კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეზარებათ მამაკაცებს ქალების მოსაპოვებლად ბრძოლა და რა „მოსავალს“ ელოდებიან ანა რეხვიაშვილი და ანა სანაია შემოდგომაზე

ბედნიერია ის ადამიანი, ვის გვერდით ცხოვრებასაც ისინი გადაწყვეტენ – ლამაზები, ნიჭიერები, კრეატიულები, რომანტიზმითა და ოპტიმიზმით სავსენი. მათი ყოველდღიურობა ფერადი და საინტერესოა, იუმორით სავსე. მსახიობი ანა სანაია და დიპლომატი, ახლა უკვე მსახიობი, ანა რეხვიაშვილი ახლო მეგობრები არიან, ემზადებიან საინტერესო კინოპრემიერისთვის და თან ბევრს ფიქრობენ მომავალზე.

ანა სანაია: „ამბიენტეს” საინტერესო და განსხვავებული პრემიერა შემოდგომისთვის იგეგმება. ეკრანად წყლის გამოყენების იდეა ისევ ძალაშია, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ამ ყველაფერმა ტექნიკური ხარვეზების გარეშე ჩაიაროს. ხალხი შვებულებებიდან დაბრუნდება თუ არა, მაშინვე წარვუდგენთ ჩვენს ფილმს განსასჯელად.
– ეს დიპლომატი ადამიანი როგორ აღმოჩნდა ფილმში? გითამაშია მანამდე?
ანა რეხვიაშვილი: ცხოვრების გარდა – არსად (იცინიან). სრულიად შემთხვევით, რაღაცნაირად  ბუნებრივად, ინერციით აღმოვჩნდი გადასაღებ მოედანზე. მხოლოდ და მხოლოდ ბუმბერაზი რეჟისორის გადაწყვეტილებით შევასრულე ეს როლი და, როგორც მან მითხრა, ჩემი სახით ქართულმა კინემატოგრაფმა საკმაოდ ბევრი დაკარგა (იცინიან). პირველივე დუბლზე ვასრულებდი რეჟისორის ყველა ამოცანას. მოკლედ, ქება-დიდების ღირსი ვარ.
ანა სანაია: თან ლექსის კითხვა, თან თამაში ადვილი საქმე არ არის, მით უმეტეს, არაპროფესიონალისთვის. სხვათა შორის, ყველა მსახიობის ხმა ხელახლა ჩავწერე ანას გარდა, არ დასჭირდა, რადგან, მან მისცა გრძნობას ხმა, სათქმელი იგრძნო, გაისიგრძეგანა და რაღაცნაირად გამოხატა. რა ვთქვა მეტი?! მართალია, სულ სხვა მიმართულებით მიდის – დიპლომატია, მაგრამ, სათქმელად ექნება, რომ პროდიუსერიც იყო, მსახიობიც...
– და, რომანის ავტორიც. ამასთან დაკავშირებით რა ხდება?
ანა რეხვიაშვილი: მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი გამოვიდა, პირდაპირ, გატენილი საინტერესო ამბებით. მშვენიერი ოთხი სეზონი გამოდის, რადგან, ნაყოფიერ შემოდგომასაც ველოდები. წიწილებს, ხომ იცით, შემოდგომაზე ითვლიან (იცინიან). რაც შეეხება წიგნს, რომელსაც აღარ ჰქვია „ოთხი სეზონი“, რადგან, მისი სახელწოდება შეიცვალა, საზოგადოებას ასევე შემოდგომაზე წარვუდგენ. რომანის ახალი სახელწოდების იდეა ანა სანაიამ ჩამაწოდა – „ეფ 63.9”, რომლის იდეის გასაგებად უკვე წიგნის წაკითხვა იქნება საჭირო. ძალიან ბანალურად რომ მოგიყვეთ, ეს არის ერთი გოგოს სიყვარულის ისტორია, რომელშიც ჩართულია საკმაოდ უცნაური, თუმცა, კარგი სამეგობრო. სიყვარულის ისტორიით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ, მგონია, რომ სიუჟეტი საინტერესოდ ვითარდება.
ანა სანაია: პრემიერა, პრეზენტაცია და პლუს, ქორწილი – ყველაფერი შემოდგომას მივანდეთ. ცოტა ხანს დავისვენებთ და მოსავალსაც ავიღებთ.
– ვის ქორწილს გეგმავთ, კინოში თუ რეალურ ცხოვრებაში?
– რეალურში – ანას ქორწილი იქნება და, იცი, როგორი მეჯვარე ვიქნები?! – ერთნაირი ფერის კაბები რომ აცვიათ (იცინიან). მოკლედ, ამ ქორწილში ჩემს სარეჟისორო და სამსახიობო ხედვებსაც ჩავრთავ. მეჯვარისთვის ცოტა ისეთ, „კარმული” ფერის კაბას შევარჩევ, მაინც რომ არ დავთარსო. ფერზე კი შევთანხმდით სამივე მეჯვარე, მაგრამ, აი, ფასონზე – ვერაფრით, იმდენად სხვადასხვა აგებულების ვართ (იცინიან).
ანა რეხვიაშვილი: არც ჩემი კაბა მგონია იყოს თეთრი, უფრო სპილოსძვლისფერისკენ წავა, ალბათ – ასაკი მაინც თავის პატივისცემას ითხოვს. სხვათა შორის, არც პირველ ქორწილში მცმია თეთრი კაბა.
ანა სანაია: შენ კიდევ, ჩაიცვი ეს თეთრი, იქნებ და ფერშია საქმე! (იცინიან).
– მოკლედ, იღებთ თუ წერთ, მაინც სიყვარულის ირგვლივ ხართ...
ანა რეხვიაშვილი: მე სიყვარული გამითავდა! ეტყობა, ხარისხი ვერ შევარჩიე, ან, რაღაც სხვა მიზეზი იყო, მაგრამ, ამომეწურა.
ანა სანაია: ალბათ, წაკითხული გექნებათ „ჩვენი დროის გმირი”, სადაც პეჩორინს ეუბნებიან, ჩემმა სულმა სიყვარული მთლიანად დახარჯა შენზეო.
ანა რეხვიაშვილი: მეც ზუსტად იგივე დამემართა, თან, ეს ყველაფერი კიდევ უფრო დრამატულია, რადგან, პეჩორინის მსგავსი კარგი ტიპები აღარ არიან. ან, არიან და ჩვენ ვერ შევხვდით. „ყველა კაცი ერთნაირია“ – ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები.
– მაშინ, რატომ არ გამოდის ურთიერთობები, მოთხოვნები შეიცვალა?
– არა მგონია, რომ მოთხოვნებისა და სტანდარტების გამო გართულდა ეს ყველაფერი. შეიძლება, ცოტა გავფილოსოფოსდი, ან, უბრალოდ, გამოსავალს ვეძებ, მაგრამ, მაინც მგონია, რომ ეს პრობლემები კომპლექსებიდან მოდის – გარეგნულ თავისუფლებას შინაგანი არ ემთხვევა. ადამიანებს თითქოს ეშინიათ ბედნიერების, მყარი ურთიერთობების, ჰარმონიის.
ანა სანაია: ჩემთან სხვა მდგომარეობაა, ამ შემთხვევაში, ვაღიარებ, რომ პრობლემა ჩემშია. რთული ხასიათი მაქვს და ძალიან მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე იმ ადამიანების მიმართ, ვინც გვერდით მყავს. თან, ვერაფრით ვეგუები რომანტიზმისგან მთლიანად დაცლას. 
ანა რეხვიაშვილი: კაცები, ალბათ, დაიღალნენ და აღარ უნდათ ურთიერთობების სიღრმეში ჩასვლა. ეზარებათ ქალისთვის ბრძოლა, მისი მოპოვება, შრომა ურთიერთობის შესანარჩუნებლად, გასაზრდელად. ანამ თქვა, ზედმეტად მომთხოვნი ვარო, ჩემი პრობლემა კი ისაა, რომ, პირიქით, ზედმეტად რბილი, დამყოლი ვარ, საკუთარ თავს გაცილებით მეტს ვთხოვ, ვიდრე გვერდით მყოფ ადამიანს.
– იმისთვის, რომ ბედნიერი იყო თამაში მაინც არის საჭირო?
ანა სანაია: აუცილებლად. ადამიანები ხანდახან საკუთარ თავს ვეთამაშებით და ვუმალავთ რაღაცეებს. საჭიროა ბევრი შრომა, დათმობა, ტანჯვის გადატანა და, აი, ამის მერეც, იქნები კი ბედნიერი?! – ესეც არ ვიცი. ურთიერთობაში ძალიან ბევრ კომპრომისზე, დათმობაზე თუ არ წახვედი, არაფერი გამოვა. ალბათ, არც შემხვდა ისეთი პარტნიორი, ვის გამოც ღირდა კომპრომისები. ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ურთიერთობები, როდესაც იმ ადამიანისთვის ანგარიშიც გამიწევია, თავიც მომიტყუებია, მაგრამ მერე მივმხვდარვარ, რომ მხოლოდ მეგონა, რეალურად კი სულაც არ ყოფილა საჭირო ეს ყველაფერი. მთელი ეს გამოცდილება, ემოციები ჩემს როლებში, ნაწერში, გადაღებულში გადმოდის, რაღაც ფორმას იძენს და ყველაფრისგან ვთავისუფლდები.
– შენ – კი, მაგრამ, აი, ანას რომ პორტფელური სამსახური უნდა ჰქონდეს და შესაძლოა ქერა თმამაც ხელი შეუშალოს კარიერაში?!
– ყველა ქალს უნდა სიყვარული!
– ანგელა მერკელსაც?
ანა რეხვიაშვილი: რა თქმა უნდა. შესაძლოა, სწორედ სიყვარულმა და პირადმა ბედნიერებამ მისცა სტიმული იმისთვის, რომ ამხელა სიმაღლეებისთვის მიეღწია! ან, პირიქით, ამ გზით ცდილობს წარსული „გმირებისთვის” იმის დამტკიცებას, რომ ძლიერი და დამოუკიდებელია. ისევ თემას დავუბრუნდები: როდესაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა იწყება, მაქსიმუმ, ერთი თვე გრძელდება გრძნობების ის აფეთქება და ეიფორია, რომელიც გათრობს და ძალიან სასიამოვნოა; მერე ცხრება და უფრო სტაბილურ ფაზაში გადადის, ამით კი ასკვნიან – უი, არა, ეს ის არ ყოფილაო. ისინიც ისევე არიან ძიებაში, როგორც ჩვენ.
ანა სანაია: როგორც ყველა გოგო ეძებს, პრინცს, ისე ყველა ბიჭი ეძებს თავის პრინცესას. ძალიან ბევრი ნიუანსია, რომელიც ურთიერთობებს კვებავს, მაგრამ, ეს უკვე ცალკე, პიროვნების დონეზეა განსახილველი.
ანა რეხვიაშვილი: კაცებს, მგონი, ენანებათ საკუთარი თავი ერთ ქალს მიუძღვნან. ურთიერთობები მთავრდება და ეს ჩვენზე საშინლად მოქმედებს. ალბათ, ასევე მტკივნეულად მოქმედებს მათზეც, მაგრამ, მათ სხვა რამეზე კონცენტრირება შეუძლიათ, მაშინ, როცა ჩვენ სამსახურში ყოფნის დროსაც კი შეგვიძლია, პარალელურ რეჟიმში ვიტიროთ.
– შეიძლება, ცოტა გვინდა კიდეც ეს ტანჯვა, რადგან, ჩვენთვის ეს მერე კინოა, თავგადასავალი, რომელსაც დაწერ, მოყვები, გაიცინებ, გაიხსენებ...
ანა სანაია: ზუსტად ასეა, სუბლიმირებას სხვა რაღაცაში ვახდენთ: მერე ავდგები და დავწერ, გადავიღებ, ანას ვათამაშებ და ვიქნები ბედნიერი.
ანა რეხვიაშვილი: მოკლედ, ჩვენ სხვანი ვართ, ჩვენი საათი სულ სიყვარულის დროს უჩვენებს.
– ანა რეხვიაშვილის საათი 13 წლის ასაკში გაჩერდა.
ანა სანაია: ალბათ, ყველა ქალშია ეს 13 წელი და, არა მგონია, 40 წელს რომ გადავცილდებით, რამე შეიცვალოს – ისევ ასე დავსხდებით და იმავე პრობლემებზე ვილაპარაკებთ. 
– ოცნებობთ თეთრ კაბაზე, ზღაპრულ ქორწილზე?
– სიმართლე გითხრათ?! ვოცნებობ პრინცზე, თეთრ კაბაზე, პრინცესას გვირგვინზე – ყველა ქალი ოცნებობს ამაზე. ვინც ამბობს, არაო, ან იტყუება, ან რაღაც პრობლემა აქვს. სულ რომ არაფერი, ეს ყველაფერი ესთეტურად არის ძალიან ლამაზი სანახავი, მით უმეტეს, თუ ევროპულ სტილში კეთდება.
– და არა სეფაში.
– არა, სეფა ლაუნჯსაც აქვს თავის ხიბლი. მთავარია, სიყვარული იყოს, თორემ, სეფა ლაუნჯშიც მშვენივრად გავშლი ხელს (იცინიან).
ანა რეხვიაშვილი: მეც ვოცნებობ ამ ყველაფერზე, ისევე, როგორც ყველა ნორმალური ქალი. წარმოდგენილიც კი მაქვს, როგორი იქნება ჩემი კაბა და ქორწილი. თუ ოკეანის პირას ვერ გადავიხდი, იყოს ზღვა, შავი – აი, ის, თეთრად რომ მოგეჩვენება ბედნიერებისგან. და, ვოცნებობ, რომ გავაჩინო კიდევ ორი შვილი – სულ სამი შვილი მინდა მყავდეს.
ანა სანაია: შვილებზე და ზღვის ფერზე ასე მძაფრად არ მიფიქრია, მაგრამ, ქორწილიც მინდა, ბავშვებიც მინდა. მოკლედ, გაირკვა, რომ, ამ როკ-ენ-როლშჩიკ გოგოს ყველანაირი ბანალურობები მინდა.

скачать dle 11.3