როგორ დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი და ვის ეძებს წინანდალში მცხოვრები კაცი რიგაში
54 წლის დათო (დავით) ელდარის ძე ზაზანაშვილი ეძებს 30 წლის ლევან დავითის ძე ზაზანაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს, 30 წლის ლევან დავითის ძე ზაზანაშვილს. შვილთან კავშირი დაახლოებით 27-28 წელია, არ მქონია, მე ის სულ პატარა მახსოვს. დედამისთან დაშორების შემდეგ მე ჩემი შვილი აღარ მინახავს. როგორც ვიცი, ის რიგაში უნდა ცხოვრობდეს. პირადად მე, კახეთში, წინანდალში ვცხოვრობ და თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მაქვს. მინდა, ჩემი შვილი ვიპოვო და აღვადგინო მასთან ურთიერთობა.
ჟურნალისტის შენიშვნა: ბატონი დათო წინანდალში ცხოვრობს და მას შვილის უნახაობით გამოწვეული ნერვიულობის გამო, მეტყველების პრობლემა აქვს. მასთან ინტერვიუს ჩაწერაში მისი მეგობარი დამეხმარა. იმედია, რიგაში მცხოვრები ნებაყოფლობითი დამხმარეები მოძებნიან ლევანს და, მისი სურვილის შემთხვევაში, მამა-შვილს შორის ურთიერთობა აღდგება. ლევანი დარეგისტრირებულია „ოდნოებში“, მაგრამ, ის თითქმის არ შემოდის.
– როგორ გაიცანით ლევანის დედა და როგორ მოხდა, რომ შვილი რიგაშია, თქვენ კი – წინანდალში, რა არის ამის მიზეზი?
– ჯარში ვმსახურობდი რიგაში, სადაც გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ლევანის დედა – ირა მოროზოვა. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და, სანამ ჯარში სამსახურს დავასრულებდი, ირამ გააჩინა კიდეც ლევანი. სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მე საქართველოში ირასთან და პატარა ლევანთან ერთად ჩამოვედი. ჩემი შვილი მაშინ ძალიან პატარა იყო, დაახლოებით 2 წლის. სამწუხაროდ, ირა ვერ შეეგუა საქართველოში, კერძოდ კი, წინანდალში ცხოვრებას და, დაახლოებით 1985 წელს ის ლევანთან ერთად რიგაში დაბრუნდა.
– მის შემდეგ თქვენ შვილი არ გინახავთ?
– მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩასული რიგაში და იქ ვინახულე ლევანი, მაშინაც პატარა იყო. დედამისს ვთხოვდი საქართველოში დაბრუნებას, მაგრამ, აღარ გამომყვა. ასე დავკარგეთ ერთმანეთი. მას შემდეგ სხვა ოჯახი არ შემიქმნია და არც სხვა შვილები მყავს, ლევანი ჩემი ერთადერთი შვილია.
– აქამდე თუ გიცდიათ შვილის მოძებნა და როგორ?
– მე თვითონ კარგად არ ვიცი კომპიუტერი და ამიტომ მეგობარს ვთხოვე, რომელმაც ინტერნეტში სცადა ლევანის მოძებნა, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. რამდენჯერმე წერილის გაგზავნაც ვცადე ჩემთვის ცნობილ ბოლო მისამართზე რიგაში, მაგრამ, ესეც უშედეგოდ დასრულდა. თქვენი რუბრიკა რომ წავიკითხე, დიდი იმედი გამიჩნდა – იქნებ მაპოვნინოთ შვილი.
– ლევანის დედის შესახებ რა იცით, ამჟამად გათხოვილია თუ არა?
– როგორც ვიცი, არც მას შეუქმნია ოჯახი. შესაბამისად, გვარიც არ უნდა ჰქონდეს შეცვლილი და ამჟამადაც მოროზოვა უნდა იყოს (ირა 48-49 წლის იქნება). ძალიან მაინტერესებს, როგორ არიან ჩემი მეუღლე და შვილი. ამდენი წელია გასული მას შემდეგ, რაც მე ისინი ვნახე...
– ფიზიკურად თუ გგავთ ლევანი?
– დიახ, ლევანი ფიზიკურად ძალიან მგავს. სამწუხაროდ, ახლა როგორია, არ ვიცი, მაგრამ, ბავშვობაში მე მგავდა. საყვარელი ბავშვი იყო. არ არის გამორიცხული, რომ უკვე თავადაც ჰყავდეს შვილები. შეიძლება, მე უკვე პაპაც კი ვარ და ამის შესახებ არც კი ვიცი.
– ლევანის პოვნის შემთხვევაში, როგორ აპირებთ მასთან შეხვედრას?
– დიდი იმედი მაქვს, პოვნის შემთხვევაში, ის თავადაც გამოხატავს შეხვედრის სურვილს და ჩემთან სტუმრად ჩამოვა. პირადად მე, ვერანაირად ვერ შევძლებ რიგაში წასვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ერთი სიტყვით, მთავარია, ჩვენ ვიპოვოთ ერთმანეთი და შეხვედრას როგორმე მოვახერხებთ.