როგორ მიაღწია სექსუალურობას სადა, გაუმჭვირვალე კოსტიუმებით „კოსტიუმ ნეიშენალმა“
დახვეწილი ყოველდღიურობის ყველაზე თვალსაჩინო, ბრწყინვალე წარმომადგენელი, „კოსტიუმ ნეიშენალი”, არც ერთ სეზონზე არ კარგავს აქტუალობას. მას ყოველთვის აკვირდებიან და, თუ წითელ ხალიჩაზე ან მაღალი დონის წვეულებაზე არ გამოგადგებათ, მოდის სახლის „პრეტ-ა-პორტე” „ქეჟუალ“ სტილში იდეალურია.
გაზაფხული-ზაფხულის 2011 წლის კოლექცია ამ მხრივ განსაკუთრებით მარტივი და, ამავდროულად, გენიალური იყო. როგორც მოდის კრიტიკოსებმა დაწერეს, „კოსტიუმ ნეიშენალის” მთავარმა დიზაინერმა, ენიო კაპასამ კოლექცია მარტივ და გაყიდვად იდეაზე დააფუძნა: მინიმალური ტანსაცმელი, თვალისთვის იოლად დასამახსოვრებელი და, როგორც მას უწოდეს – „დარტყმის საწინააღმდეგო” ფერები. ეს ის ფერებია, რომლებზეც საოცარი მოთხოვნაა მოდის მიმდევრების მხრიდან და ვერც მოდის კრიტიკოსები უპოვიან რამე დასაწუნს. საბოლოო ჯამში, „კოსტიუმ ნეიშენალმა” მიიღო სწორი, კარგად გამართული ხაზებით შექმნილი საკურორტო შიკი, სადაც ძალიან დიდი დოზით იყო გამოყენებული მამაკაცური შტრიხები და სილუეტი. კოლექციის გახსნა საკმაოდ ნეიტრალური, უხმაურო და უპრეტენზიო იყო, რის მიზეზადაც, რა თქმა უნდა, ფერი იქცა. ბუნებრივი ბეჟი ოდნავ გარუჯულ კანის ფერს ისე ეხამებოდა, თითქოს ბუნებამ ქალი ამ კოსტიუმში გააჩინა და არა შიშველიო. განსაკუთრებით სექსუალური იყო ახალგაზრდა მამაკაცის სტილში შექმნილი ძალიან თხელი ტყავის ქურთუკი და უსახელო, კაკაოსფერი კაბა, რომელსაც მეტ მიმზიდველობას ჰმატებდა V-ფორმის ჭრილი მკერდზე და ძალიან ღრმა დეკოლტე ზურგზე.
როგორც კი მაყურებელის თვალს მობეზრდა ყავანარევი რძისფერი კოსტიუმები, პოდიუმზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: ერთმანეთს სხვადასხვა ფერში ენაცვლებოდა ერთი და იმავე სტილის კოსტიუმები – ელექტრიკი, მკვეთრი ლურჯი, ნარინჯისფერი, წითელი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ბოლოს – შავი. კაპასამ ძირითადად დაბინდული, გაუმჭვირვალე ქსოვილებით იმუშავა; კოლექციაში გამოიყენა ტყავი, აბრეშუმი, ძალიან თხელი ქიშმირი და – არც ერთი ნაკერი. ნაკერის არარსებობა ნუ დაგაბნევთ – ის, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ, იმდენად დამალული, რომ დიზაინერმა მიიღო ფერების ძალიან სუფთა, ბუნებრივი აფეთქება. თუმცა, კაპასამ ვერ შეძლო ამ სეზონზე საოცრად აქტუალურ ორგანზაზე სრული უარის თქმა. რამდენიმე კოსტიუმში, საქმიან, კლასიკურ ქვედაბოლოსა და სპორტული ტიპის ბიუსტჰალტერზე გადაცემული ორგანზას პერანგი საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდა. ორგანზას უსახელო მოსაცმელ-პერანგებს ძალიან დიდი მოთხოვნა მოჰყვა ჩვენების დასრულებისთანავე. ორგანზა იყო გამოყენებული, ასევე, კაბებში, დეკოლტეს ან ზურგის ნახევრად დასაფარავად.
ფერთა ისტორია დასრულდა კონტრასტული, გრაფიკული სანდლებითა და კლაჩებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო სამეფო ლურჯის აფეთქება, სადაც მკვეთრ ლურჯ შორტ-კომბინიზონს საოცრად უხდებოდა წითელი ფერის, ღია, მაღალქუსლიანი სანდლები და ამავე ფერის ულამაზესი კლაჩი.
ჩვენების ბოლოს საოცრად დახვეწილი მოდელები უზარმაზარ, ეგრეთ წოდებულ „ბალახონებით” მოგვევლინენ. გრძელი კაბა-ბალახონები გვახსენებდა ზღვის სანაპიროს, დასვენებას, სამოსს, რომელსაც არც ნაკერი აქვს, არც სადმე გვიჭერს, არც მორგებას მოითხოვს და, კიდევ იმას, რომ ნებისმიერ ასაკში კომფორტული სამოსი, განსაკუთრებით – ზაფხულში, მაინც ყველაზე საჭიროა.