მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეიძლება თუ არა, ბავშვის მონათვლამ გავლენა იქონიოს მის ჯანმრთელობაზე?
პასუხი: არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ნათლისღების საიდუმლოს შესრულებას არათუ გავლენა მოუხდენია ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, არამედ, სასიკვდილოდ გადადებულიც მოუბრუნებია, რადგან, ნათლობას უდიდესი ძალა და მადლი აქვს. ამ დროს ადამიანს ენიშნება მფარველი ანგელოზი, რომელიც მუდმივად თან დაჰყვება მას და იფარავს განსაცდელისგან.
კითხვა: ზიარების შემდეგ დამინახავს, რომ ზოგიერთი მრევლი ბარძიმსა და მოძღვარს ემთხვევა ხოლმე ხელზე, ასე უნდა მოიქცეს თუ არა ყველა ქრისტიანი?
პასუხი: ზიარების შემდეგ ბარძიმზე მთხვევა დამკვიდრებული ტრადიციაა და, შეგიძლიათ, ემთხვიოთ, მაგრამ, მოძღვრის ხელზე მთხვევა დაუშვებელია, რადგან, ასეთ დროს, უხერხული მოძრაობის შემთხვევაში, სიწმინდის დაღვრის საშიშროება არსებობს.
კითხვა: ქრისტიანული წესია თუ არა მიცვალებულის განბანვა?
პასუხი: მიცვალებულის განბანვა ძველი ბიბლიური წესია და ქრისტიანობამაც მიიღო. განბანა სიმბოლურად უფალთან სუფთად წარდგომას ნიშნავს.
კითხვა: გარდაგვეცვალა მცირეწლოვანი ნათესავი, რომელიც, სამწუხაროდ, მოუნათლავი იყო. გამიგია, რომ ყრმები უცოდველები არიან და, მოუნათლავნიც კი, სასუფეველს იმკვიდრებენ. მაინც, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მისი სულისთვის?
პასუხი: ერთადერთი, რაც შეგიძლიათ, გააკეთოთ, უნდა გასცეთ ბევრი მოწყალება უნათლავი ბავშვის სახელზე. დანარჩენი უფალს მიანდეთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, საეკლესიო სანთელი გამოვიყენოთ გასანათებლად?
პასუხი: ის, რაც უფლისთვის არის მიძღვნილი ყოველდღიურ ყოფაში არ გამოიყენება, მაგრამ, თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში არის შესაძლებელი.