ვინ გახდება “რედ ბულის„ ქუჩის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული ალკატრასის ციხეში
მეტეხის ხიდზე ქუჩის კალათბურთის ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ჩემპიონატი - „Red Bull King of the Rock 2012-ის“ საქართველოს ოფიციალური შესარჩევი ეტაპი გაიმართა. შეჯიბრებაში, რომელშიც 64 სპორტსმენი მონაწილეობდა. 16 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლო ასპარეზობა, მათ შორის გოგონებსაც. ტურნირი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა და მონაწილეთა თითო წყვილს 5-წუთიანი სათამაშო დრო ეძლეოდა. ფინალში ერთმანეთს სტუ-სა და „სოხუმის” კალათბურთელები – ვატო თევზაძე და გიორგი ჯგერენაია დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება – 6:4 ვატო თევზაძემ მოიპოვა, რომელიც სან-ფრანცისკოში გაემგზავრება და 22 სექტემბერს, ალკატრასის ციხის ეზოში, მსოფლიოს 26 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, მთავარი პრიზის – 20 ათასი დოლარისთვის იბრძოლებს. მონაწილე ქვეყნებს ამერიკელი სთრითბოლელებიც შეუერთდებიან.
„Red Bull King of the Rock“ 2010 წლიდან ტარდება და მისი სულის ჩამდგმელი NBA-ს ვარსკვლავი, რეჯონ რონდოა. გამარჯვებული, პრესტიჟული ტიტულის გარდა, პირადად შეხვდება რეჯონ რონდოს და ასევე, პრიზად გადაეცემა 20 000 დოლარი. მეტეხის ხიდზე კი, ფინალური ეტაპის დაწყებამდე, 10-წუთიანი შესვენებისას, ბრეიქდანსელებმა იცეკვეს. შეჯიბრების მონაწილეებს არც ძლიერმა წვიმამ შეუშალა ხელი, რის გამოც ელექტროენერგიაც გაითიშა. მონაწილეებმა მანქანების ფარებით განათებულ სველ მოედანზე იასპარეზეს, რაც ძალიან საინტერესო საყურებელი იყო.
ვატო თევზაძე („Red Bull King of the Rock-ის“ გამარჯვებული): „ოცნება ავიხდინე და უზომოდ ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო „რედ ბულსა“ და ჩემს მხარდამჭერებს. ფინალში საკმაოდ ძლიერი მეტოქე, „სოხუმის” კალათბურთელი, გიორგი ჯგერენაია შემხვდა, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია. გიორგი ყველანაირ ასპექტში მჯობია, მაგრამ ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო”.