ვინ წაიყვანს გადაცემას “100 გრადუსი ცელსიუსით„ და შეიცვლებიან თუ არა “დღის შოუს„ წამყვანები
ტელეკომპანია „იმედში” ახალი სეზონიდან სერიოზული ცვლილებები იქნება. ჩვენი ჟურნალის გასულ ნომრებში ვწერდით იმის შესახებ, რომ დუტა სხირტლაძე „იმედზე” რამდენიმე გადაცემას წაიყვანს; რომ „რუსთავი 2-ის“ მუსიკალური რედაქცია, სავარაუდოდ, „იმედისთვის” მომზადებული გადაცემებისთვის იმუშავებს „ღამის შოუ-სტუდიასთან” ერთად და, რომ, ზოგადად, მუსიკალური გადაცემების თვალსაზრისით, არხზე დიდი გადატრიალებები იგეგმება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ახალი სეზონიდან, სუპერრეიტინგულ შოუს – „ცეკვავენ ვარსკვლავები” – „თიბისი ტივი” აღარ გააკეთებს და პროექტის გენერალური პროდიუსერი ალინა არველაძე იქნება. შოუსთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
ასევე, მთელი სეზონის განმავლობაში ძალიან რეიტინგული იყო ნოდარ მელაძის „100 გრადუსი ცელსიუსით”. გადაცემას უყურებდა ყველა, მიუხედავად იმისა, აქებდნენ თუ ლანძღავდნენ, არ მოსწონდათ თუ გიჟდებოდნენ. ნოდარ მელაძე ყოველთვის ამბობდა, რომ, მიუხედავად რეიტინგულობისა, გადაცემა მისი მაინც არ არის, ის, როგორც ჟურნალისტი, მაინც „ნიუსავიკია” და ყველაზე კარგად თავს სწორედ საინფორმაციოში, ახალ ამბებში გრძნობს. გადაცემიდან მისი წასვლის შესახებ ბევრჯერ ითქვა, თუმცა, ნოდარმა სეზონი დაასრულა და „ფეისბუქის” კედელზე საერთო პასუხი გასცა ყველა ცნობისმოყვარეს.
ნოდარ მელაძე: „დღეს დილიდან უამრავმა ადამიანმა მომწერა. ამიტომ, გადავწყვიტე, ერთი პასუხი გავცე ყველას „ჩემს ვოლზე”: გადაცემა „100 გრადუსს” მე აღარ წავიყვან, უარი ამ პროექტზე სეზონის დასრულებამდე ვთქვი, მიზეზი რამდენიმეა და, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ ახალი სეზონიდან მე აღარ ვიქნები ამ პროექტში. ჩემი წამოსვლა იმას არ ნიშნავს, რომ გადაცემა არ გაგრძელდება, ის რეიტინგული პროექტია და, ბუნებრივია, რომ რეიტინგული გადაცემა ყველა ტელევიზიის ბადეში რჩება. წარმატებებს ვუსურვებ იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ამ გადაცემას ამზადებს. მე მათი გულშემატკივარი ვიქნები”.
ჩვენ, ნოდარ მელაძეს დავუკავშირდით, თუმცა, მიზეზებზე დეტალურად საუბარი და ინტერვიუს ჩაწერა არ მოისურვა. მაგრამ, ამ შემთხვევაში საინტერესოა, თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. როგორც გავიგეთ, ნოდარ მელაძის ნაცვლად, გადაცემას გაზეთ „პრაიმტაიმის” რედაქტორი, თაკო ფხაკაძე წაიყვანს. თაკო და „პრაიმტაიმი” „100 გრადუსის” ამა თუ იმ გადაცემის გაკეთებაში მანამდეც აქტიურად მონაწილეობდნენ. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერ არ გახმაურებულა, მაგრამ, შემოდგომისთვის, ალბათ, უკვე ყველაფერს დეტალურად შევიტყობთ.
ჭორები გავრცელდა „დღის შოუსთან” დაკავშირებითაც. ამდენწლიანი ყოველდღიური მუშაობის შემდეგ, ნანიკო ხაზარაძე და დოდო ხურცილავა თითქოს და გადაცემის მიღმა რჩებოდნენ და „დღის შოუში” მხოლოდ ია ფარულავა რჩებოდა. ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად ნანიკო ხაზარაძეს დავუკავშირდით, რომელიც პრესასთან ურთიერთობაში ყოველთვის ძალიან გულწრფელია. როგორც აღმოჩნდა, ნანიკო დასასვენებლად არის წასული შვეიცარიაში, ჟენევაში, მეგობართან და ეს ინფორმაცია მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. სამწუხაროა, რომ დასვენების დროს მოგვიწია მისი აფორიაქება. ნანიკომ ეს ამბავი თავად გადაამოწმა გადაცემის პროდიუსერთან, თამარ ღვინიანიძესთან, რომელმაც უთხრა, რომ ეს ტყუილია და ნანიკოს შეუძლია, მშვიდად განაგრძოს დასვენება. რაც შეეხება დოდო ხურცილავას, „დღის შოუდან” მისი წასვლა ჯერჯერობით არ დასტურდება.
როგორც ჩანს, შემოდგომიდან ტელეკომპანიები ბევრ გასართობს, სალაპარაკოსა და საწერს მოგვცემენ.