როგორ აუხდა ნინო ხომერიკს მამის კარმული ცხოვრება და ვინ აკითხავს მას ტოტალიზატორში ფსონის დადებამდე
ნინო ხომერიკმა ხანუმას როლი ერთი წლის წინ მოირგო – სატელევიზიო პროექტში ადამიანთა დაწყვილებაზე ვარსკვლავთა და პლანეტათა გავლენის მიხედვით ზრუნავს. ნინო პროფესიონალი ასტროლოგია, ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ორ პროფესიაზე თქვა უარი და ცხოვრება იმ სფეროს დაუკავშირა, სადაც ბევრი შეკითხვა და ცოტა პასუხი ჰქონდა. 17 წლის შემდეგ კი ნინო ხომერიკისთვის უპასუხო კითხვები ძალიან ცოტა დარჩა. საყვარელი საქმე და ხალისიანი ისტორიები, რომელიც „ხანუმას” კადრს მიღმა რჩება – ნინო ხომერიკი საკუთარი ცხოვრებით რესპონდენტის ამპლუაში.
ნინო ხომერიკი: პროფესიით ჟურნალისტი ვარ, დიპლომატიური აკადემიაც მაქვს დამთავრებული. ასტროლოგიით სტუდენტობის დროს, 17 წლის წინ დავინტერესდი. იმ პერიოდში ძალიან ბევრი შეკითხვა მქონდა და არც ერთი პასუხი ამ შეკითხვებზე. მაშინ მოდური იყო „ეძიე ვარსკვლავი შენი”, თუმცა ამ წიგნში ვერ ვპოულობდი პასუხებს ჩემს შეკითხვებზე. სრულიად შემთხვევით გავიცანი ქალბატონი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო და თითქმის მთლიანად შეცვლა. უცებ ჟურნალისტიკური თეორიების ნაცვლად, დამაინტერესა პლუტონმა, სატურნმა, ვენერამ (იცინის). ერთხელ მეგობართან წვეულებაზე შევხვდი ქალბატონ ლუბა კაბცოვას. ის ლენინგრადის ასტროლოგიური აკადემიის რექტორი და ძალიან მაღალი კვალიფიკაციის ასტროლოგია. როცა მან გაიგო, რომ მე ამ მიმართულებით ვიყავი დაინტერესებული, შემომთავაზა: შემიძლია, ონლაინ-რეჟიმში გაგატაროთ სასწავლო კურსიო. მე სიამოვნებით დავთანხმდი და ხუთი წელი, საკმაოდ მკაცრ სასწავლო რეჟიმში ვიყავი ჩართული. იმისათვის, რომ ასტროლოგია მესწავლა, უპირველესად, ვისწავლე მათემატიკა, საგანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ ვიტანდი. ჩემი პროფილის შეცვლა ძალიან არ მოეწონათ ჩემს მშობლებს. მწერლების ოჯახში ვარ გაზრდილი. ბაბუაჩემი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამაარსებელი იყო, ბებიაც მწერალი, მამაც და ვერ მიხვდნენ, რა მინდოდა ამ გაუგებრობაში. მახსოვს, დედა მეუბნებოდა: ასეთი რა გაგიჭირდა, მაგისთვის გაგზარდეო, მაგრამ მე ძალიან შეუვალი ვიყავი და არ დავთმე (იცინის). გავიდა დრო და ჩემი ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ასტროლოგია ის სამყაროა, რომელსაც ვერასოდეს ამოწურავ. იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში ბევრი ვისწავლე, მოგვიანებით, გავიარე ჰამბურგის ასტროლოგიური სკოლაც და მაქვს ამბიცია, რომ კარგი ასტროლოგი ვარ. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი რამ კიდევ წინ მაქვს.
– საკუთარ ცხოვრებაში თუ გამოგადგათ ასტროლოგია და ხშირად სარგებლობთ იმ პროგნოზით, რასაც ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ?
– ხშირად თუ ვიხედები ჩემს ჰოროსკოპში? იმის მიუხედავად, რომ მე ასტროლოგი ვარ, რომელსაც ათასობით პირადი ჰოროსკოპი მაქვს გაკეთებული, საკუთარ ჰოროსკოპში ხშირად არ ვიხედები. ადამიანი არ უნდა დაპროგრამდე, საკუთარ თავს არჩევნის უფლება არ უნდა წაართვა, ინტერესი არ უნდა დაკარგო. ცხოვრება საინტერესოა ყველა დეტალით, მათ შორის – შეცდომებით. ჰოროსკოპი გეხმარება იცოდე, სად უნდა გაჩერდე და სად გააგრძელო გზა. ცხოვრებაში ყველაფერს ვერ აიცილებ თავიდან. არის რაღაც, რაც უნდა მოხდეს, მაგრამ არის მომენტები, როდესაც გაქვს არჩევანი, საით წახვიდე და სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური პროგნოზი. ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა მამაჩემი. ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა. შინაგანი მზადებაც კი მქონდა ამისთვის, რადგან მას თავისი კარმული დრო ეწურებოდა. რამდენიმე წლის წინ მამას ჰქონდა მძიმე პერიოდი – გული გაუჩერდა. როცა ექიმი გამოვიდა და გამოგვიცხადა: ის გარდაიცვალაო, მე მას ვუთხარი: მამა ცოცხალია, შეხვალთ რეანიმაციაში და მიხედავთ-მეთქი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ექიმი გამოვიდა და თქვა, რომ მამა ცოცხალი იყო, ის გაცოცხლდა. ჰოროსკოპიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცოდი, რა იქნებოდა ჩემს პირად ცხოვრებაში. ყველაფერი ახდა, მქონდა ოჯახი, რომელიც დაინგრა, მაგრამ ამ ურთიერთობიდან დამრჩა ძალიან დიდი განძი ჩემი ქალიშვილის, ანანოს სახით. ვიცი, როდის იქნება ჩემს ცხოვრებაში ახალი ურთიერთობის ფაზა. ასტროლოგიის წყალობით, საკუთარ თავს ძალიან ბევრ რამეში დავეხმარე. დავეხმარე საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ ხასიათს, ვისწავლე საკუთარი თავის ფლობა და ცნობა. მანქანას ვერ ატარებ, თუ მას არ ფლობ. ცხოვრებაშიც ასეა – ჩვენ საკუთარ თავს ვატარებთ.
– გადაცემა „ხანუმაზე” მინდა გკითხოთ, რომელშიც ვარსკვლავთმრიცხველი-ხანუმას როლი გაქვთ მორგებული. ამ „ფორმატშიც” ასე მნიშვნელოვანია ვარსკვლავთა წყობა?
– ადამიანი ინდივიდია, არსებობს ზოდიაქოს 12 ნიშანი და მილიარდობით ადამიანი, ასე რომ, ყველა „ლომი“ თუ „მორიელი“ ზუსტად ერთნაირი ვერ იქნება. ასეა სასიყვარულო ურთიერთობებშიც – იმის თქმა, რომ რომელიმე ნიშანი ერთმანეთთან აუცილებლად ჰარმონიული იქნება, არასწორია. ნათქვამია, „კირჩხიბი“ და „თხის რქა“ ერთმანეთს კარგად შეეთვისებიანო, მაგრამ მე ბევრი „თხის რქა“ და „კირჩხიბი“ ვიცი, რომლებიც სახლში „კასკით” დადიან (იცინის). გადაცემისთვის ასტროლოგიური ფორმატი კარგია, ყველა მონაწილისთვის კეთდება პირადი ჰოროსკოპი. ამას ძალიან პროფესიონალურად ვუდგები, მეც უკვე „სტაჟიანი ხანუმა“ გავხდი. რეალურ ცხოვრებაში მეც მიხანუმია და ჩემთანაც აქტიურობდნენ ხანუმები, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ან მე ვიყავი კერკეტი კაკალი, ან ისინი ვერ იყვნენ კარგი ხანუმები (იცინის). ვარსკვლავთა წყობა, როგორც თქვენ უწოდებთ, სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია. სიყვარული არის გრძნობა, ასევე კომფორტი და არავინ თქვას, რომ ეს გრძნობა მოდის და სამუდამოდ რჩება.
– მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ, როცა გვიყვარს, იმას ვუყურებთ, ჩვენი პლანეტა რომელ „სახლშია” შესული.
– კი, ასეა, მაგრამ უამრავი ლამაზად დაწყებული ისტორია დანგრეულა ჩვენ თვალწინ, იმიტომ, რომ ადამიანები ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. ასტროლოგია გვეხმარება იმაში კი არა, რომ გამოვცვალოთ პარტნიორი, არა, უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება და სწორი მიდგომები გვქონდეს ამ ურთიერთობებში. დღეს არა მარტო სასიყვარულო ურთიერთობებს, შვილების გაჩენასაც კი გეგმავენ, რათა მათი დაბადება მძიმე კარმულ პერიოდებს არ დაემთხვას. ეს ადამიანს ძალიან ურთულებს ცხოვრებას. რაც შეეხება გადაცემას „ხანუმა”, კარგ საქმეს ემსახურება. უკვე ექვსი წყვილი გვყავს, აქტიურად რომ ეპრანჭებიან ერთმანეთს. ტენდენცია ძალიან შეიცვალა, ადრე უფრო ახალგაზრდები მოდიოდნენ გადაცემაში, ახლა შედარებით ასაკოვნებში გადავედით, რაც ძალიან კარგია. სიყვარულისთვის ხომ არასდროს არის გვიან. ცოტა ხნის წინ გვქონდა საკმაოდ მხიარული შემთხვევა. ჩვენთან მოვიდა 45 წლის მამაკაცი, რომელმაც მოიტანა ქალის სტატუეტი და გვითხრა: ეს ქალი მთელი ცხოვრება მიყვარს და კანდიდატი, რომელსაც შეარჩევთ, ასეთი უნდა იყოსო. როგორი მოთხოვნაა? სად უნდა გვეპოვა ისეთი ქალი? სხვათა შორის, იმ ბატონს კანდიდატის მეგობარი მოეწონა და გადაცემის დასრულების შემდეგ დიდხანს ელოდა სტატუეტით ხელში. აი, ასეთებიც ხდება კადრს მიღმა (იცინის).
– დღეს უკვე ბევრი ადამიანი სარგებლობს ასტროლოგის პროგნოზით და პირადი ჰოროსკოპებით, ძირითადად, რა მოთხოვნები აქვთ ასტროლოგთან ქალებს და მამაკაცებს?
– საქართველოში ეს მიმართულება ახლა შემოდის, თორემ უცხოეთში ჩვეულებრივი პროფესიაა და თითქმის ყველა სოლიდურ ოფისში ჰყავთ მაღალი კომპეტენციის ასტროლოგები. ჩვენთანაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ასტროლოგის პროგნოზით ბიზნესთან, კარიერასა და პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. მამაკაცებს, ძირითადად, აინტერესებთ ბიზნესი, ჯანმრთელობა და ქალბატონები. ეს ბოლო „პუნქტი”, ისე, ვითომ „ლაითად” აინტერესებთ (იცინის). ქალბატონები მაინც უფრო პირადი ურთიერთობებით, პარტნიორით და შვილის ჰოროსკოპებით არიან დაინტერესებული. ძალიან გაიზარდა პირადი ასტროლოგიური რუკების შედგენის მსურველთა რიცხვიც. წლების წინ პირველი ჰოროსკოპი გავაკეთე ჩემთვის და ჩემი მშობლებისთვის, მერე – მეგობრებისთვის. მახსოვს, როცა საახლობლო წრე ამოვწურე, ერთ ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომელიც ასტროლოგიის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, შენი დაბადების საათი მითხარი-მეთქი. დამამადლა და ისე „გადმომიგდო” თავისი დაბადების წელი, თვე და საათი (იცინის). ვუთხარი: რაღაც არ მომწონს შენს ჰოროსკოპში და ფრთხილად იყავი-მეთქი. ყურადღებაც კი არ მიაქცია. გავიდა დრო და დამირეკა: ნინ, იცი, რა მაინტერესებს? გახსოვს, შენ რომ მითხარი? მივხვდი, რომ ზუსტად აუხდა ის, რაზეც წლების წინ ვუთხარი. ბოლოს, როგორც იქნა, დაიჯერა ყველაფერი. დღეს ჰოროსკოპებით დაინტერესებულ ადამიანთა სპექტრი უკვე მრავალფეროვანია. ჩემთან მოსულა ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭიც” კი (იცინის). თავიდან მოდიან ისეთი ტონით, აშკარად რომ არ სჯერათ: ჰო, აბა, როგორაა? მერე ცოტა წამოიწევიან სავარძლიდან. უკვე ზუსტად ვიცი, პოზას რომ შეიცვლიან და ბოლოს შეკითხვას შეკითხვაზე დამაყრიან ხოლმე (იცინის). ერთხანს მეგობარი სპორტსმენების დიდი „შემოსევა” მქონდა. ისინი ტოტალიზატორში წასვლამდე ცდილობდნენ ჩემთან მოსვლას. ვინც მიჯერებდა, იგებდა ფულს, ვინც არ მიჯერებდა – აგებდა. ბოლოს მათ ვუთხარი, თქვენს გამო ფეხბურთი ვისწავლე, დამანებეთ თავი-მეთქი (იცინის).
– რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები, როგორი წლები გველის წინ?
– ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული თევზის ეპოქა, დეპრესიული და მძიმე პერიოდი. გალაქტიკაზე ახლაც ძალიან მძიმე პერიოდია, ასეთი პერიოდი იყო დაახლოებით 95 წლის წინ – სასწორში ხდება მარსისა და სატურნის შეერთება, ორივე უმძიმესი ინფორმაციის მატარებელი პლანეტაა. აგვისტოს ბოლოს ცაზე დაინახავთ ორ მთვარეს, მთვარე ორ ფაზად გაიყოფა. ეს მოხდა დაახლოებით 95 წლის წინ. 2012 წლიდან დადგა მერწყულების ეპოქა, რომელიც 25 საუკუნეს იმეფებს. ეს არის სულიერი ამაღლების და თავისუფლების ეპოქა. ვისაც ეს ღირებულებები არ აქვს, დრო და რეალობა აიძულებს, რომ აუცილებლად გაუჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან გაუჭირდებათ ცხოვრება...