ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, როგორ გამოიხატება ცხოველებში ლეიშმანიოზი და როგორ უნდა მივხვდეთ ამ დაავადების საწყის ფორმას?
პასუხი: ლეიშმანიოზს აქვს რამდენიმე ფორმა. ლეიშმანიოზის დროს ძაღლს თავდაპირველად ეწყება უკანა ფეხების სისუსტე, არის უხასიათოდ, დავარდნილია, თვალებიდან და ცხვირიდან შეინიშნება გამონადენი; ტემპერატურა მატულობს. ზუსტი დიაგნოზის დასმა ლეიშმანიოზის შემთხვევაში ბარძაყის ძვლიდან ბიოფსიის აღებით ხდება, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა. ბოლო დროს შემოვიდა იმუნური ტესტები, რომლებიც მეტ-ნაკლები სიზუსტით გვიჩვენებს ლეიშმანიოზის არსებობას. როგორც კი ძაღლს უხასიათობას შეატყობთ, მაშინვე ექიმს უნდა მიუყვანოთ. ლეიშმანიოზის საწყის ეტაპზე ცხოველმა ცხვირის აქერცვლა იცის, თან, ცოტა შეუსივდება კიდეც. ყურის ბოლოები თითქოს შეუხმება. ამ ყველაფერს თუ შენიშნავთ თქვენს ძაღლს, სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანეთ, რადგან, ექიმის გარეშე თქვენ ვერ უმკურნალებთ. ძალიან სპეციფიკური მკურნალობის კურსი იქნება ჩასატარებელი.
კითხვა: მყავს 5 თვის პუდელი, რომელიც ძალიან აქტიურია, თამაშის დროს კი ცოტა აგრესიული ხდება. მაინტერესებს, ეს ნორმალურია ამ ასაკში თუ პრობლემაა? მითხარით როდის არის საშიში და როდის არა ლეკვის ასეთი მოქმედება?
პასუხი: გაითვალისწინეთ, რომ, როცა ლეკვი თამაშის დროს იღრინება, იყეფება და ბეწვი ზურგზე აბურძგნილი აქვს, ამ დროს ის თავდასხმისათვის ემზადება. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში, ერთხელაც კი არ უნდა დაუშვათ, რომ ის თავს დაგესხათ. ამ დროს ლეკვი უნდა დააწყნაროთ. მოეფეროთ და ეს აგრესიულობა სხვა სახით შეუცვალოთ, მაგალითად, მისცეთ სასუსნავი ან სათამაშო. თუ ლეკვი ხშირად ავლენს აღნიშნული სახის აგრესიას, სასურველია, ის მიიყვანოთ მწვრთნელთან, ანუ სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში. აგრესია ძირითადად ისეთ ძაღლებს უყალიბდებათ, რომლებსაც თავი ხროვის ლიდერად მიაჩნიათ. ამიტომ, უმჯობესია, თუ ძაღლს ლეკვობიდანვე სწორად აღზრდით და ზედმეტი მოფერებით არ გაათამამებთ.
კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, ადამიანში რამდენი სტადიით მიმდინარეობს ცოფი?
პასუხი: ადამიანში ცოფი მიმდინარეობს 3 სტადიით: პირველი სტადიის დროს აღინიშნება ზოგადი სისუსტე, უმადობა, ტემპერატურის მომატება, ყელის ტკივილი; ნაკბენის ადგილას ვითარდება არასასიამოვნო შეგრძნება. ავადმყოფს აღენიშნება გაურკვეველი შიში, პანიკა, დეპრესია და უძილობა; ცოფის მეორე სტადიაზე, რომელიც დგება 1-3 დღეში, ვითარდება აგზნება და წყლის შიში. სითხის მიღების დროს ვითარდება ხორხის კუნთების სპაზმი, სუნთქვითი მოძრაობები მტკივნეულია და მიდის კანკალით. მესამე სტადია მეოთხე-მეხუთე დღეს, ხასიათდება შედარებით წყნარი ფორმით. ყალიბდება ცრუ იმედი გამოჯანმრთელებაზე, ვითარდება კიდურების დამბლა, ცნობიერების დაკარგვა და კანკალი. სიკვდილი დგება სუნთქვის დამბლისა და გულის გაჩერების შედეგად. უნდა დავიმახსოვროთ, რომ, აღნიშნული სტადიებისას, არ არსებობს მკურნალობის არც ერთი მეთოდი და გამოსავალი. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ, ქუჩის ძაღლის მიერ შემთხვევით დაკბენის დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ანტირაბიულ კაბინეტს. მანამდე კი, სასურველია, დაკბენილი ადგილი იბანოთ 10 წუთის განმავლობაში საპნიანი წყლით. გახსოვდეს, რომ აუცილებელია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხოველს 3 თვის ასაკიდან გაუკეთოთ და ყოველ 11 თვეში ერთხელ გაიმეოროთ. ამით დაიცავთ როგორც თქვენს ცხოველს, ასევე საკუთარ თავს ამ მეტად საშიში დაავადებისგან.
მოამზადა