რატომ ტიროდა მაკა კუპატაძე ყოველი თამაშის შემდეგ და რამდენ წლამდე აქვს მას „ფიბაში” ოფიციალურად მსაჯობის უფლება
ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივრისთვის კარგად არის ცნობილი მაკა კუპატაძის სახელი. ის ერთადერთი ქართველი ქალი მსაჯია, რომელიც სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობს. კალათბურთის თამაში მან 13 წლის წინ დაიწყო, მოგვიანებით კი პროფილი შეიცვალა და მსაჯი გახდა. დღეს მას ყველა იცნობს და დიდი ხანია, მისი სახელი საქართველოს ფარგლებს გასცდა. რატომ გადაწყვიტა მსაჯობა და როგორ გახდა ემოციური კალათბურთელი გაწონასწორებული მსაჯი, ამას უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მაკა, მართლაც რომ იშვიათი გამონაკლისი ხარ, ვინაიდან, შენ გარდა პროფესიონალი ქართველი ქალი მსაჯი არ არსებობს.
– დიახ, მარტო მე ვარ, თუმცა, ახალი აღარ მეთქმის, რადგან ამ საქმეში დავბერდი – მგონი, 10 წელია, რაც ვმსაჯობ. სამწუხაროა, მაგრამ, საქართველოში დღემდე არც ერთ ქალს არ უნდა მსაჯობა.
– შენი სპორტული მოღვაწეობა კალათბურთის თამაშით დაიწყე, მოგვიანებით კი, სპორტის ამავე სახეობაში, სპორტსმენობას, მსაჯობა არჩიე. რა იყო ამის მიზეზი?
– ზედმეტად ემოციური მოთამაშე ვიყავი და არანაკლებ მწყრალად განწყობილი მსაჯების მიმართ. ჩემი მსაჯობის დაწყება, სიმართლე გითხრა, ჩემთვისაც შოკი იყო და, ვინც გარშემო მყავდა, არავის სჯეროდა. 1998 წელს საქართველოში ქალთა კალათბურთი საერთოდ მოკვდა, შესაბამისად, აღარც გუნდები იყო და არც ჩემპიონატები ტარდებოდა. კალათბურთის სკოლის დირექტორმა მთხოვა, მოდი, ბავშვების თამაშებზე იმსაჯე და პატარა შემოსავალიც გექნებაო. სიმართლე გითხრა, ამის გამო უფრო დავთანხმდი, რადგან, ისე გამომეცალა ხელიდან ყველაფერი, კალათბურთის იქით რა მეკეთებინა არ ვიცოდი. საბოლოოდ, ისე მოვერგე მსაჯის პროფესიას, აზარტში შევედი და დღემდე მოვედი. მერე „ფიბას” მსაჯობაც მოვინდომე და გავხდი კიდეც. მართლა ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ყოველთვის ვცდილობ, მთელი გული და სული ჩავდო ამ საქმეში და ყველაფერი კარგად გამომივიდეს.
– სპორტსმენები ხშირად არიან მსაჯის უკმაყოფილო – ამბობენ, რომ მან არასწორად იმსაჯა და ასე შემდეგ. ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ, როცა კალათბურთს თამაშობდი, მართალი იყავი მსაჯებთან? თუ, მსაჯზე მართლა ბევრია დამოკიდებული?
– ტყუილს ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მსაჯზეც ბევრია დამოკიდებული, მაგრამ, ამას მოთამაშე აუცილებლად მიხვდება. ერთადერთი, რასაც ყოველთვის ვამბობ, ის არის, რომ, თუ სპორტსმენმა არ იმსაჯე, ვერასდროს მიხვდები, შენ ხარ მართალი თუ მსაჯი.
– რატომ?
– როცა კალათბურთს ვთამაშობდი, იმ დროს მეგონა, რომ მართალი ვიყავი და მსაჯი ცდებოდა, მაგრამ, ამ გადასახედიდან სხვანაირად ჩანს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ახლაც ცდება მსაჯი და მეც ვცდები ხანდახან, რადგან ადამიანი ვარ და არა რობოტი. იმდენად დინამიკურია კალათბურთი, რომ არ არსებობს, ვინმემ თქვას, შეუცდომელი ვარო – ეს აბსურდია. მიუხედავად ამისა, ეს შეცდომა არ უნდა იყოს მიზანმიმართულად დაშვებული, თორემ, ადამიანური შეცდომა ყველას მოსდის. როცა მოთამაშე თამაშის დროს დაღლილია და აფექტში იმყოფება, ემოციების გამო ეჩვენება, რომ მსაჯი ხშირად არასწორად იღებს გადაწყვეტილებას. ნებისმიერი მოთამაშე ამხანაგურ თამაშებზე მაინც უნდა ამსაჯო და მერე მიხვდებიან, რთულია ეს საქმე.
– მოთამაშე თუ ემოციური და აფექტურია, მსაჯი, პირიქით, გაწონასწორებული და მშვიდი უნდა იყოს. როგორ მოხდა შენში ეს გარდატეხა?
– ერთი წელი ბავშვებში ვმსაჯობდი და მერე გადამიყვანეს დიდების თამაშებზე. ძალიან კარგად მახსოვს, რომ ყოველი თამაშის მერე გამოვდიოდი და ვტიროდი – ემოციებში ვიყავი, როცა მოთამაშეების პრეტენზიებსა და რეპლიკებს ვისმენდი. ახლა ასე აღარ არის, რადგან, დრომ და პრაქტიკამ თავისი ქნა. მით უმეტეს, მსაჯს ყველანაირი ბერკეტი აქვს – მოთამაშე, რომელიც ემოციურად არის მის მიმართ განწყობილი, ყველანაირი ხერხით შეუძლია, დასაჯოს. მსაჯს აქვს ის სადავეები და ძალაუფლება მოედანზე, რომ მოთამაშეს არასწორი ქმედების გამო მისცეს ტექნიკური ჯარიმა, ან, ყველაზე დიდი – დისკვალიფიკაცია.
– მოთამაშისთვის თუ მიგიცია დისკვალიფიკაცია?
– კი, ადრე ბევრჯერ მიმიცია, თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, უკვე დარეგულირდა ჩვენთან კალათბურთი, თუ არ ჩავთვლი შარშანდელ ინციდენტს, რომელიც მოთამაშის დისკვალიფიკაციითა და ჩემი ცემით დამთავრდა. თუ დამთმობი ხარ, მსაჯობა არ გამოგივა. დამთმობი მხოლოდ ნორმის ფარგლებში უნდა იყო.
– შარშანდელი ინციდენტი შენსა და მოთამაშეს შორის საკმაოდ გახმაურდა.
– სპორტის სასახლეში, ნახევარფინალის თამაშები იყო და, ერთ-ერთმა მოთამაშემ იმდენად ვერ შეიკავა ნერვები და ემოციები, რომ ცემაზე გადმოვიდა.
– რომელი მოთამაშე იყო?
– ბესო ლეჟავა.
– ქართულ კალათბურთს რამდენი მსაჯი ჰყავს?
– ათამდე, მაგრამ, სუპერლიგას დაახლოებით 6-7 მსაჯი ვემსახურებით.
– როგორც ვიცი, ხვალ გამთენიისას (ინტერვიუ ჩაწერილია 7 აგვისტოს – ავტორი) მიემგზავრები.
– მე საერთაშორისო მსაჯი ვარ და ყოველ ზაფხულს ტურნირები მაქვს. ორი კვირის წინ უნგრეთიდან ჩამოვედი, სადაც 16 წლამდე გოგონებს შორის ევროპის ჩემპიონატი იმართებოდა. ახლა კი 18 წლამდე ბიჭებს მივყვები, როგორც საქართველოს წარმომადგენელი ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თამაშებზე არ ვიმსაჯებ, მხოლოდ სხვა ქვეყნების თამაშებზე. ასე რომ, 10-12 დღე სარაევოში მომიწევს მსაჯობა.
– სად უფრო რთულია შენთვის მსაჯობა, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ?
– ალბათ, საქართველოში. მოგეხსენებათ, ქართველები ემოციური ხალხი ვართ. სულ ვამბობ, საქართველოში ქართულად ვმსაჯობ, ევროპაში – ევროპულად-მეთქი. ევროპაში მსაჯობა რთული არ არის. ერთადერთი, დატვირთვაა უფრო მეტი, თორემ, ემოციურად არავინ არაფერს არ გეუბნება და არაფერს გიპროტესტებს. მსაჯი რომც შეცდეს, იქ გაცნობიერებული აქვთ მოთამაშეებს, რომ გაპროტესტება სარგებელს არ მოუტანს. ასე რომ, ევროპაში ფიზიკურად ვარ დატვირთული მსაჯობის დროს, საქართველოში კი – ემოციურად.
– ალბათ, თამაშის დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ბევრი ხდება, ანუ კურიოზებს ვგულისხმობ.
– ადრე უფრო იყო, ახლა – ნაკლებად. ყოფილა შემთხვევა, მსაჯობის დროს რომ გავრბოდი, ფეხი ამსრიალებია და წავქცეულვარ.
– თუ შეგინიშნავს გულშემატკივრის გაკვირვებული სახე, როცა ქალ მსაჯს ხედავს მოედანზე?
– ევროპაში ეს აბსოლუტურად არავის უკვირს, რადგან, თითქმის ყველა ქვეყანას ჰყავს ქალი მსაჯი.
– თუ არის განსაზღვრული მსაჯობის ასაკი? ანუ, რამდენ წლამდე აქვს უფლება მსაჯს, ამ სფეროში იმუშაოს?
– „ფიბაში,” საერთაშორისო ასპარეზზე, ოფიციალურად, 50 წლამდე გაქვს მსაჯობის უფლება.
– რომ არა კალათბურთი, რა სფეროში წარმოგიდგენია საკუთარი თავი?
– ვერ გეტყვი, კალათბურთის იქით საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენია, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება მთლიანად მას უკავშირდება.
– რამდენი წლიდან დაიწყე კალათბურთის თამაში?
– თამაში საკმაოდ გვიან დავიწყე – 13 წლიდან და 25-26 წლამდე ვთამაშობდი.
– ამ გადმოსახედიდან ადვილად მიაღწიე ყველაფერს?
– სხვას თუ იოლად გამოსდის რამე, მე – პირიქით. ამიტომ, სულ მინდა, რომ ტონუსში ვიყო და საკუთარ თავთან ვიმუშაო. ცხოვრება მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
– ყველაფერი კალათბურთს მივუძღვენიო, აღნიშნე. დარწმუნებული ვარ, არც პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო. ხომ არ გწყდება გული, თანაბრად რომ ვერ ახერხებ დროის გადანაწილებას?
– ჯერჯერობით ამის გამო გული არ მწყდება, თუმცა, შეიძლება, წლები რომ გავა, მერე დამწყდეს კიდეც. ახლა იმდენად ვარ ჩართული ჩემს საქმეში და იმდენად ბევრი მიზანი მაქვს, ამ თემაზე ფიქრის დროც არ მრჩება. ამწუთას არანაირი სინანულის გრძნობა არ მაქვს.
– როგორც მსაჯისთვის, რა იყო შენი პიკი?
– ჩემი დიდი მიღწევა იყო, როცა გასულ წელს ევროპის ჩემპიონატზე („ევრო ბასკედ ვუმენზე“) ვიმსაჯე – ვიყავი ნეიტრალური მსაჯი, რადგან, საქართველოს ქალთა ნაკრები არ ჰყავს. ფინალურ ეტაპზე მსაჯობა ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა იყო. ამის მერე მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადაა. ვნახოთ, როგორ იქნება. როგორც მოთამაშეს უნდა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდეს, ისეთივე დიდი პრესტიჟია მსაჯისთვის, მსოფლიო ჩემპიონატსა და ოლიმპიადაზე მსაჯობა. ყოველ შემთხვევაში, ძალებს არ ვიშურებ და თუ გამოვა – გამოვა.
– ხალხი თუ გცნობს?
– საქართველოში თითქმის ყველა თამაშზე ვმსაჯობ. ვინც კალათბურთს უყურებს და თამაშებზე დადის, ყველა მცნობს. იციან, რომ არსებობს მსაჯი ქალი – მაკა. ქუჩაშიც ხშირად გამიგია გამვლელისგან – ეს ის არ არის, რომ მსაჯობსო?
– საქართველოს ნაკრები საკმაოდ სერიოზული თამაშებისთვის ემზადება. ამჯერად შენ გულშემატკივრის რანგში იქნები?
– საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ. სამწუხაროდ, ერთი-ორ თამაშს ვერ დავესწრები, რადგან, აქ არ ვიქნები. მინდა, როგორც შარშან გაგვახარეს, იმაზე მეტად თუ არა, მაშინდელივით მაინც გაგვახარონ.