როგორ „შეასვენეს“ და „გამოასვენეს“ ნატალია ბერეჟიანი მისაღებ გამოცდებზე და როგორ ანაწილებს ის დროს თეატრსა და შვილს შორის
კარგა ხანია ნატალია ბერეჟიანი, ტელემაყურებელთა საყვარელი მსახიობი გახდა. პროვინციელი გოგონას უბადლო განმსახიერებელი, თბილისში, დიდ ოჯახში გაიზარდა და მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. თუ როგორი ბავშვი იყო ის და რატომ დადიოდნენ მისი თანაკლასელი ბიჭები ნაცემები, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ნატა, როგორ ხარ, როგორ ატარებ ზაფხულს?
– კარგად. ზღვაზე ვისვენებდით მე, ჩემი მეუღლე, ბავშვი და ჩვენი მეგობრები – ყველანი ერთად. ახლახან ჩამოვედით. არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ახლა ფასანაურისკენ გვაქვს გეზი. ოღონდ, მეუღლე ვეღარ მოახერხებს, რომ გამოგვყვეს და ამჯერად მე, ბავშვი და ბებია წავალთ.
– რა ასაკისაა შენი შვილი?
– ჩემი შვილი დათუნა დავითულიანი არის 6 წლის.
– როგორი ბავშვია, გგავს სიცელქით? გაიხსენე შენი ბავშვობა და შეადარე.
– ვერაზე ვიზრდებოდი, ქიაჩელის ქუჩაზე, ძალიან დიდ ოჯახში: მამაჩემის ოჯახი, ბიძაჩემის ოჯახი, მამიდა და ძაღლი – ყველანი ერთად ვცხოვრობდით. ისე გავიზარდე, ამდენი ადამიანის სითბო და მზრუნველობა არ მომკლებია. ვცხოვრობდით დიდ ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“. სკოლაში შესვლის დრო როცა დადგა, მეექვსე სკოლაში შემიყვანეს, გერმანულში, ბროსეს ქუჩაზე რომაა. ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან კარგი კლასი მყავდა. ამდენი წელია სკოლა დავამთავრეთ და დღემდე, ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული ურთიერთობა მაინც გვაქვს, ხშირად ვიკრიბებით. ბევრს უთქვამს, რა ბედნიერებაა, ასეთი ურთიერთობა რომ გაქვთ, მე ჩემი თანაკლასელები, რაც სკოლა დავამთავრე, აღარ მინახავს, ის კი არა, ზოგიერთის გვარსაც ვერ გავიხსენებო. ჩვენი საუკეთესო ურთიერთობა ნათესაობაშიც გადაიზარდა: ჩემი მეჯვარეები არიან ჩემი ორი თანაკლასელი – თემუკა ყიფიანი და ნუცა ცინცაძე. მე ვარ ირინა ჯანელიძის მეჯვარე და ბავშვის ნათლია. თითქმის ყველა ერთმანეთის მეჯვარეები ვართ.
– ბავშვობიდანვე დადეთ პირობა, თუ ეს თავისთავად მოხდა?
– არა, არანაირი პირობა არ დაგვიდევს. მეჯვარედ ხომ საუკეთესო მეგობრები მიჰყავთ და ჩვენც ამ პრინციპით ვაკეთებდით ჩვენს არჩევანს. მოკლედ, მთელი კლასი ერთმანეთის მეჯვარეები და შვილების ნათლიები ვართ, დავნათესავდით.
მე და თემუკა, რომელიც ახლა ჩემი მეჯვარეა, ბავშვობაში ვხოცავდით ერთმანეთს.
– რატომ, რას ვერ იყოფდით?
– არ ვიცი. საშინელი ბავშვი ვიყავი – ცელქი და ახტაჯანა და იმიტომ. სხვათა შორის, თემუკა სულ ნაცემი იყო ხოლმე ჩემი წყალობით. ამას წინათ, მასთან ვიყავით სტუმრად მე და დათუნა და დედამისს, ქალბატონ მარინას შევჩივლე, ჩემი შვილი ისეთი ცელქია, აღარ შემიძლია-მეთქი. ნეტავ ვის ჰგავსო – სიცილით მითხრა და გაიხსენა: ერთხელ თემუკა სკოლიდან მისულა სახლში და მოუყოლია: დე, იცი, დღეს ბერეჟიანმა ყველა ბიჭი სცემა კლასში ჩემ გარდაო. ალბათ, შენ ძალიან უყვარხარ და იმიტომ არ გცემაო, – უთქვამს დედამისს. არა, დე, მე სამი გაკვეთილი მერხის ქვეშ ვემალებოდი და იმიტომ გადავრჩიო. ასეთი საშინელი ბავშვი ვიყავი (იცინის).
როცა წამოვიზარდეთ და პრანჭვა დავიწყეთ, მერე უკვე თემუკა მიკეთებდა საშინელებებს. ვინმეს თუ გავეპრანჭებოდი, მოვიდოდა, შემარცხვენდა, გამაწითლებდა მისი თანდასწრებით და თან მეუბნებოდა: ეს ყველაფერი ჩემი ბავშვობის ტკივილებისთვის, რაც კი შენ გიცემივარო.
საუკეთესო კლასი გვყავდა. ჩვენს დამრიგებელს, თათია ელიოზიშვილს, ხშირად დავყავდით ლაშქრობებში, ექსკურსიებზე კარვებით, საძილე ტომრებით და ამგვარი ურთიერთობები კიდევ უფრო გვაახლოებდა მოსწავლეებს ერთმანეთთანაც და მასწავლებლებთანაც.
– ნატა, შენი პროფესიული არჩევანი სკოლის პერიოდიდან მოდიოდა თუ...
– სკოლის პერიოდიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. ხომ არის, რომ ბავშვი კოსმონავტობაზე ან ექიმობაზე ოცნებობს, მე ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი. სკოლაში ხშირად ტარდებოდა „კავეენი” და მე სულ ჩართული ვიყავი ამ ღონისძიებაში.
– თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება გაგიჭირდა?
– ძალიან გამიჭირდა, იმ გაგებით, რომ საშინლად ვნერვიულობ გამოცდებზე. დღემდე ასე ვარ – პრემიერაზე ლამის ვკვდები. ქასთინგზე ან სინჯებზე რომ შევდივარ, არ იცით, რა მემართება. არ ვამბობ, რომ ძალიან დიდი მონაცემები მაქვს, მაგრამ, იმის მეათედსაც ვერ ვაკეთებ, რაც შემიძლია – პირი მიშრება, ვღელავ. მისაღებ გამოცდებზეც ისე საშინლად ვნერვიულობდი, რომ, ერთი წელი, ფაქტობრივად, ნორმალურად არ მძინებია, ყოველ ღამით რაღაც ხმა მეუბნებოდა: „შენ ჩაიჭერი!” – ვიყავი საშინელ განცდებში. თუმცა, წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, იმ გაგებით, რომ უფასოზე მოვხვდი, მაგრამ, გამოცდებზე „შემასვენეს“ და „გამომასვენეს“. ქალბატონ მანანა ბერიკაშვილთან ვემზადებოდი.
– ჯგუფელებშიც ისევე გაგიმართლა, როგორც თანაკლასელებში?
– ნამდვილად. ახლო ურთიერთობა მაქვს ყველასთან. გამიმართლა, ძალიან შეკრული ჯგუფი მყავდა. თექვსმეტნი ვიყავით – როლანდ ოქროპირიძე, ანუკი ჯავახიშვილი... ხშირად არის ხოლმე მსახიობებს შორის, კონკურენცია, დაპირისპირება, კამათი როლების გამო. არ მახსოვს, რომ ჩვენს ჯგუფში ასეთი რამე მომხდარიყო. ეს იგრძნობოდა და ბევრს აღუნიშნავს.
– დამისახელე შენ მიერ განსახიერებული რომელიმე როლი, რომელმაც წარმატება მოგიტანა.
– ეს იყო საკურსო სპექტაკლი, სადაც ვთამაშობდი 80 წლის ლოთ ინგლისელ ქალს. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაშინ 18 წლის ვიყავი. სხვათა შორის, ამ როლის შემდეგ გადაწყდა, რომ, როცა დავამთავრებდი, მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასში მიმიღებდნენ.
– მაშასადამე, ეს როლი შენს კარიერაში გარკვეული ტრამპლინი იყო. ნატა, მსახიობებს არ უყვართ ხოლმე სერიალებზე საუბარი, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ მთელმა საქართველომ მაინც ციცინოს როლის შესრულებისთვის შეგიყვარა.
– ეს ახასიათებს ტელევიზიას, ჯადოსნურ ყუთს. ოცი წელი თავდაუზოგავად რომ იმუშაო თეატრში, შეიძლება გაგიცნოს ათასმა კაცმა, მაგრამ, ერთხელ გამოჩნდები თუ არა ტელევიზიით, უკვე მილიონობით ადამიანი გიცნობს. არ ვფიქრობ, რომ ციცინო ცუდი როლია, ძალიან მომწონს ეს როლი, სახასიათოა, ხალხს უყვარს, განსაკუთრებით – ბავშვებს და ეს ყველაზე მთავარია – ისინი ხომ ყველაზე კრიტიკული მაყურებლები არიან, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან რთულია მათი ყურადღების მიქცევა. დღემდე უყვართ ციცინო, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგა ხანია, ამ სერიალში აღარ ვარ.
– ძალიან მაინტერესებს, თბილისში გაზრდილი ბერეჟიანი და დავითულიანების რძალი ასე კარგად როგორ ლაპარაკობს გურულ კილოზე?
– თბილისში გაზრდილი კი ვარ, მაგრამ, გურული ვარ წარმოშობით – ოზურგეთიდან და, ეტყობა სისხლი თავისას შვრება, თორემ, 4 წლის რომ ვიყავი, მის შემდეგ აღარ ვყოფილვარ დასასვენებლად გურიაში. მეგობარი მყავს მარიამ სალუქვაძე და მასთან გავდიოდი კონსულტაციას. ტექსტს რომ მომცემდნენ ხოლმე, დავურეკავდი და ვმეცადინეობდი – ვეკითხებოდი, აბა, სად უნდა დავსვა მახვილი-მეთქი და მერე ვინიშნავდი ფურცელზე. მარიამი ძალიან მეხმარებოდა. მერე ნელ-ნელა ავუღე ალღო.
– როგორი დედა ხარ? დათუნა ხომ არ გსაყვედურობს, სამსახურს უფრო დიდ დროს უთმობო?
– მე მგონი, არ ვარ ცუდი დედა. დაკავებული კი ვარ, მაგრამ, ძალიან მეხმარებიან დედაჩემიც და ჩემი დედამთილიც. მე და ჩემი მეუღლე მის მშობლებთან ერთად ვცხოვრობთ და ამიტომ არ მიჭირს ბავშვის დატოვება, შინ ვიღაცა ყოველთვის არის ხოლმე. პრემიერების წინა პერიოდში ყოფილა შემთხვევა, რომ ხუთი-ათი დღე თითქმის არ მინახავს ბავშვი. დილას ხუთი წუთით თუ ვნახულობდი და, საღამოს რომ ვბრუნდებოდი, უკვე ეძინა. თუმცა, ყოველდღიურ რეჟიმში ასე არასდროს არ ხდება. დათუნა ამას არასდროს არ გამოხატავს, არც მსაყვედურობს, მხოლოდ ამას ამბობს ხოლმე: „აღარ წახვიდე ამ თეატრში, რა!..”