რა თავსატეხი გაუჩინა ბერიამ სტალინს
სტალინს ჰყავდა ახლო ნათესავი – ეგნატაშვილი. იგი ხშირად დადიოდა და ნახულობდა მას. ეს კაცი იმხანად საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივნად მუშაობდა.
დატრიალდნენ რუხაძე და ბერიშვილი, საგანგებოდ მოამზადეს ეს კაცი. მას უთხრეს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილია, რომ საქართველოში მოქმედებს „მეგრული ნაციონალური ჯგუფი“, რომელიც ეწევა ძირგამომთხრელ მუშაობას. საჭიროა, ყოველივე ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენოთ ბელადი. გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ მოგცემთ სათანადო მასალებს, თქვენ კი ის უნდა გადასცეთ ბელადს“.
„მეგრული ნაციონალური ჯგუფის ძირგამომთხრელი მუშაობის დამადასტურებელი მასალის გაძლიერების მიზნით რუხაძემ, ბერიშვილმა და თავდიდიშვილმა კიდევ ერთი საზიზღრობა ჩაიდინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-ხუთე კურსის სტუდენტის, გვარად დოჩიას მიმართ. დოჩია იყო პარტიის წევრი, სახელობითი სტიპენდიანტი. იგი გამოიძახეს უშიშროების სამინისტროში და უთხრეს: „ხვალ, დილის 5 საათზე, მოხვალ აქ, ამა და ამ კაბინეტში. აქედან გამოგყვება ორი კაცი. შენ, როგორც ლენინური გვარდიის ჯარისკაცმა, უნდა შეასრულო სრულიად საიდუმლო საგანგებო დავალება“.
დოჩია ერთხანს დუმდა, შემდეგ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა უფროსს და კაბინეტიდან გავიდა. დამშვიდობებისას ერთხელ კიდევ გააფრთხილეს, აღნიშნულზე არავისთან კრინტი არ დაეძრა. ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა ამერიკული წარმოების „ვილისი“, რომელშიც ორი კაცი იჯდა. დოჩია მანქანაში მიიპატიჟეს, მძღოლის გვერდზე დასვეს და გეზი დასავლეთისკენ აიღეს. ხაშურთან გადაუხვიეს და ბორჯომის მიმართულებით წავიდნენ. ახალციხის საკონტროლო პუნქტთან მესაზღვრეებმა გააჩერეს. ერთ-ერთი იმ ორიდან, რომელიც შავ სათვალეს ატარებდა, ჩავიდა, საბუთები უჩვენა და მესაზღვრეებმა შლაგბაუმი ასწიეს. ეკიპაჟმა გზა განაგრძო და მალე ისინი თურქეთის სასაზღვრო ზონაში აღმოჩნდნენ.
დოჩიას შავსათვალიანმა უთხრა: „აი, პაკეტი, რომელიც უნდა მიიღოს საზღვრის იქითა მხარეს მყოფმა ჩვენმა კაცმა. ამ კაცის მოსვლას შენ ნუ დაელოდები. ამა და ამ ადგილას (ადგილი შორიდან უჩვენა), მიდი ზონასთან ახლოს. მესაზღვრე დაგიძახებს: „სდექ“, მაგრამ, შენ ყურადღება არ მიაქციო, ის არ გესვრის – გაფრთხილებულია. მიხვალ თუ არა, მავთულხლართთან ახლოს, ფუთა მეორე მხარეს გადააგდე და უმალ გამობრუნდი. ამ ფუთას გარკვეული დროის შემდეგ წაიღებს ის, ვისთვისაც არის განკუთვნილი.“
დოჩია გულუბრყვილოდ მიენდო ამ კაცს, მიუახლოვდა საზღვარს. მავთულხლართამდე ათიოდე ნაბიჯი რომ დარჩა, მესაზღვრემ დაუყვირა: „სდექ!“ მაგრამ, დოჩიამ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა. მესაზღვრემ ორჯერ ჰაერში გაისროლა. როცა დარწმუნდა, რომ ეს კაცი გაჩერებას არ აპირებდა და თანაც ხელში რაღაც ეჭირა, ავტომატიდან პირდაპირ სამი ტყვია დაახალა. დოჩია უსულოდ დაეცა. ატეხილ განგაშსა და სროლაზე ოცეულის მთელი პირადი შემადგენლობა მოვიდა. მკვდარს ყველა ხედიდან გადაუღეს ფოტო, შემდეგ ფუთა აართვეს. მასალები კონტრდაზვერვას გადასცეს. შედგა სათანადო აქტი. ერთ კვირაში მოკვლევის მასალებიც მზად იყო. სათანადო ფოტოსთან, აქტთან და მოკვლევის მასალებთან ერთად, საქართველოს უშიშროების მინისტრის სახელზე მოხსენებითი ბარათი რუხაძემ ჩაიბარა.
შემდეგ, როგორც რუხაძის სასამართლო ტრიბუნალის სხდომაზე გაირკვა (ტრიბუნალის სხდომა დახურულად მიმდინარეობდა), ფუთაში იყო ორი დალუქული პაკეტი. ერთ პაკეტში ეწყო საბუთები, რომელშიც ეწერა ყველაფერი ის, რაც შეიძლება, რომ უცხოეთიდან შემოგზავნილ მზვერავს აინტერესებდეს. აქ ციფრებში მოცემული იყო საქართველოს რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის მდგომარეობა და მომავალში მისი განვითარების საკითხები; ასევე, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, რაოდენობა ასაკის მიხედვით და ასე შემდეგ. რუკაზე აღნიშნული იყო დიდი სამრეწველო ობიექტები, პროდუქციის გამოშვება სახეების მიხედვით და მისი რაოდენობა; მეორე პაკეტში იდო თხელ ქაღალდზე დაბეჭდილი რესპუბლიკის ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, გორისა და ასე შემდეგ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ხელფასისა და ბინით უზრუნველყოფის საკითხები. აქვე იდო მორიდებული ტონით დაწერილი წერილი თურქეთის პრემიერ-მინისტრის სახელზე, სადაც მოთხრობილი იყო კოლმეურნეობებთან დაკავშირებული საკითხები, რომ გლეხები აუტანელ მდგომარეობაში იმყოფებიან და ითხოვენ შველას. ერთი სიტყვით, შედგენილი იყო ისეთი რეალური საბუთები, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის ყველა უბანსა და რგოლში ახედებდა მოწინააღმდეგეს. ამ დოკუმენტებში მოყვანილი იყო რეალური ციფრები, ვინაიდან, რიცხობრივი მონაცემები აღებული იყო სახელმწიფო სტატისტიკური ორგანოებიდან. გარდა ამისა, პაკეტში იდო წერილი გულითადი მოკითხვით, ვინმე ისმაილ ფაშას სახელზე, რომელსაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გადასცემდნენ სალამს „მეგრული ნაციონალური ჯგუფის ლიდერები“.
აი, რა მოიმოქმედეს ელემენტარულ ადამიანურ ზნეობას მოკლებულმა არაკაცებმა: რუხაძემ, ბერიშვილმა, თავდიდიშვილმა და მათმა გუნდმა. მათ შეთითხნეს ისეთი საბუთები, რომელთა უტყუარობაში, ერთი შეხედვით, თითქოს შეუძლებელი იყო ეჭვის შეტანა. ახლა საჭირო იყო თურქეთის მზვერავის ფოტოსურათი, სადაც მირცხულავა პაპიროსს აწვდის მას, შემდეგ კი მოკლული სტუდენტი დოჩიას ხელიდან აღებული „სადაზვერვო“ მასალებისა და სხვათა სტალინისათვის ჩვენება.
რუხაძე ესტუმრა ეგნატაშვილს, მასალები თვალწინ გადაუშალა და თან დასძინა: „როდესმე გვინდა, ეს მასალები მოხვდეს სტალინთან. ბელადი საქმის კურსშია. მას ამ რამდენიმე თვის წინ ჩვენ მივაწოდეთ მასალები ბარამიას საკითხთან დაკავშირებით. ბერიას ხელში რომ მოხვდეს, ის მას გადამალავს და ადრესატამდე ვერ მიაღწევს. სწორედ ამიტომ, თქვენი კომუნისტური პატრიოტული სულისკვეთება მოითხოვს, თქვენ და მხოლოდ თქვენ იტვირთოთ ამ ფრიად საჭირო მასალების გადაცემა ბელადისთვის“.
ცნობილი არაა, იცოდა თუ არა ეგნატაშვილმა საქმის ნამდვილი არსი, ან, ირწმუნა თუ არა ბოლომდე რუხაძის ნათქვამი, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ყველაფერი შეასრულა ისე, როგორც ეს რუხაძემ დაავალა.
ბერია ამ დროს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მას ემორჩილებოდა როგორც შინაგანი, ისე საგარეო დაზვერვა. ამიტომ, არ გაუჭირდებოდა იმის დადგენა, თუ ვინ გადასცა სტალინს ხსენებული ბარათი. როგორც შემდეგ გაირკვა, სტალინი ჯერ თვითონ გაეცნო ამ მასალებს, შემდეგ დაიბარა ბერია და მას გააცნო. ბერიამ, როგორც კი ყველაფერი ბოლომდე მოისმინა, უმალ მიხვდა, თუ საიდან იღებდა სათავეს მუხანათობა. ისიც დააზუსტა, ვისი ხელიდან მოხვდა ეს მასალები უშუალოდ სტალინთან. საზოგადოების ერთმა ნაწილმაც გაიგო, რომ აღნიშნული მასალები სტალინისთვის მიწოდებული იყო ეგნატაშვილის მიერ. ყოველივე ამის გამო, საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, თითქოს ეგნატაშვილი ბერიას დავალებით მოსპეს, რაც არაა სწორი, ვინაიდან იგი ბერიას დაღუპვის შემდეგ გარდაიცვალა.
ბერია სტალინთან დიდხანს დარჩა კაბინეტში. რა ითათბირეს, არავინ იცის. კაბინეტიდან გამოსვლამდე ბერიამ სტალინს მიმართა: „იოსებ ბესარიონის ძევ, არ მჯერა, რომ არსებობდეს ასეთი ჯგუფი და ისინი ეწეოდნენ რაიმე სახის ძირგამომთხრელ მუშაობას. იმ ხალხს, რომელთაც ნაციონალურ ჯგუფში მონაწილეობა და ძირგამომთხრელი მუშაობა ედებათ ბრალად, მე პირადად ვიცნობ“.
–კი, ამხანაგო ლავრენტი, თქვენ იცნობთ მათ, მაგრამ. არ დაგავიწყდეთ, კადრების გადაგვარებას დიდი დრო არ სჭირდება.
– მაინც საჭიროდ მიმაჩნია, ყველა აქ არსებული და სხვა დოკუმენტებიც გადამოწმდეს: ვინ იცის, ისტორია ხომ ამაზე საზარელი საბუთების შეთხზვისა და ამაზე უფრო ბოროტი ინტრიგების ხლართვის ფაქტებსაც იცნობს, ამიტომ, აჩქარება არ ივარგებს.
– ვინ გაჩქარებთ? ყველაფერს დაუკვირდით, შეამოწმეთ და ძირფესვიანად შეისწავლეთ. ახლა ამაზე მეტი საქმე რა უნდა გქონდეს... ჰო, ერთი გაემგზავრე საქართველოში, ნახე ვითარება. თუ ყველაფერში დარწმუნდი, მოხსენი ჩარკვიანი. თუ ყველაფერი ჭორი აღმოჩნდება, მაინც მოხსენი, რადგან იგი არაა ღირსი, ხელმძღვანელობდეს საქართველოს კომუნისტურ პარტიას. მე რეკომენდაციას ვაძლევ აკაკი მგელაძეს. შენ რას იტყვი?
ბერია უსიტყვოდ დასთანხმდა, ან, რა გზა ჰქონდა, არ დათანხმებოდა სტალინს?! მათ შორის საუბარი დამთავრდა...
... ბერიას საქართველოში გასტუმრების შემდეგ სტალინი კუნცევოს რეზიდენციაში ჩაიკეტა. დიდხანს იფიქრა, რანაირად არ აწონა საქმის ვითარება, რანაირი ვარიანტები არ გათვალა, მაგრამ, არა, ბერია საეჭვო კაცად არ ეჩვენა, რადგან, მისი ხანგრძლივი მოღვაწეობის პერიოდში ერთი შტრიხიც ვერ გაიხსენა, რომელიც ეჭვს აღუძრავდა კაცს ბერიას ერთგულებაზე.
ბერიამ პლენუმს მოახსენა: „კკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო შეშფოთებულია იმით, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს პრინციპული ბრძოლა „მეგრული ნაციონალური ჯგუფის“ გამოვლენისა და ამ ჯგუფის საბოლოო ლიკვიდაციის მიზნით. თვითონ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უკმაყოფილოა დღემდე ძიების მოუქნელი მუშაობით“.
პლენუმზე კანდიდ ჩარკვიანმა აღიარა თავისი „დანაშაული“, რომ მხედველობიდან გამოეპარა „მეგრული ნაციონალური ჯგუფის არსებობა“.
ვალიკო შონიას მასალების
მიხედვით