რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”. ძრავას რაღაც უცნაური ხმა აქვს, თითქოს საათის წიკწიკი ახლავს. იქნებ მითხრათ, რისი ბრალია ეს და, შემიძლია თუ არა, საკუთარი ძალებით გადავამოწმო?
პასუხი: ძრავაში ზედმეტი ხმა არ უნდა ისმოდეს. თუ ძრავას ხმას ოდნავ წიკწიკის ხმა დაჰყვება, საათივით წიკწიკზე უფრო ძლიერ ხმას ვგულისხმობ, ეს ნიშნავს, რომ ძრავას სარქველები გაღუნულია და უნდა გასწორდეს. მართალია, ყველა ძრავას განსაკუთრებული, თავისებური ხმა აქვს, მაგრამ, ის აუცილებლად მონოტონურად, ერთ რეჟიმში უნდა მუშაობდეს, ანუ, იქ ხმის ზედმეტი აღმა და დაღმა სვლები უკვე პრობლემაა. თუ დაქოქე და იქიდან კაკუნი ისმის, ეს უკვე „სტუკია”, მაგრამ, თქვენ მსგავსი პრობლემა ნამდვილად არ გაქვთ. თუ ძრავას „კოლიცოები” დამჯდარი აქვს, ამის შემოწმება მარტივადაც არის შესაძლებელი: დაქოქილ ძრავას ოდნავ ახადეთ ხუფი და ერთ-ორ სანტიმეტრზე ზევით არ ასწიოთ, რომ ზეთმა ამოსხმა არ დაიწყოს. თუ „კოლიცოები“ კარგია და ძრავა კარგად მუშაობს, სახურავს თავისკენ იწოვს, როგორც მტვერსასრუტი, ანუ, აირები ამოდის და სახურავს თავისკენ ქაჩავს. თუ „კოლიცოები” დამჯდარია, მაშინ ამ ხუფიდან ისე უნდა ამოვიდეს ბოლი, როგორც „გლუშიტელიდან”, ანუ, ნამწვავი ბოლი გამოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ მას „კომპრესი” აღარ აქვს და „კოლიცოები” დამჯდარია.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა”. ზაფხულის დასაწყისში ჩვეულებრივად დავდიოდი აგარაკზე, ქალაქგარეთ, სადაც აღმართებზეც მიწევდა სიარული და, შევატყვე, რომ ძრავაში წყლის ტემპერატურის მდგომარეობა აღარ არის სტაბილური. რამე პრობლემასთან არის ეს დაკავშირებული თუ, უბრალოდ, სიცხეების ბრალია?
პასუხი: აღმართზე ასვლისას ძრავას მეტი ძალის გამომუშავება უწევს, ამასთან, მასზე გარე ტემპერატურაც მოქმედებს და ერთიანობაში ვიღებთ იმას, რომ წყლის ტემპერატურა ოთხმოცდაათს სცდება. თუ მანქანის წყლის სისტემა გამართულია, წყალი ნორმაზე მეტად არ ადუღდება. წყლის სისტემაში არსებობს ასეთი ნაწილი – თერმოსტატი, რომელიც ზედმეტად მაღალ ტემპერატურაზე, დუღილამდე მისული წყალი გადააქვს გაგრილების სისტემაში, ანუ, ის კრავს წრეს ძრავასა და რადიატორს შორის. რადიატორში ასხია წყალი, რომელიც შედის ძრავაში, ხურდება, ისევ მოდის რადიატორში და მისი მეშვეობით გრილდება. ეს ცირკულაცია არ უნდა დაირღვეს. წარმოიდგინეთ, რომ თერმოსტატი არის სარქველი, რომელიც ისეთ ადგილას არის დამონტაჟებული, რომ მისი გაღების შემდეგ გადადის ცხელი წყალი რადიატორში. ანუ მაშინ იხსნება, როდესაც წყალი საკმარისად გაცხელდება და მას გაგრილება სჭირდება, ირთვება რადიატორის „ფენი” და ხელახლა გაგრილებული წყალი შედის ძრავაში. არის შემთხვევები, რომ თერმოსტატი იღუნება, თავის თვისებებს კარგავს და აღარ იხსნება, ანუ, ძრავაში მხოლოდ ცხელი წყალი ბრუნავს, რაც, სავარაუდოდ, თქვენს ავტომობილს აწუხებს. აუცილებლად გადაამოწმეთ ამ დეტალის გამართულობა, თორემ, ცხელი ზაფხულის განმავლობაში ის ძალიან ბევრჯერ შეგაწუხებთ.
კითხვა: როგორც ვიცი, ავტომობილიდან თერმოსტატის ამოღება შეიძლება, რათა ძრავას გადახურება გამოირიცხოს. ეს რომ გავაკეთო რამე პრობლემას გამოიწვევს?
პასუხი: თერმოსტატის გაუქმება წყლის სისტემაში კატეგორიულად არ შეიძლება. ძველ მძღოლებს სჩვევიათ ამის გაკეთება, მაგრამ, ხშირად ისე შემოეპარებათ ხოლმე ზამთარი, რომ ძრავას ვერანაირად ვეღარ ათბობენ და უკვე იწყება სერიოზული პრობლემები. რა ხდება ამ დროს?! თერმოსტატის გაუქმების შემდეგ პირდაპირი ცირკულაცია მიმდინარეობს, ანუ, რადიოტორიდან ძრავაში პირდაპირ გადაედინება გრილი წყალი და ის გათბობას ვერ ასწრებს ისე გადმოდის უკან რადიოატორში, ესე იგი, წყალი სულ გრილია. სიცივეში ეს უკვე საშინელებაა – შეიძლება, ძრავა გაიყინოს და გადასაგდები გახდეს.
კითხვა: გავიგე, რომ ავტომობილის უსაფრთხოება ვარსკვლავებით იზომება. როგორ შეიძლება გავიგო, რამდენად უსაფრთხოა ესა თუ ის მოდელი ავარიის დროს?
პასუხი: თქვენთვის საინტერესო მოდელი პირდაპირ ინტერნეტით შეგიძლიათ შეამოწმოთ. იმისთვის, რომ კონკრეტულ მოდელს ვარსკვლავი მიენიჭოს, ყოველწლიურად ტარდება ქრაშ-ტესტები და ამის მიხედვით ისაზღვრება, რამდენად უსაფრთოა ესა თუ ის ახალი მოდელი. ეს შეფასება ხდება ვარსკვლავებით. მაქსიმალურია ხუთი ვარსკვლავი, თუ ავტომობილი ხუთი ვარსკვლავით შეფასდა, ესე იგი, ის ყველა ნორმას აკმაყოფილებს. უკანასკნელ წლებში ამ მხრივ გამოირჩეოდა ცე კლასის „მერსედესი“ – მან ხუთი ვარსკვლავი აიღო. ასევე, ხუთი ვარსკვლავი აიღო „რენო ლაგუნამ”. ქრაშ-ტესტებით დადგინდა, რომ ის ყველაზე უსაფრთხოა ბოლო წლებში გამოშვებულ მანქანებს შორის. ძალიან დიდ აქცენტს აკეთებდა უსაფრთხოებაზე და ამით გაითქვა სახელი „ვოლვომ”. მისი საბარგული იყო გაძლიერებული „კარნიზებითა” და „ლანჟერონებით”, რათა დაცული ყოფილიყო ის ადგილები, ყველაზე მეტად რომ ზიანდება დარტყმისას. ეს უფრო ჰქონდა ძველი მოდელის „ვოლვოებს.”
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ავტომობილი უფრო უსაფრთხოა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს – „მიცუბიში პაჯერო” თუ „ტოიოტა პრადო”?
პასუხი: ორივე ავტომობილმა მრავალჯერ გაიარა ტესტი უსაფრთხოებაზე და, შესაბამისად, რთულია რომელიმე მათგანის გამორჩევა. თან, ორივე საკმაოდ მაღალი კლასის ავტომობილია, რომლებიც აღჭურვილია როგორც წინა, ისე გვერდული აირბაგებით, ანუ, უსაფრთოების ბალიშებით. ავტომობილის წინა მხარე საკმაოდ მტკიცეა და დარტყმას საკუთარ თავზე იღებს. ზოგადად, ნებისმიერ ახალ ავტომობილს ქრაშ-ტესტი უტარდება: დაახლოებით 50 კილომეტრ-საათი აჩქარებით მანქანებს კედელს აჯახებენ და ასე ადგენენ, რამდენად უსაფრთხოა ის. მსგავსი ტესტი ორივე ავტომობილს აქვს გავლილი, მაგრამ, მაინც გააჩნია, რა ტიპის ავარიას გულისხმობთ. სამწუხაროდ, ისეთი ავარიებიც ხდება, როდესაც ავტომობილში ადამიანის გადარჩენის ალბათობა ძალიან დაბალია.