რა სურთ ქალებს
ცნობილი ამერიკული ფილმი, ალბათ, ყველას ნანახი გაქვთ, მელ გიბსონს ქალთა აზრები და ფიქრები რომ ესმის და ამ ამბით თავიდან ძალიან ბედნიერია, მერე კი თავადაც ხვდება, რომ ცხოვრებაში იმაზე ბევრად საინტერესო რამეებიც არსებობს, ვიდრე ქალთა ფიქრებია. ეს ფილმი კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ბრიტანელმა მოდელმა ელენ რივესმა ორი წლის წინ ყველა გააოცა, როცა ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველს, ფრენკ ლამპარდს დაშორდა. წყვილი ერთად რვა წელი ცხოვრობდა, ორი გოგონაც ჰყავთ და... ერთ მშვენიერ დღეს ელენმა გამოაცხადა, აღარ მიყვარხარ და სხვაგან უნდა გადახვიდეო. არადა, სახლი ლონდონში, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ფრენკმა თავის დროზე ხუთ მილიონად იყიდა.
ახლა კი ელენს მარტოობა მოსწყინდა და ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, ლამპარდთან დაბრუნება მინდა, ჯვარი რომ დავიწეროთ და ნამდვილ ოჯახად ვიქცეთო. გასულ კვირას მან ქალის საცვლების ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც განაცხადა, იმედია, ფრენკს ჩემი ფოტოები მოეწონებაო. მოკლედ, ლონდონი დიდი შერიგების მოლოდინშია, თუმცა კითხვა, რა სურთ ქალებს, ალბათ, მუდმივად პასუხგაუცემელი დარჩება, რადგან პასუხი ამაზე, ხშირ შემთხვევაში, არც მათ იციან.