როგორ სეირნობდა თურქეთში ტყვედ გაყიდული ქართველი ლომებთან ერთად და რატომ აუშენა ეგვიპტის გამგებელმა დედას მარტყოფში ეკლესია
ჩვენი რუბრიკის საშუალებით, ძირითადად, იმ ქართველებზე მოგითხრობდით, რომლებიც რუსეთსა და ოკეანეს მიღმა, შორეულ შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. თუმცა, ახლო და შორეული აღმოსავლეთიც არანაკლებ საინტერესოა ქართველი მოღვაწეების მხრივ. ლევან გურიელიძე დღეს რამდენიმე მათგანზე გვიამბობს.
ლევან გურიელიძე: ღაზი ჰასანი, საქართველოდან აღმოსავლეთ თურქეთში ტყვედ გაყიდული ბიჭი, რიგითი იანიჩარი იყო, როცა მონაწილეობდა ჯერ ავსტრიის წინააღმდეგ ომში, შემდეგ ალჟირში და მერე ისევ სტამბულში. იქ კი უკვე საფლაგმანო გემის კაპიტანი ხდება და ებმება 1779 წლის ჩესმენის ბრძოლაში. ამ წაგებულ ბრძოლაში პირადად მის წარმატებულ ქმედებებს აღნიშნავენ. 1770 წლის ოქტომბერში დაიბრუნა რუსებისგან დაპყრობილი კუნძული ლემნოსი, რისთვისაც ღაზის, ანუ გამარჯვებულის ტიტული დაიმსახურა. ამის შემდეგ ის კაპუდან-ფაშად დააწინაურეს. ჩესმენის დამარცხების გაკვეთილმა კაპუდან-ფაშას სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი დააარსებინა. მოგვიანებით, ახალი სულთნის, სელიმ მესამის ბრძანებით, კაპუდან-ფაშას თანამდებობა ქუჩუკ-ჰუსეინ ფაშას გადააბარა, ხოლო თვითონ სერასკირის წოდებით, იზმაილს გაემგზავრა. 1789 წელს ის უკვე დიდვეზირი და მხედართმთავარია დუნაიზე. მიუხედავად იმ დიდი წარმატებებისა, რომელსაც სამხედრო გზაზე აღწევს კაპუდან-ფაშა, საქართველოსთან მას მაინც ბავშვობის სენტიმენტები აკავშირებს. სამშობლოსადმი ამ დამოკიდებულებაზე ბევრი ფაქტი მეტყველებს. თუნდაც, ის რომ ხაზინადარი და მოადგილე – „ვიცე-ამირბარი” ქართველები ჰყავდა. სტამბულის რუსული საელჩოს დღიური აღწერს საქართველოდან სტუმრად მყოფ ვინმე გაბრიელ ტარბაიძის ქართულ ენაზე გამართულ დიალოგს ღაზი ჰასანთან და ამას სტუმრის სიტყვებით გადმოგვცემს: „კაპუდან-ფაშა, როგორც თვითონ აცხადებს, დაბადებულა მეფე ერეკლეს სამფლობელოში, დაბა ფშაველში, რომელიც კავკასიის მთებში მდებარეობს... უცხოეთში ბავშვობიდან მოხვედრილა და სამშობლოში დედ-მამა და მეუდაბნოე ბიძა დარჩენია”. კაპუდან-ფაშას ტარბაიძისთვის უთხოვია, თუ მამაჩემი ცოცხალი მიპოვე და გამომიგზავნე, დავასაჩუქრებ და ისევ სამშობლოში გავუშვებო.
– ღაზი ჰასანის ბიოგრაფიაზე ევროპელების მოგონებებიც არის შემორჩენილი.
– დიახ, მის ბიოგრაფიას ეხება ფრანგი ჟუანენი, რომელიც აღწერს ღაზი ჰასანის სმირნაში ჩასვლას და სამსახურის დაწყებას დეის, იგივე ალჟირის მმართველის პირად გვარდიაში. აქ მისი მამაცობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალე ღაზი ჰასანს პროვინციის უფროსობა მიანდეს. აქედან მომდინარეობს მისი მეტსახელი – „ჯეზაირლი”, იგივე ალჟირელი. „ალჟირში ყოფნისას მან დიდძალი სიმდიდრე დააგროვა, რის გამოც ოჯაკლის ბელადებში მტრები შეიძინა. ამიტომ, იძულებული გახდა ესპანეთში გაქცეულიყო, საიდანაც ნეაპოლში გადავიდა. ამის შემდეგ იმდენი მოხერხება და გამბედაობა გამოიჩინა, რომ თანდათან გზა გაიკაფა კაპუდან-ფაშას თანამდებობისკენ.”
– ცნობილია, რომ მას მუდამ თან ახლდა ლომი.
– მის შესახებ ფრანგი ლეონიდე პინო წერს: „ღაზი ჰასანი ამჟღავნებდა, ან მიაწერდნენ სიმპათიებს საფრანგეთისადმი. იყო შეუბრალებელი, ენერგიული და ნიჭიერი; სტამბულის ქუჩებში მუდამ ლომისა და ვეფხვის თანხლებით დადიოდა. დივანზეც ბევრჯერ გამოჩენილა თავისი ლომის თანხლებით და დაუფეთებია ხონთქრის მინისტრები. ერთხელ საფრანგეთის ელჩს, შუაზიოლ-გუფიესაც ეწვია სასაუბროდ ამ ლომთან ერთად.” ძალიან საინტერესოა ის დაპირისპირება, რომელიც ორ უცხო ქვეყანას და მათ ქართველ მხედართმთავრებს შორის მოხდა. 1786 წელს კაპუდან-ფაშამ განახორციელა დამსჯელი ექსპედიცია ეგვიპტეში და აიღო ქაირო. მისი ეგვიპტელი მოწინააღმდეგენი იყვნენ ქართველები: მურად-ბეი და იბრაჰიმ-ბეი. ფრანგი ისტორიკოსი მარსელი წერს: „კაპუდან-ფაშა ჰასანზე გალაშქრება მურად-ბეიმ ითავა, ხოლოდ იბრაჰიმ-ბეი ქაიროში დარჩა ქალაქის გასამაგრებლად. იმ დროს, როცა მშვიდობის ორი მუსლიმანი მოციქული კაპუდან-ფაშას კარავში იმყოფებოდა, მურად-ბეის თავისი სპით უკვე რაჰმანიეჰის გარეუბნები დაეჭირა. ეს ადგილი მალე სისხლისმღვრელი ბრძოლების ასპარეზად იქცა. მამლუქებს არც ზარბაზნები ჰქონდათ და არც ქვეითი სპა ჰყავდათ. კაპუდან-ფაშას ორივე გააჩნდა და მურად-ბეი დამარცხდა. ნახა რა ქაირო მამლუქთა მიერ ევაკუირებული, ოსმალეთის ფაშამ ევენ-მეჰმედმა შეკრიბა ოჯააკლები და მათი რაზმებით ციტადელიდან გამოსული ოტომანთა არმიის გენერალისიმუსის შესახვედრად მოემზადა. კაპუდან-ფაშა ჰასანი, რომელმაც თავის მარშრუტზე მდებარე მთელი ქვეყანა აიკლო, 1786 წლის 1 აგვისტოს ქაიროში შევიდა.” მოგვიანებით, მოსახლეობა აუმხედრდა, რის შემდეგაც მან საზავო წინადადება წამოაყენა – გააფორმა ოსმალეთისადმი ეგვიპტის მორჩილების ხელშეკრულება და დატოვა ქაირო. რამდენიმე წელიწადში მთელ ეგვიპტეს ხელახლა დაეპატრონენ თბილისელი მურად-ბეი და მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი. უკვე ჭარმაგი ღაზი ჰასანი ოსმალთა საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა რუსეთ-თურქეთის ომის დროს, სანამ 1790 წელს არ გარდაიცვალა.
– თვითონ იბრაჰიმ-ბეის ბიოგრაფიაც არანაკლებ საინტერესო იქნება.
– იბრაჰიმ-ბეი – შინჯიკაშვილი სოფელ მარტყოფში დაიბადა და თხუთმეტი წლის იყო, როცა საქართველოდან გაიტაცეს. სტამბულის გავლით, ის ეგვიპტეში მოხვდა. მისი პატრონი ეგვიპტის იმდროინდელი მმართველი იყო. მან ერთგული სამსახურისთვის იბრაჰიმი გაათავისუფლა. როცა მისი ყოფილი პატრონი გარდაიცვალა, მან მეორე ქართველ მამლუქთან, მურად-ბეისთან ერთად, ქვეყნის სადავეები იგდო ხელთ. მას საოცრად ახასიათებდნენ როგორც ფრანგი, ისე არაბი ისტორიკოსები. იბრაჰიმ-ბეი საბოლოოდ, ნაპოლეონთან ბრძოლაში დამარცხდა. მიუხედავად ცხრა მთას იქით გადახვეწისა, იბრაჰიმს კავშირი არ გაუწყვეტია საკუთარ ქვეყანასთან. მან მოახერხა და მშობლიურ სოფელში, მარტყოფში წერილი გაგზავნა. სწორედ მისი გამოგზავნილი ფულით არის აგებული ეკლესია. მარტყოფის ცენტრში ის იბრაჰიმმა მოხუცებული დედისთვის ააშენებინა, რომელსაც სოფლიდან მოშორებით მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სიარული უჭირდა. ფრანგი ისტორიკოსები – ლეონიდე პინო და პაულ მასონი აღნიშნავდნენ: „იბრაჰიმ-ბეი... ქართველი მღვდლის შვილია და კარგადაც ახსოვს, თუ მამასთან ერთად, როგორ მონაწილეობდა სიონის ტაძარში შესრულებულ ქრისტიანულ წირვა-ლოცვაში...” იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში” საუბარია იბრაჰიმ-ბეის ურთიერთობაზე საქართველოს სამეფო სახლთან: „იბრაჰიმ-ბეი დიდი ერთგული და მოსიყვარულე იყო თვით საქართველოს მეფეთა – ირაკლისა და გიორგისა, რომელიცა ძღვნიდა მუნებურთა არმაღანთა და აგრეთვე, ამდიდრებდა მუნ მიმსვლელთა ქართველთა...“
– იბრაჰიმ-ბეი დიდხანს იბრძოდა ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის?
– 1801 წელს იბრაჰიმ ბეისა და უსმან-ბეის ხელმძღვანელობით, მამლუქები განაგრძობდნენ ბრძოლას ეგვიპტის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად ოტომანთა იმპერიისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა თითქმის ხუთი წელი გაგრძელდა. პარალელურად, ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის კონსულთან სტამბულში, რომ დამარცხების შემთხვევაში, საშუალება მისცემოდათ, სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ რუსებმა მათ უარი უთხრეს. ამ პერიოდში საქართველოში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღა აგორდა და ისეთი სახელოვანი მეომრების საქართველოში გამოჩენა, როგორიც მამლუქები იყვნენ, რუსებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნიდა.