მიუძღვნა.
მარია ბედნიერად გრძნობდა თავს, რომ კნუტ ჰამსუნის სამყაროს ნაწილი იყო, მაგრამ, ერთი ნაბიჯის გადადგმა მას მართლა გაუჭირდა – ჰამსუნმა მას კატეგორიულად მოსთხოვა: ან ის, ან – მსახიობის კარიერა. ამის შესახებ ჰამსუნმა მარიას წერილის მეშვეობით აცნობა გაცნობიდან ორ თვეში.
კნუტ ჰამსუნი მთელი ცხოვრება ოცნებობდა სახლზე ზღვის სანაპიროსთან, სადაც ქალაქის ცხოვრებას გაერიდებოდა. ეს ოცნება ჰამსუნმა მარიასთან ერთად აისრულა, ნერჰოლმის სახლის სახით. იქ თითქმის ყველაფერი იყო იდეალური, თუმცა, ჰამსუნი ასკეტური ცხოვრებისადმი იყო მიდრეკილი, მარიას კი კულტურული ღონისძიებების, სტუმრების მიღების მოწყობისა და ალაფურშეტებით გამასპინძლების სურვილი ჰქონდა, რაზეც ჰამსუნი კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ. მწერალს არ უყვარდა სტუმრების მოსვლა, ასეთ დროს ის გარბოდა სახლიდან, რადგან მას, უბრალოდ, არ სიამოვნებდა თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრში ყოფნა. უცნაურია ის ფაქტიც, რომ ჰამსუნმა ნობელის პრემიით დაჯილდოებაზე მისვლა გადაწყვიტა, რადგან საჯარო გამოსვლები მისთვის მიუღებელი გახლდათ. ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება ნობელის პრემიით დაჯილდოებას: ჰამსუნისთვის შეკერეს სპეციალური ფრაკი, მარიასთვის კი კაბა, რომელსაც გახსნილი ზურგი ჰქონდა. ამ კაბის ნახვის შემდეგ ჰამსუნმა მოიმიზეზა, რომ გარეთ ციოდა და, საკუთარი ხელით (ბედად, მამამისისგან ნასწავლი ჰქონდა საკერავი მანქანით სარგებლობა), კაბა ისე გადააკეთა, ვერავინ შეამჩნია, რომ მარიას კაბის შეკერვაში ჰამსუნის ხელიც ერია. დაჯილდოების შემდეგ ჰამსუნი მეუღლის გარეშე მივიდა ბანკეტზე, საიდანაც უგონოდ მთვრალი დაბრუნდა სასტუმროს ნომერში და ფრაკით ეძინა დილამდე. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მოახერხა მარიამ, მეუღლისთვის ფეხსაცმლის გახდა იყო.
ნერჰოლმში ცხოვრების პერიოდის პირველ წლებში მარიასა და კნუტის ურთიერთობაში პირველი ბზარი გაჩნდა: ჯერ იყო და, კნუტი მთელი დღე დაკარგული იყო პატარა სახლში, რომელიც სპეციალურად სამუშაოდ ააგო; ხოლო, როდესაც სახლში ბრუნდებოდა დასაძინებლად, იქაც, სრულ სიბნელეში ახერხებდა წერას და ამით მარიას არ აძინებდა, რადგან ქაღალდზე გასმული ფანქარი ღამის სიჩუმეში განსაკუთრებულ ხმას გამოსცემდა. ბოლოს მარიამ ულტიმატუმი წაუყენა ქმარს, რომ მას ღამით წერა შეეწყვიტა, რაზეც კნუტმა თანხმობა განუცხადა და, უბრალოდ, გვერდითა ოთახში გადავიდა საცხოვრებლად. ხოლო როცა წიგნის დასასრულზე მუშაობდა, გადადიოდა საცხოვრებლად ახლომდებარე ორ-სამ პანსიონატში. ერთხელ მარიამ მეუღლისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა და პანსიონატში ეწვია, სადაც მას ნამდვილი შოკი ელოდა: აღმოჩნდა, რომ ხელმომჭირნე კნუტი, სამ დიდ ოთახს ქირაობდა, სადაც ღამღამობით პოეზიის საღამოებს აწყობდა პანსიონატში მყოფი ახალგაზრდა გოგონებისთვის, საღამოობით ეს გოგონები კინოში დაჰყავდა. მარიამ საშინელი სკანდალი მოუწყო ჰამსუნს, თუმცა, მალევე შეურიგდა ნორვეგიელ გენიოსს – მან იცოდა, რომ კნუტის გარეშე მის ცხოვრებას ფასი არ ჰქონდა.
მარიას ძალიან უნდოდა შვილების ყოლა, კნუტიც არ იყო წინააღმდეგი – მას უყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, თამაში. მათ ოთხი შვილი ჰყავდათ: ვაჟები – ტურე და არილდი და ქალიშვილები: სესილია და ელინორი. კნუტი გიჟი მამა იყო, იგი ძილის წინ ლექსებს უკითხავდა პატარებს, ეთამაშებოდა, ასეირნებდა ბაღში, საკუთარი ხელით უკეთებდა ხის სათამაშოებს, თუმცა, ბოლოს, ისევ რამდენიმე თვით უჩინარდებოდა პანსიონატში. ჰამსუნების ბედნიერი ოჯახის ხილვა მარიას, მხოლოდ ფოტოსურათზე შეეძლო, ენახა. კნუტს, რომელსაც თავად არ მიუღია უმაღლესი განათლება, სურვილი ჰქონდა, რომ მის შვილებს ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში ესწავლათ და მან მიყოლებით ოთხივე შვილი საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად. მარია ამის წინააღმდეგი იყო, მას სურდა, რომ შვილები მის გვერდით ყოფილიყვნენ,თუმცა, კნუტს რკინის არგუმენტი ჰქონდა: „მარია, მე ვბერდები. ასე იქნება უკეთესი ყველასთვის. ბავშვები მიიღებენ კარგ განათლებას, ხოლო სახლში სიმშვიდე იქნება. აღარ მაქვს ძალა, რომ პანსიონატებში ვიარო, ამიტომაც, სახლში განვაგრძობ წერას, სანამ შვილები ევროპაში იმოგზაურებენ”. ჰამსუნი მართლაც აღარ იყო ისეთი, როგორიც ის მარიამ გაიცნო. მას უკანკალებდა ხელი, დაუქვეითდა სმენა, თუმცა, მაინც განაგრძობდა წერას – ეს იყო ერთადერთი რამ, რაც მან იცოდა და რის გარეშეც მოკვდებოდა.
სანამ შვილები ევროპაში სწავლობდნენ, მარია და კნუტი მარტო ცხოვრობდნენ ნერჰოლმში. ისინი თვეობით არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და ორი დაკარგული ჩრდილივით დაიარებოდნენ უზარმაზარ სახლში. მარტოობისგან მარიამ კალამს მოჰკიდა ხელი და თავადაც დაიწყო წერა. მან რამდენიმე საბავშვო წიგნიც კი გამოაქვეყნა და მკითხველის მოწონება დაიმსახურა. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ისიც კი უთხრა მარიას, თქვენი წიგნები იმდენად კარგია, ეჭვი მაქვს, თქვენი მეუღლე გეხმარებათ წერაშიო, რამაც მარია ძალიან გააღიზიანა.
ჰამსუნს ყოველთვის ძალიან უყვარდა გერმანელები. იგი აღფრთოვანებული იყო მათი ქვეყნით და არ უყვარდა ინგლისელები, რომელთა მიმართ სიძულვილი პირველი მსოფლიო ომის დროს გაუჩნდა, როდესაც ინგლისმა საზღვაო ბლოკადა შემოიღო ნორვეგიის წინააღმდეგ. 1939 წლისთვის, როდესაც ჰიტლერმა ევროპის დაპყრობის კამპანია წამოიწყო, 80 წლის ჰამსუნმა ამის შესახებ მეუღლისგან შეიტყო. იმ დროისთვის კნუტს სრულიად დაუქვეითდა სმენა. იგი არ ცნობდა სმენის აპარატებს და მხოლოდ მარიას საშუალებით იგებდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, მხოლოდ მარიას ყვირილს შეეძლო მისთვის ამბის შეტყობინება. იმ პერიოდში კნუტი თითქმის აღარ წერდა და მთელ დროს თავის კაბინეტში ატარებდა გაშლილ პასეანსთან. 1940 წელს ნაცისტურმა გერმანიამ ნორვეგიის ოკუპირება მოახდინა და მარია ჰამსუნი ნორვეგიის ნაცისტურ პარტიაში გაწევრიანდა. გერმანელები აღმერთებდნენ ჰამსუნს, ჰიტლერი და ჰებელსი მას თანამედროვეობის საუკეთესო მწერლად მიიჩნევდნენ. ამის საპასუხოდ, 1942 წელს, ჰამსუნმა თავისი ნობელის მედალი ჰებელსს გაუგზავნა საჩუქრად. ამას გარდა, ნერჰოლმში თითქმის ყოველდღე მიდიოდნენ სტუმრად გერმანელი ჯარისკაცები, რომლებიც ჰამსუნის ავტოგრაფზე ნადირობდნენ. ჰამსუნი მათ არ იღებდა, თუმცა, მარიას უფლება ჰქონდა, მისი სახელით მოეწერა ხელი წიგნებზე. მარია მთლიანად იყო ჩართული ნაცისტური პარტიის საქმიანობაში, ის ტრიბუნიდან მიმართავდა ნორვეგიელებს და მონაწილეობას იღებდა ევროპულ ტურნეებში, იგი სრულად იზიარებდა ჰიტლერის იდეებს. სამაგიეროდ, ჰამსუნი ნერჰოლმში იჯდა და, არც კი იცოდა, რომ მის საყვარელ ნორვეგიელებს გერმანელები წინააღმდეგობის გაწევის გამო ხვრეტდნენ, ნორვეგიელ ებრაელებს კი გაურკვეველი მიმართულებით ასახლებდნენ. ამის შესახებ კნუტს პირველად მარიამ შეატყობინა 1943 წელს და მან ჰიტლერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რათა თავისი პროტესტი გამოეხატა ტერორის მიმართ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ჰიტლერმა არ მოისურვა ჰამსუნის მოსმენა და მოხუცი მწერალი არ მიიღო. ნაცისტებთან კავშირმა ჰამსუნს ცუდი სამსახური გაუწია: რიგითი ნორვეგიელები მოდიოდნენ მის სახლთან ნერჰოლმში, ყვიროდნენ – „მოღალატეო” და მის წიგნებს წვავდნენ. როდესაც მარია ჰამსუნმა ჰიტლერის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო, ეს მან ქმარს აცნობა. ჰამსუნმა განაცხადა, რომ ნეკროლოგის დაწერის დრო იყო და კაბინეტში გაუჩინარდა, ხოლო მარია მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა. მართლაც, 1945 წლის 26 მაისს მარია ჰამსუნი ნაცისტებთან კავშირის გამო დააპატიმრეს. იგივე ბედი ეწია კნუტ ჰამსუნსაც, თუმცა, ნორვეგიელებმა არც კი იცოდნენ, რა უნდა ექნათ ნორვეგიული ლიტერატურის მეფისთვის. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ ჰამსუნის აღფრთოვანება ნაცისტებით მარიას ხრიკი იყო – უბრალოდ, მარია მხოლოდ კარგს უყვებოდა კნუტს ჰიტლერისა და ჰებელსის შესახებ და კნუტსაც ბრმად სჯეროდა მეუღლის. მარიას სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო კნუტი მოხუცთა თავშესაფარში გაამწესეს, სადაც თვეში ერთხელ უტარებდნენ დაკითხვებს. ჩამოძონძილ ტანსაცმელსა და გახვრეტილ ფეხსაცმელებში გამოწყობილი კნუტ ჰამსუნი დღისით თავშესაფრის ეზოში სეირნობით ირთობდა თავს, საღამოობით კი წერდა. მოგვიანებით ჰამსუნი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს – 86 წლის გენიოსი გიჟად შერაცხეს, რაზეც ჰამსუნი პასუხობდა: შესაძლოა, მე დავაშავე და მზად ვარ, პასუხი ვაგო კანონის წინაშე, მაგრამ, გიჟი ნამდვილად არ ვარო. მოგვიანებით მარიას კნუტის ნახვის საშუალება მიეცა და მან ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა იმის გამო, რომ დაუმალა ქმარს ნაცისტების სისასტიკე და არ უყვებოდა სიმართლეს. მათი შეხვედრა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. კნუტმა, ისე, რომ არც დამჯდარა, ხელი ასწია და მარიას უთხრა: „მე ყველაფერი ვიცი, ჩვენ აღარასოდეს შევხვდებით. მშვიდობით, მარია”.
კნუტ ჰამსუნის სასამართლო მაინც შედგა. იგი დამნაშავედ ცნეს ნაცისტებთან კავშირში, სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი და, ასაკის გათვალისწინებით, მხოლოდ დიდძალი ჯარიმის გადახდა დააკისრეს. ჰამსუნი ნერჰოლმში დაბრუნდა, რომელიც ბანკში იყო ჩადებული. მასთან არილდი დასახლდა, ხოლო მარია ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტურემ შეიფარა. 90 წლის ასაკში კნუტ ჰამსუნი კვლავ რჩებოდა საუკეთესო მწერლად, მაგრამ, მისი ბოლო რომანის – „გადაზრდილი ბილიკების” დაბეჭდვისგან მაინც თავს იკავებდნენ, თუმცა, აღიარებდნენ, რომ წიგნი შედევრი იყო. თავად კნუტი კი ჯიუტად აცხადებდა, რომ, სანამ წიგნი არ დაიბეჭდებოდა, სიკვდილს არ აპირებდა.
როდესაც შვილმა, ტურემ, მარიას აცნობა, რომ მამას მისი ნახვის სურვილი ჰქონდა, ათ წუთში მარია უკვე ნერჰოლმისკენ მიმავალ გზაზე იდგა. კნუტი არ ჰგავდა მომაკვდავს, იგი უფრო ბიბლიურ წინასწარმეტყველს წააგავდა. კნუტმა მოჰკიდა ხელი მარიას თავისი დიდი თითებით და უთხრა: „მიხარია, რომ დაბრუნდი. აღმოჩნდა, რომ შენ მეტი მე არავინ მელაპარაკება, ღმერთის გარდა”.
წიგნი „გადაზრდილი ბილიკები” 1949 წელს გამოიცა და, მთელ მსოფლიოში უდიდესი აღიარება მოიპოვა. კნუტ ჰამსუნი 1952 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. წიგნის გაყიდვიდან მიღებული ჰონორარით მან სრულად მოახერხა ჯარიმის გადახდა და ნერჰოლმის გამოსყიდვა. დღესდღეობით ნერჰოლმში ჰამსუნის შთამომავლები ცხოვრობენ.