მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-32(606)
საკანში დაბრუნებულმა ეკამ თავი ცუდად იგრძნო. ტელეფონში გაგონილმა ლუკას ხმამ, რატომღაც, შორეულ წარსულში გადაისროლა, იმ წარსულში, ბავშვობა რომ ჰქვია. უცებ მუხლი მოეკვეთა, მაგრამ, იატაკზე დაცემის ხმა აღარ გაუგონია, მხოლოდ ბადრაგის ყვირილი ჩაესმა ბუნდოვნად, რომელიც შეშინებული გაიძახოდა – ექიმი, ექიმიო. ეკას გაუკვირდა – ჩემს დაბადების დღეზე ექიმს რა უნდაო და, კმაყოფილმა გადახედა თავის სახლში შეკრებილ თანაკლასელებს...
ეკას ბინაში შემდგარ წვეულებას ორი მიზეზი ჰქონდა – ეკას დაბადების დღე და სკოლის დამთავრება. დილით თანაკლასელებმა სკოლაში მიულოცეს ერთმანეთს ბოლო ზარი, საღამოს კი ეკას დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ. წვეულებაზე ყველაზე ბოლოს გიო კიკნაძე – ზარალო გამოცხადდა. მან სწრაფად მიულოცა ეკას მეთექვსმეტე დაბადების დღე, სუფრას მიუჯდა და მაშინვე ალაპარაკდა:
– ეს რა ბედნიერი დღე გამითენდა – ქეიფი, ტორტი, ნამცხვრები და სკოლაც წარსულს ჩაბარდა. არა მგონია, ასეთი ბედნიერების გადატანა შევძლო. ალბათ, მოვკვდები!
– ასე ძალიან გიხარია სკოლის დამთავრება? – ჰკითხა ნიკა დადიანმა, ანუ დადამ.
– აბა, რა! ჟრუანტელი მივლის იმის გაფიქრებაზე, რომ ხვალიდან თქვენს მონგრეულ სიფათებს აღარ დავინახავ. გამოცდებს და ბანკეტს როგორმე გადავიტან, შემდეგ კი – პრაშჩაი, სკოლა და ჭკუათხელო კლასელებო! – გაიცინა ზარალომ.
მეგობრებს არ სწყენიათ. ყველა კარგად იცნობდა გიოს, რომელმაც სკოლაში გატარებული ათი წლიდან ათივე ლაზღანდარობას მოახმარა.
– მე კი მგონია, რომ არაფერი გაქვს სასიხარულო, – ჩაურთო დოდო დუნდუამ, კლასის ყველაზე ლამაზმა და ენაკვიმატმა გოგონამ, – სხვები ჩვენსავით არ მოგითმენენ, ლუკაც აღარ გეყოლება გვერდით და დღედაღამ დალილავებული ივლი.
დოდო არ აჭარბებდა. მოუსვენარი ხასიათის გამო ზარალო მუდამ ეხვეოდა ათასგვარ უსიამოვნებაში და, ვინ იცის, რით დასრულდებოდა მისი თავგადასავლები, ლუკა გეგეშიძე რომ არა. ის იყო ზარალოს მფარველი ანგელოზი და მუდამ იცავდა მისი ლაზღანდარობით გაღიზიანებული სკოლელებისა და უბნელების მუშტებისაგან.
– არაფრისაც არ მეშინია. მე და ლუკამ ფიცი დავდეთ, რომ არასოდეს დავშორდებით ერთმანეთს, ხომ არ დაგავიწყდა? – გახედა ლუკას ზარალომ.
– არა, ძმაო, ათ წელს ერთგულად გემსახურე და კმარა, დღეიდან სხვა ტელახრანიტელის გამონახვა მოგიწევს, მე ჩემი საქმეებიც მყოფნის, – თავი გააქნია ლუკამ.
– შენ რა, ნიფხავ-პერანგის ამარა ბურთის დევნა ჩემს ტელახრანიტელობაზე მნიშვნელოვანი გგონია? – გაუკვირდა ზარალოს.
ლუკა ფეხბურთელი იყო და ზარალო ნიფხავ-პერანგის ამარა ბურთის დევნაში სწორედ მის გატაცებას გულისხმობდა.
– თვალი ჩაგილურჯდება! – გააფრთხილა ლუკამ.
– არ გინდა და ნუ გინდა. საერთოდ არ მჭირდება ტელახრანიტელი. მე ისეთი პროფესია ავირჩიე, რომ მაიმუნობაში ფულსაც კი გადამიხდიან!
– ალბათ, ცირკში მოეწყობი, მასხარად, – ივარაუდა დოდომ.
– არა, ცირკი თქვენთვის დამითმია. მე სხვა გეგმები მაქვს – მსახიობი უნდა გავხდე ან ტელეწამყვანი, ან კიდევ... – სუფრასთან ამტყდარმა სიცილმა ზარალოს წინადადების დასრულების საშუალება არ მისცა.
– არ გჯერათ?! აბა მიყურეთ! – ზარალო ადგა, თეფშიდან რამდენიმე ტარხუნის ღერი აიღო, ერთმანეთში გადაგრიხა, ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის ულვაშივით მოიქცია, შემდეგ კი შუბლი შეიკრა და თანაკლასელებს მრისხანე მზერა მოავლო.
სუფრასთან სიცილ-ხარხარი ატყდა. ყველა მიხვდა, ვისაც ასახიერებდა ზარალო – სკოლის დირექტორს, გურამ სიმონიშვილს.
– ხმა ჩაიწყვიტეთ! – ბოხი ხმით შესძახა ზარალომ, შემდეგ ხელები ზურგს უკან გადაიჯვარედინა და ფეხის თითებზე რწევით გააგრძელა, – ათ წელს ველოდი ამ დღეს, ველოდი, როდის დადგებოდა თქვენნაირი იდიოტებისგან ჩემი სკოლის გაწმენდის დრო და აი, ოცნებაც ამიხდა: თქვენ ერთხელ და სამუდამოდ გაეხვეტებით სკოლიდან და აღარასოდეს ვიხილავ თქვენს გამოთაყვანებულ სახეებს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ერთადერთი მოსწავლე, ვისზეც გულწრფელად დამწყდება გული, ჩემი სკოლის მშვენება, გიო კიკნაძეა. მაგრამ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ უახლოეს მომავალში, ამ სკოლის კედელზე ვიხილავ ოქროს დაფას, რომელზეც ამოტვიფრული იქნება: „ეს სკოლა ამა და ამ წელს დაამთავრა კაცობრიობის ისტორიაში საუკეთესო ტელეწამყვანმა, გიო კიკნაძემ, რომელსაც მისი ლენჩი თანაკლასელები „ზარალოს“ ეძახდნენ... ახლა კი ყველამ შეავსეთ ჭიქები... ჭიქები შეავსეთ-მეთქი! – დასჭყივლა გიომ, როდესაც სუფრის წევრთაგან არავინ გაინძრა.
მის შეძახილზე ახალგაზრდები გამოცოცხლდნენ და ჭიქებში შამპანური ჩამოასხეს.
– ასე, – განაგრძო ზარალომ, – ახლა კი ყველა ადექით და ჩემთან ერთად გაიმეორეთ: მადლობა უფალს იმ ბედნიერი დღეებისთვის, „რომლებიც ჩვენ გიო კიკნაძეს გვერდით გავატარეთ!“
თანაკლასელებმა სიტყვასიტყვით გაიმეორეს ზარალოს ნათქვამი და ჭიქებიდან შამპანური მოსვეს.
– შეგიძლიათ დასხდეთ, – მოწყალება გაიღო გიომ, შემდეგ კი ტარხუნის ღერები მოიშორა და დაჯდომა დააპირა.
– არ დაჯდე, განაგრძე! – ახმაურდნენ სუფრასთან.
– აკი უნიჭო ხარო? – ნიშნის მოგებით ისროლა ზარალომ.
– ნიჭიერი ხარ... გენიოსი... განაგრძე! – არ მოეშვნენ თანაკლასელები.
– კარგი, – მოტყდა გიო, შემდეგ თმა აიწეწა, ლანგრიდან კიტრი აიღო, მიკროფონივით მოიმარჯვა, სწრაფად დაბზრიალდა, წინ გაწვდილი ხელით გაქვავდა და ხმამაღლა წამოიწყო:
– ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ წინაშეა ერთადერთი და განუმეორებელი ზარალო!!!
სუფრასთან ტაში და გამამხნევებელი შეძახილები გაისმა.
– დღეს პროგრამაშია ტელეშოუ – „ათი წლის შემდეგ“, რომელშიც თქვენ შეხვდებით 55-ე სკოლის ყოფილ მოსწავლეებს!.. მაშ ასე, ჩვენ რამდენიმე წამში გადავლახეთ ათი წელიწადი და თქვენ წინაშეა... – ზარალო სწრაფად შებრუნდა და ხელი იუბილარისკენ გაიშვირა, – თქვენ წინაშეა კლასის საუკეთესო მოსწავლე, სრული ფრიადოსანი, ადამიანი, რომელიც არასოდეს ეუბნებოდა უარს საკონტროლოს გადაწერაზე თქვენს მონა-მორჩილს და სხვა უბედურებს... ეკა ნუცუბიძე!.. მივესალმოთ ეკას!!!
თანაკლასელები ხმამაღალი შეძახილებით მიესალმნენ ეკას.
– ბატონებო და ქალბატონებო, თქვენთვის ცნობილია, როგორ გაატარა და რა საქმეს მოახმარა ეკამ სკოლის ათი წელი, მთელი ამ დროის განმავლობაში ის იშვიათი მონდომებით ითვისებდა სასწავლო პროგრამას. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მას ფრიადზე ნაკლები ნიშანი მიეღო და ახლა ყოველ ჩვენგანს აინტერესებს, რაში გამოიყენა ეკამ სკოლაში შეძენილი უნიკალური განათლება? – ჩაარაკრაკა ზარალომ და კიტრი, ამ შემთხვევაში კი მიკროფონი, რესპონდენტს მიუშვირა.
ეკა წამოწითლდა და თვალი აარიდა ზარალოს.
– მას რცხვენია. ბატონებო და ქალბატონებო, ეკა საერთოდ არ შეცვლილა. იგი ისეთივე მორცხვია, როგორიც იყო ამ ათი წლის წინ, – ენერგიულად გააგრძელა ზარალომ, – მაგრამ მე ყველაფერი ვიცი მის შესახებ: ეკამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ამჟამად ის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტია!.. ქალბატონო ეკა, რამეს ხომ არ გვეტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ? – „ორატორმა“ კვლავ ეკას მიუშვირა მიკროფონი.
– არა, – მორცხვად უპასუხა მან.
– საოცრად მოკლე პასუხია რესპუბლიკის საუკეთესო ჟურნალისტისთვის. მაგრამ, თუ ეკას არ სურს ლაპარაკი, მე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს: უახლოეს მომავალში ეკას ყველაზე კომპეტენტური, ყველაზე ობიექტური და ყველაზე პოპულარული გაზეთის რედაქტორად ვიხილავთ... მივულოცოთ წარმატება!... – ზარალომ მცირე პაუზა გააკეთა, ვიდრე სუფრასთან სიჩუმე არ ჩამოვარდა, შემდეგ კი ხელი მეორე რესპონდენტისკენ გაიშვირა და ხმამაღლა განაგრძო:
– ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ წინაშეა ბედის ნებიერი, უღალატო კაცი და გაჭირვების ტალკვესი, ლევან ძნელაძე!.. შეგახსენებთ მის ბავშვობას: ის არასდროს გამოირჩეოდა სასკოლო დისციპლინების განსაკუთრებული სიყვარულით. მისი დევიზი იყო – „სამიანი და ჯანმრთელობა“ და, ამავე დროს, ჰქონდა განსაკუთრებული გატაცება – ეტრფოდა დეტექტიურ რომანებს, გადაბულბულებული ჰქონდა შერლოკ ჰოლმსის, ერკიულ პუაროსა და კომისარ მეგრეს ისტორიები, რის გამოც მეგობრებისგან შესაბამისი მეტსახელი – პინკერტონა დაიმსახურა. ამ გატაცებამ იმდენად იმოქმედა მის მომავალზე, რომ სკოლის დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ ლევანი ცნობილი გამომძიებლის სახით მოევლინა საქართველოს და მშობლიურ უბანს!.. მივესალმოთ!.. ჩვენ წინაშეა ყაჩაღებისა და ბანდიტების რისხვა, ქართველი შერლოკ ჰოლმსი – ლევან ძნელაძე!..
თანაკლასელებმა ტაშით დააჯილდოეს დაწინაურებული მეგობარი. ამასობაში ზარალომ მომდევნო რესპონდენტი ამოიღო მიზანში და ლაპარაკი განაგრძო.
– ბატონებო და ქალბატონებო! ახლა კი სიამაყით წარმოგიდგენთ ჩემს ყოფილ „ტელახრანიტელს“, ამჟამად კი მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავს, ლუკა გეგეშიძეს!.. მხურვალე აპლოდისმენტები ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, რომელიც სწორედ ახლახან დაბრუნდა მსოფლიო ჩემპიონატიდან!..
– მე პირადად ვესწრებოდი იმ მატჩს, – განაგრძო ზარალომ, – და თქვენთვის გასაგები რომ გახდეს, რას განვიცდიდი, შემოგთავაზებთ მატჩის რეპორტაჟის ნაწყვეტს... მაშ ასე, ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით „მარაკანას“ სტადიონზე, სადაც მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ერთმანეთს ხვდებიან საქართველოსა და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები. მატჩის დასასრულამდე რჩება რამდენიმე წუთი. ანგარიში კი ჯერაც არ გახსნილა. ჩვენმა ნაკრებმა თუ იმავე ტემპით გააგრძელა თამაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის საკითხი პენალტების სერიით გადაწყდება. ერთი წუთით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, საქართველოს ნაკრების სათადარიგოთა სკამზე მოძრაობას ვხედავ. აჰა, ყველაფერი გასაგებია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მოთამაშის შეცვლა განახორციელა და მოედანზე საფეხბურთო წრეებში „რაკეტად“ წოდებული ლუკა გეგეშიძე გამოჩნდა... თამაში განახლდა. ბურთით გეგეშიძეა. მოატყუა ერთი!.. მოატყუა მეორე!.. ჩართო მეხუთე სიჩქარე, „პოლნი გაზი“!.. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება მოედანზე. გეგეშიძე ქარიშხალივით მიიწევს წინ. მოატყუა მეოთხე!.. მეხუთე!.. მთელი გუნდი!.. მოატყუა მეკარე!.. გეგეშიძე კარის პირისპირაა, შეიძლება დარტყმა!.. მაგრამ მას არ სურს იოლი გამარჯვება. გეგეშიძე უკან დაბრუნდა. თავბრუდამხვევი ფინტების მთელი სერია... თავიდან მოატყუა მთელი გუნდი და სამივე მსაჯი!.. გავიდა მეკარის პირისპირ!.. რაღას უცდის?!.. დარტყმა და არის!.. არის!.. გოოლ!.. ბურთი ყუმბარასავით შევარდა „დევიატკაში“! სტადიონზე რაღაც წარმოუდგენელი ხდება. ტრიბუნები ზანზარებს. ზედიზედ გაჰყავთ გულშეღონებული გულშემატკივრები. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გეგეშიძეს მისდევენ... დაიჭირეს, მაგრამ, ეს რა ხდება?.. ხომ არ მეჩვენება?.. გეგეშიძე წააქციეს და ცემა დაუწყეს. ფეხბურთელებს ნაკრების მწვრთნელები და ექიმებიც შეუერთდნენ. ჩემამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ყვირილი აღწევს: – ეს რა ქენი, შე ბოთე, ჩვენი და იმათი კარი ვერ უნდა გაარჩიო? ხომ გაგაფრთხილე, ზანგი მეკარე რომელ კარშიც დგას, ბურთი იქ უნდა შეაგდო-მეთქი!.. აჰა, მთავარ ტაბლოზე ახალი ანგარიშია: ერთით ნული, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ, რადგან, ლუკა გეგეშიძეს აქეთ-იქით სირბილში თვალები აუჭრელდა და გოლი საკუთარ კარში გაიტანა. ვიდრე ქართველი ფეხბურთელები გეგეშიძეს სცემდნენ, მატჩისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა. რამდენიმე წუთში დაიწყება დაჯილდოების ცერემონია. ბრაზილიელი ფეხბურთელები მიიღებენ ოქროს მედლებს, ქართველები – ვერცხლის მედლებს, გეგეშიძე კი – პანღურს. ამით ჩვენი რეპორტაჟი დასასრულს მიუახლოვდა. შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში მუშაობდა გიო კიკნაძე!.. გმადლობთ ყურადღებისთვის!..
სიცილით სუნთქვაშეკრული თანაკლასელები გაჭირვებით ჩერდებოდნენ სკამებზე.
– მოითმინეთ, მოითმინეთ, ჯერ არ დამიმთავრებია, – თქვა მან და „მიკროფონი“ ლუკას მიუშვირა, – ბატონო ჩემპიონო, რას გვეტყვით თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ?
– ახლა მე შენ გაგიყვან სადარბაზოში და მაგრად გცემ! – დაემუქრა ლუკა.
– ნუ მემუქრები, თორემ ლევანთან გიჩივლებ და სამუდამოდ დაემშვიდობები ფეხბურთს, – არ შეშინდა ზარალო, შემდეგ კი შებრუნდა და მზერა ნიკა დადიანს მიაპყრო, – ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი შოუ გრძელდება. წარმოგიდგენთ ჩვენს მომდევნო სტუმარს, ადამიანს, რომელმაც სკოლაში გატარებული წლები კაი ბიჭობას, „ბირჟავიკობას“, „სტრელკებსა“ და „რაზბორკებს“ მოახმარა. ჩვენ წინაშეა ჩვენი უბნის სიამაყე, ნაღდი ვაკელი, ზანგივით შავი კაცი, „ახვრების“ რისხვა... რამე ხომ არ გამომრჩა? – ზარალომ თითი მიიჭირა საფეთქელზე, წამით ჩაფიქრდა და შემდეგ ისევ გააგრძელა, – ჩვენი ძმა და მეგობარი, „რამკიანი ქურდი“ – დადა!.. მივესალმოთ დადას, ბატონებო და ქალბატონებო!..
სუფრასთან მორიდებული ტაში გაისმა. თანაკლასელებმა იცოდნენ, რომ დადას ლაზღანდარობა არ უყვარდა, მით უმეტეს, კაი ბიჭობასთან დაკავშირებით.
– ზარალო, ჩაკვდი! – შეუბღვირა დადამ.
– საწყენია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ ვერ მივიღებთ ქურდულ ინტერვიუს. ჩვენს რესპონდენტს არ მოსწონს ხალხმრავალი აუდიტორია – ყოველივე ეს სასამართლო დარბაზს აგონებს. რას ვიზამთ, ჩვენი შოუ აგებულია ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპზე. დავემშვიდობოთ დადას და გავეცნოთ ჩვენი შოუს შემდეგ მონაწილეს, – ზარალომ თანაკლასელები შეათვალიერა და მზერა დოდოზე შეაჩერა. დოდომ ღიმილი გადაიფინა სახეზე და მოსასმენად მოემზადა. ზარალომ მაშინვე განაგრძო ლაპარაკი, – ბატონებო და ქალბატონებო, წარმოგიდგენთ ჩვენი კლასისა და სკოლის მშვენებას, სრულქმნილ არსებას, დოდო დუნდუას!..
თანაკლასელები ოვაციით მიესალმნენ დოდოს, რომელმაც ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ყველას.
– ბატონებო და ქალბატონებო, თქვენ, რა თქმა უნდა, ელოდით, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენი ფიფქია ტოპ-მოდელი ან ჰოლივუდის ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ, უნდა გაცნობოთ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. ჩვენმა რესპონდენტმა ვარსკვლავის კარიერას დიასახლისობა არჩია და სკოლის დამთავრებისთანავე ცოლად გაჰყვა ჩვენს სუპერფეხბურთელს, ლუკა გეგეშიძეს. ლუკას და დოდოს ეყოლათ თერთმეტი შვილი და ამით აისრულა ლუკამ ბავშვობის ოცნება – შექმნა საკუთარი ფეხბურთის გუნდი!.. ამჟამად კი დოდო და ლუკა გუნდის სათადარიგო მოთამაშეების საკითხზე „მუშაობენ“...
გაცეცხლებულმა დოდომ თეფშიდან ბოლოკი აიტაცა და ზარალოს ესროლა. თანაკლასელებს სიცილი აუტყდათ. მათთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა, რომ ლუკას და დოდოს ბავშვობიდან უყვარდათ ერთმანეთი.
უცებ დოდო სკამიდან წამოიჭრა და ზარალოსკენ დამუქრებული სახით გასწია. მოულოდნელი შეტევით დამფრთხალი ზარალო სწრაფად გახტა უკან და ზაზა ჭკუასელს გადააწყდა, რომელიც მოღუშული ადევნებდა თვალს იმპროვიზებულ წარმოდგენას.
– ფრთხილად, ბიჭო! – წამოიძახა ზაზამ და ზარალოს მხარში უბიძგა.
რამდენიმე თვის წინ ზაზა სხვა სკოლაში სწავლობდა, სადაც ჩხუბის დროს თავის თანაკლასელს დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა. სასჯელს, პროკურორი მამის წყალობით გადაურჩა. შემდეგ კი მშობლებმა ძველ სკოლასაც მოაშორეს და ასე აღმოჩნდა ის მათ კლასში. ერთად გატარებული რამდენიმე თვის მიუხედავად, ზაზამ ვერ შეძლო ახალ თანაკლასელებთან დაახლოება, რაშიც მხოლოდ თვითონ იყო დამნაშავე. თანაკლასელები ვერ ეგუებოდნენ აუხსნელ სიძულვილს, რასაც ის ყველას მიმართ ამჟღავნებდა და, აქედან გამომდინარე, გაურბოდნენ მასთან ურთიერთობას.
ზარალომ დამცინავი მზერით უპასუხა ზაზას და ენერგიულად განაგრძო: – ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი შოუ გრძელდება. ამჯერად თქვენ წინაშეა კლასისა და სკოლის ბუა, ახლო ნაცნობებში და უბნელებში „ბოღმად“ წოდებული – ზაზა ჭკუასელი!.. ადამიანი, რომელიც შეცდომით დაიბადა ჩვენს საუკუნეში. მისი ხასიათის გამო ის შუა საუკუნეებში უნდა დაბადებულიყო. მისგან დადგებოდა შესანიშნავი ინკვიზიტორი, მაგრამ მან მაინც შეძლო თავისი ნიჭის რეალიზება და სკოლის დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ ციხის ჯალათად მოევლინა საქართველოს. ამჟამად კი... – ზარალომ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო. ზაზა გააფთრებული ეცა, მუშტის დარტყმით დასცა იატაკზე და წიხლები დაუშინა.
თანაკლასელებმა უმალ მიატოვეს სუფრა. ლუკამ ყველას დაასწრო და ზაზა ხელისკვრით მოაშორა ზარალოს. მან იუკადრისა და ამჯერად ლუკას მოუქნია მუშტი. ის მოხერხებულად გაერიდა და საპასუხოდ ისეთი ძალით გაარტყა, რომ ზაზა კედელს მიეხეთქა. ვიდრე თანაკლასელები რამეს მოიფიქრებდნენ, ზაზამ ღილაკიანი დანა მოიმარჯვა, გახსნა და ლუკასკენ გაქანდა. ოთახში მყოფ გოგონებს შიშისაგან კივილი აღმოხდათ. რამდენიმე წინდახედულმა ბიჭმა მაშინვე უკან დაიხია. ლუკა არ დაიბნა. ელვის სისწრაფით აიტაცა სკამი და ზაზას შემოჰკრა.
დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ზაზა იატაკზე გაიშხლართა, სკამის ნამსხვრევები კი აქეთ-იქით მიმოიფანტა. დადა წინ გავარდა, ზემოდან მოექცა ზაზას, დანა წაართვა და ჯიბეში შეინახა, შემდეგ კი საყელოში სტაცა ხელი, ფეხზე ააყენა, ყბაში ძლიერი სილა უთავაზა და კბილების ღრჭიალით უთხრა:
– ტყავში ვერ ეტევი, ახვარო?! – დადას კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ სწორედ ამ დროს დერეფანში მოახლოებული ნაბიჯების ხმა გაისმა. დადამ მაშინვე შეუშვა ხელი ზაზას და თანაკლასელებს ანიშნა, ჩუმად იყავითო. იმავ წამს ოთახში ეკას დედ-მამა შემოვიდა. მამამ გაოცებული მზერა შეავლო იატაკზე მიმოფანტულ სკამის ნამტვრევებს და ეკას მიუბრუნდა.
– რა მოხდა აქ, ეკა?
– არაფერი, – გაუბედავად უპასუხა მან.
– არაფერი?! – მზერა გაუსწორა მამამ, – სხვათა შორის, მე ყვირილიც ჩამესმა!
ეკამ ვერ გაუძლო მამის მზერას და თავი დახარა. ოთახში მყოფმა თანაკლასელებმა ზაზას შეხედეს. ყველა მისგან ელოდა განმარტებას. ის კი მოულოდნელად მოსწყდა ადგილს და ბინის კარს ეცა. გასვლისას შედგა, შემობრუნდა და სიძულვილით აღსავსე ხმით მიმართა ლუკას:
– ეს დღე მწარედ თუ არ გაგახსენო, ზაზა არ მერქვას! – შემდეგ კი სადარბაზოში გავარდა და ისეთი ძალით გაიბრახუნა კარი, რომ ბინა შეზანზარდა.
***
ის, რაც შემდეგ მოხდა, ეკამ საკმაოდ გვიან გაიგო:
რამდენიმე დღის შემდეგ ლუკას არც ზაზა ახსოვდა და არც ეკას დაბადების დღეზე მომხდარი უსიამოვნო ინციდენტი. ამჟამად მისი გონება სხვა ფიქრით იყო დაკავებული. ახლოვდებოდა სასკოლო გამოცდები, რასაც მისაღები გამოცდები მოსდევდა, მას კი ჯერაც ვერ გადაეწყვიტა, რომელ ინსტიტუტში გააგრძელებდა სწავლას. თვითონ ფიზკულტურის ინსტიტუტს ანიჭებდა უპირატესობას, რომელიც პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემდა. გუნდის მწვრთნელიც იმავეს ურჩევდა და დედ-მამაც არ იყო წინააღმდეგი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, დოდოსთან იმდენ დროს ვეღარ გაატარებდა, რამდენსაც ადრე. მას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სურდა ჩარიცხვა და ლუკას ვერ წარმოედგინა მერხი, რომელზეც მის გვერდით დოდო არ იჯდებოდა.
ამ ფიქრებში გართულმა ლუკამ, ვაკის პარკი გადაკვეთა და „ლოკომოტივის“ სტადიონს მიუახლოვდა. სწორედ ამ დროს, ძახილი ჩაესმა. ლუკა შედგა და უკან მიიხედა. მისკენ ზაზა მოდიოდა. რამდენიმე წამის შემდეგ მის პირისპირ შედგა, გამჭოლი მზერა მიაბჯინა და ჰკითხა: – საით გაგიწევია?
– რაში გაინტერესებს? – ცივად მიუგო ლუკამ.
– წესიერად ილაპარაკე, ბიჭო! – წამოიქოჩრა ზაზა.
– შენი დარიგება არ მჭირდება!
– გჭირდება და უფრო მეტიც. ლაპარაკსაც გასწავლი და ჩემთან მოქცევასაც!
– ბეჭი არ იღრძო! – შეუღრინა ლუკამ.
– ნუ მეუზრდელები! – ბრაზი მოერია ზაზას.
– რა გინდა? თუ სხვა არაფერი გაქვს სათქმელი, მე წავედი, – ლუკამ ზურგი შეაქცია ზაზას და გზა განაგრძო.
ზაზა სწრაფი ნახტომით წამოეწია, მხარზე გადაკიდებულ ჩანთაში ჩააფრინდა და ძლიერად მოქაჩა. ლუკა ელვის სისწრაფით მოუბრუნდა და ხელი აუკრა.
– ხელი, ბიჭო!.. – გაშმაგდა ზაზა, შემდეგ კი მიმოიხედა ახლომდებარე ბუჩქნარზე ანიშნა, – წამოდი, იქ ვიბაზროთ!
– წამოდი, – დაეთანხმა ლუკა და ბუჩქნარისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა.
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ ისინი ბუჩქნარში ჩამალულ, ნაგვით მოფენილ მოედანზე აღმოჩნდნენ. ლუკამ მაშინვე მოჰკრა თვალი ზაზას ორ მეგობარს. მათ შორიდან იცნობდა, იცოდა, რომ ზაზას უბნელები და მისი ყოფილი თანასკოლელები იყვნენ. მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ მართალი იყო დადა, როდესაც აფრთხილებდა, ზაზასთან შეხვედრას მოერიდე. მარტო ვერაფერს დაგაკლებს, მაგრამ იმ ცემას არ დაივიწყებს და თავისნაირ ახვრებთან ერთად არ მოგიხელთოსო.
– ეს არის? – ჰკითხა ზაზას ერთ-ერთმა და ლუკას ახედ-დახედა.
– ჰო, – უპასუხა მან.
– ბიჭო, ზედმეტი ცხენის ძალები გაწუხებს? – დამცინავად განაგრძო ზაზას მეგობარმა.
– მაგარი კუნთაა, დღედაღამ სტადიონზე დარბის, – ჩაურთო ზაზამ.
– ჩანთაში რა გაქვს?.. გირები? – ზაზას მეორე მეგობარი ჩანთას წაეტანა.
ლუკამ ხელი აუკრა.
– ხელი გააჩერე, ბიჭო! – გაღიზიანდა ზაზას მეგობარი.
– თურმე, შენ საერთოდ გახასიათებს ხელების უმისამართოდ ქნევა! – გააგრძელა მეორემ.
– ეგ შენი საქმე არ არის! – უპასუხა ლუკამ.
– ენაც გრძელი გქონია!.. ხომ არ გინდა ძირში მოგაჭრა? – ცივად გამოსცრა პირველმა.
– ენასაც ძირში მოგაჭრი და კუნთებსაც! – დაუმატა მეორემ.
– რას ებაზრებით ამ ახვარს? – მოთმინებამ უღალატა ზაზას და უეცრად ეცა ლუკას. – ვის დაარტყი ხელი, შე ნაბიჭვარო!
ლუკა თავდასხმის მოსაგერიებლად მზად იყო, მაშინვე უკან გახტა და ჩანთა ისეთი ძალით შემოჰკრა თავში, რომ ზაზა ბუჩქებში შევარდა და წაიქცა. მისი მეგობრები უმალ გამოცოცხლდნენ და გინებით ეცნენ. ლუკამ შეძლო პირველი ორი დარტყმის მოგერიება. შემდეგ კი ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ იმარჯვა და მკერდში ჩაარტყა წიხლი. ლუკამ ფეხი გაუკავა და შორს მოისროლა. იმავ წამს კეფაში ძლიერი დარტყმა იგრძნო. წამით თვალთ დაუბნელდა, მაგრამ მაინც შეძლო წონასწორობის აღდგენა, მოწინააღმდეგეს მუშტი ატაკა და ძირს დასცა. სწორედ ამ დროს თავის გვერდით ზაზას მოჰკრა თვალი, რომელმაც ვიწრო და გრძელპირიანი დანა მოუქნია. ლუკა ინსტინქტურად გაერიდა, მაგრამ მისი მოძრაობა დაგვიანებული იყო – დანის წამახული წვერი მკლავს მისწვდა. სხეულს მწველმა ტკივილმა დაურბინა და მკლავზე გაჩენილი ჭრილობიდან სისხლმა იფეთქა.
– სათითაოდ აგათლი კუნთებს! – მთელი ხმით იყვირა ზაზამ და მეორედ მოუქნია დანა.
ამჯერად ლუკამ დანის აცილება შეძლო, საპასუხო დარტყმით ტუჩი გაუხეთქა და შორს მოისროლა, მაგრამ მეორე მოწინააღმდეგეს ვეღარ გაერიდა – ქვასავით მკვრივი მუშტი საფეთქელში დაეტაკა და ძირს დასცა. ზაზას მეგობრები მაშინვე ზემოდან მოექცნენ და წიხლები დაუშინეს. მესამე თუ მეოთხე დარტყმამ სახეში უწია. ლუკამ პირში სისხლის გულისამრევი გემო იგრძნო და მისი გონება არნახულმა მძვინვარებამ მოიცვა. რა მოხდა შემდეგ, ლუკას აღარ ახსოვდა. მეხსიერება მხოლოდ სურათის ცალკეულ კადრებს თუ აღიქვამდა.
ლუკას გააფთრებული ყვირილი აღმოხდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ფეხის ძლიერი დარტყმით მოცელა, მიწიდან მოზრდილი ქვა აიტაცა და მეორეს მთელი ძალით ესროლა სახეში. მოწინააღმდეგე, რომელსაც ქვა ტუჩებში მოხვდა და კბილები ჩაუმტვრია, გაბმული ყვირილით დაემხო მიწას. ამასობაში ლუკა ფეხზე წამოიჭრა და ზაზას მიუბრუნდა. მან დანა პირით წინ მიმართა და ლუკასკენ გამოქანდა. სწორედ ამ დროს მას მეორე მოწინააღმდეგე ზურგზე შეახტა და ხელები ყელში წაუჭირა. ლუკამ მძლავრად შეიბერტყა ბეჭები, მოწინააღმდეგეს მკლავში სწვდა და ზაზასკენ მოისროლა. ის გუდურასავით მოსწყდა ზურგიდან და მთელი სხეულით შეეხეთქა ზაზას. ლუკას სმენას სლოკინისმაგვარი ხმა მისწვდა. ზაზას მეგობარს კრუნჩხვამ დაურბინა, ხელი მკერდზე მიიჭირა და კვნესით დაეშვა მიწაზე. გაოგნებულმა ზაზამ ძირს დაიხედა. მისი მეგობრის სხეულის ქვემოთ სწრაფად დგებოდა სისხლის გუბე. იმავე ფერის ლაქები მისი დანის პირზეც აღბეჭდილიყო. ლუკამ მომხდარში გარკვევა არ აცალა, სწრაფი ნახტომით გაქანდა მისკენ. ზაზა ისე დაზაფრა მის თვალებში ამოკითხულმა მძვინვარებამ, რომ დანა ესროლა და უკანმოუხედავად გაიქცა. დანა ლუკას ტარით დაეძგერა მკერდში და მიწაზე დავარდა. მას დრო არ დაუკარგავს, დანა მიწიდან აიტაცა და ზაზას სირბილით მიჰყვა უკან.
ზაზას დანახვამ, რომელიც განწირული კივილით ითხოვდა შველას, არნახული აურზაური გამოიწვია პარკში. მოსეირნე ადამიანები ბავშვებს ხელში იტაცებდნენ და აქეთ-იქით გარბოდნენ.
– უშველეთ ვინმემ! მოკლავს!.. – კიოდნენ ქალები.
ამასობაში ლუკა ზაზას წამოეწია და ფეხის დარტყმით ძირს დასცა. ზაზას შიშის ყვირილი აღმოხდა და დარტყმის მოლოდინში მოიკუნტა, მაგრამ, ლუკამ ვეღარ მოასწრო უკანასკნელი ნახტომის გაკეთება. სირბილით მოვარდნილმა მილიციელებმა მიწაზე დასცეს, დანა ხელიდან გააგდებინეს და მკლავები ზურგს უკან გადაუგრიხეს. ლუკამ თავგანწირვით გაიბრძოლა, სხეული ზამბარასავით დაძაბა და თავის გასათავისუფლებლად ერთ-ერთ მილიციელს გვერდში მუხლი ატაკა. პასუხად მილიციელებმა მუშტები აამუშავეს; რამდენჯერმე ჩაარტყეს კეფასა და კისერში, შემდეგ კი მთელი ძალით დააწვნენ ზევიდან და ხელბორკილი გაუკეთეს. მათ ირგვლივ სწრაფად მოიყარა თავი ცნობისმოყვარეთა ჯგუფმა.
– რამდენს ბედავს ეს ლაწირაკი!.. ნახეთ, ნახეთ, ისევ გაქცევას ცდილობს. ნაღდი კაცისმკვლელია!.. – ბრაზით გაიძახოდნენ მამაკაცები.
– პარკის დირექციაში წაიყვანეთ. შემდეგ გავარკვევთ, რისთვის მისდევდა იმ ბიჭს! – უბრძანა წოდებით უფროსმა მილიციელმა ხელქვეითებს, თვითონ კი ზაზას მიაშურა.
ორმა მილიციელმა ლუკა ფეხზე ააყენა და პარკის დირექციისკენ წაიყვანა. მესამემ მისთვის წართმეული დანა ფრთხილად გაახვია ცხვირსახოცში და მათ მიჰყვა. მეოთხე მილიციელმა კი ზაზა წამოაყენა, შეათვალიერა და ჰკითხა:
– დაჭრილი ხომ არ ხარ?
– არა.
– სისხლიანი რატომ ხარ?
– სისხლიანი? – ზაზამ გაოგნებული სახით დაიხედა მარჯვენაზე.
– დანაც სისხლიანი იყო, – განაგრძო მილიციელმა.
– მაგან ჩემი მეგობარი დაჭრა, – გაუბედავად წამოიწყო ზაზამ.
– რაა? – სწრაფი მზერა ესროლა მილიციელმა.
– ჰო, მაგან დაჭრა მამუკა! – ხმას აუწია ზაზამ, – კახას ქვით გაუტეხა თავი, შემდეგ კი მამუკას დაარტყა დანა!
– სად?
– სტადიონის ღობესთან, ბუჩქებში.
მილიციელი მაშინვე დაუკავშირდა განყოფილებას და ინფორმაცია გადასცა, შემდეგ კი ზაზას მიუბრუნდა, – წამოდი, ის ადგილი მაჩვენე!
– არა, მე არ შემიძლია, – ზაზას შიში ჩაეღვარა თვალებში.
– კარგი. თვითონ მოვძებნი... ეს ბიჭი თან წაიყვანეთ! გასძახა წინ წასულ ხელქვეითებს, თვითონ კი სირბილით გავარდა სტადიონისკენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკა პარკის დირექციაში, მილიციის ოთახში შეიყვანეს. მალე იმავე ოთახში აღმოჩნდა ზაზაც. მან მილიციელებს დაწვრილებით აღუწერა მომხდარი ჩხუბი. ლუკამდე მისი ნაამბობის მხოლოდ ნაწყვეტები აღწევდა.
– გვარად ჭკუასელი ვარ... ჰო, ვახტანგ ჭკუასელი მამაჩემია... ვიცნობ, ჩემი კლასელია... კახას ქვით გაუტეხა თავი, მამუკას დანა დაარტყა და შემდეგ მე მომიბრუნდა... ჰო, ეს დანა იყო... თქვენ რომ არა – მომკლავდა!..
მისი ნაამბობით გაღიზიანებული მილიციელი ლუკას ეცა, საყელოში სწვდა, ძლიერად შეანჯღრია და უყვირა:
– რას ერჩოდი ამ ბიჭებს, ნაბიჭვარო?!!
ლუკას პასუხის გაცემა არ უცდია.
– ხმა ამოიღე, თორემ... – მილიციელმა სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო. სწორედ ამ დროს დერეფანში წარმოუდგენელი ხმაური ატყდა. წამის შემდეგ კი ოთახში სახეშეშლილი მილიციელი შემოიჭრა და მთელი ხმით იყვირა:
– სტადიონის ღობესთან მოკლული ვიპოვეთ!.. გესმით, ამ ნაბიჭვარმა თექვსმეტი წლის ბიჭი მოკლა!..
„ლუკას არ მოუკლავს! არა! არა!“ – იკივლა ბურანში წასულმა ეკამ და თვალი გაახილა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში